ძველი აღთქმა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამეთორმეტე

1. თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი,

2. როცა ყოველ საქმეს აღასრულებ, რაც გევალება, რათა მათით გაიხარო და რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი მიიღო.

3. ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური ცოდნით, და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ.

4. როცა უსმენენ, ენად ნუ გაიკრიფები და ნუ ბრძენობ უდროო დროს.

5. როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.

6. როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.

7. ისაუბრე, ჭაბუკო; თუ საჭირო შეიქენი, თქვი ორიოდე სიტყვა, როცა შეგეკითხებიან;

8. თქვი უმთავრესი, მცირედით მრავალი, და იყავი მცოდნე და შეგეძლოს დუმილის დაცვაც.

9. დიდებულთა შორის ყოფნისას მათ თავს ნუ გაუტოლებ და ნუ მრავალსიტყვაობ, როცა სხვა საუბრობს.

10. ქუხილს ელვა უსწრებს წინ, ხოლო მორიდებულ კაცს - კეთილგანწყობა.

11. დროულად წამოდექ და ბოლო ნუ იქნები, სახლისკენ იჩქარე და ნუღარ შეყოვნდები.

12. იქ გაერთე და ისე მოიქეცი, როგორც გსურდეს, მაგრამ ქედმაღლური სიტყვით ნუ შესცოდავ.

13. ამისთვის დალოცე შენი შემქმნელი და თავისი სიკეთით შენი კმამყოფელი.

14. უფლის მოშიში შეიწყნარებს შეგონებას და დილაადრიანად ამდგარნი წყალობას იპოვნიან.

15. რჯულის მძებნელი მისით აღივსება, ხოლო თვალთმაქცი მასში დაბრკოლდება.

16. უფლის მოშიშნი სამართალს იპოვნიან და ნათელივით გააბრწყინვებენ მსაჯულებას.

17. ცოდვილი კაცი თავს აარიდებს მხილებას და შენდობასაც თავისი ნებისამებრ მოიპოვებს.

18. გონიერი კაცი განსჯას არ უგულებელყოფს, უგუნურსა და ამპარტავანს კი შიში ვერ შეარყევს.

19. დაუფიქრებლად ნურაფერს გააკეთებ და, თუ გააკეთებ, სინანულს ნუ მოჰყვები.

20. ნუ გაემართები ნანგრევების გზით, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.

21. ნუ მიენდობი სწორ გზასაც.

22. და უფრთხილდი თვით შენს შვილებსაც კი.

23. ყოველ საქმეში შენს სულს მიენდე, რადგან ესაა მცნებათა დაცვა.

24. რჯულის მოესავი მცნებებს უფრთხილდება და უფლის მოიმედე არ დაზარალდება.