ძველი აღთქმა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მერვე

1. პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.

2. შემომღაღადებენ: ღმერთო ჩემო, შეგიცანიო ისრაელმა!

3. მაგრამ უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება

4. მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად.

5. დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური?

6. რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო.

7. რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.

8. ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის.

9. აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.

10. თუმცა გასცემდნენ ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ.

11. რადგან შესაცოდად გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, შესაცოდად აქვს მას სამსხვერპლოები.

12. დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი.

13. მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან.

14. დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და სასახლეებს აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.