ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე; 2 ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგოთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა.
3 უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! 3 და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს,
4 გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს - 4 და გარემოგაქციო შენ მრგვლივ და მივსცე აღჳრი ღაწუთა მიმართ შენთა და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, და ცხენნი და ცხენოსანნი, შემმოსელნი საჭურველთანი, ყოველნი მთავარნი, შესაკრებელი მრავალი, მშჳლდებისა და ჩაფხუტებისა და ფარებისა მქონებელნი, ყოველნი იგი
5 სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით, 5 სპარსნი, და ეთიოპელნი, და ლჳდნი, ლიბიელნი, და ფუთნი მათ თანა, ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი,
6 გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად. 6 გომერ და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა.
7 გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენს წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ. 7 განემზადენით, განჰმზადე თავი შენი; შენ და ყოველმან შესაკრებელმან შენმან, შემოკრებულთა შენდამი, და მექმნენით ძე წინადასაცველად.
8 მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი. 8 დღეთაჲთგან უმრავლესთაჲთ განმზადებულ და უკუანაჲსკნელსა წელთასა მოხჳდე; და მოხჳდე ქუეყანად, ქუეყანად გარმიქცეულად მახჳლისაგან, შეკრებულად ერთგან მრავალთა ქუეყანად, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რომელი იქმნა ოჴერ ყოვლითურთ და ესენი წარმართთაგან გამოვიდეს და დაემკჳდრნენ მშჳდობით ყოველნი იგი.
9 აღიძრები და ქარიშხალივით შეხვალ, ღრუბელივით დაფარავ ქვეყანას მთელი შენი ურდოთი და ურიცხვი ხალხით, შენთან რომ არის. 9 და აღმოვიდეს ვითარცა წჳმაჲ, და მოვიდეს, ვითარცა ნიავქარი და ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და ნათესავნი ყოვლად მრავალნი შენ თანა.
10 ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს ფიქრები აღგეძრება გულში და ავ ზრახვებს განიზრახავ, 10 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და იყოს მას დღესა შინა, აღვიდენ სიტყუანი გულსა ზედა შენსა და ჰგულისსიტყჳდე გულისსიტყუათა ბოროტთა
11 იტყვი: გავილაშქრებ შემოუზღუდველ დაბებზე, თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ რომ ცხოვრობენ ყველანი და არც ურდულები აქვთ და არც კარები; 11 და სთქუა: აღვიდე ქუეყანად განგდებულად, მივიდე დაწყნარებულთა ზედა. ერთა მყუდროებასა შინა და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანასა, რომლისა არა არს ზღუდე, არცა მოქლონნი, არცა კარები
12 რომ წარვტყვევნო და ვიალაფო, მივმართო ხელი აწ გაშენებულ ნაოხარებზე; ხალხებიდან გამოკრებილ ერზე, პირუტყვისა და დოვლათის მქონებელზე, ქვეყნის ჭიპში რომ ცხოვრობს. 12 წარტყუენვად ნატყუენავთა და იავარ-ყოფად იავარისა მისისა, მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა ზედა მოოჴრებულსა, რომელსა დაეშენოს ნათესავსა ზედა შეკრებულსა ნათესავთაგან მრავალთა, მოქმედსა მოგებისა და მყოფობისასა, დამკჳდრებულსა უპესა ზედა ქუეყანისასა.
13

შება და დედანი, თარშიშელი ვაჭრები და ყველა მისი დაბა, გეტყვიან შენ: ხომ წარსატყვევნელად ხარ მისული? ხომ საალაფოდ შემოგიკრებია შენი კრებული, რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, წაასხა საქონელი და იალაფო დიდძალი დოვლათი?

13

საბა და დადან და ვაჭარნი კარქიდონელნი და ყოველთა დაბათა მათთა გრქუან: სადმე იავარ-ყოფად იავარისა მოხუალ შენ და ტყუე-ყოფად ნატყუენავისა. შეჰკრიბე შესაკრებელი შენი, ეკლესია-ჰყავ ერი შენი მოღებად ვეცხლი და ოქროჲ, და გამოღებად მოგებაჲ და მყოფობაჲ, წარმოტყუენვად ნატყუენავთა დიდ-დიდთა.

14 ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: როგორ ფიქრობ, არ დაემკვიდრება იმ დღეს ჩემი ერი, ისრაელი, უზრუნველად? 14 ამითსჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა დღესა მას შინა დამკჳდრებულ რაჲ იყო ერი ჩემი ისრაჱლი მშჳდობით; სცნა და აღსდგე
15 მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი; 15 და მოხჳდე ადგილით შენით, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, შენ და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმავალნი ცხენთა ყოველნი, შესაკრებელი დიდი და ძალი მრავალი.
16 წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ. 16 და აღხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, უკანაჲსკნელთა დღეთასა იყვნეთ. და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ზედა ჩემსა, რაჲთა მიცნან ყოველთა ნათესავთა მე წმიდა-ყოფასა შინა ჩემსა შენ შორის წინაშე მათსა.
17 ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენ ის არა ხარ, ვისზეც ვლაპარაკობდი ძველ დროში ჩემს მორჩილთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა, პირით, იმ დღეებზე რომ წინასწარმეტყველებდნენ, როცა შენ მოგიყვანე მათ წინააღმდეგ? 17 ამათ ეტყჳს უფალი, უფალი გოგს: შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე პირველ დღეთასა წინავე ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა ისრაჱლისათათა, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა შენსა მათ ზედა.
18 სწორედ იმ დღეს, გოგის თავდასხმის დღეს ისრაელის მიწაზე, ამბობს უფალი ღმერთი, აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში. 18 და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა დღესა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს ადონაი უფალი, აღვიდეს გულისწყრომა ჩემი რისხვითა ჩემითა
19 შურითა და რისხვის ცეცხლით ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს მოხდება დიდი შეზანზარება ისრაელის მიწაზე; 19 და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲათა, ვიტყოდე, არა თუ მას დღესა შინა იყოს ძრვა დიდი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა.
20 შეიძრებიან ჩემს წინაშე ზღვის თევზები და ცის ფრინველები, მიწის მხეცები და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი კაცი, ვინც კი არის მიწის პირზე; ჩამოიქცევა მთები და ჩამოშვავდება ქარაფები, ქვეყნის ყოველი კედელი ჩამოწვება. 20 და შეიძრნენ პირისაგან ჩემისა თევზნი ზღჳსანი, და მფრინველნი ცისანი, და მჴეცნი ველისანი, და ყოველნი ქუეწარმავალნი, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა, და ყოველნი კაცნი, მყოფნი პირსა ზედა ქუეყანისასა, და განსქდენ მთანი და დაეცნენ ჴევნი და ყოველი ზღუდე ქუეყანასა ზედა დაეცეს.
21 მოვუწოდებ მახვილს მის წინააღმდეგ ისრაელის ყოველ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი და ერთმანეთისგან ექნებათ მიმართული მახვილები. 21 და მოუწოდა მას ზედა შიშსა მახჳლისასა, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - მახჳლი კაცისაჲ ძმასა მისსა ზედა იყოს.
22 დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან. 22 და ვსაჯო იგი სიკუდილისა მიერ და სისხლისა და წჳმითა წარმღუნელითა, და ქვანი სეტყჳსანი და წუნწუბაჲ ვწვიმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა ზედა მრავალთა მის თანა.
23 მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 23 და განვდიდნე და წმიდა ვიქმნე და დიდებულ ვიქმნე, და ვიცნობო წინაშე ნათესავთა მრავალთასა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.