ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჩავიდა სამსონი ღაზაში, იქ ერთი მეძავი ნახა და შევიდა მასთან.

1

და წარვიდა სამსონ გაზად და იხილა მუნ დედაკაცი მეძავი და მივიდა მისა.

2 შეიტყვეს ღაზელებმა, სამსონი ჩამოსულაო. გარს უვლიდნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ ქალაქის კარიბჭესთან, მთელი ღამე გაყუჩებულები იყვნენ, ამბობდნენ, გათენებამდე მოვკლავთო. 2 და უთხრეს გაზელთა და ჰრქუეს, ვითარმედ მოსრულ არს სამსონ აქა! და გარემოადგეს და უმზირდეს მას ღამე ყოელ ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და დადუმნეს ღამე ყოელ და თქუეს: ვიდრე განთენებადმდე ხვალისა ვჰგებდეთ, მოვკლათ იგი.
3 შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს, ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა. 3 და დაიძინა სამსონ ვიდრე შუაღამეს ოდენ. და შებმა-უყო, კართა მის ქალაქისათა და აღიხუნა იგინი წყირთხლითურთ და მოქლონით, და დაისხნა იგინი ბეჭთა ზედა თჳსთა და აღიხუნა იგი თხემსა ზედა მის მთისასა, რომელ არს წინაშე ქებრონსა.
4 ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხევში, სახელად დალილა. 4 და იყო ამისა შემდგომად, და შეიყუარა სამსონ დედაკაცი იგი ჴელსა მას სორექისასა, რომელსა სახელი ერქუა დალილა.
5 მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად. სამაგიეროდ ათას ვერცხლს მოგცემთ თითოეული. 5 და აღვიდეს მისა მთავარნი იგი უცხოთესლთანი და ჰრქუეს ცოლსა მას სამსონისსა: შეაცთუნე იგი და იხილე, თუ რაჲსაგან არს ძალი იგი მისი დიდი, რათა შეუძლოთ ჩუენ შეპყრობაჲ იგი მისი, და შევკრათ და დავამდაბლოთ იგი და ჩვენ მიგცეთ შენ კაცად-კაცადმან ათას-ათასი ვეცხლი.
6 უთხრა სამსონს დალილამ: მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა, რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს? 6 და მიერითგან იწყო დალილა სიტყუად სამსონისა და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲთა არს ძალი ეგე შენი დიდი და რაჲთა შეიკრა და დამსდაბლდე?
7 სამსონმა უთხრა: შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები. 7 მიუგო სამსონ და ჰრქჱუა მას: უკუეთუ შემკრა მე შვიდითა ძარღჳთა ნედლითა, რომელი არღა განრყუნილ იყოს, მაშინ მოუძლურდე მე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.
8 მოატანინა ფილისტიმელთა მთავრებს შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და იმით შეკრა დალილამ სამსონი. 8 და მოართუეს მას მთავართა მათ უცხოთესლთა შჳდი ძარღჳ ნედლი, რომელი არა განრყუნილ იყო. და შეკრა იგი მით და მზირნი.
9 ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაყნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა. 9 იგი სხდეს სენაკსა შინა. და ჰრქუა მას დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა და განხეთქნა ძარღუნი იგი, ვითარცა განწყდეს მკედი, რაჟამს ეცის სული ცეცხლისაჲ და ვერ საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.
10 უთხრა სამსონს დალილამ: აჰა, ხომ მომატყუე და გამაბრიყვე. ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? 10 და ჰრქუა დალილა სამსონს: აჰა ესერა, შეურაცხ-მყავ, მეტყოდე მე ტყუვილით, აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ!
11

სამსონმა უთხრა: ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.

11

და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ შემკრან მე საბლითა ახლითა მანქანისათა. რომლითა არა ქმნილ იყოს საქმე, მოუძლურდე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.

