ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მივიდნენ ზიფიელები საულთან გიბყაში და უთხრეს: არ იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?

1

მას ჟამსა მოვიდეს ზიფეანი არმურისა მისგან ბორცვად საულისსა და ჰრქუეს მას: ესერა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის ბორცუსა მას ექელაკისსა, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა.

2 ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელიანითურთ ზიფის უდაბნოსკენ გაემართა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში. 2 და მოვიდა საულ უდაბნოსა მას არმუროვანსა და მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული ისრაჱლისა მოძიებად დავითისა უდაბნოსა მას ზიფისასა.
3 დადგა საული ხაქილის გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას; ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული უდაბნოში. 3 მოვიდა და დაიბანაკა ბორცუსა მის თანა ექელაკიას, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა, მახლობელად გზასა მას. და დავით ჯდა უდაბნოსა მას და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ საულ მოსულ არს ერითურთ ძიებად დავითისა,
4 გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული. 4 გუშაგნი წარავლინნა დავით ხილვად, თუ ნანდვილ მოსულ არს საულ კეილად.
5 ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო გაჩერებული. დაინახა დავითმა ის ადგილი. სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული შუაგულ ბანაკში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული. 5 და აღდგა დავით ფარულად და მოვიდა საულისა. და მას ეძინა და აბენერს, ძესა ნერისსა, ერისთავსა მას მისსა, და სანთელი ერთი ენთებოდა წინაშე მისსა. და ერი იგი ყოველი წვა გარემოს მისა.
6 მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და უთხრა: ვინ წამომყვება საულთან მის ბანაკში? უთხრა აბიშაიმ: მე წამოგყვები. 6 მიუგო დავით და ჰრქვა აბიმელექს ქეტელსა და აბესეს, ძესა შარუელისასა, ძმასა მას იოაბისსა: ვინ შემოვიდეს ჩემ თანა ბანაკსა მას საულისასა? და ჰრქუა აბესა დავითს: მე შემოვიდე შენ თანა.
7 მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან და, აჰა, ხედავენ, წევს მძინარე საული შუაგულ ბანაკში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან. 7 და შევიდეს დავით და აბესა შორის ბანაკსა მას საულისასა ღამე, და საულს ეძინა და სანთელი და ჰოროლი დგა წინაშე მისსა, და აბენეზერს და ყოველსა ერსა მისსა ეძინა გარემოს მისსა.
8 უთხრა აბიშაიმ დავითს: ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება. 8 მიუგო აბესა დავითს და ჰრქუა: დღეს შემოაწყუდინა უფალმან მტერნი შენნი ჴელთა შენთა, ვსცე და მოვკლა იგი ჰოროლითავე მისითა, და დავმსჭვალო იგი ქუეყანასა ზედა.
9 უთხრა დავითმა აბიშაის: ნუ დაღუპავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება. 9 ჰრქუა დავით აბესას: ნუ იყოფინ, ვითარმცა მოკალ ცხებული უფლისა, და განმართლდეს!
10 თქვა დავითმა: უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან საბრძოლველად წავა და დაიღუპება. 10 და თქუა დავით: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა თუ უფალმან მოაკუდინოს იგი, გინა თუ დაეცეს ბრძოლასა შინა.
11

უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა და წავიდეთ ჩვენთვის.

11

მე არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, ხოლო აწ მიიღე ჰოროლი ეგე და გოვზაკი სასთუნალით მაგისა და წარვიდეთ!

