ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.

1

და იყო თვესა ერთსა მას დღეთასა და მოვიდა ნაას ამმანიტელი და მოიცვა ერითა თჳსითა იაბისი გალადას. და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა ნაას ამმანიტელსა: აღთქმა აღგჳთქუ და პაიმანი დადევ ჩუენ შორის და გმონებდეთ შენ.

2 უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს. 2 მიუგო ნაას ამმანიტელმან და ჰრქუა: რა აღთქმა აღგითქუა თქუენ, გარნა თუ ესე აღმოღება თუალისა მარჯუენისა? და იგი იყოს აღთქუმად თქუენ ზედა და იყოს იგი საყუედრელად ისრაჱლსა შორის უკუნისამდე.
3 უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ. 3 და ჰრქუეს მას კაცთა მათ იაბისელთა: დრო-გვეც ჩუენ შჳდ დღე ოდენ და მივავლინნეთ მოციქულნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა. და თუ არა ვინ იყოს შემწე ჩემდა, გამოვიდეთ თქუენდა.
4 მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი. 4 და მოვიდეს მოციქულნი იაბისანი ბორცუსა მას, სადა-იგი იყო საულ, და უთხრეს სიტყუაჲ ესე ყოველსა ერსა. და აღიმაღლეს ჴმაჲ თჳსი და ტიროდა და იურვოდა ყოველი იგი ერი.
5 აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: რა ატირებს ხალხს? ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი. 5 და ხვალისაგან, ცისკარს ოდენ, მოიწია საულ, და მოესხნეს ჴარნი აგარაკით და თქუა: რა არს, ანუ რაჲსა სტირ? მაშინ უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ იაბისელთა.
6 ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი. 6 და მოვიდა სული ღმრთისა საულსა ზედა და განრისხნა ფრიად სიტყჳთა მათთჳს.
7 ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი. 7 და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლა და განყუნა იგინი ასოეულად და მიმოუძღუანა იგი ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთათა და თქუა: ღვაწლი ბრძოლისა მოწევნულ არს ჩუენ ზედა. აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულსა და სამოველს თანა ბრძოლად, შემდგომად საქმისა მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხა და ცხოვარი მისი! და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ. და იზრახა ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა.
8 აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანი სამასი ათასი იყო, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი. 8 და ახილვა-ყო მათდა ბეზეკსა შინა. ანდეზობით იყუნეს ვითარ ექუს ათას კაცი სახლისა მისგან ისრაჱლისანი, ხოლო სახლისა მის იუდასნი იყუნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.
9

უთხრეს მოსულ მოციქულებს: ასე უთხარით გალაადის იაბეშის ხალხს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, მოგევლინებათ ხსნა. მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს. მათაც გაიხარეს.

9

და ჰრქუა საულ მოციქულთა მათ, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს: ესრეთ უთხართ კაცთა მათ იაბის გალადისათა, ვითარმედ: ხვალე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი მოფენასა ოდენ მზისასა. და მოვიდნენ მოციქულნი იგი იაბის გალადისათა და უთხრეს სიტყუაჲ იგი ყოველსა კაცსა ქალაქისასა, და მათ განიხარეს ფრიად.

10 შეუთვალეს იაბეშელებმა ყამონელებს: ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ. 10 და ჰრქუეს იაბისელთა მათ ამანიტელსა: ხვალე გამოვიდეთ თქუენდა და ვყოთ, რაც სათნო-გიჩნდეს!
11 მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი. 11 და ხვალისაგან მოვიდა საულ და განყო ერი იგი სამად გუნდად, და დაესხა ბანაკსა მას ძეთა ამონისათა ჟამსა ოდენ ცისკრისასა და მოსრეს ყოველი ბანაკი ძეთა ამონისათა ვიდრე მოფენადმდე მზისა; და ნეშტნი იგი მეოტად განიბნივნეს თჳთეულად და არა დარჩა არცა ორი ერთად.
12 უთხრა ხალხმა სამუელს: ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ. 12 მაშინ ჰრქვა ერმან მან სამოველისა: ვინ იყუნეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: ნუ მეფობნ საულ ჩუენ ზედა? მოგუცენ ჩუენ კაცნი იგი და აწვე მოვსწყჳდნეთ!
13 უთხრა საულმა: ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში. 13 მიუგო საულ და ჰრქუა: არა ვინ მოკუდეს აქა დღეს არცა ერთი კაცი, რამეთუ დღეს ყო უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი ისრაჱლსა ზედა.
14 უთხრა სამუელმა ხალხს: წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა. 14 სიტყუად იწყო სამოველ ერისა მიმართ და თქუა: მოგუალე, შევიდეთ ჩუენ გალგალად და განვაახლოთ ჩუენ შარავანდობა ეგე მაგისი!
15 წავიდა მთელი ხალხი გილგალს და გაამეფეს საული უფლის წინაშე იქ, გილგალში. შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა. 15 და მოვიდა ყოველი იგი ერი შეკრებული გალგალად. და მუნ სცხო სამოველ საულს მეფედ წინაშე უფლისა გალგალს და შესწირეს მუნ მსხუერპლი დასამშჳდებელად უფლისა. და იხარებდეს მუნ სამოველ და საულ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ფრიად.