12 აიღო დალილამ ახალთახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. ძაფებივით შემოიწყვიტა მკლავებზე. 12 და მოიღო დალილა საბელი მანქანისაჲ ახალი და შეკრა იგი მით და ჰრქუა მას: უცხოთესლნი შენ ზედა სამსონ! და მზირნი იგი სხდეს დამალულნი სენაკსა შინა. და აღდგა სამსონ და განხეთქნა იგინი მკლავითგან მისთა, ვითარცა მკედი.
13 უთხრა სამსონს დალილამ: აქამდე მატყუე და მაბრიყვე. მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? მან მიუგო: თუ ჩემი თმის შვიდ კოწოლს საძახველში ჩაგრეხ. 13 და ჰრქუა დალილა სამსონს: აქამომდე შეურაცხ-მყავ მე და მეტყოდე მე ტყუილით. აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ! და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ დაქსოვო შჳდი ესე კოწოლი თავისა ჩემისაჲ საგუსალსა თანა და დამსჭუალო მანებითა კედელსა, და მაშინღა მოუძლურდე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.
14 პალო დაასო და უთხრა: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახველის პალოცა და ნაძახვიც. 14 და დააწუნა იგი დალილა და მოიხუნა შჳდნი იგი კოწოლნი თავისა მისისანი და დააქსოვნა იგინი ვარჯითურთ და დამსჭუალა იგი მანებითა კედელსა და ჰრქუა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა იგი ძილისაგან და გამოჰჴადა მანები იგი დაქსოვილითურთ კედლისა მისგან და საგუსლით და არა საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.
15 უთხრა დალილამ: როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა. 15 და ჰრქუა მას დალილა: ვითარ სთქუ, ვითარმედ შეგიყუარე შენ და გული შენი არა არს ჩემ თანა. ესე სამგზის შეურაცხ-მყავ მე და არა მითხარ მე, რაჲსაგან არს ძალი ესე შენი დიდი.
16 რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და საშველს არ აძლევდა, სიცოცხლე მოსძულდა სამსონს. 16 და იყო რაჟამს მოაშრო იგი სიტყჳთა მისითა ღამე ყოელ და შეაურვა მას, და სულმოკლე იქმნა იგი ვიდრე სიკუდიდმდე.
17 გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები. 17 და უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ და ჰრქუა მას: არა აღსრულ არს საპარსველი თავსა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარი მე მუცლითგან დედისა ჩემისათ. და უკუეთუ დავიყჳნო თმაჲ ესე ჩემი, განდგეს ძალი ჩემი ჩემგან და მოუძლურდე და ვიქმნე, ვითარცა ყოველნი კაცნი.
18 დაინახა დალილამ, რომ მან გული გადაუხსნა. შეუთვალა ფილისტიმელთა მთავრებს: ახლა კი ამოდით, გამომიტყდა. ამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს. 18 და ვითარცა იხილა დალილა, რამეთუ უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ, მიავლინა და მოუწოდა ყოველთა მათ მთავართა უცხოთესლსთასა და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით აწ, რამეთუ მითხრა მე ყოველივე გულისა მისისაჲ. და მოვიდეს მისა ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი და მოართუეს ვეცხლი იგი ჴელითა მათითა.
19 კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება, გამოეცალა თავისი დიდი ძალა. 19 და დააწჳნა იგი შორის მუხლთა თჳსთა და მოიყვანა მკუეცარი, და დაჰყჳნა შჳდივე იგი კოწოლი თავისაჲ. და იწყო დამდაბლებად და განეშორა მისგან ძალი მისი.
20 უთხრა დალილამ: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა და იფიქრა: ავდგები და წინანდებურად დავიხსნიო თავს. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან. 20 და ჰრქუა დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და განიღჳძა ძილისა თჳსისაგან სამსონ და თქუა: განვიდე და განვყარნე მტერნი ჩემნი და უყო, ვითარცა იგი პირველ! და მან არა უწყოდა, რამეთუ განეშორა მისგან ძალი მისი.
21 შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ. 21 და შეიპყრეს იგი უცხოთესლთა მათ და აღმოჰჴადნეს თუალნი მისნი და წარიყვანეს იგი გაზად და შეკრეს იგი ბორკილითა რვალისაჲთა, და ფქჳდა იგი სახლსა შინა საპყრობილისასა.
22

ამასობაში იწყო თმამ წამოზრდა მის გადაპარსულ თავზე.

