ძველი აღთქმა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეოთხე

1. უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც აღიარებს და ადამიანებიც.

2. ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით.

3. უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან.

4. ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან.

5. გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი.

6. უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას.

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.

8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება.

9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია.

10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა.

11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული.

12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა.

13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა;

14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა,

15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

16. როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს.

17. რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი.

18. იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს.

19. შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება.

20. შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.