ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში. 1 ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.
2 თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა. 2 და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.
3 უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს. 3 და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა.
4 მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. 4 მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.
5 პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ. 5 და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.
6 გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე. 6 და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.
7 მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა. 7 და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.
8 გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო. 8 და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.
9 უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში. 9 და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.
10 თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა. 10 და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა.
11 მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. 11 ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.
12 გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. 12 ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.
13 უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო? 13 და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?
14 რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას. 14 ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.
15 გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე. 15 ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.
16 ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად. 16 ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი.
17 თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ? 17 ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.
18 აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით; 18 ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი.
19 რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე. 19 რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.
20 თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. 20 და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.
21 ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია. 21 გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.
22 გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე. 22 და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.
23 მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? 23 და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ?
24 იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან? 24 უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა?
25 არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს. 25 არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა.
26 უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის. 26 და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.
27 მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა: 27 და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.
28 ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი. 28 უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.
29 განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის. 29 და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.
30 თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი. 30 და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს.
31 თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის. 31 და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს.
32 უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის. 32 და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.
33 წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას. 33 და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.