ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეშვიდე

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი, ვიდრე ფარაონი ღაზას დააქცევდა.

2. ასე ამბობს უფალი: აჰა, მოდიდდება წყალი ჩრდილოეთიდან და გადაიქცევა წამლეკავ ნიაღვრად. წალეკავს ქვეყანას და ყველადცრს, რაც მასზეა, ქალაქებს და მის მცხოვრებლებს. აკივლდება ადამის მოდგმა და მოთქმას მოჰყვებიან ქვეყნის მცხოვრებნი.

3. მისი რაშების თქარათქურზე, მისი ეტლების გრუხუნზე, თვლების გარიალზე მამები ვეღარ მოხედავენ შვილებს, რადგან ხელები ჩამოუცვივდებათ.

4. იმ დღისთვის, რომელიც მოვა ფილისტიმელთა გასაძარცვავად, ტვიროსისა და ციდონისთვის უკანასკნელი შემწის წასართმევად, რადგან გააძარცვინებს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს- ქაფთორის კუნძულს.

5. გაქაჩლდა აზა, გატიალდა აშკელონი და მათი ხეობის ნატამალი. როდემდის უნდა იწყლულებდე თავს?

6. ო, უფლის მახვილო! როდის დაცხრები? ჩაეგე ქარქაშში, დაწყნარდი და დადუმდი.

7. როგორ დაცხრები? უფალმა მიუშვა აშკელონზე და ზღვისპირეთზე. იქ განაწესა.