ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე უთხრა ელისემ ქალს, შვილი რომ გაუცოცხლა: ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.

1

და ეტყოდა ელისე დედაკაცსა მას, რომლისა განაცოცხლა ძე მისი, და ჰრქუა: აღვედ და წარვედ, შენ და სახლი შენი, და მწირობდი, სადაცა განგემარჯოს, რამეთუ მოუწოდა უფალმან სიყმილსა ქუეყანასა ამას და ყოფად არს სიყმილი ქუეყანასა ამას ზედა შჳდ წელ.

2 ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში. 2 და აღდგა დედაკაცი იგი და ყო მსგავსად სიტყჳსა მის ელისესსა. და წარვიდა იგი თავადი და სახლი მისი და მწირობდა ქუეყნასა მას უცხოთესლთასა შჳდ წელ.
3 შვიდი წლის თავზე დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მივიდა მეფესთან თავისი სახლკარისა და ყანის გამოსათხოვად. 3 და იყო, შემდგომად შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოიქცა დედაკაცი იგი ქუეყანით უცხოთესლთათ, მოვიდა და ღაღადებდა წინაშე მეფისა სახლისა თჳსისა და აგარაკისა თჳსისათჳს.
4 ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა, მომიყევი ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია. 4 და მეფე ეტყოდა გეზის, მსახურსა მას ელისესსა, კაცისა მის ღმრთისასა, და ჰრქუა: მითხარ შენ მე ყოველი იგი დიდ-დიდი, რომელ ქმნა ელისე.
5 ისიც უყვებოდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი და სწორედ მაშინ მივიდა მეფესთან ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, თავისი სახლ-კარისა და ყანის სათხოვნელად. თქვა გეხაზიმ: მეფევ-ბატონო! ის ქალია! ამის შვილია, ელისემ რომ გააცოცხლა! 5 და იყო, ვიდრე უთხრობდა იგი მეფესა, ვითარ განაცოცხლა ძე იგი დედაკაცისა მის მომკუდარი და, აჰა, დედაკაცი იგი, რომლისა განაცოცხლა ძე იგი მისი ელისე, ღაღადებდა მეფისა მიმართ სახლისა თჳსისათჳს და ქუეყანისა თჳსისათჳს, და ჰრქუა გეზი: უფალო მეფე, ესე დედაკაცი არს და ესე ძე მაგისი, რომელ განაცოცხლა ელისე.
6 გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე. 6 და ჰკითხა მეფემან დედაკაცსა მას და მან უთხრა მას და მისცა მას მეფემან საჭურისი ერთი და ჰრქუა: უკუმოაგე მაგას ყოველივე მაგისი და ყოველივე ნაყოფი ქუეყანისა მაგისისა, ვინაჲთგან დაუტევა ქუეყანა ესე ვიდრე აქა ჟამამდე.
7 მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. მოახსენეს და უთხრეს, ღვთისკაციაო მოსული. 7 და მივიდა ელისე დამასკედ და ძე ადერისი, მეფე ასურასტანსა, სნეულ იყო და უთხრეს მას და ჰრქუეს: მოვიდა აქა კაცი ღმრთისა.
8 უთხრა მეფემ ხაზაელს: აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს; უფალთან აკითხინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან? 8 და ჰრქუა მეფემან აზაელს: მიიღე ჴელთა შენთა მანანა და მიეგებოდე კაცსა მას ღმრთისასა და ჰკითხე მის მიერ უფალსა და არქუ: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?
9 წავიდა ხაზაელი მისაგებებლად; ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი; მივიდა, წარუდგა მას და თქვა: შენმა შვილმა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო? 9 და წარვიდა აზაელ წინამიგებებად ელისესა და წარმოიღო ძღუენი ჴელითა თჳსითა და ყოველი კეთილი დამასკისა აქლემითა ორმეოცითა, მივიდა და დადგა წინაშე ელისესა და ჰრქუა: მამაო ელისე, შვილმან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან მომავლინა მე შენდა და თქუა: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?
10 უთხრა ელისემ: წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ გამომიცხადა უფალმა, რომ მაინც მოკვდება. 10 და ჰრქუა მას ელისე: მივედ და არქუ მას: ცხორებით სცხონდე. და მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ სიკუდილით მოკუდეს.
11

გააშტერა ელისემ სახე და უყურებდა, ვიდრე არ შერცხვა მას. მერე ატირდა ღვთისკაცი.

11

და დადგა აზაელ წინაშე პირსა ელისესა კრძალვით და ტიროდა კაცი იგი ღმრთისა.

12 თქვა ხაზაელმა: რატომ სტირი, ბატონო? მიუგო: იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანებს: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს. 12 და ჰრქუა აზაელ: რაჲსა სტირ, უფალო ჩემო? და ჰრქუა მას ელისე: უწყი, რავდენ-რა უყო შენ ძეთა ისრაჱლისათა, ძნელოვანნი მათნი ცეცხლითა მოსწუნე და რჩეულნი მათნი მახჳლითა მოსწყჳდნე და ჩჳლნი მათნი მოსრნე მახჳლითა და მაკენი მათნი განაპნეთ.
13 თქვა ხაზაელმა: ვინ ძაღლი გდია შენი მორჩილი, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს? მიუგო ელისემ: შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ. 13 და ჰრქუა აზაელ: ვინ არს მონა ესე შენი ძაღლი ერთი, ვითარმცა ქმნა მსგავსად სიტყჳსა მაგის დიდისა? და ჰრქუა ელის: მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ მეფობდე შენ ასურასტანსა ზედა.
14 წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. ჰკითხა: რა გითხრა ელისემ? თქვა: მითხრა, რომ გამოჯანმრთელდები. 14 და წარვიდა აზაელ და მივიდა უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას, რა თქუა ელისე, და თქვა აზაელ: მრქუა მე, ვითარმედ ცხორებით ცხონდეს.
15 აიღო მეორე დღეს საბანი ხაზაელმა, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი. 15 და იყო, ხვალისგან მოიღო მაქმანი და შეასოვლა წყლითა და მიიბურა პირსა თჳსსა და მოკუდა, და დადგა მეფედ მის წილ აზაელ.
16 ისრაელის მეფის იორამ აქაბის ძის მეხუთე წელს, იუდას შვილის იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე. 16 წელსა მეხუთესა იორამისასა, ძისა აქაბისა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა იორამ, ძე იოსაფატისი, იუდეასა ზედა.
17 ოცდათორმეტი წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. 17 და იყო იგი ოცდაათორმეტის წლისა დაჯდომასა მას მისსა და მეფობდა ორმეოც წელ იერუსალიმს ზედა.
18 ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. 18 და ვიდოდა გზათა მეფეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ქმნა სახლმან აქაბისამან, რამეთუ ასული აქაბისი ესვა ცოლად მისა, და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.
19 მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მორჩილის გამო, როგორც შეპირებული იყო, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ. 19 და არა უნდა უფალსა განრყუნად იუდა დავითისთჳს, მონისა თჳსისა, ვითარცა ეტყოდა მას მიცემად მისა სანთელი და ძესა მისსა ყოველთა დღეთა.
20 მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე. 20 და დღეთა მისთა ეცრუვა ედომი ქუეშე ჴელსა იუდასსა და დაიდგინეს მათ ზედა მეფე.
21

გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლის მეთაურებს, მაგრამ გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.

21

და განვიდა იორამ სეირით და ყოველი ეტლები მისი მის თანა. და იყო, მსთუად განთიადსა მას, ვიდრე ბნელღა იყო, დასცა ედომი და გარემო ზღუდენი მისნი და მთავარნი ეტლთა მისთანი და შეივლტოდა ერი იგი თჳთეული კარავად თჳსა.

22 განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც. 22 და განადგა ედომი ჴელსა იუდასასა და დღენდელად დღემდე, მას ჟამსა განადგა ლობნაცა.
23 იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 23 და ნეშტნი სიტყუათა იორამისთანი და ყოველნი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა.
24 განისვენა იორამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავის მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა. 24 და დაიძინა იორამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.
25 ისრაელის მეფის, იორამ აქაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე. 25 წელსა მას მეათორმეტესა იორამისასა, ძისა აქაბისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი.
26 ოცდაორი წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ისრაელის მეფის, ყომრის ასული. 26 ოცდაორისა წლისა იყო ოქოზია დადგომასა მისსა მეფედ და წელიწად ერთ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრესი, მეფისა ისრაჱლისა.
27 აქაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც აქაბის სახლი, რადგან აქაბის სახლის სიძე იყო. 27 და ვიდოდა გზათა აქაბისთა და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ სიძე ეყო სახლსა მას აქაბისასა.
28 წავიდა იორამ აქაბის ძე ხაზაელთან, არამის მეფესთან საომრად გალაადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი. 28 და წარვიდა ოქოზია იორამის თანა, ძისა აქაბისა, წყობად აზაელისა, მეფისა მის ასურასტანელთასა, ჰრამოთ გალადისათ. და სცეს ასურთა მათ იორამი.
29 მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობისთვის, არამელებმა რომ მიაყენეს რამოთში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. 29 და მოიქცა მეფე იორამ კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ ჰრამათს წყობასა მას მისსა აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, გარდავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იეზრაელს შინა, რამეთუ სნეულ იყო.