ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მეშვიდე

1. მეორე დღეს უბრძანა ოლოფერნემ მთელ თავის ლაშქარს და მთელ თავის ხალხს, ვინც კი მისი მოკავშირე იყო, რათა წარმართულიყვნენ ბეთულიას, დაეპყროთ მთიანეთის ბილიკები და ბრძოლა გაემართათ ისრაელიანთათვის.

2. იმავე დღეს დაიძრა სალაშქროდ ყველა მათი ძლიერი მებრძოლი. მათ ლაშქარს ასსამოცდაათი ათასი ქვეითი და თორმეტი ათასი ცხენოსანი შეადგენდა, გარდა ტვირთისა და იმ კაცებისა, რომლებიც ახლდნენ მათ, - ურიცხვნი იყვნენ.

3. დაბანაკდნენ ისინი ბეთულიას მახლობლად, ხევში წყაროსთან, და გაეწყვნენ სიგანით დოთანიდან ბელბაიმამდე, სიგრძით კი ბეთულიადან კუამონამდე, რომელიც ეზდრელონის წინ მდებარეობს.

4. მათი სიმრავლე რომ დაინახეს ისრაელიანებმა, ძლიერ შეშინდნენ: ახლა ისინი მოასწორებენ მთელი მიწის პირს, ვერც მაღალი მთები, ვერც ხრამები, ვერც გორაკები ვერ გაუძლებენ მათ სიმძიმეს.

5. აიღო თითოეულმა კაცმა თავისი საბრძოლო საჭურველი, დაანთეს გოდლებზე კოცონი და სადარაჯოდ დარჩნენ მთელი ის ღამე.

6. მეორე დღეს ოლოფერნემ მთელი თავისი მხედრობა მოიყვანა ბეთულიაში მყოფ ისრაელიანთა წინაშე.

7. დაზვერა მათი ქალაქის მისადგომები, მოიარა და დაიკავა წყაროები, მეომარ კაცთა რაზმი ჩააყენა იქ, თვითონ კი თავისი ხალხისკენ გაბრუნდა.

8. მოვიდნენ მასთან ესავიანთა მთავრები, მოაბის ტომის წინამძღოლები, ზღვისპირეთის მხედართმთავრები და უთხრეს:

9. ყურად იღოს მბრძანებელმა ჩვენი სიტყვა, რომ ზიანი არ მოხდეს შენს ლაშქარში.

10. ეს ხალხი, ისრაელიანები, თავიანთ იარაღზე კი არ არიან დანდობილნი, არამედ მაღალ მთებზე, სადაც ისინი სახლობენ. არც არის იოლი მათ მწვერვალებზე ასვლა.

11. ახლა, მბრძანებელო, ნუ შეებრძოლები მათ საომარი წყობით და ერთი კაციც არ დაეცემა შენი ხალხიდან.

12. დარჩი შენს ბანაკში და დაიტოვე შენი ლაშქრის ყოველი კაცი, შენმა მორჩილებმა კი დაიკავონ წყაროს წყალი, რომელიც მთის ძირიდან გამოდის.

13. რადგან იქიდან იღებს წყლის მარაგს ბეთულიას ყოველი მკვიდრი, წყურვილი გაანადგურებს მათ და ჩაგვაბარებენ თავიანთ ქალაქს. ავალთ ჩვენ და ჩვენი ხალხი მთის მწვერვალების ახლოს და დავბანაკდებით იმ ადგილებში სათვალთვალოდ, რომ არავინ გავიდეს ქალაქიდან.

14. ვიდრე მახვილი მიაღწევს იქამდე, შიმშილით ამოწყდებიან ისინი; მათი ცოლები და შვილები დაეცემიან თავიანთი საცხოვრებლის ქუჩებში.

15. ბოროტად გადაუხდი მათ სამაგიეროს იმის წილ, რომ აჯანყდნენ და მშვიდობიანად არ შემოგეგებნენ.

16. ჭკუაში დაუჯდა მათი სიტყვები ოლოფერნეს და ყველა მის მორჩილს. ბრძანა, ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც თქვეს.

17. გაემართა ყამონიანთა რაზმი და მათთან ერთად აშურელთა ხუთი ასეული, დაბანაკდნენ ხევში და დაიკავეს ისრაელიანთა წყაროს წყლები.

