ძველი აღთქმა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

1. ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.

2. გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით.

3. გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.

4. უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, შენი განკითხვის დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი.

5. ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი

6. რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები.

7. მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.

8. ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!

9. დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.

10. დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.

11. შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება.

12. იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.

13. გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით.

14. დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!

15. გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი.

16. დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ.

17. მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ.

18. რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.

19. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.

20. დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე.