ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეთორმეტე

1. აი, მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით:

2. სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,

3. დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;

4. ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში,

5. და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე.

6. მოსემ, უფლის მორჩილმა, და ისრაელიანებმა დახოცეს ისინი და მისცა ეს ქვეყანა მოსემ, უფლის მორჩილმა, სამკვიდროდ რეუბენს, გადსა და მენაშეს შტოს ნახევარს.

7. აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად),

8. მთაში და ბარში, ველზე, მთის კალთებზე, უდაბნოში და ნეგებში - ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხივიელთა, და იებუსელთა ქვეყნებისა:

9. იერიხონის მეფე - ერთი; მეფე ჰაყაისა ბეთილის გვერდით რომ არის - ერთი;

10. იერუსალიმის მეფე - ერთი; ხებრონის მეფე - ერთი;

11. იარმუთის მეფე - ერთი; ლაქიშის მეფე - ერთი;

12. ყეგლონის მეფე - ერთი; გეზერის მეფე - ერთი;

13. დაბირის მეფე - ერთი; გედერის მეფე - ერთი;

14. ხორმას მეფე - ერთი; ღერადის მეფე - ერთი;

15. ლიბნას მეფე - ერთი; ყადულამის მეფე - ერთი;

16. მაკედას მეფე - ერთი; ბეთელის მეფე - ერთი;

17. თაფუახის მეფე - ერთი; ნეფერის მეფე - ერთი;

18. აფეკის მეფე - ერთი; ლაშარონის მეფე - ერთი;

19. მადონის მეფე - ერთი; ხაცორის მეფე - ერთი;

20. შიმრონ-მერონის მეფე - ერთი; აქშაფის მეფე - ერთი;

21. თაყანაქის მეფე - ერთი; მეგიდოს მეფე - ერთი;

22. კედეშის მეფე - ერთი; იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი;

23. დორის მეფე ნაფათ-დორში - ერთი; გოიმის მეფე გილგალში - ერთი;

24. თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე.