ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეოცე

1. ელაპარაკა უფალი იესოს:

2. დაელაპარაკე და უთხარი ისრაელიანებს: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკებოდით მოსეს პირით,

3. რომ გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც შეცდომით, უნებურად შემოაკვდება კაცი. თავშესაფარად გქონდეთ შურისმაძიებლისგან.

4. გაიქცეს ერთ-ერთ ქალაქში, დადგეს კარიბჭესთან და ხმამაღლა გამოუცხადოს ამ ქალაქის უხუცესებს თავისი ამბავი. ისინიც მიიღებენ მას თავისთან, ქალაქში და მისცემენ ადგილს, რომ მათთან იცხოვროს.

5. თუ დაედევნა შურისმაძიებელი, არ უნდა ჩაუგდონ მას ხელში მკვლელი, რადგან მისდაუნებურად შემოაკვდა თავისი ახლობელი. არ სჭირებია მისი ჯავრი არც გუშინ, არც გუშინწინ.

6. იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა.

7. გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბე ანუ ხებრონი, იუდას მთაზე.

8. იორდანეს გაღმა, იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან.

 9. ეს ქალაქებია განკუთვნილი ყველა ისრაელიანასთვის და მდგმურისთვის, რომელიც მდგმურობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს შურისმაძიებლის ხელით, ვიდრე საზოგადოებას წარუდგებოდეს.