ძველი აღთქმა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მეექვსე

1. ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს!

2. ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.

3. ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი.

4. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი.

5. ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.

6. რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო?

7. ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?

8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

9. უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს.

10. თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი?

11. როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით?

12. რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში.

13. და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.

14. შეჭამ და ვერ გაძღები; შიმშილი გექნება მუცელში; გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ.

15. დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ.

16. შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვნი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის სირცხვილი დაგეკისროთ.