ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.

1

და აზარიას ზედა, ძისა ადიდისა, იყო სული უფლისაჲ.

2 გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ. 2 და განვიდა შემთხუევად მეფისა ასასა და ყოვლისა იუდისასა და ბენიამენისა და თქუა: ისმინეთ ჩემი ასა და ყოველმან იუდამან და ბენიამინ, უფალი თქუენთანა ამისთჳს, რამეთუ იყვენით თქუენ მის თანა. და უკუეთუ ეძიებდეთ მას, გეპოოს იგი თქუენ და, უკუეთუ დაუტეოთ იგი, დაგიტევნეს მანცა თქუენ
3 დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე. 3 და იყუნენ დღენი ისრაჱლისანი მრავალ ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა და არა მღდელისა ჩუენებითა და არცა შჯულითა.
4 გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი. 4 მოიქცენ იგინი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ეპოვოს მათ.
5 იმჟამად არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოოი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში. 5 და მას ჟამსა შინა არა იყოს მშჳდობა შემავალისა და გამომავალისა, რამეთუ განკჳრვება იყოს ყოველსა ზედა სოფლებსა.
6 ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით. 6 და ჰბრძოდის თესლები თესლებსა და ქალაქი ქალაქსა, რამეთუ ღმერთმან განაკრთნეს იგინი ყოვლითა ჭირითა.
7 თქვენ კი გამტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისაებრ მოგეზღვებათ. 7 და თქუენ განძლიერდით. და-ნუ ეხსნებიედ ჴელნი თქუენნი, რამეთუ არს სასყიდელი საქმისა თქუენისა.
8 როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის. 8 და ვიდრეცა ესმნეს სიტყუანი ესე და წინაწარმეტყუელებაჲ აზარიას წინაწარმეტყუელებისა მეფესა და ყოველსა მას ერსა, განძლიერდა ასა და განაბნია საძაგელები იგი ყოვლისაგან ქვეყანისა იუდასა და ქალაქთაგან, რომელნი დაიპყრნა მთასა მათ ეფრემისასა და განაახლა საკურთხეველი უფლისაჲ, რომელ იყო წინაშე ტაძარსა უფლისასა
9 შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი. 9 და შეკრიბა მეფემან იუდა და ბენიამენი და მწირნი იგი, რომელნი მწირობდეს მათ შორის ეფრემითგან და მანასეთ და სჳმეონით, რამეთუ შემოერთნეს მას და მოადგეს მრავალნი ისრაჱლისაგანნი, რაჟამს იხილეს მათ, რამეთუ უფალი ღმერთი მისი მის თანა არს.
10 ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიყარნენ იერუსალიმს. 10 და შეკრბეს იერუსალჱმად თუესა მესამესა მეთხუთმეტესა წელსა მეფობისა ასასასა.
11

მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი ცხვარი.

11

შეწირა უფლისა მას დღესა შინა ნატყუენავისა მისგან, რომელი მოიღო, ზუარაკი შჳდასი და ცხოვარი შჳდი ათასი.

12 აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, მთელი გულითა და სულით. 12 და განვიდა აღთქმით გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა.
13 ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი. 13 რამეთუ ყოველი, რომელი არა ეძიებდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, მოკუდეს ჭაბუკთაგან მოხუცებულადმდე მამაკაცთაგან დედაკაცადმდე.
14 ეფიცებოდნენ უფალს დიდის ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით. 14 და ფუცეს უფალსა ჴმითა დიდითა და საყჳრებითა და ნესტჳთა რქისათა.
15 ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ირგვლივ. 15 და განიხარა ყოველმან იუდამან ფიცისა მისთჳს, რამეთუ ყოვლითა გულითა მათითა ფუცეს და ყოვლითა ნებითა მათითა ეძიებდეს უფალსა და ეპოვა მათ და დაუმშჳდა მათ უფალმან ყოველი გარემო.
16 მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კედბონის ხევში დაწვა. 16 მააქა, დედა მისი, გარდაადგინა, რათა არა იყოს იგი ასტრატესა და აფროდიტესა მსახურ, და მოსრა კერპები იგი და დაწვა ჴევსა მის ნაძუთასა.
17 ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე. 17 ხოლო მღდელნი იგი არა განაშორნა, მერმე იყუნეს ვეღარა იუდასა შორის და ისრაჱლსა, არამედ გული ასასი არა იყო სავსე ყოველთა დღეთა მისთა.
18 შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. 18 შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, და სიწმიდე უფლისა ღმრთისა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი.
19 ომი აღარ მომხდარა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე. 19 და ბრძოლა არავინ იყო მისა, ვიდრე ოცდამეათხუთმეტედ წლამდე მეფობისა მისისა.