ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მაკაბელთა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამ დროისთვის ანტიოქოსის ჯარმა უწესრიგოდ დაიხია სპარსეთის მიწებიდან.

   
2 რადგან იგი შესული იყო პერსეპოლისად წოდებულ ქალაქში და აპირებდა ტაძრის ძარცვასა და ქალაქის აკლებას, ამიტომ შეიკრიბა ხალხი და თავის დასაცავად იარაღსაც მიმართეს. ადგილობრივ მკვიდრთაგან ოტებული ანტიოქოსი კი იძულებული გახდა სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო უკან.    
3 ეკბატანასთან ანტიოქოსის ყურამდე ნიკანორისა და ტიმოთეს ამბებმაც მიაღწია.    
4 და მანაც, განრისხებულმა, გადაწყვიტა იუდაელებზე ეყარა თავის მდევნელთა ჯავრი. ამიტომ უბრძანა მეეტლეს მთელი გზა შეუჩერებლივ ეჭენებინა ცხენები, მაგრამ ზეციური მსჯავრი უკან დადევნებოდა მას, რადგან ქედმაღლურად დაიქადნა: ერთი ჩამაღწევინა და იერუსალიმს იუდაელთა სასაფლაოდ ვაქცევო.    
5 მაგრამ ყოვლისმჭვრეტელმა უფალმა, ღმერთმა ისრაელისა, დასცა იგი უკურნებელი და უხილავი დარტყმით. დაასრულა თუ არა ანტიოქოსმა სიტყვა, უეცრად მუცლის აუტანელმა გვრემამ შეიპყრო იგი და შიგანში საშინელმა ტკივილებმა დაუარა,    
6 და სავსებით სამართლიანადაც: აკი თავად მრავალი და წარმოუდგენელი ტკივილებით სტანჯავდა სხვათა შიგანს.    
7 მაგრამ ოდნავადაც არ დაიცხრო თავისი სიამაყე, პირიქით, კიდევ უფრო ივსებოდა ქედმაღლობით, რისხვის ცეცხლს აფრქვევდა იუდაელებზე და განკარგულებას იძლეოდა, სვლა დაეჩქარებინათ. ამას ის მოჰყვა, რომ გაქანებული ეტლიდან გადმოვარდა, თანაც ისე მძიმედ, რომ მთელი ტანი დაელეწა.    
8 ვინც სულ ახლახან ზეადამიანური კადნიერებით ზღვის ტალღებზე განმგებლობას განიზრახავდა და ფიქრობდა სასწორზე აეწონა მთის მწვერვალები, ძირს იყო გართხმული და, საკაცეზე გაშოტილი, ცხადლივ უდასტურებდა ყველას ღვთის ძლევამოსილებას.    
9 ასე რომ მატლები დაფუთფუთებდნენ უწმიდურის სხეულში, და ჯერ კიდევ ცოცხალს და ტკივილისგან გაწამებულს, ზეზეურად სცვიოდა ხორცი, ხოლო მისი მყრალი სუნით მთელი ბანაკი იყო შეწუხებული.    
10 იმ კაცს, ვინც ცოტა ხნის წინ ოცნებობდა ციურ ვარსკვლავებს მისწვდენოდა, აუტანელი, მყრალი სუნის გამო საკაცითაც ვეღარავინ ატარებდა.    
11 აი მაშინ კი, უკვე მოტეხილმა, გადაწყვიტა თავის უზომო ქედმაღლობას შეშვებოდა და გონს მოგებულიყო, რადგან, ღვთისგან მსჯავრდადებულს, ყოველწუთს უძლიერდებოდა სატანჯველი.    
12 თავისსავე სუნს რომ ვეღარ გაუძლო, თქვა: სამართლიანია ღვთის მორჩილება და მოკვდავი ღვთისსწორობას არ უნდა ესწრაფოდეს.    
13 უწმიდური შესთხოვდა უფალს, რომელიც უკვე აღარ შეიწყნარებდა მას, ამბობდა:    
14 წმიდა ქალაქს, რომელსაც მიწასთან გასწორებას და სასაფლაოდ ქცევას ვუპირებდი, თავისუფლებას ვანიჭებ.    
15 იუდაელებს კი, რომლებსაც, ჩვენი განაჩენის თანახმად, საფლავიც არ უნდა ღირსებოდათ, და თავიანთ ჩვილებთან ერთად ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად უნდა დაგვეყარა, ყველას ათენელთა თანასწორად ვაცხადებო.    
16

წმიდა ტაძარს, რომელიც გაძარცული მყავს, უსაჩინოესი შენაწირებით შევამკობ, წმიდა ჭურჭლებს დავაბრუნებ უკლებლივ და მეტსაც შევძენ, ხოლო სამსხვერპლოდ აუცილებელ ხარჯებს ჩემი ხაზინიდან გავიღებო.

   
17 ამასთანავე, მეც იუდაელი გავხდები და ჩავუვლი ყველა დასახლებულ ადგილს და ვიღაღადებ უფლის ძალმოსილებასო.    
18 მაგრამ არაფრით რომ არ დაუცხრა ტკივილები, რაკი უფლის სამართლიანი მსჯავრი მოწეულიყო მასზე, იმედმიხდილმა წერილი მისწერა იუდაელებს, თხოვნის სახით, რომელშიც ეწერა:    
19 ფრიად ღირსეულ იუდაელ მოქალაქეებს დიდ სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს მეფე და სარდალი ანტიოქოსი.    
20 თუ ხართ ჯანმრთელად თქვენ და თქვენი შვილები და თუ თქვენი საქმეებიც ისეა, როგორც თქვენ გსურთ, დიდ მადლს ვწირავ ღმერთს და ცაზე ვამყარებ ჩემს იმედს.    
21 მე თქვენს პატივსა და კეთილგანწყობას სიყვარულით ვიხსენიებ. როცა სპარსეთის ფარგლები დავაგდე და მძიმე სენი შემეყარა, აუცილებლად მივიჩნიე საყოველთაო უსაფრთხოებაზე მეზრუნა.    
22 ძნელბედობაშიც არ მიპყრობს სასოწარკვეთილება, სენისგან განკურნების დიდი იმედი მასულდგმულებს,    
23 რაკი ვხედავ, რომ მამაჩემმაც, ერთდროს ზემო ქვეყნის მიწებზე ლაშქრით წამოსულმა, საჯაროდ გამოაცხადა თავისი მემკვიდრე,    
24 რათა მოულოდნელობის ან რაიმე უბედურების ჟამს ცოდნოდათ ქვეყნის მკეიდრთ, ვისზე იყო საქმეები მინდობილი და არ დაბნეულიყვნენ.    
25 გარდა ამისა, ვითვალისწინებ, რომ დღევანდელი მმართველები, ჩვენი სამეფოს მეზირლები ხელსაყრელ შემთხვევას ეძებენ, ელიან მოსახდენს. ამიტომ ვაცხადებ მეფედ ჩემს შვილს ანტიოქოსს, რომელიც ზემო სატრაპიების მონახულების დროს წარმიდგენია ხშირად უმეტესობა თქვენგანისთვის და ჩამიბარებია კიდეც. მისთვისაც მიწერილი მაქვს ის, რაც აქ სწერია.    
26 გთხთვთ და ვიმედოვნებ, რომ გაიხსენებთ ჩემს ქველმოქმედებებს საერთო საქმისა და ცალკეული შემთხვევების მიმართ; შეინარჩუნებთ კეთილგანწყობას ჩემდამი და ჩემი შვილისადმი.    
27 მჯერა, რომ იგი ღირსეულად გაამართლებს ჩემს ნდობას, იქნება თქვენი კაცთმოყვარე განმგებელიო.    
28 კაცისმკვლელსა და ღვთისმგმობელს თავად დაემართა იმაზე უარესი, რაც სხვას დამართა. მან საწყადობლად დაასრულა სიცოცხლე უცხო მთებში.    
29 მისი ცხედარი მისმა თვისმა ფილიპემ წაასვენა სახლში; მერე კი ანტიოქოსის ძის შიშით ეგვიპტეში, პტოლემეოს ფილომეტორთან გადაასვენა.