18. ავიდნენ ესავიანები და ყამონიანები და დაბანაკდნენ მთაზე, დოთანის წინ. ზოგი იმათგანი გაგზავნეს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ეგრებელისკენ, რომელიც ქუსის მახლობლად მდებარეობს, მოხმურის ხევთან. აშურელთა დარჩენილი ჯარი დაბანაკდა დაბლობზე და დაფარა მთელი მიწისპირი. სათვალავი არ ჰქონდა მათ კარვებს და საბარგულებს, მეტისმეტად ბევრნი იყვნენ.

19. შეჰღაღადეს თავიანთ უფალს ისრაელიანებმა, რადგან წახდა მათი მხნეობა, რადგან გარშემორტყმულნი იყვნენ ურიცხვი მტრით და არ შეეძლოთ თავის დაღწევა.

20. მათ ირგვლივ იყო აშურელთა მთელი ბანაკი, მათი ქვეითნი, ეტლები და მხედრები ოცდათოთხმეტი დღის განმავლობაში. დაუცარიელდა ბეთულიას მთელ მოსახლეობას წყლის ყველა ჭურჭელი.

21. დაიცალა წყლის მარაგი და აღარ ჰქონდათ ერთი დღის სამყოფიც კი, რადგანაც არწყვით ეძლეოდა მათ დასალევად.

22. სასო მიეხადა მათ წვრილშვილს, წყურვილისგან გული მისდიოდათ ჭაბუკებს და ქალებს, ეცემოდნენ ქალაქის ქუჩებში და კარიბჭეთა გასასვლელებში, ძალღონე აღარ შერჩათ.

23. შეიკრიბა ყუზიასთან და ქალაქის მთავრებთან მთელი ერი - ჭაბუკები, ქალები და ბავშვები. ისინი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ მთელი უხუცესობის წინაშე და ამბობდნენ:

24. ღმერთმა განსაჯოს თქვენსა და ჩვენს შორის, რადგან დიდი უსამართლობა ჩაიდინეთ ჩვენს მიმართ, რომ არ დაუზავდით აშურელებს.

25. ახლა კი, არ არის ჩვენი საშველი, ღმერთმა ჩაგვაგდო მათ ხელში, რომ წყურვილითა და დიდი დაღუპვით გავნადგურდეთ მათ წინაშე.

26. უხმეთ ახლა მათ და გასაძარცვავად მიეცით მთელი ქალაქი ოლოფერნეს ხალხს და მთელ მის ლაშქარს.

27. უმჯობესი იქნება ჩვენთვის, მათი გასაძარცვავი რომ შევიქნათ. მონები ვიქნებით, მაგრამ გადავრჩებით და არ ვიხილავთ ჩვენი თვალებით ჩვენივე წვრილშვილის სიკვდილს, ჩვენი ცოლებისა და ბავშვების სულის ამოხდომას.

28. მოწმედ მოგვყავს თქვენს წინაშე ზეცა და მიწა, ჩვენი ღმერთი და ჩვენი მამა-პაპის უფალი, რომელიც მსჯავრს გვდებს ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, დაე, ნუ მოახდენს ამ ამბავს ჩვენს თავზე დღევანდელ დღეს!

29. გაიმართა დიდი და ერთსულოვანი გოდება საკრებულოში და ხმამაღლა შეჰღაღადეს უფალ ღმერთს.

30. უთხრა მათ ყუზიამ: დამშვიდდით, ძმებო, მოვითმინოთ ხუთი დღე, ამ ხანში მოავლენს უფალი ღმერთი თავის წყალობას ჩვენზე, არ გაგვწირავს საბოლოოდ.

31. თუკი ამ ხუთი დღის შემდეგაც აღარ იქნება ჩვენი საშველი, მაშინ თქვენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.

32. გაისტუმრა ყუზამ ხალხი თავ-თავის ბანაკებში და მათაც მიაშურეს თავიანთი ქალაქის ციხეებსა და გოდლებს, ცოლები და შვილები კი სახლებში გაგზავნეს. დიდ ჭირთათმენაში იყვნენ ისინი ქალაქში.