ძველი აღთქმა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეექვსე

1. კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო.

2. პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები;

3. მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები, ნისლისფერნი.

4. ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მლაპარაკობდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო?

5. მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.

6. მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.

7. ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა.

8. დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.

9. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

10. აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან.

11. გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს.

12. უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.

13. ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.

14. გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის ტაძარში.

15. შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას.