ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გავიდა ერთი წელი საულის გამეფებიდან და უკვე ორი წელი მეფობდა ისრაელზე.

1

შვილი იყო საულ წელიწადისა ერთისა, ვინათგან დაჯდა იგი მეფედ და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა ისრაჱლსა ზედა.

2 გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი; ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთილის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა. 2 გამოირჩია საულ თავისა თჳსისათჳს სამ ათასი მამაკაცი ძეთა ისრაჱლისათა, ორი ათასი იგი საულისა თანა იყო მაქმასს მთასა მას ბეთელისასა, და ხოლო ათასი იგი ყო ნათანისა თანა ბორცუსა მას გაბაონსა ბენიამენისსა. და სხუასა მას ერსა განუჯმნა თჳთეულად სოფლად თჳსა.
3 იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელს ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა! 3 და ამისა შემდგომად მოსწყჳდა იონათამ ერი იგი განდგომილი ფილისტიმელთა, რომელი იყო ბორცუსა მას. და ესე მიესმა უცხოთესლთა მათ და უბრძანა საულ ნესტვისა დაბერვა ყოვლისა მიმართ სოფლისა და თქუა: უწყოდენ ყოველმან სოფელმან ებრაელთამან, ვითარმედ განდგეს მონანი იგი!
4 გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაამარცხა საულმა ფილისტიმელთა სარდალი და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში. 4 და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ მოსრა, მოსწყჳდა ყოველი იგი ერი უცხოთესლთა და დაწუნეს ისრაიტელთა მათ უცხოთესლნი იგი. და მოკრბა ყოველი იგი ერი საულს გალგალად.
5 ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი. წამოვიდნენ და მიქმასში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ. 5 და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და ბრძოლად მივიდეს ისრაჱლისა სამ ათასითა ეტლითა და ექუს ათასითა მჴედრითა. ხოლო სხუაჲ ერი ურიცხჳ იყო ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა. და აღვიდეს იგინი და დაიბანაკეს მაქმასსა ზურგით კერძო ბეთორს.
6 დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში. 6 და კაცთა მათ ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს, რამეთუ შემოაჭირვებდეს მათ უცხოთესლნი იგი, მოჰრიდეს და დაემალნეს ქვაბებსა და ნაპრალებსა კლდეთასა, ორმოებსა და ჯურღმულებსა წყლისასა.
7 ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო და დამფრთხალი ხალხი მისკენ გარბოდა. 7 რომელნიმე წიაღვიდოდეს იორდანეს ქუეყანად გადისა და გალადისა; საულ მუნვე იყო გალგალს, და ყოველნი ერნი განცჳვნეს მისგან.
8 შვიდ დღეს იცადა მან, როგორც დაუთქვა სამუელმა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში. ხალხი კი ეფანტებოდა. 8 და საულ დაშთა მარტო გალგალს, და დგა და ელოდა შჳდ დღე წამებასა მას ზედა სამოველისასა. და სამოველ არღა მოსულ იყო გალგალად. სიტყვად იწყო საულ და თქუა: სამოველ არა მოვიდა გალგალად და ერი ესე განიჭრა ჩემგან.
9 თქვა საულმა: მომიყვანეთო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და აღავლინა აღსავლენი. 9 და თქუა საულ: აღმომგუარენით მე საკურთხებთაგან და შევსწირო მსხუერპლი დასამშჳდებელად და შესწირა მსხუერპლი.
10 როცა გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად. 10

და ვითარცა შე-ოდენ-სწირა მსხუერპლი იგი, მოვიდა სამოველ. გამოვიდა საულ შემთხუევად მისა, რათამცა აკურთხა იგი.

11 უთხრა სამუელმა: რა გააკეთე? მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი. 11 და ჰრქუა სამოველ: რა ჰყავ ეგე? მიუგო საულ და ჰრქუა: რაჟამს ვიხილე, რამეთუ ერი იგი განიჭრა ჩემგან და შენ დაგეყოვნა, და არა მოხვედ აღთქმისა მისებრ, რომელ სთქუ ჩემ თანა, და უცხოთესლნი იგი მოსრულ იყუნეს მაქმასად.
12

ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი.

