ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი ოცდამეერთე

1. უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.

2. თუ სისხლით ნათესავია - დედა ან მამა, ვაჟი ან ძმა,

3. ან ქალწული და, ან ახლობელი ქალი, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბინძუროს თავი.

4. ქმარმა არ უნდა გაიბინძუროს თავი თავის სალხში, რომ არ წაიბილწოს.

5. თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ, ტანზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.

6. წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა შეურაცხყონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღვთის პურს, სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ.

7. ბოზი და გარყვნილი არ უნდა ითხოვონ ცოლად; არც ქმარს გაცილებული არ უნდა ითხოვონ, რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის.

8. წმიდად გყავდეს იგი, რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს. წმიდა იყოს იგი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი წმიდამყოფელი.

9. მღვდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა, მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიწვას.

10. მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.

11. არცერთ მკვდარს არ უნდა მიეკაროს, არც მამას და არც დედას, რომ არ გაბინძურდეს.

12. საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე ვარ უფალი.

13. ცოლად ქალწული უნდა ითხოვოს.

14. ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან.

15. არ უნდა წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში. რადგან მე ვარ უფალი, მისი წმიდამყოფელი.

16. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

17. ასე უთხარი აარონს: ნაკლის მქონე კაცმა შენს შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური.

18. რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის უფლება - არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭყლეტილს, არც ცხვირწაშვერილს,

19. არც ფეხმოტეხილს, არც ხელმოტეხილს,

20. არც კუზიანს, არც დამჭლევებულს. არც თვალლიბრიანს, არც მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭყლეტილს,

21. არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს აარონ მღვდლის შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა; ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა.

22. თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.

23. ოღონდ კრეტსაბმელთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.

24. ელაპარაკა მოსე აარონს, მის შვილებს და მთელს ისრაელობას.