ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების - იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიასა და იერუსალიმის გამო. 1

სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იქმნა მიქეაჲს მიმართ მორათისსა. დღეთა იოათამისთა და იქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფეთა იუდაჲსთასა, რომელთათჳს იხილა სამარიაჲსთჳს და იერუსალიმისა

2 ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან. 2 ისმინეთ ერთა ყოველთა და ერჩდინ ქუეყანაჲ და ყოველნი მისშორისნი. და იყავნ უფალი ღმერთი თქუენ შორის მოწამედ, უფალი, სახლით გამო წმიდით მისით.
3 რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს. 3 მით, რამეთუ, აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა
4 მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი. 4 და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი შთამოღმართსა
5 იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა? 5 უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი?
6 ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვენახის ჩასაყრელ ადგილად; ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს. 6 და დავდვა სამარიაჲ ხილის საცავად ველისა, დასარგავად ვენაჴისა, და შთავჴადნე სიღრმედ ქვანი მისნი და საფუძველნი მისნი გამოვაჩინნე.
7 ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ; ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქნებიან. 7 და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი დაკოდნენ, და ყოველნი სასასყიდლონი მისნი დაწუნენ ცეცხლითა, და ყოველნი კერპნი მისნი დავსხნე უჩინო საქმნელად მით, რამეთუ სასასყიდლოთაგან სიძვისათა შეკრიბნა და სასაყიდლოთაგან სიძვისათა მოიქცა.
8 ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი. 8 ამისთჳს იგლოვდეს და ტიროდეს და ვიდოდეს უჴამლოჲ. და შიშუელმან ყოს ტყება, ვითარცა ვეშაპთა და გლოაჲ, ვითარცა ასულთა სირინოსთასაჲ
9 რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები; რადგან მიადგა იუდას და ჩემი ერის კარიბჭეს - იერუსალიმსაც უწია. 9 მით, რამეთუ არა დადგა წყლულება მათი მით, რამეთუ მიიწია ვიდრე იუდადმდე და შეახო ვიდრე ბჭემდე ერისა ჩემისა ვიდრე იერუსალიმამდე
10 ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში. 10 გეთისშინინი ნუ განსდიდნებით, ენაკიმეთნი ნუ აღეშენებით სახლისაგან საცინელისა. მიწაჲ გარდაისხთ საცინელად თავთა თქუენდა.
11 ჩაიარეთ თქვენთვის, შაფირელნო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი; ბეთეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ. 11 დამკჳდრებულმან კეთილად ქალაქთა მისთა არ გამოვიდა დამკჳდრებული სენაარს. ეტყებდით სახლსა მახლობელსა მისსა. მოღებულ იქმნეს თქუენგან წყლული სალმობისაჲ.
12 რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე. 12 ვინ იწყო კეთილთა მიმართ დამკჳდრებულმან სალმობათა, რამეთუ შთამოვიდეს ბოროტი უფლისა მიერ ბჭეთა ზედა იერუსალჱმისათა
13 შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი! 13 ბგერაჲ საჭურველთა და ცხენოსანთაჲ. დამკჳდრებული ლაქისს წინამძღუარი ცოდვისა, არს შორის ასულსა სიონისსა, რამეთუ შენ შორის იპოვნნეს უთნოობანი ისრაჱლისანი.
14 ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს; აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს. 14 ამისთჳს მოგცნე განვლინებულნი ვიდრე სამკჳდრებელამდე გეთისა. სახლნი ამაონი ცუდად იქმნნეს მეფეთათჳს ისრაჱლისათა
15 ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება. 15 ვიდრემდის მკჳდრთა მოგგური შენ, დამკჳდრებულო ლაქისს სამკჳდრებელოო, ვიდრე ოდოლამადმდე მოვიდეს დიდებაჲ ასულისა სიონისა.
16 თმა გადიპარსე, გაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო; თავი გაიქაჩლე არწივივით, რადგან გადაასახლებენ შენგან. 16 დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან.