ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს მათ იაყზერისა და გალაადის ქვეყანა და აჰა, საქონლისათვის ყოფილა გამოსადეგი ის ადგილები.

1

და მრავალ იყო საცხოვარი ძეთა რუბენისთაჲ და ძეთა გადისთაჲ, მრავალ იყო ფრიად და იხილეს სოფელი იაზერისი და სოფელი გალაადისაჲ. და იყო ადგილი იგი ადგილი სასაცხოვრე.

2 მივიდნენ გადიანები და რეუბენიანები და ასე უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და საზოგადოების თავკაცებს: 2 და მოვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი, ეტყოდეს მოსეს და ელიაზარს მღდელსა და მთავართა კრებულისათა და ჰრქუეს:
3 ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი - 3 ატაროთი და დებონ და იაზერი და ნამბრაჲ და ესებონი და ელეალე და სებამაჲ და ნაბად და აბეაჲ,
4 ქვეყანა, რომელიც შემუსრა უფალმა ისრაელის საზოგადოების წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისათვის; შენს მორჩილთ კი ჰყავთ საქონელი. 4 ქუეყანაჲ, რომელ მოგუცა უფალმან წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ქუეყანაჲ ცხოვარისა საყოფელი არს და მონათა შენთა საცხოვარი ფრიად არს.
5 თქვეს: თუ მადლი გვიპოვნია შენს თვალში, მოეცეს ეს ქვეყანა შენს მორჩილთ საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა. 5 და ეტყოდეს: ვპოვეთ თუ მადლი წინაშე შენსა, მოეც ქუეყანა ესე მონათა შენთა დაპყრობად და ნუ წიაღგჳყვანებ ჩუენ იორდანესა.
6 მიუგო მოსემ გადიანებს და რეუბენიანებს: თქვენი ძმები საბრძოლველად წავლენ, თქვენ კი აქ დარჩებით? 6 და ჰრქუა მოსე ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთა: ძმანი თქუენნი ვიდოდიან ბრძოლად და თქუენ სხდეთ მანდა.
7 რისთვის უშლით ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლას, რომელიც თქვენთვის მოუცია უფალს? 7 და რად განსდრეკთ გონებასა ძეთა ისრაჱლისათასა არა წიაღსლვად ქუეყანასა მას, რომელსა მოსცემს მათ უფალი?
8 ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად. 8 არა ესრევე ყვესა მამათა თქუენთა, რაჟამს წარავლინნა იგინი კადეს ბარნეთ მოხილვად ქუეყანისა მის?
9 მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, ნახეს ქვეყანა და დაუშალეს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს. 9 და მივიდეს იგინი ჴევსა მას ტევნისასა და მოიხილეს ქუეყანა იგი, და განდრიკეს გული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რათა არა შევიდენ ქუეყანასა მას, რომელ მოსცა მათ უფალმან.
10 აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა მან: 10 და განრისხნა გულისწყრომით უფალი მას დღესა შინა და თქუა:
11

აბა, თუ იხილოს ეგვიპტიდან ამოსულმა ამ კაცებმა, ოცი წლიდან მოყოლებული, ის მიწა, რომლის მიცემასაც შევპირდი ფიცით აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე,

11

უკეთუ იხილოთ კაცთა მათ, რომელნი აღმოვიდეს ეგჳპტით ოცით წლითგანთა და მიმართ, რომელ მეცნიერ არიან კეთილისა და ბოროტისა, ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს, რამეთუ არა შემომიდგეს მე.

12 გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, კენიზელისა და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი მისდევენ უფალს. 12 გარნა ქალებ იეფონისი, რომელ განეყენა მათგან და ისუ, ძე ნავესი, რამეთუ შეუდგეს უკუანა უფალსა,
13 აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში. 13 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და აგურიობნა იგინი უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, ვიდრემდის მოისრა ყოველი ნათესავი იგი, რომელნი იქმან ძჳრსა წინაშე უფლისა.
14 აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამა-პაპის ნაცვლად, ცოდვილთა ნაშობნო, რათა კიდევ უფრო იმატოს უფლის რისხვამ ისრაელის მიმართ. 14 და, აჰა, ესერა, აღდეგით მამათა თქუენთა წილ კრებული კაცთა ცოდვილთაჲ შეძინებად მერმე რისხვასა გულისწყრომასა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.
15 თუ მისგან მოიქცევით, კიდევ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავთ მთელს ამ ხალხს. 15 რამეთუ უკუნიქცევით თქუენ მისგან და შესძინებთ კუალად დატევებასა მისსა უდაბნოსა ზედა და იქმთ უშჯულოებასა ყოველსა ზედა კრებულსა ამას.
16 მიადგნენ მას და უთხრეს: ფარეხები ავიშენოთ ჯოგისთვის აქ და ქალაქები ბავშვებისთვის. 16 და მოუჴდეს მას და ეტყოდეს: ბოსლები სასაცხოვრე ვაშენოთ საცხოვრისა ჩუენისათჳს და ქალაქები ბუნაურებისა ჩუენისათჳს.
17 თავად ჩვენ დარაზმულნი წავუძღვებით წინ ისრაელიანებს, ვიდრე თავ-თავიანთ ადგილებამდე არ მივიყვანთ მათ, ჩვენი ბავშვები კი გამაგრებულ ქალაქებში დარჩებიან, რომ არაფერი ევნოთ ქვეყნის მკვიდრთაგან. 17 და ჩუენ ჭურვილნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ვიდრემდის მივიყვანნეთ იგინი ადგილად მათა და დაეშენოს დედაწული ჩუენი ქალაქთა ისრაჱლისათა. და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისაჲ გარემოჲს მათსა მისცენ ლევიტელთა და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათა. და გარემოჲსი მათსა იყოს საცხოვრისა მათისათჳს და ოთხფერჴისა მათისათჳს და საბრძანებელი ქალაქთაჲ, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღჳთგან ქალაქისაჲთა გამართ ათას წყრთა გარემოჲს და განჰზომო გარეშე ქალაქსა აღმოსავალით კერძო ადგილი - ორ ათას და ბღუარით კერძო - ორ ათას წყრთა და ზღჳთ კერძო - ათას წყრთა ქალაქები იგი საშუალ.
18 არ დავბრუნდებით სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს. 18 არასადა მოვიქცეთ სახით ჩუენდა, ვიდრემდის არა განიყვანენ ძენი ისრაჱლისანი თითოეული სამკჳდრებელად თჳსა.
19 რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, რადგან იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთის შეგხვდება სამკვიდრო. 19 და არღარა დავიმკჳდროთ მათ შორის მიერ კერძო, რამეთუ მოგჳღებიეს ჩუენ ნაწილი ჩუენი წიაღმო იორდანესა აღმოსავალით კერძო.
20 უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე, 20 და ჰრქუა მათ მოსე: ჰყოთ თუ მსგავსად სიტყჳსა ამის, შე-თუ-იჭურნეთ ბრძოლდდ წინაშე უფლისა.
21

და შეჭურვილი გადავა თითოეული თქვენგანი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ აყრის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე,

21

და წიაღჴდეს ყოველი ჭურვილი თქუენი იორდანესა წინაშე უფლისა, ვიდრემდის მოისრნენ მტერნი მისნი პირისაგან მისისა.

22 და არ დაემორჩილება ქვეყანა უფალს, მერე გაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი საკუთრება გახდება ეს ქვეყანა უფლის წინაშე. 22 და დაიპყრას ქუეყანაჲ იგი წინაშე უფლისა და შემდგომად ამისსა უკუმოიქცეთ და იყუნეთ უბრალო წინაშე უფლისა და ისრაჱლისაგაჱ, და იყოს ქუეყანა ესე სამკჳდრებელად თქვენდა წინაშე უფლისა.
23 თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ უფალს და დაიმსახურებთ სასჯელს, რომელიც გეწევათ თქვენ. 23 უკუეთუ არა ჰყოთ ესრე, სცოდოთ წინაშე უფლისა და სცნათ ცოდვაჲ თქუენი, რაჟამს გეწიოს თქუენ ძჳრი.
24 აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები ცხვრისათვის. რაც თქვენი ბაგეებიდან გამოვა, ის აკეთეთ. 24 და აწ იშენეთ თქუენ ქალაქები ვანისა თქუენისათჳს და ბანაკები საცხოვრისა თქუენისათჳს და, რომელ-ეგე აღმოჴდა პირით თქუენით, ყავთ.
25 ასე უთხრეს გადიანებმა და რეუბენიანებმა მოსეს: ისე მოიქცევიან შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს. 25 და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა მოსეს და ჰრქუეს: მონათა შენთა ყონ, ვითარცა უმცნიეს შენდა უფალსა ვანი ჩუენი
26 ჩვენი ბავშვები, ჩვენი ცოლები, ჩვენი საქონელი და მთელი ჩვენი პირუტყვი დარჩებიან აქ, გალაადის ქალაქებში. 26 და დედები ჩემნი და ყოველი საცხოვარი ჩუენი იყოს მუნ ქალაქებსა მას გალაადისასა.
27 შენი მორჩილნი კი, ყველანი სალაშქროდ დარაზმული გავლენ უფლის წინაშე საბრძოლველად, როგორც ჩვენი ბატონი ამბობს. 27 მონანი შენნი წიაღჴდენ ყოველნივე შეჭურვილნი და განმზადებულნი წინაშე უფლისა ბრძოლად, ვითარცა იტყჳს უფალი.
28 უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და ისრაელიანების შტოთა მამამთავრებს. 28 და შეასწავლნა იგინი მოსე ელიაზარს მღდელსა და ისოს, ძესა ნავესსა, და მთავართა და ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.
29 უთხრა მათ მოსემ: თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად დარაზმულნი უფლის წინაშე, და დამორჩილდება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მიეცით მათ გალაადის ქვეყანა საკუთრებად. 29 და ჰრქუა მათ მოსე: წიაღ-თუ-ჴდენ ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი თქუენ თანა იორდანესა ყოველნი შეჭურვილნი ბრძოლად წინაშე უფლისა და ეუფლნეთ ქუეყანასა მას წინაშე თქუენსა, მისცეთ მათ ქუეყანა გალაადისაჲ სამკჳდრებელად.
30 თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენს შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში. 30 უკუეთუ არა წიაღჴდენ შეჭურვილნი თქუენ თანა ბრძოლად წინაშე უფლისა, თქუენ წიაღიღეთ ვანი მათი და დედაწული მათი და საცხოვარი მათი პირველად თქუენსა ქუეყანად ქანანისა.
31

