ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეექვსე

1. იუდას მეფის, იეჰოაკთმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო ნათქვამი უფლისგან.

2. ამბობს უფალი: დადექი უფლის სასახლის ეზოში და ამცნე უფლის სახლში თაყვანისსაცემად იუდას ქალაქებიდან მოსულებს ეს სიტყვები, რომელიც გამოგიცხადე მათთვის სათქმელად. ერთი სიტყვაც არ დააკლო.

3. იქნებ გაიგონ და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან და მეც თავს შევიკავებ ბოროტისგან, რასაც მათ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.

4. უთხარი მათ: ასე ამბობს უფალი; თუ არ გამიგონებთ და არ მოიქცევით ჩემი რჯულის თანახმად, როგორც დამიწესებია თქვენთვის,

5. თუ არ გაუგონებთ ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს, რომელთაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, მაგრამ არ უგონებდით მათ,

6. ისევე მოვექცევი ამ სახლს, როგორც სილოამს მოვექეცი: დედამიწის ყველა ხალხის შესაჩვენებლად გავხდი ამ ქალაქს.

7. უსმენდნენ მღვდლები და წინასწარმეტყველნი იერემიას. როცა ის ამბობდა ამ სიტყვებს უფლის სახლში.

8. როცა დაასრულა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, რომ ხალხისთვის ეთქვა, შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით, მოსაკლავი ხარ!

9. რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.

10. გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან.

11. მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელს ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ.

12. უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელს ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ.

13. ამიერიდან გამოისწორეთ ზნე და საქციელი და გაიგონეთ უფლის, თქვენ ღვთის ხმა. უფალიც თავს შეიკავებს ბოროტისგან, რასაც გიპირებთ.

14. მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. რასაც სწორად და სამართლიანად მიიჩნევთ, ის მიყავით.

15. ოღონდ იცოდეთ, თუ მომკლავთ, უბრალო სისხლს დაიდებთ თქვენ, მთელი ქალაქი და მისი მკვიდრნი. რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკნა ეს სიტყვები.

16. უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: არ არის ეს კაცი სასიკვდილო, რადგან უფლის, ჩვენი ღვთის სახელით გველაპარაკება.

17. წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელს კრებულს:

18. მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა იუდას მეფის, ხიზკიას დროს და ეუბნებოდა მთელს იუდას: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ყანად გადაიხნებაო სიონი და ქვის გროვად იქცევაო იერუსალიმი და ტაძრის მთა ტყის ბორცვადო.

19. განა მოუკლავთ იგი იუდას მეფეს ხიზკიას და მთელს იუდას? ხომ შეეშინდათ უფლისა და დაუწყეს ვედრება უფალს, და უფალმაც ხომ თავი შეიკავა ბოროტისგან, რასაც უპირებდა მათ. ჩვენ კი დიდ ბოროტებას ჩავდივართ ჩვენივე თავისთვის.

20. ერთი ვინმეც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით - ურია შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმიდან. წინასწარმეტყველებდა ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ იერემიას სიტყვებით.

21. როცა გაიგეს მისი ნათქვამი მეფე იეჰოაკიმმა, მისმა მოყმეებმა და მთავრებმა, მოსაკლავად დაუწყო ძებნა მეფემ. გაიგო ურიამ, შეშინდა და ეგვიპტეში გაიქცა.

22. გააგზავნა მეფე იეჰოაკიმმა კაცები - ელთანან ყაქბორის ძე და სხვები მასთან ერთად ეგვიპტეში.

23. გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიჰგვარეს მეფე იეჰოაკიმს, რომელმაც მახვილს მისცა იგი და მისი გვამი მდაბიორთა სასაფლაოზე გადააგდებინა.

24. ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.