12 და მე ვთქუ: ნუუკუე ჩამო-ნუუკუე-ჴდენმეა უცხოთესლნი იგი გალგალად? და უფალი არა ვაშურო მე! არამედ განვიწმიდე თავი ჩემი და შევსწირე მსხუერპლი ესე.
13 უთხრა სამეულმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე. 13 მაშინ ჰრქუა სამოველ საულს: ცუდად იყო მსხუერპლი ეგე შენი, რამეთუ არა დაიცვენ მცნებანი ჩემნი, რომელნი მამცნო უფალმან, რათამცა განამტკიცა მეფობაჲ შენი ისრაჱლსა ზედა უკუნისამდე ჟამთა.
14 ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნანაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს. 14 ხოლო აწ მეფობა ეგე არა დაადგრეს შენ თანა, არამედ მოიძიოს უფალმან კაცი, სათნო გულისა თჳსისა და დაადგინოს იგინი მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ არა დაიმარხე მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან.
15 ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი - ექვსასამდე კაცი. 15 და წარვიდა სამოველ გალგალით გზასა თჳსსა (და ნეშტნი იგი ერისანი აღვიდეს საულის თანა შემთხუევად ერისა მის განწყობილისა). და ვითარცა მოვიდეს გალგალად ბორცუსა მას ბენიამენისასა, და ახილვა-ყო საულ ერისა მისთჳს, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, და იპოვა მუნ ვითარ ექუსასი კაცი.
16 საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ. ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ. 16 და საულ და იონათან, ძე მისი, და ერი იგი, რომელ მის თანა იყო გაბაონს ბენიამენისსა, და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს მაქმასს.
17 გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი; ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, ბუყალის ქვეყნისკენ. 17 და მჭკუერველი, რომელი გამოვიდოდა უცხოთესლთა მათ, სამად გუნდად განიყოფოდა: ერთი იგი გუნდი მსტუანვად გოფერით კერძო გზასა მას წყაროსასა სოგალიმით;
18 მეორე რაზმი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე კი ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის. 18

და ერთი იგი გუნდი წარმართებულ იყო გზასა მას ბეთორისასა, და მესამე იგი გუნდი მივიდოდა გაბაონად, და რომელი შთაიყვანების გაჲდ საბასსა, რომელ არს უდაბნოთ კერძო.

19 მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან გაწყვიტეს ფილისტიმელებმა, რომ არც მახვილი, არც შუბი არ ეკეთებინათ ებრაელებს. 19 და მჭედელი რკინისამებრვე არა იპოებოდა მათ ჟამთა ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, რამეთუ ესრე თქჳან უცხოთესლთა მათ: ნუუკუე იქმოდიან ებრაელნი იგი ჰოროლსა, ჴრმალსა? და ურიდად მოვიდოდიან ქუეყანასა მას ჩუენსა.
20 ჩადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან სახნისების, თოხების, ცულებისა და ნამგლების მოსაპირავად, 20 არამედ შთავიდიან ისრაიტელნი იგი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა ჭედად თჳთეულად საქმრისა თჳსისა საჴმართა: საჴნისისა, მანგლისა, ცელისა, ცულისა, სასხლევისა, და ქმნიან იგი რეწვით სასყიდლით.
21 როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს, ან თუ დეზები იქნებოდა გასამართავი. 21 და ოდეს მკა გარდაჴდის, მაშინღა სასყიდელი მისციან სამი სასწორი საჴნისისათჳს ცულისა, და ცელისა, მანგლისა და სასხლევისა, და დეზიღა ზედა მოირთიან.
22 როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ სალისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები დ შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს აღმოაჩნდათ. 22 და დღეთა მათ შინა წყობისათა მაქმასს ყოვლადვე არა იყო მახჳლი, არცა ჴმალი და არცა ჰოროლი ჴელთა შინა მის ერისათა, რომელ-იგი იყვნეს საულის თანა და იონათანისა, ძისა მისისა, გარნა საულის თანა და იონათანის თანა, ძისა მისისა.
23 გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ. 23 და გამოვიდეს ფილისტიმელნი და გუნდნი, რათა მაქმასა განვიდენ.