ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი ოცდამეოთხე

1. ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:

2. რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ.

3. სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული.

4. ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით.

5. ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.

6. თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება.

7. ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის.

8. ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება.

9. ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის.

10. თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.

11. იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.

12. თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს?

13. ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია და გოლეულიც ეტკბილება შენს სასას.

14. ასევეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათვის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი სასოება არ წარიკვეთება.

15. ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ ესხმი მის სადგომს;

16. რადგან მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურებაში ჩაცვივდებიან.

17. ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,

18. თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.

19. უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,

20. რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.

21. შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები,

22. რადგან ანაზდად დაატყდება უბედურება და ვინ იცის, რას დაატეხს ერთი ან მეორე.

23. ესეც ბრძენკაცთა ნათქვამია: სამსჯავროზე მიკერძოება კარგი არ არისო.

24. ვინც ურჯულოს ეუბნება, მართალი ხარო, მას წყევლა-კრულვას შეუთვლის ერი და შეაჩვენებენ მას ხალხები.

25. მათი მამხილებელნი კი სათნოდ შეირაცხებიან და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.

26. ვინც სწორ პასუხს იძლევა, ის პირზე ჰკოცნის.

27. შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი.

28. შენი მახლობელის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ და ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.

29. ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო.

30. გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;

31. და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.

32. როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:

33. ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,

34. და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.