1 |
ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს
ქვეყანაში. |
1 |
და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა
სოფლისა. |
2 |
ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. |
2 |
ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. |
3 |
და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. |
3 |
და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა
ქალაქსა. |
4 |
წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში,
დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და
გვარისა იყო, |
4 |
აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით,
ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი
სახლისაგან და ტომისა დავითისა, |
5 |
რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად,
რომელიც ფეხმძიმედ იყო. |
5 |
აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო
იგი მიდგომილ. |
6 |
და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. |
6 |
და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი
შობისა მისისანი. |
7 |
და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში
ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის. |
7 |
და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და
მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას. |
8 |
იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და
თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით. |
8 |
და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და
ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. |
9 |
და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ
დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით. |
9 |
და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ,
და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. |
10 |
ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც
იხარებს მთელი ხალხი. |
10 |
და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ
თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: |
11 |
რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. |
11 |
რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. |
12 |
და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს
ბაგაში. |
12 |
და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. |
13 |
ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და
ამბობდნენ: |
13 |
და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა
ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: |
14 |
დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და
სათნოება კაცთა შორის. |
14 |
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა
მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. |
15 |
და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს
და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა.
|
15 |
და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა
მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ
ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. |
16 |
სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა. |
16 |
და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. |
17 |
და ხილვისთანავე გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა
მათ. |
17 |
და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი
ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. |
18 |
და ყველა მსმენელს უკვირდა მწყემსების ნაამბობი. |
18 |
და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი
მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. |
19 |
ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში
იმარხავდა. |
19 |
ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა
თჳსსა. |
20 |
გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს
ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ. |
20 |
და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და
აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი
ითქუნეს მათდა მიმართ. |
21 |
და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს
მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ. |
21 |
და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი
მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა
დედისა თჳსისასა. |
22 |
ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად
მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე, |
22 |
რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა
მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე
უფლისა, |
23 |
(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი
წული უფლის წმიდად იწოდებაო;) |
23 |
ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან
წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს; |
24 |
და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის
რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა. |
24 |
და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა
უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი. |
25 |
და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი
მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა
წმიდა იყო მასზე. |
25 |
და აჰა იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და
კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა
ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა. |
26 |
ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა
სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას. |
26 |
და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად
სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ. |
27 |
სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა
მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც
დაწესებული იყო რჯულით, |
27 |
და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა
მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა
მისებრ სჯულისა მისა მიმართ, |
28 |
ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა: |
28 |
და ამან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა
ღმერთსა და თქუა: |
29 |
აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.
|
29 |
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა
მშჳდობით, |
30 |
რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, |
30 |
რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, |
31 |
რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, |
31 |
რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, |
32 |
ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის
სადიდებლად. |
32 |
ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა
შენისა ისრაჱლისა. |
33 |
ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის
მიმართ ნათქვამი სიტყვით. |
33 |
და იყვნეს იოსებ და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ
ზედა მისთჳს. |
34 |
აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას:
აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და
განხეთქილების ნიშნად. |
34 |
და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა
მისსა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის
და სასწაულად სიტყჳს-საგებელად. |
35 |
და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს
მრავალი გულის ზრახვანი. |
35 |
და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ
მრავალთაგან გულთა ზრახვანი. |
36 |
იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული,
ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც
გაჰყოლოდა სიქალწულეში; |
36 |
და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან
ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა
შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. |
37 |
ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა
და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. |
37 |
და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა
მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. |
38 |
სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე
ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში. |
38 |
ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და
ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. |
39 |
და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას
დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. |
39 |
და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა
უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად. |
40 |
ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა
სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე. |
40 |
ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და
აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა. |
41 |
ხოლო მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე
მიდიოდნენ იერუსალიმში. |
41 |
და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი წლად იერუსალჱმდ
დღესასწაულსა მას პასექისასა. |
42 |
და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ
ისინი.
|
42 |
და იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი
იერუსალჱმდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს, დღესასწაულსა მას. |
43 |
ხოლო დღესასწაულის შემდეგ, უკან რომ გამობრუნდნენ, ყრმა
იესო იერუსალიმში დარჩა; და ვერ შენიშნეს იოსებმა და დედამისმა; |
43 |
და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა
იესუ ყრმაჲ იერუსალჱმს, და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან, |
44 |
არამედ ეგონათ სხვებთან ერთად მოდისო, მაგრამ ერთი დღის
სავალი გზა რომ გალიეს, ძებნა დაუწყეს ნათესავებსა და ნაცნობებს შორის; |
44 |
ჰგონებდეს მისა, ვითარმედ მოგზაურთა თანა არს იგი. და
მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა |
45 |
და რაკი ვერსად იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის
საძებნელად. |
45 |
და არა პოეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალჱმდვე და
ეძიებდეს მას. |
46 |
სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის
ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ. |
46 |
და იყო შემდგომად სამისა დღისა პოეს იგი ტაძარსა მას
შინა, მჯდომარე შორის მოძღუართა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ. |
47 |
ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი. |
47 |
განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი
გულისჴმის-ყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი. |
48 |
როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას:
შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი
დაგეძებთ. |
48 |
და იხილეს იგი და განუკჳრდა. ჰრქუა მას დედამან მისმან:
შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და
გეძიებთ შენ. |
49 |
და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე
მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს? |
49 |
და მან ჰრქუა მათ: და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა,
რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ? |
50 |
მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები. |
50 |
და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ. |
51 |
წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი;
დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას. |
51 |
და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო
დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი
გულსა თჳსსა. |
52 |
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა
და კაცთა წინაშე. |
52 |
და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა
წინაშე ღმრთისა და კაცთა. |