ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 და უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა თაყვანი მცენ. 1 ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე.
2 თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელს შენს ქვეყანას. 2 უკუეთუ არა ინებო გამოვლინება, აჰა ეგერა, ვგუემნე ყოველნი საზღუარნი შენნი მყუარითა.
3 გომბეშოები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს. 3 და გამოსცეს მდინარემან მყუარი და აღმოჴდეს და შევიდეს სახლთა შენთა და საუნჯეთა სასუენებელთა შენთასა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა და საპურესა შენსა და თორნეთა შენთა.
4 შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს. 4 და შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ერსა შენსა ზედა აღმოჴდეს მყუარნი.
5 უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს: მოუღერე კვერთხიანი ხელი მდინარეებს, ნაკადულებს და ჭაობებს და ამოასხი გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად. 5 ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე მდინარესა მაგას ზედა და ჴევნებსა და წყურნებსა დ აღმოიყვანე მყუარი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.
6 მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა. 6 და განირთხა აჰრონ ჴელი თჳსი წყალთა მათ ზედა ეგჳპტისათა და აღმოიყუანა მყვარი. და აღმოვიდა მყვარი და დაფარა ქუეყანა ეგჳპტისა.
7 იგივე მოიმოქმედეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით: ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად. 7 ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა და აღმოავლინნეს მყვარი ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა.
8 იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს. მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს. 8 მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰქუა მათ: ლოცვა-ყავთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ თქუენისა, რათა განმაყენოს ჩემგან მყუარი ესე და ერისა ამის ჩემისგან და განვავლინო ერი ესე. რათა მივიდენ და ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა.
9 უთხრა მოსემ ფარაონს: მიბრძანე, როდის შევევედრო შენთვის და შენს მორჩილთათვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ? 9 და ჰრქუა მოსე ფარაოს: დრო-მეც, ოდეს ვილოცო შენთჳს და ერისა მაგის შენისათჳს და მსახურთა შენთათჳს, და მოისპოს მყუარი ესე შენგან და ერისა მაგის შენისაგან და ტაძრებისა მაგისგან თქუენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.
10 უთხრა: ხვალ. უთხრა მოსემ: შენი სიტყვისამებრ იყოს! რათა იცოდე, რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს. 10 და ჰრქუა ფარაო: ხვალისა. და ჰრქუა მოსე: აჰა, ვითარცა სთქუ, რათა უწყოდე, ვითარმედ არა არს სხუა ღმერთი უფლისა გარეშე.
11 მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს; მხოლოდ ნილოსში დარჩებიან. 11 და მოაკლდეს მყუარები ეგე შენგან და ტაძრებისა მაგის შენისაგან და ეზოებისა შენისაგან და მსახურთა მაგათ შენთაგან და სოფლებისა შენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.
12 გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული. 12 და გამოვიდეს მოსე და აჰრონ პირისაგან ფარაოჲსა და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა განქარვებისათჳს მის მყუარისა, ვითარცა-იგი დრო-იღეს მათ ფარაოსგან.
13 აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში. 13 უბრძანა უფალმან, ვითარცა-იგი ჰრქუა მოსე და მოსწყდა მყუარი იგი ტაძრებისა მისგან და არეთაგან მათთა და ეზოებისა მისგან.
14 გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა. 14 და შეკრიბეს მყუარი იგი ყოველი ზჳნად და დალპა ყოველი იგი ქუეყანა.
15 დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 15 იხილა რაჲ იგი ფარაო, რამეთუ განქარდა მყუარი იგი სოფლებისაგან მისისა, მერმე გან-ვე-იფიცხა გული თჳსი და არა ისმინა მან ბრძანებაჲ იგი ღმრთისაჲ.
16 უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, მოიღერე კვერთხი და დაჰკარი მიწას და მუმლი მოედება მთელს ეგვიპტეს. 16 და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ შენ აჰრონს, რათა განირთხას ჴელი თჳსი და აღირთხას კუერთხი იგი მისი და სცეს სიზრქესა ქუეყანისასა. და გამოჴდეს მიერ მუმლი, დაეცეს ზედა კაცსა და საცხოვარსა ერთბამად ყოველსა ქუეყნასა ეგჳპტისასა.
17 ასეც მოიქცა: მოიღერა აარონმა კვერთხიანი ხელი და დაჰკრა მიწას, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს, მთელი მიწა მუმლად იქცა ეგვიპტის ქვეყანაში. 17 აღირთხა აჰრონ ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი და სცა სიზრქესა მას ქუეყანისასა, დაჰკრბა მუმლი კაცსა და საცხოვარსა. და ყოველივე ნაპრალი მის ქუეყანისა აღივსო მუმლითა მით.
18 იხმარეს თავიანთი ჯადოსნობა გრძნეულებმა, რომ გამოედევნათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს, და ეხვია მუმლი მიწას და პირუტყვს. 18 ყვიანღა თუ გრძნეულთა მათ მისნობითა მით მათითა გამოყვანებაჲ მუმლისა, განა-ვერ-ვე-აძლიან და განმრავლდა მუმლი იგი ზედა კაცსა და საცხოვარსა.
19 უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 19 ღაღად-ყვეს გრძნეულთა მათ და ქურუმთა წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს: თითი ღმრთისაჲ არს ეგე. და განუფიცხნა გული ფარაოსი და არავე ისმინა, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან.
20 უთხრა უფალმა მოსეს: წადი დილაადრიანად და წარუდექი ფარაონს, როცა წყალზე ჩამოვა; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ თაყვანი მცეს. 20 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე განთიად და წარდეგ შენ წინაშე ფარაოჲსა და მუნთქუესვე გამოვიდოდეს იგი წყლის კიდედ, ჰრქუა შენ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მოვიდენ და მმსახურონ მე.
21 თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, ბუზანკალს მოგისევ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან. 21 უკუეთუ არა ინებო გამოვლინება ერისა ჩემისა, აჰა ეგერა, მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ზედა ერსა შენსა და ყოველსა ზედა სახლებსა თქუენსა ძაღლის მწერი. და აღივსოს ძაღლის მწერითა ყოველივე სახლები ეგჳპტელთა და ქუეყანასა მას, რომელსა იყვნენ იგინი მას ზედა.
22 გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ შეაღწიოს იქ ბუზანკალმა, ვინძლო დარწმუნდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი. 22 და საკჳრველ-ვყო ქუეყანაჲ იგი გესემი მას დღესა შინა, რომელსა-იგი ერი ჩემი დაშენებულ არს მუნ, რამეთუ მუნ არა იყოს ძაღლის მწერი იგი, რათა ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისა.
23 გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან. ხვალ მოხდება ეს სასწაული. 23 და დავდვა სარიდებელი შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე ქუეყანასა მაგას ზედა.
24 ასეც გააკეთა უფალმა. შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან. 24 და ყო უფალმან ღმერთმან ეგრე და მოუჴდა ძაღლის მწერი ძლიერი ტაძრებსა მას ფარაოსასა და ყოველსა სახლებსა ერისა მისისასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. და მოისრა ყოველი ქუეყანა ძაღლის მწერითა მით.
25 უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ჩემს ქვეყანაში. 25 მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მივედით ქუეყანასა მასვე და შეწირეთ მსხუერპლი თქუენი უფლისა ღმრთისა თქუენისა.
26 უთხრა მოსემ: ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ! 26 და ჰრქუა მოსე: ვერ ეგების ეგე, ვითარმცა წიდოვანებითა მით ეგჳპტელთათა შევიწრეთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ შევწიროთ ჩუენ საძაგელებითა ამით მეგჳპტელთათა, ვამსხვერპლოთ წინაშე, ქჳთა განვიტჳნნეთ.
27 სამი დღის სავალზე გავალთ უდაბნოში და იქ შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს. 27 არამედ წარვიდეთ ჩუენ გზასა სამ დღისა სავალსა უდაბნოდ და მუნ შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მიბრძანა ჩუენ უფალმან.
28 უთხრა ფარაონმა: გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს უდაბნოში, ოღონდ შორს ნუ წახვალთ. ილოცეთ ჩემთვის. 28 და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ უდაბნოდ, გარნა შორად ხოლო ნუვე ხუალთ, არამედ აწ მივედით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ.
29 უთხრა მოსემ: აჰა, გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რომ ხვალვე მოაშოროს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს. ოღონდ აღარ მოიტყუოს ფარაონმა და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად. 29 ჰრქუა მოსე: მისლვად შევიდე და ვილოცო შენთჳს ღმრთისა მიმართ, რათა განგეყაროს შენგან ძაღლის მწერი ეგე, მონათა შენთა და ერსა შენსა ხვალევე. ხოლო მერმე ნუ განჰფიცხნე და არა გამოუტეო ერი ეგე მსხუერპლისა შეწირვად უფლისა.
30 გავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს. 30 გამოვიდა მოსე ფარაოსგან და ილოცვიდა უფლისა მიმართ.
31 შეიწყნარა უფალმა მოსეს ვედრება და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მორჩილთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა. 31 და ყო უფალმან, ვითარცა იგი ჰრქუა მას მოსე, და მოუსპო ძაღლის მწერი იგი ფარაოსგან და მონათა მისთა და ერისა მისისაგან და არა დაშთა არცაღა ერთ.
32 გაისასტიკა გული ფარაონმა ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი. 32 მერმეცა გან-ვე-იფიცხა ფარაო გული თჳსი და მას ჟამსაცა არავე ისმინა, არცა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.