ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა სამუელმა მთელს ისრაელს: აჰა, ყველაფერი მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე.

1

მაშინ ჰრქუა სამოველ ერსა მას: აჰა ესერა, მე ვისმინე თქუენი, რომელი მითხართ მე და დავადგინე თქვენ ზედა მეფე, ვითარცა-იგი თქუენ ითხოვეთ.

2 ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ; მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით. 2 აწ, ეგერა, მეფე თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან, და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღევანდელად დღედმდე.
3 აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ. 3 აწ შემეწიენით მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რა-ვის-ეღოს ჴბო, ანუ კარაული, ანუ მო-რაჲმე-მეხვეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რა, ანუ თუ ჴელთა ვისთა რა გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლე, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, შემწამეთ მე წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.
4 უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია. 4 მიუგო ყოველმან ერმან სამოველს და ჰრქუა: არასადა არავის ჩუენგანსა აჭირვე, არცა მი-რა-გუხვეჭე და არცაღა მი-რა-ვის-გჳღე ჴელთაგან ჩუენთა არარა!
5 კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში. უთხრეს: მოწმე იყოს! 5 მიუგო სამოველ ერსა მას და ჰრქუა: მოწამე იყავნ უფალი თქუენ შორის და მოწამე იყავნ ცხებული მისი, რამეთუ არა ჰპოეთ ბოროტი ჩემ თანა! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: ჰე, მოწამე იყავნ!
6 უთხრა სამუელმა ხალხს: ჰო, უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, რომელმაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან გამოიყვანა. 6 თქუა სამოველ ერისა მიმართ: მოწამე იყავნ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან შექმნა მოსე და ჰარონ, რომელმან გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
7 ახლა დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე ყველა სიკეთის გამო, რაც გიყოთ უფალმა თქვენ და თქვენს მამა-პაპას. 7 აწ წარმომიდეგით და სამართალი ვაჩუენო თქუენთჳს წინაშე უფლისა და გითხრა თქუენ სამართალი უფლისა და ყოველი, რაჲ-იგი მიყო ჩუენ.
8 როცა იაკობი მივიდა ეგვიპტეში, შეჰღაღადა თქვენმა მამა-პაპამ უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაასახლეს. 8 ჟამსა მას, რომელსა შევიდა იაკობ და ძენი მისნი ეგჳპტესა და ვითარ-იგი აჭირვებდეს მათ ეგჳპტელნი იგი, და მამანი იგი ჩუენნი ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა. და მოავლინა უფალმან მოსე და ჰარონ და გამოიყვანნა მამანი იგი ჩუენნი ეგჳპტით და დაამკჳდრნა იგინი ადგილსა ამას.
9 მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ. 9 ხოლო მათ დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი, და მისცა იგინი ჴელთა სისარასთა, მთავრისა მის ძლიერისა აბინაჲსა, მეფისა მის ასურთასა, და ჴელთა უცხოთესლთასა და მეფისა მის მოაბელთასა. და იგინი ავნებდეს მათ.
10 შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაალებსა და აშთორეთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით. 10

და მათ ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ დაგიტევეთ შენ, უფალი ჩუენი, და ვმონებდით ჩუენ ბალიმსა და სერტყთა მათ ასტაროთისათა. აწ მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და გმონებდეთ შენ.

11

მოავლინა უფალმა იერობაალი, ბადანი, იფთახი და სამუელი; ისინი გიფარავდნენ გარეშემო მტრებისგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.

