ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი მეცხრე

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.

2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,

3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:

4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:

5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.

6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.

7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;

8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;

9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.

10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.

11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.

12. თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს.

13. სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე;

14. თავისი სახლის კართან ტახტზე ზის, ქალაქის მაღლობზე,

15. რათა მოიწვიოს სწორი გზით მოარულნი;

16. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელს იგი ეუბნება:

17. ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია გადამალული პური.

18. არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან.