ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2 ასე უთხარი ისრაელიანებს: თუ ვინმე უნებურად შესცოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს, 2 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცმან თუ ცოდოს წინაშე ღმრთისა არა ნეფსით ყოველთა მათგან ბრძანებათა ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ყოს ერთი რაჲმე მათგანი,
3 თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო. 3 უკუეთუ მღდელთმოძღუარმან მან ცხებულმან ცოდოს ესე ერისა ცოდვაჲ და მოიბას ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ჴბოჲ ზროხათაგან უბიწო ღმრთისა წინაშე ცოდვისა მისთჳს.
4 მიიყვანოს ხბო სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან - უფლის წინაშე, დაადოს ხელი თავზე და დაკლას ხბო უფლის წინაშე. 4 და წარმოიბას კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა წინაშე ღმრთისა და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა და დაკლას ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა.
5 აიღოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი და შეიტანოს იგი სადღესასწაულო კარავში. 5 და მოიღოს მღდელმან მან ცხებულმან, განსრულებულმან, ჴელითა მისითა სისხლი იგი ჴბოჲსაჲ მის და შეიღოს იგი კარავსა მას საწამებელისასა.
6 ამოაწოს თითი სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლი საწმიდარის ფარდას უფლის წინაშე. 6 და დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა წინაშე ღმრთისა კრეთსაბმელსა მას თანა წმიდასა.
7 სცხოს სისხლი მღვდელმა უფლის წინაშე სურნელებათა საკმევი აამსხვერპლოს რქებს, რომელიც სადღესასწაულო კარავშია; ხბოს დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენი სამსხვერპლოს ძირას, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან რომ არის. 7 და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ჴბოჲსა რქათა მათ საკურთხეველისათა საკმეველისა მის აღზავებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველივე იგი სისხლი ჴბოჲსაჲ მის მოაპკუროს წინაშე ხარისხსა მას საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს წინაშე კართა მათ კარვისა საწამებელთა.
8 აღმართოს ცოდვის გამოსასყიდელი ხბოს მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა, 8 და ყოველი ცმელი ჴბოჲსაჲ მის ცოდვათაჲსაჲ მოჰჴადოს მისგან, ცმელი იგი ნაწლევთაჲ
9 ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს. 9 და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთა თანა და ძირი იგი ღჳძლისაჲ თირკმელთა თანა მოჰჴადოს.
10 ისევე როგორც ხარი შეიწირება სამადლობელ მსხვერპლად, ასევე დაწვას ისინი მღვდელმა აღსავლენ სამსხვერპლოზე. 10 ვითარცა-იგი მოჰჴადეს ჴბოსა მას შესაწირავისა საცხორებელისასა და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფთასა.
11 ხბოს ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავ-ფეხი, შიგნეული და განავალი - 11 და ტყავი ჴბოჲსაჲ მის და ყოველი ჴორცი მისი თავ-ფერჴითურთ და ნაწლევით და ფუშნიერით.
12 მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას. 12 და ყოვლადვე ჴბოჲ იგი განიღოს გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა, სადა-იგი დასხიან ნაცარი და დაწჳან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა და სათხეველსა თანა ნაცრისასა და დაიწუეს იგი.
13 თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესცოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ, 13 და უკუეთუ ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან უმეცრებაჲ ქმნეს არა ნეფსით, და დაეფაროს სიტყუაჲ იგი თუალთაგან კრებულისათა, და ყონ ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ყოფად ჯერ-იყო,
14 მერე ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება, მაშინ კრებულმა ცოდვის გამოსასყიდად ხბო უნდა შესწიროს, სადღესასწაულო კარვის წინაშე უნდა მოიყვანოს იგი. 14 და განცხადნეს მათი იგი ცოდვაჲ, რომელ ცოდეს მას შინა, მოიბას კრებულმან მან ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისა მისთჳს და მოჰგუარონ იგი კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.
15 დაასხან ხბოს ხელი თავზე საზოგადოების უხუცესებმა უფლის წინაშე და დაკლან ხბო უფლის წინაშე. 15 და დაასხნენ ჴელნი მოხუცებულთა მათ ერისათა თავსა მას ზედა ჴბოჲსა წინაშე ღმრთისა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა.
16 შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი სადღესასწაულო კარავში. 16 და შეიღოს მღდელმან მან ცხებულმან სისხლისა მისგანი ჴბოჲსაჲ კარვად საწამებელისა.
17 ამოაწოს მღვდელმა სისხლში თითი და შვიდგზის მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე. 17 დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდგზის წინაშე ღმრთისა პირისპირ კრეთსაბმელსა მას სიწმიდისასა.
18 ცხოს სისხლი სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშე დგას, სადღესასწაულო კარავში; დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არის. 18 და მისვე სისხლსგანი სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა საკმეველისათა წინადაგებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველი იგი სისხლი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს კართა მათ ზედა კარვისა მის საწამებელისათა.
19 აართვას მთელი ქონი და სამსხვერპლოზე დაწვას. 19 და ყოველი ცმელი მოიღოს მისგან და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა.
20 გაამზადოს ეს ხბო, როგორც ცოდვის გამოსასყიდი ხბო გაამზადა; ასი გაამზადოს და შენდობას გამოითხოვს მათთვის მღვდელი და მიეტევებათ მათ. 20 და ყოს ჴბოჲ ესე, ვითარცა სახედ ყო ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ, ეგრევე იყოს ესე. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან მან და მიეტევნენ მათ ცოდვანი მათნი.
21 გაიტანოს ხბო ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც ის წინანდელი ხბო დაწვა. ეს არის კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი. 21 და განიღონ ჴბოჲ იგი გარეშე ბანაკსა მას და დაწუან იგი, ვითარცა სახედ დაწუეს ჴბოჲ იგი პირველი: ცოდვისა მისთჳს, კრებულისა არს ესე.
22 თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს - უფლის, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს, 22 უკუეთუ მთავარმან მან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად,
23 მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, - მამალი, საღი თხა მიიყვანოს შესაწირავად. 23 და ცოდოს და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ.
24 დაადოს თხას თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც აღსავლენი იკვლება უფლის წინაშე. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი. 24 და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
25 აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის გამოსასყიდის სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. 25 და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.
26 მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, როგორც სამადლობელი მსხვერპლის ქონს წვავს. გამოითხოვს ცოდვის შენდობას მისთვის მღვდელი და მიეტევება მას. 26 და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისაჲ მის ცხორებისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.
27 თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს, 27 უკუეთუ კაცმან ერთმან ერისა მის ქუეყანისამან ცოდოს ცოდვაჲ არა ნებსით და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგან ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ქმნეს,
28 და მერე მიხვდება თავის ჩადენილ ცოდვას, - დედალი, საღი თხა შესწიროს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად. 28 და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელ ცოდა და მოიბას თიკანი თხათაგანი, ნეზჳ უბიწოჲ, ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა
29 დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდი აღსავლენის ადგილას. 29 და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა, რომელ-იგი არს ცოდვისათჳს, და დაკლან თიკანი იგი ცოდვისაჲ ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.
30 აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხეერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. 30 და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგანი თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისათა ყოვლად დასაწველთასა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს ხარისხთა თანა საკურთხეველისათა.
31 აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის. გამითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას. 31 და ყოველივე ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა-სახედ მოჰჴადიან ცმელი შესაწირავსა და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელად ღმრთისა; და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან, და მიეტეოს მას.
32 თუ ცხვარს შესწირავს ცოდვის გამოსასყიდად, დედალი, საღი შესწიროს. 32 უკუეთუ ცხოვარი შეწიროს მსხუერპლად თჳსა ცოდვისათჳს, ნეზჳ უბიწოჲ შეწირენ იგი.
33 დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდად, როგორც აღსავლენი იკვლის. 33 და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა ცოდვისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწველნი იგი.
34 აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. 34 და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲ თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველივე სისხლი მისი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.
35 აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლად შეწირულ ცხვარს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად. გამოითხოვს მისთვის ჩადენილი ცოდვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას. 35 და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა მოჰჴადიან ცმელი ცხოვარსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და სცხოს მღდელმან მან საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა. და ულხინოს მღდელმან მან ცოდვაჲ იგი მისი და მიეტეოს მას.