პასუხად მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: როგორც უფალმა უთხრა შენს მორჩილთ, ისე მოვიქცევით.

31

და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ჰრქუეს: რავდენსაცა გვეტყოდის უფალი მონათა მისთა,

32 ჩვენ გავალთ დარაზმულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში, სამკვიდრო კი იორდანეს გამოღმა გვექნება. 32 ეგრე ვყოთ ჩუენ, წიაღვჴდეთ შეჭურვილნი ქუეყანად ქანანისა და გუცეთ ჩუენ სამკჳდრებელი წიაღ იორდანესა.
33 და მისცა მოსემ მათ - გადიანებს, რეუბენიანებს და მენაშეს, იოსების ძის, ნახევარ შტოს სიხონ ამორეველთა მეფის სამეფო, ბაშანის მეფის, ყოგის, სამეფო, ქვეყანა თავისი ქალაქებითა და სანახებითურთ, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ. 33 და მისცა მათ მოსე: ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, ძისა იოსებისსა, სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორველისაჲ, და სამეუფოჲ ოგ მეფისა ბასანისაჲ ქუეყანაჲ და ქალაქები მისი საზღურითურთ, ქალაქები ქუეყანასა გარემო.
34 ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი და ყაროერი, 34 და აღაშენეს ძეთა გადისთა დებონი
35 ყატაროთ-შოფანი, იაყზერი და იაგბეჰა, 35 და ატაროთი და არუერი და სუფანი და იაზერი.
36 ბეთ-ნიმრა, ბეთ-ჰარანი, გამაგრებული ქალაქები და ფარეხები ცხვრისათვის. 36 და აღამაღლნეს იგინი და ბეთნაბრაჲ და ბეთარრანი, ქალაქნი ძნელნი, და ბოსლები საცხოვრე.
37 რეუბენიანებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე, კირიათაიმი, 37 და ძეთა რუბენისთა აღაშენეს ესებონი და ელვარე და კარათაჲმე და ნაბოჲ
38 ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს. 38 და ბელმოჲნი გარემოჲს დასაბამი და დასდვეს სახელები მათი სახელებად ქალაქებსა მას, რომელ აღაშენნეს.
39 წავიდნენ მაქირ მენაშეს ძეს შთამომავალნი გალაადში, აიღეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველნი. 39 და წარვიდა ძე მაქირისი, ძისა მანასესი, გალაადდ და დაიპყრა იგი და წარწყმიდა ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.
40 მისცა მოსემ გალაადი მაქირ მენაშეს ძეს და ის დასახლდა იქ. 40 და მისცა მოსე გალაადი მაქირს, ძესა მანასესა, და დაეშენა მუნ.
41 იაირ მენაშეს ძე კი წავიდა და აიღო მათი სოფლები და დაარქვა მათ იაირის სოფლები. 41 და იაირ, ძე მანასესი, წარვიდა და დაიპყრა ბოსლები მათი და უწოდა მათ ბანაკები იაირისი.
42 ნობახი წავიდა და აიღო კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი: ნობახი. 42 და ნაბავ წარვიდა, დაიპყრა კანათაჲ და დაბნები მისი. და უწოდა მას ნაბავ, სახელი თჳსი.