ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი:

2 ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ, 2 ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი მთათა ზედა ისრაჱლისათა და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.
3 უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა: ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და ბორცვებს, ხრამებს და ხეობებს: აჰა, მოვავლენ თქვენზე მახვილს და გავანადგურებ თქვენს გორაკებს; 3 და სთქუა: მთათა ისრაჱლისათა ისმინეთ სიტყუა ადონაი უფლისაჲ! ამათ ეტყჳს ადონაი უფალი მთათა და ბორცუთა და მთხრებლთა და ღელეთა: აჰა, მე მოვჰჴადო თქუენ ზედა მახჳლი და მოისრას მაღალნი თქუენნი;
4 გაუდაბურდება თქვენი სამსხვერპლოები და შეიმუსრება თქვენი მზის სვეტები; დავყრი თქვენს დახოცილებს თქვენი კერპების წინ. 4 და უჩინო იქმნენ მსხუერპლისსაცავნი თქუენნი და შეიმუსრნენ ტაძარნი თქუენნი და დავამჴუნე წყლულნი თქუენნი წინაშე კერპთა თქუენთა;
5 მივუყრი ისრაელიანთა გვამებს მათსავე კერპებს და თქვენს სამსხვერპლოთა ირგვლივ მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს. 5 და მივსცნე კუეთებანი ძეთა ისრაჱლისათანი წინაშე კერპთა მათთა; და განვაბნინე ძუალნი თქუენნი გარემოჲს მსხუერპლისა საცავებსა თქუენსა;
6 ყველა თქვენს საცხოვრებლებში აოხრებული ინება ქალაქები და გაუდაბურდება საკერპოები, რადგან უნდა მოოხრდნენ და გაუდაბურდნენ თქვენი სამსხვერპლოები, შეიმუსრონ და მოისპონ თქვენი კერპები, დაემხოს თქვენი ბზის სვეტები და აღიგავოს თქვენი ნამოქმედარნი. 6 ყოველსა შინა სამკჳდრებელსა თქუენსა, და ქალაქნი მოოჴრდენ და მაღალნი უჩინო იქმნენ, რაჲთა მოესრულოს და ცოდოს მსხუერპლისსაცავებმან თქუენმან, და შეიმუსროს და განიბძაროს კერპები თქუენი, და მოისპოს ტაძრები თქუენი და აღიჴოცოს საქმეები თქუენი.
7 დაეცემიან თქვენს შორის დახოცილნი და მიხვდებით, რომ მე უფალი ვარ. 7 და დაეცნენ წყლულნი თქუენნი შორის თქუენსა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.
8 დაგიტოვებთ ნატამალს, რომ გყავდეთ ხალხებში მახვილს გადარჩენილნი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტებიან. 8 და მოვიღო ქმნად თქუენგან განრინებული მახჳლისაგან წარმართთა შორის და განბნევასა შინა თქუენსა სოფლებსა შორის,
9 გამიხსენიბენ გადარჩენილნი იმ ხალხებში, სადაც ტყვედ იქნებიან, როცა შევმუსრავ მათ გარყვნილ და განდგომილ გულებს და თვალებს, რომლებიც ირყვნებოდნენ მათი კერპების კვალზე; საკუთარი თავი შეძაგდებათ იმ უკეთურებათა და სიბილწეთა გამო, რასაც სჩადიოდნენ. 9 და მომიჴსენონ მე განრინებულთა თქუენგანთა წარმართთა შორის, სადა წარიტყუენნეს, მუნ, რამეთუ ვფუცენ გულსა მათსა განმეძვებულსა ჩემგან და თუალთა მათთა განმეძვებულთა შემდგომად სიმარჯუეთა მათთასა; და ეტყებდნენ პირთა მათთა უკეთურებათათვის, რომელნი ქმნნეს ყოველთა შინა საძაგელებათა მათთა;
10 მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, რომ ამაოდ არ მითქვამს მათთვის, რომ დავატეხდი ამ უბედურებას. 10 და გულისხმა-ყონ, ვითარმედ მე უფალი არა მედად ვიტყოდე ყოფად მისსა ყოველთა ამათ ბოროტთა.
11 ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან! 11 ამით იტყჳს ადონაი უფალი, დაიტყუელენ ჴელითა შენითა და იბგერენ ფერჴითა შენითა და თქუ: ვაშა, ვაშა ყოველთა ზედა საძაგელებათა სიბოროტისა სახლისა ისრაჱლისათა! მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მიერ დაეცნენ.
12 შორსმყოფი ჭირისგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმუღი შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას. 12 შორიელი სიკუდილითა აღესრულოს და მახლობელი მახჳლითა დაეცეს, და შეპყრობილი და გარეშეცული სიყმილითა მოესრულოს, და შევასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა.
13 და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს. 13 და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ყოფასა შინა წყლულთა თქუენთასა საშუალ კერპთა თქუენთა, გარემოჲს მსხუერპლისაცავთა თქუენთა, ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველთა ზედა თხემთა მთათასა, და ქუეშე კერძო ყოველსა ხესა ჩრდილოანსა და ქუეშე კერძო ყოველსა მუხასა ვარჯოანსა, სადა მისცეს მუნ საყნოსი სულნელებისაჲ ყოველთა კერპთა მათთა.
14 ხელს მოვუღერებ მათ ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, და დიბლას უდაბნოზე მეტად გავაუკაცრუებ და გავატიალებ ქვეყანას. მაშინ მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ. 14 და განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა და დავდვა ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად და მოსასრველად უდაბნოჲთგნ დევლათაჲსათ, ყოვლისაგან სამკჳდრებელისა მათისა, და შეემეცნენ, ვითარმედ მე ვარ უფალი.