ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება. 1 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა ეგერა, მიგეც შენ ღმერთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაწარმეტყუელ.
2 შენ იტყვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან. 2 შენ ეტყოდი მას ყოველსავე, რაოდენსა გამცნებდე შენ და აჰრონ, ძმაჲ შენი, ეტყოდის ფარაოს, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
3 გულს გავუსასტიკებ ფარაონს, გავამრავლებ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყნად. 3 ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.
4 არ მოგისმენთ ფარაონი; მაშინ ხელს მოვუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან. 4 და არა ისმინოს თქუენი ფარაო და მივყო ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანო ძალითა ჩემითა ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით შურისგებითა დიდითა.
5 გაიგებს ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს. 5 და ცნან ყოველთავე ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან მივყავ ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი შორის მათსა.
6 ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ. 6 და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო მათ უფალმან, ეგრეცა ყვეს.
7 ოთხმოცი წლის იყო მოსე და ოთხმოცდასამი წლისა აარონი, როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს. 7 მოსე იყო ოთხმეოცის წლის, ხოლო აჰრონ - ოთხმეოცდასამის წლის, რაჟამს-იგი ეტყოდეს ფარაოს.
8 უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 8 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს მეტყუელი,
9 თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, უთხარი აარონს: აიღე შენი კვერთხი და წინ დაუგდე ფარაონს! გველად იქცევა კვერთხი. 9 და ჰრქუა: უკუეთუ გეტყოდის თქუენ ფარაო და გრქუას: ყავთ სასწაული, ანუ ნიში უფლისა მიერ, შენ ჰრქუა აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე და მიაგდე ქუეყანასა წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და იქმნეს ვეშაპ.
10 მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს, და იქცა გველად. 10 და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ.
11 უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს. 11 მოუწოდა ფარაო ბრძენთა ეგჳპტისათა და გრძნეულთა და ყვეს გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა ეგრევე.
12 მოისროლეს თავ-თავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები. 12 და მიაგდო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი და იქმნა იგი ვეშაპებ. და შთანთქა კუერთხმან მან აჰრონისმან კუერთხები იგი მათი.
13 გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 13 და განიმტკიცა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ უფალი.
14 უთხრა უფალმა მოსეს: გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე. 14 ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოსი არა გამოვლინებად ერისა.
15 წადი დილით ფარაონთან; წყალზე გამოვა და შენც დახვდი ნილოსის პირას. კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს. 15 მივედ ფარაოჲსა ხვალე. აჰა ეგერა, იგი გამოვალს მდინარესა მას წყალთასა და შეემთხჳე მას მდინარის კიდესა მას. და კუერთხი იგი, რომელ გარდაიქცა გუელად, მოიღე ჴელითა შენითა.
16 უთხარი: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, გამომგზავნა-თქო შენთან; გეუბნება, გაუშვი ჩემი ხალხი, რომ უდაბნოში თაყვანი მცენ. აჰა, ყურს არ მიგდებდი აქამდე. 16 და არქუ მას: უფალმან ღმერთამან ებრაელთამან მომავლინა მე შენდა და თქუა: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა. და, აჰა ეგერა, არა ისმინე აქამომდე.
17 ასე თქვა უფალმა: ამით მიხვდები, რომ უფალი ვარ: აჰა, ამ კვრთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა. 17 ამას იტყჳს უფალი: ამით ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი: აჰა ესერა, მე ვსცე კუერთხით ამით, რომელ არს ჴელსა ჩემსა, წყალსა ამას მდინარისასა და გარდაიქცეს სისხლად.
18 გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. 18 და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდენ და დაყროლდეს მდინარე იგი და ვერ ეძლოს ეგჳპტელთა მათ სუმად წყალი მდინარისა მისგან.
19 უთხრა უფალმა მოსეს: ასე უთხარი აარონს, აიღეთქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს. მდინარეზე და ნაკადულებზე, ჭაობებზე და წყალთა ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, სისხლი ჩადგება-თქო მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, ხეში თუ ქვაში. 19 ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე შენი და განირთხ წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და გამოსადინელსა წყალთა მათთასა. და იყუნენ სისხლ. და იყოს სისხლ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ხეთა და ქვათა.
20 ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი. 20 და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან და განიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალსა მას მდინარისა წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა. და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.
21 ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. 21 და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდეს და დაყროლდა მდინარე იგი და ვერ ეძლო ეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისა მის სუმად. და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
22 იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 22 ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა და განიფიცხა გული ფარაო და არა ინება გამოვლინებად ერი იგი, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ უფალმან.
23 პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული. 23 მიიქცა ფარაო და შევიდა სახიდ თჳსად და არა დააყოვნა გონებაჲ თჳსი არცა ამას ზედა.
24 იწყეს თხრა ეგვიპტელებმა ნილოსის გასწვრივ, სასმელი წყალი რომ ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს. 24 თხარეს ყოველთა ეგჳპტელთა გარემო მდინარესა მას, რათამცა სუეს წყალი და ვერ ეძლო წყალი სუმად მდინარისა მისგან. და აღესრულნეს შჳდ დღენი შემდგომად გუემისა მის მდინარისა მისგან უფლისა მიერ.
25 შვიდმა დღემ განვლო მას მერე, რაც უფალმა დაჰკრა ნილოსს.