ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეერთე

1. სიტყვა, რომელიც იყო უფლისგან იერემიას მიმართ ნათქვამი, როცა მეფე ციდკიამ მიუგზავნა მას ფაშხურ მალაქიას ძე და მღვდელი სოფონია მაყასეას ძე და დააბარა სათქმელად:

2. შეეკითხე ჩვენზე უფალს, რადგან საბრძოლველად მოგვადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნება მოახდინოს ჩვენთვის უფალმა თავისი სასწაულების მსგავსი რამე, და ისიც დაგვანებებს თავს.

3. უთხრა მათ იერემიამ: ასე უთხარით ციდკიას:

4. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, წაგართმევთ საბრძოლო იარაღს, ხელში რომ გიჭირავთ, რომლითაც ებრძვით ბაბილონის მეფეს და მოალყე ქალდეველებს გალავანს მიღმა, და დავახვავებ მათ ამ ქალაქის შუაგულში.

5. შეგებრძოლებით მოღერებული ხელით და მაგარი მკლავით, რისხვით, გაცხარებით და დიდის გააფთრებით.

6. მუსრს გავავლებ ამ ქალაქის მცხოვრებლებს, კაცსა და პირუტყვს; დაიხოცებიან დიდი ჭირისგან.

7. ამის შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავაგდებ ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მორჩილებს, ხალხს და ყველას, ვინც ამ ქალაქში ჭირს, მახვილს და შიმშილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელში, მათი მტრების ხელში, მის მესისხლეთა ხელში; და იგი მახვილით მოსრავს მათ, არ შეიწყალებს, არ შეიბრალებს, არ დაინდობს.

8. ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა.

9. ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე.

10. რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას.

11. იუდას მეფის სახლს: ისმინეთ უფლის სატყვა.

12. დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდკბა ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო.

13. აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, ვაკის კლდეო, ამბობს უფალი, რომ ამბობთ: ვინ დაგვესხმის, ვინ შემოვა ჩვენს სადგომებშიო?

14. მე დაგსჯით, როგორც იმსახურებთ, ამბობს უფალი, დავანთებ ცეცხლს მის ტყეში და ყველაფერს შეჭამს იგი თავის გარშემო.