ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მესამე

1. ადგენენ ელიაშიბ მღვდელმთავარი და მისი ძმები - მღვდლები და ცხვრის კარიბჭე აღადგინეს. განათლეს იგი, ჩაუყენეს კარები და განათლეს მეას კოშკამდე და ხანანელის გოდლამდე.

2. მის გვერდით ერთ მხარეს იეროხონელები აშენებდნენ, მეორე მხარეს ზაქურ იმრის ძე აშენებდა.

3. თევზთა კარიბჭეს ჰასენაას ძენი აშენებდნენ; გადახურეს იგი, კარი ჩაუყენეს, და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.

4. მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა, მის გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიასი, ძისა მეშეზაბელისა, მის გვერდით ამაგრებდა ცადოკ ბაყანას ძე;

5. მის გვერდით თეკოაყელნი ამაგრებდნენ; მათი დიდებულები კი ქედს არ ხრიდნენ, რომ თავიანთი უფლისათვის ეშრომათ.

6. ძველ კარიბჭეს იოიადაყ ფასეახის ძე და მეშეღამ ბესოდიას ძე ამაგრებდნენ; მათ გადახურეს იგი, კარები ჩაუყენეს და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.

7. მათ გვერდით მელატია გიბყონელი და იადონე მეროთელი, გიბყონისა და მიცფას მკვიდრები, ამაგრებდნენ მდინარისგაღმელი მთავრის ტახტამდე.

8. მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე - ოქრომჭედელი. მის გვერდით ამაგრებდა ხანანია ჰარაკახიმის ძე. აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე.

9. მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი.

10. მათ გვერდით და თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა. მის გვერდით ამაგრებდა ხაცუშ საშაბნეიას ძე.

11. მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.

12. მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად.

13. ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.

14. თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.

15. წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.

16. მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე.

17. მის იქით ამაგრებდნენ ლევიანები: რეხუმ ბანის ძე; მის გვერდით თავისი ოლქის სახელით ამაგრებდა ხაშაბია, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი,

18. მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები: ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი.

19. მის გვერდით ყეზერ იეშუაყის ძე, მიცფას მთავარი, ამაგრებდა მეორე მხარეს, საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან.

20. მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე მხარეს ბარუხ ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე.

21. მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ჰაკოცის ძისა, ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე.

22. მის იქით იერუსალიმის სანახებში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ.

23. მათ იქით თავიანთი სახლის წინ ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი. მათ იქით თავისი სახლის ახლოს ამაგრებდა ყაზარია მაყასეიას ძე, ყანანიას ძე.

24. მის იქით მეორე მხარეს ბინუი ხედადის ძე ამაგრებდა ყაზართას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.

25. მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მას იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა.

26. შეწირულებმა კი სოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭის მოპირდაპირე მხარემდე, აღმოსავლეთისკენ და გამოშვერილ გოდლამდე.

27. მათ იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ თეკოაყელები დიდი გამოშვერილი გოდლის საპირისპირო მხრიდან ყოფელის კედლამდე.

28. ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თაეისი სახლის წინ.

29. მათ იქით თავისი სახლის წინ ამაგრებდა ცადოკ იმერის ძე. მის იქით ამაგრებდა შემაია შექანიას ძე, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველი.

30. მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ ხანანია შედემიას ძე და ხანუნი, ცალაფის მეექვსე ვაჟი. მის იქით თავისი ოთახის წინ ამაგრებდა მეშელამ ბერექიას ძე.

31. მის იქით ამაგრებდა მალქია ჰაცორფის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, ჰამიფკადის მოპირდაპირე მხრეს და კუთხის ოთახამდე.

32. კუთხის ოთახსა და ცხვრის კარიბჭეს შორის ამაგრებდნენ ოქრომჭედლები და ვაჭრები.

33. როცა სინბალატმა შეიტყო, რომ ჩვენ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები.

34. თავისი მოძმეებისა და სამარიელი მეომრების წინაშე ამბობდა: ამას რას აკეთებენ ეს ბეჩავი იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოამთავრებენ? ნუთუ ქვები გაცოცხლდებიან გადაბუგული ფერფლის გროვებიდან?

35. ტობია ყამონელმა, მის გვერდით რომ იყო, მიუგო: როგორც არ უნდა ააშენონ, მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს.

36. ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში.

37. ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენს წინაშე, რადგან მათ მშენებელნი გაანაწყენეს.

38. ვაშენებდით კედელს და მთელი კედელი შეიკრა სანახევროდ. ხალხს კიდევ უწევდა გული სამუშაოდ.