11 და მოუვლინა უფალმან იორობთელი და ბარაკ და იეფთე და სამფსონ. და გიჴსნა თქუენ უფალმან ჴელთაგან მტერთა თქუენთასა, რომელნი გარემოს იყუნეს თქუენსა, და დაგამკჳდრნა თქუენ მშჳდობით და სასოებით.
12 დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ და მითხარით: არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე! თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი. 12 ხოლო აწ, ვითარცა იხილეთ თქუენ, ვითარმედ ნაას ამანიტელი ზედა მოგვივიდოდა, მარქუთ მე, ვითარმედ: დაადგინე ჩუენ ზედა მეფე! არამედ უფალი ღმერთი ჩუენი არს მეფე ჩუენი.
13 ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე. 13 და აწ, აჰა ეგერა, არს შარავანდოსანი იგი თქუენი, რომელ გამოირჩიეთ და მოითხოვეთ, რომელი მოგცა თქუენ უფალმან თქუენმან.
14 თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. 14 უკუეთუ გეშინოდის უფლისა, და მსახურებდეთ მას და დაემორჩილნეთ ბრძანებასა მისსა და არა მჴდომად აღუდგეთ სიტყუათა უფლისათა, და იყვნეთ თქუენ და მეფე თქუენი მორჩილ მცნებათა უფლისა თქუენისათა. და იგი იყოს მჴსნელი თქუენდა!
15 თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო. 15 უკეთუ არა ისმინოთ ბრძანება უფლისა თქუენისა და მჴდომად აღუდგეთ მცნებათა მისთა, იყოს ჴელი უფლისა თქუენ ზედა და მეფეთა თქუენთა ზედა.
16 ახლაც დადექით და შეხედეთ ამ დიდ საქმეს, რასაც უფალი აღასრულებს თქვენს თვალწინ. 16 ხოლო აწ უფროსღა დაემტკიცენით და დაეწყნარენით დიდთა მათ სიტყუათა უფლისათა, რომელ ყოს უფალმან წინაშე თუალთა თქუენთა.
17 ხომ პურის მკის დრო არის ახლა? შევსთხოვ უფალს და მოავლენს იგი ჭექა-ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ. 17 არამე იფქლისა მკა არს დღეს? და თუ გნებავს თქვენ, ვითხოოთ უფლისაგან, და მოგცეს თქუენ წჳმა მძაფრი სავსე ქუხილითა და გულისხმა-ყოთ, რამეთუ განძლიერდეს უკეთურებანი თქუენნი წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვდით თქუენ მეფესა.
18 შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა. 18 და ითხოვა სამოველ უფლისაგან. და მოსცა მას უფალმან წჳმა მძაფრი, სავსე ქუხილითა საშინელითა.
19 უთხრა ხალხმა სამუელს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მორჩილთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ. 19 და შეეშინა ყოველსა ისრაჱლსა უფლისაგან ფრიად და სამოველისა; და რქუა ყოველმან ერმან სამოველს: ილოცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მონათა ამათ შენთათჳს, რათა არა მოვსწყდეთ დღეს, რამეთუ გარდავამეტეთ ჩუენ ცოდვათა ჩუენთა თხოვად თავისა ჩუენისა მეფე!
20

უთხრა სამუელმა ხალხს: ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ.

20

მიუგო სამოველ ერსა მას და რქუა: ნუ გეშინინ თქუენ! რამეთუ თქუენგან ღათუ იყოს უკეთურება ეგე, ხოლო თქუენ ნუვე გარდააქცევთ გზათა მათგან უფლისათა, არამედ მონებდით უფალსა ყოვლითა გულითა თქუენითა.

21 ნუ გაიწევთ ფუჭი ღმერთებისკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან. 21 და ნუ შეუდგებით უნდოთა, რომელნი არა სარგებელ-გეყუნენ თქუენ და არცა გიჴსნნეს თქუენ, რამეთუ იგინი უნდო არიან!
22 უფალი კი არ დააგდებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან გადაწყვეტილი აქვს უფალს, რომ თავის ერად გაგხადოთ თქვენ. 22 ხოლო უფალმან არა განიშოროს ერი თჳსი სახელისა მისისათჳს დიდისა, რამეთუ შეგიწყნარნა თქვენ უფალმან და გამოგირჩივნა თქუენ ერად საზეპუროდ.
23 მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენს გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე. 23 ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა და უწყებად თქუენდა გზა იგი სიმართლისა და სიწრფოებისა!
24 ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის. 24 ხოლო თქუენ გეშინოდესვე უფლისა და მონებდეთ მას ჭეშმარიტებითა ყოვლითა გულითა თქუენითა, რამეთუ გიხილავს, ვითარ განადიდა უფალმან ყოფა მისი ჩუენ თანა.
25 თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც. 25 უკუეთუ ბოროტსა იქმოდით თქუენ და შარავანდოსანი თქუენი, წარსწყმდეთ.