ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

1. თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ,

2. დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში.

3. რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ!

4. წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.

5. გააცხადეთ იუდაში და ასმინეთ იერუსალიმშიც, ამცნეთ და დაჰკარით ბუკს ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ძალით და ამცნეთ: შეიკრიბენით და ციხე-ქალაქებში წავიდეთ!

6. აღმართეთ სიონზე დროშა, თავს უშველეთ, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან და დიდ გასაჭირს!

7. გამოვარდა ლომი თავისი შამბნარიდან და დაიძრა ხალხთა დამღუპველი; გამოდის თავისი სადგომიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი ქვეყანა. შენი ქალაქები გაცამტერდება და გაუკაცრიელდება.

8. აბა, შეირტყით ჯვალო, იგლოვდეთ და მოთქვამდეთ, რადგან ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან უფლის რისხვის ალი.

9. დადგება დღე, ამბობს უფალი, და გული შეუდრკებათ მეფეს და მთავრებს, შეძრწუნდებიან მღვდლები, გაოგნდებიან წინასწარმეტყველნი.

10. ვთქვი; ეჰა, უფალო ღმერთო! ნამდვილად მოგიტყუებია ეს ერი და იერუსალიმი, რომ ეუბნებოდი: მშვიდობა იქნებაო თქვენში, მაგრამ ყელზეა მობჯენილი მახვილი.

11. იმჟამად ეტყვიან ამ ერს და იერუსალიმს: მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხმელგორებიდან, ჩემი ერის ასულის გზაზე, არც სანიავებლად და არგ გადასარჩევად.

12. ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს.

13. აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი, ქარბორბალაა მისი ეტლები, არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები. ვაი ჩვენს თავს, გავნადგურდით!

14. გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა?

15. რადგან ხმა მოდის დანიდან და ავის მთხრობელი ეფრემის მთიდან!

16. გამოუცხადეთ ხალხებს, ხმა მიიტანეთ იერუსალიმამდე: მტერი მოდის შორი ქვეყნიდან და ყიჟინით აყრუებს იუდას ქალაქებს.

17. მეველეებივით გარს უვლიან, რადგან ამიჯანყდა მე, ამბობს უფალი.

18. შენმა საქციელმა და ნამოქმედარმა დაგმართა ეს ყველაფერი; ისე მწარეა ეს შენი ცოდვა, რომ გულამდე გიწია.

19. ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.

20. უბედურება უბედურებას მოსდევს; გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ გაპარტახდა ჩემი კარვები, წამისყოფაში - ჩემი ჩარდახები.

21. როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას?

22. ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.

23. შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.

24. შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.

25. შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან.

26. შევხედე და, აჰა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან.

27. რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ.

28. ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი, არ შევინანებ და არ გადავთქვამ.

29. ცხენოსანთა და მოისართა ხმას გაურბის მთელი ქალაქი; გარბიან უღრან ტყეებში და კლდეებს ეხიზნებიან; დაცარიელდა მთელი ქალაქი, ერთი მცხოვრებიც არ დარჩენილა.

30. რას იზამ, გაპარტახებულო? თუმცა ჩაგიცვამს ძოწეული, ოქროს სამკაულებით მორთულხარ, თვალები სურმით მოგიხატავს, მაგრამ ამაოდ ილამაზებ თავს: შეგიძულეს საყვარლებმა, სასიკვდილოდ დაგდევენ.

31. ყვირილი მესმის თითქოსდა მშობიარისა, კივილი ქალისა პირველად რომ შობს, ყვირილი სიონის ასულისა; სულთქვამს და ხელებს იშვერს: ვაიმე, სული ამომდის მკვლელების მოლოდინში!