ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი ოცდამესამე

1. დიდკაცთან პურის საჭმელად რომ დაჯდები, დაკვირვებით იყავი:

2. ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.

3. ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცთური პურია იგი.

4. გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.

5. თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.

6. ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.

7. რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო, გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული.

8. შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ.

9. ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი გონივრული სიტყვები.

10. ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;

11. რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენს წინააღმდეგ.

12. გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს.

13. ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება.

14. ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.

15. შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.

16. ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.

17. შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.

18. რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.

19. მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.

20. ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;

21. რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.

22. გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.

23. ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.

24. მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.

25. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.

26. შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.

27. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.

28. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.

29. ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?

30. ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.

31. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;

32. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;

33. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.

34. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.

35. იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.