ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიაჰუს ძე [სცხეს მას], და მამამისის ნაცვლად გაამეფეს იერუსალიმში.

1

და მოიყვანა ერმან ქუეყანისამან იოქაზ, ძე იოსიასი, და სცხეს მას მეფედ მამისა მისისა წილ იერუსალჱმსა.

2 ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. [მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამა-პაპა იქცეოდა. ბორკილი დაადო მას ფარაონმა ნექომ დებლათში, ხამათის ქვეყანაში, რომ აღარ ემეფა იერუსალიმში]. 2 ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა, და სამ თვე მეფობდა იერუსალიმსა. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ყოვლისა მისებრ, რაოდენიცა ქმნეს მამათა მისთა.
3 გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში [წაიყვანა მეფემ ეგვიპტეს] და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო. 3 და შეკრა იგი ფარაო ნექაო დებლათას, ქუეყანასა ემათისასა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალჱმსა და მის თანა წარიყვანა ეგჳპტედ და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ერთი ტალანტი ოქროსა.
4 ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა ელიაკიმი გაამეფა იუდაში და იერუსალიმში და იეჰოაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იეჰოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა [და მოკვდა იქ. ვერცხლსა და ოქროს აძლევდნენ ფარაონ ნექოს. მაშინ დაიწყო ქვეყანამ ხარკის აკრეფა და ვერცხლის გაღება ფარაონის ბრძანებით, და თითოეული შეძლებისდაგვარად მოითხოვდა ვერცხლსა და ოქროს ქვეყნის ერისაგან ფარაონ ნექოსთვის მისაცემად]. 4 და დაადგინა ფარაო ნექაო ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, გარდაუცვალეს სახელი მისი იოაკიმ და იოაქაზ, ძმა მისი, წარიყვანა ფარაო ნექაო და შეიყვანა იგი ეგჳპტედ და მოკუდა იგი მუნ.
5 ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. [მის დროს მიუხდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ქვეყანას და ემორჩილებოდა მას სამი წელი, და განუდგა. შეუსია უფალმა მათ ქალდეველები და სირიელი ყაჩაღები, მოაბელი ყაჩაღები და ყამონიანები, სამარიელები, და განდგნენ ამ სიტყვის თანახმად, უფლის სიტყვის თანახმად, მის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით რომ იყო ნათქვამი. მაინც უფლის რისხვა იყო იუდაზე, რომ განეგდო იგი თავისი პირიდან მენაშეს ყველა ცოდვის გამო, რაც ჩაიდინა მან, და უბრალო სისხლის გამო, იეჰოიაკიმმა რომ დაღვარა და რომ აავსო იერუსალიმი უბრალო სისხლით, მაგრამ არ ინება უფალმა მათი ამოგდება]. 5 და იყო ოცდახუთის წლისა იოაკიმ მეფობასა მისსა და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ზექორ, ასული ნერისი, არამათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, რაოდენ ქმნეს მამათა მისთა, და მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა მის ქუეყანისა და ჰმონებდა მას იოაკიმ სამ წელ. და მერმე მოავლინა უფალმან მათ ზედა ქალდეველნი, და ავაზაკნი ასურეთისანი, და ავაზაკნი მოაბელთანი, და ძენი ამონისთანი, და სამარიასნი, და განდგეს სიტყჳთა მით, სიტყჳსაებრ უფლისა, ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთათა. ხოლო გულისწყრომაჲ უფლისაჲ იყო იუდასა ზედა, რათა განიშოროს პირისა მისისაგან ცოდვათათჳს მანასესთა, რაცა ქმნა სისხლი უბრალო, რომელ დასთხია იოაკიმ და აღავსო სისხლითა იერუსალჱმი და არა ინება უფალმან აჴოცა მათი
6 მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები, რომ ბაბილონში წაეყვანა. 6 და აღმოვიდა მას ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და შეკრა იგი რვალის ბორკილითა და წარიყვანა იგი ბაბილონად.
7 წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის სასახლეში, ბაბილონში. 7 და ნაწილნი ჭურჭელთანი სახლისა უფლისანი წარიღო ბაბილონად და დადვა იგი ტაძარსა თჳსსა შინა, რომელი იყო ბაბილონს.
8 იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სიბილწენი, რაც ჩაიდინა და რაც მის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა. 8 და ნეშტნი სიტყუათანი იოაკიმისნი და ყოველი რაოდენი ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა სიტყუათა მეფეთა იუდასთასა და ისრაჱლისთა. და დაიძინა იოაკიმ მამათა მისთა თანა და დაეფლა განოსს მამათა მისთა თანა და მეფობდა იექონია, ძე მისი, მის წილ.
9 რვა წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. 9 ათურამეტისა წლისა იყო იექონია მეფობასა მისსა, სამ თვე და ათ დღე მეფობდა იერუსალიმს და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.
10 წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა. 10 და მოქცევასა მის წელიწდისასა მოავლინა ნაბუქოდონოსორ მეფემან და შეიყვანა იგი ბაბილონად ჭურჭელსა თანა და გულისსათქმელსა სახლსა უფლისასა, და მეფედ დაადგინა სედეკია, მამისძმა მისი, იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა.
11 ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. 11

და ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია, და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

12

უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა.