12 აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმალიდან და წავიდნენ თავისთვის. არვის დაუნახავს, არვის გაუგია, არც არვის გაუღვიძნია, ყველას ეძინა, რადგან უფლისმიერ ძილს მოეცვა ისინი. 12 და აღიღო მან ჰოროლი იგი და გოზაკი და წარვიდეს და არა ვინ სცნა საქმე იგი, არცა ვინ განიღჳძა, რამეთუ ყოველნი დასულებულ იყუნეს ძილისა მისგან, რამეთუ თლემულება ძილისა დადებულ იყო მათ ზედა უფლისა მიერ.
13 გადავიდა დავითი გაღმა და დადგა მთის წვერზე, მოშორებით. დიდი მანძილი იყო მათ შორის. 13 და წიაღჴდა დავით მიერ ჴევსა მას განშორებულადრე, პირისპირ წინაშე მათსა, დადგა იგი თხემსა ზედა მის მთისასა.
14 გაჰყვირა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ძეს: ხმა გამეც, აბნერ! ხმა გასცა აბნერმა და უთხრა: ვინა ხარ, რომ ჰყვირი და აწუხებ მეფეს? 14 და უჴმობდა დავით მიმართ ერსა მას საულისასა და თქუა: აბენერ, შენ გეტყჳ, არას მომიგებ? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ, რომელი-ეგე მიჴმობ მე?
15 უთხრა დავითმა აბნერს: ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი. მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად. 15 მიუგო დავით და ჰრქუა: არა შენ აბენერ ხარა, რომელი-ეგე კაცი შერჩეული ხარ ისრაჱლსა შორის? და რასათჳს არა იჴმილვე უფალი ეგე შენი მეფე, რამეთუ შევიდა კაცი ერთი ბანაკსა მაგას მოკლვად უფლისა მაგის შენისა მეფისა?
16 ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედ-მოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო? 16 არა კეთილ არს საქმე ეგე თქუენი, რომელ ჰყავით, ხოლო ცხოველ არს უფალი ჩემი, რამეთუ სიკუდილისა თანა-მდებ ხართ მცველნი ეგე უფლისა თქუენისა მეფისანი, ცხებულისა უფლისა! აწ აღდეგით და იხილეთ თქუენ ჰოროლი იგი და გოვზაკი მეფისა, რომელი იყო სასთუნალით კერძო მისა!
17 იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო? მიუგო დავითმა: ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო! 17 და იცნა საულ ჴმაჲ იგი დავითისი და თქუა: ეგე ჴმაჲ შენი არს, შვილო ჩემო დავით! და თქუა დავით: აქა ვარ მონა შენი, მეფე!
18 კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს, რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს. 18 და კუალად თქუა: რასათჳს მდევნი მე, მონასა ამას შენსა, მეფე? რა შეგცოდე, ანუ რაჲ იპოვა ჩემ თანა ბრალი?
19 ახლა, ისმინოს მეფე ბატონმა თავისი მორჩილის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; თუ ადამიანებმა - წყეულიმც არიან ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში და მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო. 19 და აწ ისმინე, უფალო ჩემო მეფე, სიტყუაჲ მონისა შენისა! უკუეთუ ღმერთსა აღუდგინებიე შენ მდევრად ჩემ ზედა, იყავნ ნება ღმრთისა. უკუეთუ კაცთა მიერ არს, წყეულ იყუნედ იგინი წინაშე უფლისა! რამეთუ დღეს გამომჴადეს მე მაგათ, რათა არა დავემტკიცო მე სამკჳდრებელსა უფლისასა, და თქუეს: უტევეთ და მივიდეს და ჰმონოს კერპთა მათ უცხოთა!
20 არ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთიბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში. 20 და ნუ დავარდებინ სისხლი ჩემი წინაშე უფლისა, რამეთუ გამოსრულ არს მეფე ისრაჱლისა ძიებად სულისა ჩემისა, ვითარცა ვინ ეძიებნ გრწყილსა ერთსა, ანუ თუ მღამიობსა ერთსა უდაბნოსა ზედა!
21

თქვა საულმა: შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გაიმეტე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი.

21

და ჰრქუა საულ დავითს: ვცოდე, შვილო დავით. აწ მოიქეც ჩემდა, რამეთუ არარა გავნო ამისთჳს, ვინათგან საყვარელ არს სული ჩემი შენ წინაშე. ხოლო მე ვიდრე დღეინდელამდე ცილისმეძიებელ ვიყავ და დაუდგრომელ ფრიად.

22 მიუგო დავითმა და უთხრა: აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს. 22 მიუგო დავით და ჰრქუა: აჰა, ესერა, დამიც ჰოროლი იგი მეფისა ველსა ამასა ზედა. აწ მო-ვინ-ვედინ მონათა შენთაგანი და წარიღენ!
23 უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმამაცისა და ერთგულების წილ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი. 23 და უფალმან მიაგენ თჳთეულად სამართალი სიმართლისა თჳსისაებრ, ვითარცა განგწირა შენ უფალმან ჴელთა მომართ ჩემთა, და მე არა მოგკალ, რამეთუ ცხებული უფლისა ხარ.
24 აჰა, როგორც არ მემეტებოდა დღეს შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისაგან. 24 და აწ ვითარცა დიდებულ და ჰაეროვან ხარ წინაშე თუალთა ჩუენთა, ეგრე მხიარულ იპოვენ სული ჩემი წინაშე უფლისა და მფარველ მეყავნ, და მიჴსენინ მე და განმარინენ ყოვლისაგან ჭირისა!
25 უთხრა საულმა დავითს: კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას. 25 და ჰრქუა საულ დავითს: კურთხეულ ხარ შენ, შვილო დავით! და ყავნ უფალმან წყალობაჲ მისი შენ ზედა და განგაძლიერენ შენ! და წარვიდა დავით გზასა თჳსსა და საულ მიაქცია ადგილად თჳსა.