ძველი აღთქმა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეთერთმეტე

1. როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.

2. რაც უფრო ვუხმობდი მას, მით უფრო გარბოდა ჩემგან, რომ მსხვერპლი შეეწირა ბაალებისთვის და კერპებისთვის საკმეველი ეკმია.

3. მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ჩემს მკლავებზე მყავდა აყვანილი, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი

4. ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხთილი და ვკვებავდი მათ.

5. არ გაბრუნებულან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება.

6. მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი განზრახვების გამო.

7. მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, უღლისკენ მოუწოდებენ, მაგრამ არავინ გადმოუგდებს მას.

8. როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.

9. აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის და რისხვით არ მოვალ.

10. უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები.

11. შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, ამბობს უფალი.