ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეათე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. გაიკეთე ორი ვერცხლის საყვირი, ჭედური გააკეთე ისინი, საზოგადოების შესაკრებად და ბანაკების ასაყრელად გქონდეს.

3. დააყვირებენ და შენთან შეიყრება მთელი საზოგადოება, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

4. როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები.

5. დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი.

6. მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ.

7. საზოგადოების შესაყრელადაც დააყვირე, ოღონდ არა საგანგაშო.

8. აარონის შვილებმა, მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყოს სამარადისო წესი თქვენს თაობებში.

9. როცა გახვალთ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაში საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს.

10. სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

11. მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს.

12. დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.

13. დაიძრნენ პირველად უფლის ბრძანებისამებრ მოსეს წინამძღოლობით.

14. იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბის ძე.

15. ისაქარიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ნათანიელ ცუყარის ძე.

16. ზებულონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბ ხელონის ძე.

17. დაშალეს სავანე და დაიძრნენ გერშონიანები და მერარიანები, სავანის მზიდველნი.

18. დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცურ შედეურის ძე.

19. სიმონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა შელუმიელ ცურაშადის ძე.

20. გადიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიასაფ რეღუელის ძე.

21. დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდარის მზიდველნი. სავანე მათ მოსვლამდე იყო აღმართული.

22. დაიძრა ეფრემიანთა ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ელიშამაყ აბიჰუდის ძე.

23. მენაშეანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა გამალიელ ფედაცურის ძე.

24. ბენიამინთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა აბიდან გედეონის ძე.

25. დაიძრა დანიანთა ბანაკის დროშა ყველა ბანაკის ჩამკეტად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერ ყამიშადის ძე.

26. აშერიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელ ყაქრანის ძე.

27. ნაფთალიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ახირაყ ყენანის ძე.

28. ასეთი იყო ისრაელიანთა სვლის რიგი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ასე დაიძრნენ ისინი.

29. უთხრა მოსემ ხობაბს, რეღუელ მიდიანელის, მოსეს სიმამრის ძეს: მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე.

30. მიუგო: ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ.

31. უთხრა: ნუ დაგვტოვებ, რადგან შენ იცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.

32. თუ წამოგვყვები, თქვენც გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგვმადლებს ღმერთი.

33. იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.

34. უფლის ღრუბელი იყო მათზე დღისით, როცა ისინი ბანაკიდან დაიძრნენ.

35. როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი.

36. დავანებისას იტყოდა: დაბრუნდი, უფალო, ისრაელის ბევრათასეულთან.