ძველი აღთქმა

ტობითი

თავი მეხუთე

1. მიუგო მას ტობიამ პასუხად: მამაჩემო, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეუბნები.

2. მაგრამ როგორ გამოვართვა ვერცხლი კაცს, რომელსაც არ ვიცნობ?

3. მაშინ მისცა მას ტობითმა ხელწერილი და უთხრა: აბა, მოძებნე კაცი, რომელიც გაგყვება - თანამგზავრად და მე მივცემ გასამრჯელოს, ვიდრე ცოცხალი ვარ. წადი და წამოიღე ვერცხლი.

4. წავიდა კაცის საძებნად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მან კი არ იცოდა.

5. უთხრა მას: თუ შეგიძლია, წამომყვე მიდიის რაგეში და თუ იცნობ ამ ადგილებს?

6. მიუგო ანგელოზმა: წაგყვები, - გზაც ვიცი და გაბაელთანაც, ჩემს მოძმესთანაც ვყოფილვარ სტუმრად.

7. უთხრა ტობიამ: დამიცადე, ვეტყვი მამაჩემს.

8. უთხრა რაფაელმა: წადი და ნუ დაყოვნდები.

9. შევიდა ტობია და უთხრა მამას: აჰა, მოვნახე კაცი. ვინც წამყვება. მან კი უთხრა: მოიყვანე ჩემთან, რათა გავიგო, რომელი ტომისაა და თუ სანდო თანამგზავრია.

10. დაუძახა მას ტობიამ და შევიდა იგი, მიესალმნენ ერთურთს.

11. უთხრა ტობითმა: ძმაო, მითხარი, რომელი ტომიდან ხარ და სად არის შენი სამშობლო?

12. უთხრა რაფაელმა: ტომსა და სამშობლოს ეძებ, თუ ქირის კაცს, რომ გაჰყვეს შენს ძეს? უთხრა ტობითმა: მსურს გავიგო, ძმაო, რომელი საგვარეულოდან ხარ და რა გქვია.

13. უთხრა მან: მე ვარ ყაზარია, ძე დიდი ხანანიასი, შენი მოძმისა.

14. უთხრა ტობითმა: მშვიდობით იარე, ძმაო, ნუ შემომწყრები, შენს ტომსა და სამშობლოზე რომ გეკითხები. ჩემი მოძმე ყოფილხარ, კეთილი და ღირსეული საგვარეულოდან. მე ვიცნობდი ხანანიას და იათანს, დიდი შემაყიას ძეთ. ჩვენ ერთად წავედით იერუსალიმის თაყვანისსაცემად და მიგვქონდა თან ნათავარნი და მიწის ნაყოფთა მეათედი, არ შეგვიცოდავს ჩვენთა მოძმეთა ცოდვებით. კეთილი გვარი მოგდგამს, ძმაო.

15. მაგრამ მითხარი, რა გადაგიხადო გასამრჯელო? თითო დრაქმას მოგცემ დღეში და რაც დაგჭირდებათ შენ და ჩემს შვილს.

16. კიდევ დაგიმატებ გასამრჯელოს. მშვიდობით თუ დაბრუნდებით.

17. შეთანხმდნენ ამგვარად და უთხრა ტობიას: გაემზადე სამგზავროდ და კურთხეულ იყავით. გაემზადა შვილი სამგზავროდ და უთხრა მამამ: წადი ამ კაცთან ერთად. ზეციურმა ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ. გავიდნენ ორივენი გზაზე და უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი.

18. ხოლო ხანა, ყმაწვილის დედა, ტიროდა და ეუბნებოდა ტობითს. რატომ გაუშვი ჩვენი შვილი? ჩვენი ხელების ყავარჯენი არ იყო, როცა გადიოდა და შემოდიოდა ჩვენს წინაშე?

19. ვერცხლს ვერცხლს კი ნუ უმატებ, არამედ ტალანად ჩათვალე იგი შვილის წინაშე.

20. რამდენი დღის სიცოცხლეც მოგვეცა უფლისაგან, საამისოდ საკმარისი გვაქვს.

21. უთხრა ტობითმა: ნურაფერს იტყვი, დაო, მშვიდობით დაგვიბრუნდება და იხილავენ მას შენი თვალები.

22. რადგან კეთილი ანგელოზი დაემგზავრება მას და კურთხეული. იქნება მისი გზა და მშვიდობით მობრუნდება უკან.