22

და ვითარცა იწყო თმამან თავისა მისისამან აღმოსლვად, რომელ-იგი დაეყჳნა;

23 შეიყარნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, და ემხიარულათ. ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი! 23 და შეკრბეს მთავარნი უცხოთესლთანი შეწირვად მსხუერპლისა დიდისა დაგონის ღმრთისა მათისა, და იხარებდეს და თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა სამსონ, მტერი ჩუენი.
24 ხედავდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს და ამბობდა: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტა! 24 და იხილა იგი ერმან მან და აქებდეს ღმერთთა, რამეთუ თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან მტერი ჩუენი ჴელთა ჩუენთა, რომელი მოაოჴრებდა და ქუეყანასა ჩუენსა, რომელმან განამრავლნა წყლულებანი ჩუენნი.
25 როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული. 25 და იყო, რაჟამს განმხიარულდა გული მათი ღჳნითა, თქუეს: მოუწოდეთ სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და იმღერდინ წინაშე ჩუენსა. და მოუწოდეს სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და ემღერდეს და დაადგინეს იგი შორის ორთა მათ სუეტთა.
26 უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო. 26 და ჰრქუა სამსონ ჭაბუკსა მას, რომელსა ეპყრა ჴელი მისი: განმიტევე და შევახო ჴელი ჩემი სუეტთა ამათ, რომელთა ზედა სახლი ესე დამტკიცებულ არს, და უკუნვეყრდნა მათ!
27 სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას. 27 ხოლო ტაძარი იგი სავსე იყო მამებითა და დედებითა და მუნ იყუნეს ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი. და ერდოსა ზედა დგა ვითარ სამ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი, და ხედჳდეს და ემღერდეს იგინი სამსონს.
28 შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო! 28 და ღაღად-ყო უფლისა მიმართ სამსონ: უფალო ღმერთო ძალთაო, მომიჴსენე მე, მონაჲ შენი, და განმარინე მე ერთგზისღა-ესე აწ, ღმერთო, და შურ-ვიგო მე შურის-გებაჲ ერთი ორთა ამათ წილ თუალთა ჩემთა უცხოთესლთა ამათგან.
29 მოსინჯა სამსონმა ორივე შუათანა სვეტი, რომლებზედაც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა. 29 და შებმა-უყო სამსონ ორთა მათ სუეტთა, რომელნი დგეს შორის, რომელთა ზედა ტაძარი იგი დამტკიცებულ იყო, და მოსდვა მათ ერთსა ჴელი მარჯუენაჲ მისი და ერთსა ჴელი მარცხენე მისი.
30 თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი. 30 და თქუა სამსონ: მოკუედინ თავი ჩემი უცხოთესლთა ამათ თანა! მოზიდა ძალითა და დაეცა ტაძარი იგი მთავართა მათ ზედა უცხოთესლთასა და ყოველსავე მას ერსა, რომელნი იყვნეს მას შინა. და იყვნეს მომწყდარი იგი, რომელნი მოსრნა სამსონ სიკუდილსა უფროს, რომელნი მოსრნა ცხორებასა მისსა.
31 ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლობა, აიღეს იგი და წაასვენეს და მამამისის, მანოახის სამარხში დამარხეს ცორასა და ეშთაოლს შორის. იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული. 31 და შთავიდეს ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისაჲ და წარმოიღეს იგი და დაფლეს შორის სარასა და შორის ერთაულსა საფლავსა მის თანა მანუესა, მამისა თჳსისა. და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.