12 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა შეიკდიმა პირისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და სიტყუათა უფლისათა.
13 განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ მოსაქცევად. 13 და შეურაცხ-ყო ნაბუქოდონოსორ მეფე და გარდაჴდა ფიცსა, რომელ ეფუცა ღმერთი თჳსი, და განიფიცხა ქედი თჳსი და არა მოაქცია გული თჳსი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
14 ასევე მღვდლებისა და ხალხის ყველა წინამძღოლი მრავალს სცოდავდა წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალზე და ბილწავდნენ უფლის სახლს, რომელიც იერუსალიმში განწმიდა მან. 14 და ყოველთა დიდებულთა იუდასთა, და მღდელთა, და ერმან ქუეყანისამან განამრავლეს უსჯულოებაჲ უსჯულოებათა საძაგელთა მათ ნათესავთა და შეაგინეს ტაძარი უფლისაჲ იერუსალჱმს.
15 უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი. 15 და გამოავლინა უფალმან ღმერთმან მამათა მათთამან ჴელითა წინაწარმეტყუელთა და მოუვლინა მოციქულნი თჳსნი, რამეთუ განწირა ერი თჳსი და სიწმიდე თჳსი.
16 მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა. 16 შეურაცხ-ყვეს წინაწარმეტყუელნი მისნი და ეკიცხევდენ სიტყუათა მისთა და ემღერდენ მათ, ვიდრე აღსტყდა გულისწყრომა უფლისაჲ ერსა ზედა მისსა, და არღარა იქმნეს შემდგომად საკურნებელ.
17 მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა - ყველანი მის ხელში ჩაყარა. 17 და მოავლინა მათ ზედა მეფე ქალდეველთა და მოსწყჳდნა ჭაბუკნი მათნი მახჳლითა სახლსა შინა სიწმიდისა მათისათა და არა ერჩდა სედეკიას და ქალწულნი მათნი არა შეიწყნარნა, და მოხუცებულნი მათნი წარიყვანეს და უფალმან მისცა ჴელთა მათთა.
18 ღვთის სახლის ყველა ჭურჭელი - დიდი და მცირე, უფლის სახლის საგანძურები, მეფისა და მთავრების საგანძურებითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა. 18 და ყოველი ჭურჭელი სახლისა ღმრთისაჲ, დიდნი და მცირენი, ყოველნი საუნჯენი მეფისანი და მთავართანი წარიღო ბაბილონად.
19 გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა. 19

და მოწვა სახლი უფლისაჲ და დაარღჳა ზღუდე იერუსალჱმისა და ტაძრები მისი, რომელი იყო მათ შორის, დაწვა ცეცხლითა და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი შეაგინა.

20 მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა; და იყვნენ მისი და მისი ვაჟების მორჩილნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე, 20 და წარიტყუენა ნეშტნი ბაბილონად და იყუნეს მუნ მონად მისა და ძეთა მისთა ვიდრე მეფობადმდე ხუჟიკთა,
21 რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავისი შაბათებით გაიხარებდესო. მთელ უკაცრიელობის ხანაში შაბათობდა, ვიდრე სამოცდაათი წელი არ შესრულდა. 21 რათა აღესრულოს სიტყუაჲ უფლისაჲ პირითა იერემიასითა, ვიდრე შეიწყნაროს ქუეყანა შაბათად თჳსა და შაბათობად. ყოველთა დღეთა ოჴრებისა მისისა შაბათ იქმნა აღსრულებადმდე სამეოცდაათ წელ.
22 კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით, რომ 22 პირველსა წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, შემდგომად აღსრულებისა მის სიტყჳსა უფლისა პირითა იერემიასითა აღადგინა უფალმან სული კჳროს მეფისა სპარსთასა და უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისსა ქადაგებით და წიგნის წერით და თქუა:
23 ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა, ცათა ღმერთმა, და დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან, და წავიდეს! 23 ამას იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი სამეფო ქუეყანისაი მომცა მე უფალმან ღმერთმან ცათამან, და მან მიბრძანა მე შენებად მის სახლისა იერუსალჱმს ჰურიასტანისასა, აწ ვინ არის თქუენგანი ყოვლისაგან ერისა მისისა, იყოს ღმერთი მის თანა, და აღვედინ.