ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ვიჯექი ჩემს სახლში და იუდას უხუცესები ისხდნენ ჩემს წინ; მაშინ დამეცა იქ უფლის, ღვთის ხელი.

1

და იყო წელსა მეექუსესა, მეხუთესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, მე ვჯედ სახლსა შინა ჩემსა, და მოხუცებულნი იუდაჲსნი სხდეს წინაშე ჩემსა. და იქმნა ჩემ ზედა ჴელი ადონაი უფლისაჲ.

2 ვიხილე, აჰა, რაღაც ცეცხლის მსგავსი; წელთან და მის ქვემოთ ცეცხლი იყო, წელს ზემოთ კი რაღაც ნათების მსგავსი, როგორც კაშკაშა ლითონი. 2 და ვიხილე: და, აჰა, მსგავსება კაცისაჲ წელითგან მისით და ვიდრე შთამართ - ცეცხლი, და წელითგან მისით ზეშთა ზედანი მისნი, ვითარცა ხილვაჲ ნიავისაჲ და ვითარცა სახე ილეკტრიოჲსაჲ,
3 გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი. 3 და განირთხა მსგავსებაჲ ჴელისა კაცობრივისა და აღმიღო მე თხემითა თავისა ჩემისაჲთა და აღმიღო მე სულმან საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა და მომიყვანა მე იერუსალჱმად ხილვისა მის ღმრთისა, წინა ბჭეთა ზედა შინაგანისა ბჭისა, მხედველისათა ჩრდილოდ მიმართ. სადა იყო სუეტი ხატისა შურისა მომგებელისა.
4 აჰა, იყო იქ ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი იმისა, რაც ხეობაში ვიხილე. 4 და, აჰა, მუნ იყო დიდებაჲ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ ხილვისაებრ, რომელი ვიხილე ველსა.
5 მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლელთან. 5 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აღიხილენ თუალნი შენნი ჩრდილოდ მიმართ; და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ჩრდილოდ მიმართ და, აჰა, ჩრდილოჲთ, ბჭეთა თანა აღმოსავალად მიმართსა მსხუერპლისსაცავისასა, სადა იყო ხატი შურისაჲ ამის, შესავალსა თანა მისსა,
6 მითხრა: ადამის ძევ! თუ ხედავ, რასაც ისინი სჩადიან? თუ ხედავ ამ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ისრაელის სახლი სჩადის, რათა მე განვეშორო ჩემს საწმიდარს? კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს. 6 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა, რასა ესენი იქმან უშჯულოებათა დიდთა? სახლი ისრაჱლისაჲ ჰყოფენ აქა განყენებასა მათსა წმიდათაგან ჩემთა; და მერმე იხილნეღა უშჯულოებანი უფროსნი.
7 მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და დავინახე, აჰა, ერთი ხვრელია კედელში. 7 და შემიყვანა მე წინა ბჭესა თანა ეზოჲსასა და ვიხილე, და, აჰა, ჴურელი ერთი ზღუდისა შორის.
8 მითხრა: ადამის ძევ! გათხარე კედელი! მეც გავთხარე კედელი და, აჰა, გასასვლელია ერთი. 8 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, დათხარე ზღუდისა შორის! და დავთხარე და, აჰა, კარი ერთი ზღუდისა შორის!
9 მითხრა: შედი და იხილე ბოროტი სისაძაგლეები, რასაც აქ სჩადიან. 9 და თქუა ჩემდამო: შეედ და იხილენ უშჯულოებანი ბოროტნი, რომელთა ესენი ზმენ აქა!
10

შევედი და, ვიხილე, აჰა, ყოველნაირ ქვეწარმავალთა და უწმიდურ ცხოველთა გამოსახულებანი და ისრაელის სახლის ყოველნაირი კერპი, გამოსახული ირგვლივ, მთელს კედელზე.

10

და შევედ და ვიხილე და, აჰა, ყოველი მსგავსებაჲ ქუეწარმძრომელთა და საცხოვართაჲ და ამაონი საძაგელებანი და ყოველი კერპები გამოწერილები სახლისა ისრაჱლისაჲ კედელსა ზედა გარემო.

11 სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან დგას მათ წინ და იაზანია შაფანის ძეც დგას მათ შორის; თითოეულს სასაკმევლე უჭირავს ხელში და საკმევლის ზრქელი ღრუბელი ადის მაღლა. 11 და სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა და იეზონია, ძე საფანისი, საშუალ მათსა დგა წინა პირისა მათისა; თითოეულსა მათსა სასაკუმევლე აქუნდა ჴელსა შინა თჳსსა. და ორთქლი საკუმეველისაჲ აღვიდოდა, აღბორქუნებოდა და მიმოეფინებოდა.
12 მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას სჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ, უფალი ვერ გვხედავს ჩვენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეყანა. 12 და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, იხილეა, რომელთა მოხუცებულნი სახლისა ისრაჱლისანი ჰყოფენ სახლსა შინა ბნელსა, თითოეული საწოლსა შინა თჳსსა მალულსა მით, რამეთუ თქვან: არა მხედავს უფალი ჩვენ, დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ.
13 მითხრა: კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ესენი სჩადიან. 13 და თქუა ჩემდამო: მერმე იხილნე კუალად უსჯულოებანი უფროჲსნი, რომელთა ესენი ჰყოფენ.
14 მიმიყვანა უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის, და, აჰა, სხედან იქ დედაკაცები და გლოვობენ თამუზს. 14 და შემიყვანა მე წინაბჭეთა თანა ბჭისა სახლისაჲსათა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ მიმართ; და, აჰა, მუნ დედანი მსხდომარენი, მეტყებარნი თამუზისნი.
15 მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? კიდევ იხილავ ამაზე უარეს სისაძაგლეებს. 15 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა? და მერმე იხილოვე სიმარჯუე უდიდესი ამისი.
16 მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით. 16 და შემიყვანა მე ეზოსა სახლისა უფლისასა უშინაგანესსა და, აჰა, წინაბჭესა თანა ტაძრისა უფლისასა, საშუალ ელამისა და საშუალ მსხუერპლისსაცავისა, ვითარ ოცნი და ხუთნი კაცნი, ზურგთა მათთა ტაძრისა მიმართ უფლისა მქონებელნი და პირთა მათთა - პირისპირ აღმოსავალად მიმართ, და ესენი თაყუანის-სცემდეს აღმოსავალით კერძო მზესა.
17 მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? ნუთუ არ ეყო იუდას სახლს იმ სისაძაგლეთა ჩადენა, აქ რომ სჩადის, რომ აუვსია ქვეყანა ძალადობით და უფროდაუფრო მანრისხებს? აჰა, ცხვირთანა აქვთ მიტანილი რტოები. 17 და თქუა ჩემდამო: იხილეა, ძეო კაცისაო? ნუ მცირე არსა სახლისა იუდაჲსსა ქმნაჲ უსჯულოებათაჲ, რომელნი ყუნეს აქა მით, რამეთუ აღავსეს ქუეყანაჲ უსჯულოვებითა და მიიქცეს განრისხებად ჩემდა? და, აჰა, ესენი განავრცობენ ნერგსა, ვითარცა მოკიცხარნი ჩემნი;
18 მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ. 18 და მეცა უყო მათ გულისწყრომით; არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალო. და უწოდდენ ჴმითა დიდითა ყურთა შორის ჩემთა, და არა შევისმინო მათი.