28-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან

სახარება ლუკასაგან (14, 16-24)

„16. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა. 17. და წარავლინა მონაი თვისი ჟამსა პურისასა, რაითა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი. 18. და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან. 19. და სხუამან თქუა: უღლეული ხართაი ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ. 20. და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ხელ-მეწიფების მოსლვად. 21. და მოვიდა მონაი იგი და უთხრა ესე უფალსა თვისსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თვისსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა. 22. და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაი შენი, და ადგილი არსღა. 23. და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაითა აღივსოს სახელი ჩემი. 24. ხოლო გეტყვი თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოი იხილოს სერობისა ამის ჩემისაი, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.“

 

I. აწინდელ კვირა დღეს ეკლესია სახარების საკითხავში გვთავაზობს იგავს მოწოდებულთა შესახებ სერობაზე. ამ იგავში უფალმა იესო ქრისტემ თავად გამოხატა როგორც რამ სურათზე ის მიზეზები, რომელთა გამოც ღმერთის რჩეულმა ერმა, თავის წინამდგომელთა მეთაურობით, უარყო უფალი და ზურგი აქცია მის ღვთაებრივ მოძღვრებას ცხოვნების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის განგებულება განამზადებდა მას ცხოვნებამი მონაწილეობისათვის. განვიხილოთ ეს სახარება.

„კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა“ (მუხლი 16).

ვინ არის ეს „კაცი ვინმე?“ - ეს - მამა ღმერთია. მართალია, ღმერთი სულია, მაგრამ საღმრთო გამოცხადებაში იგი ხშირად წარმოგვიდგება ჩვენ ადამიანური სახით და აი, წოდებულია კიდეც „კაცად ვინმედ“. თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის იგავში მამა ღმერთს კაცი უწოდა. თუმცა ამ კაცის ქმედებათა მიხედვით ჩვენ აქვე შევნიშნავთ, რომ ადამიანი როდი იქმს ყოველივე ამას. იგი დიდ სერობას, პურობას აწყობს და მრავალთ მოუწოდებს მასზე. რას ნიშნავს „დიდი პური“, დიდი სერობა? - ღმერთის მეუფებას, ცათა სასუფეველს, ქვეყნის დასაბამითგანვე წინათგანმზადებულს, ანუ - ქრისტეს წმიდა ეკლესიას. დიადი და არაჩვეულებრივია ეს მეუფება, ეს სამეფო. მეუფედ მასში თვით ღმერთი იქნება. ხოლო მისი წევრები ურიცხვნი ანგელოზნი და ცხოვნებადი ადამიანები არიან (ებრ. 12,22-24). ძველი აღთქმის მოქმედების მთელს განმავლობში ეს დიდი სერობა თითქოს მზადდებოდა. ღმერთის მიერ რჩეული ებრაელი ერი მიწვევას იღებდა ამ დიდ პურობაზე. ღმერთი სხვადასხვა გზებით მოუწოდებდა თავის რჩეულ ერს ამ დიდ პურობაში მონაწილეობისათვის; მოუწოდებდა მათ აღთქმა-დაპირებებით და წინასწარმეტყველებებით; მოუწოდებდა წინასწარი გამოსახვით მომავალი მოვლენებისა ძველი აღთქმის წეს-ჩვეულებებსა და სჯულის კარავში; მოუწოდებდა მათ სასწაულთმოქმედებებითა და თავისი ყოვლადძლიერობისა და სიბრძნის გამოვლინებებით, თავისი სიმართლისა და მოწყალების გამოცხადებებით; მოუწოდებდა მათ რჩეული ადამიანების განდიდებით, რომელნიც ამავე ერში სათნო-ეყვნენ მას; მოუწოდებდა საშინელი სასჯელებითაც, რომლებსაც წინააღდგომის ძეთა ზედა მოაწევდა ზეგარდმო.

სიტყვა „მრავალთა“ უნდა გავიგოთ არა „ზოგიერთთა“ მნიშვნელობით, არამედ უკლებლივ „ყველას“ მნიშვნელობით, ანუ მოუწოდებდა მთელს სიმრავლეს ადამიანთა. მსგავსად ამისა წინასწარმეტყველი დანიელიც ამბობს: „და მრავალნი დაძინებულნი ქვეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხოვნებად საუკუნოდ და რომელნი ყვედრებად და სირცხვილად საუკუნოდ“ (დანიელი 12,2), ანუ მკვდრეთით აღდგებიან ყოველნი შესვენებულნი, მიწაში დაფლულნიო. ასევე მოციქული პავლეც ეუბნება რომაელებს „...ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს“ (5,15), ანუ ერთის, ადამის შეცოდებით ყოველნი სიკვდილს ეწივნენო.

„და წარავლინა მონაი თვისი ჟამსა პურისასა, რაითა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი“ (მუხლი 17).

„წარავლინა მონაი თვისი“: აღმოსავლეთში ახლაც არის ჩვეულებად განმეორებითი მოწვევის გაგზავნა რჩეული სტუმრებისათვის, როცა უკვე ყველაფერი მზად არის მათი მიღებისათვის და გამასპინძლებისათვის. უფლის ხატოვანი სიტყვაც აქ სწორედ ამ ჩვეულებიდან არის აღებული. მონის ქვეშ აქ იგულისხმება უფალი იესო ქრისტე, რომელიც მოვლინებულ იქნა უწინვე მოწოდებულ ებრაელთადმი, და უეჭველია - პირველ ყოვლისა ებრაელი ერის სულიერი წინამძღოლებისა და წარმომადგენლებისადმი. როცა იგი კაცთა მოდგმის სამსახურებლად გამოვიდა აღთქმულ მიწაზე, შემდეგი სიტყვებით მიმართა რჩეულ ერს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათე 4,17). ცათა სასუფევლის ხარება ერთ-ერთი უმთავრესი იყო მის საქმეთაგან. მან თავისი მოწაფენი წარგზავნა ისრაელის ყოველთა ძეთათვის ღმერთის ამ სუფევის დადგომის საუწყებლად. აი, ასე იქნა მომზადებული „დიდი პური“ - ღმერთის დიადი სერობა. მხოლოდშობილი ძე ღმრთისა პირველად რჩეულ ებრაელებს მოუწოდებს. თითქოს-და, როგორ არ უნდა დაეჯერებინათ მისთვის - ამ უტკბილესი მომწოდებელი ხმისათვის, და როგორ არ უნდა შეეღაღადათ უფლისათვის: „განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო ჩემო, განმზადებულ არს გული ჩემი“ (ფსალმ. 107,2). მაგრამ ასე როდი პასუხობენ მომწოდებელს იუდეველნი.

„და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად“ (მუხლი 18).

ებრაელთა წიაღიდან პირველ ყოვლისა მოწოდებულნი საღმრთო სერობაზე იყვნენ მწიგნობარნი, სჯულის მეცნიერნი, ფარისეველნი, - ანუ ხალხის წინამძღოლნი, ბელადნი. მათს ხელში იყო სჯულისა და საწინასწარმეტყველო წიგნები. ისინი უკითხავდნენ და განუმარტავდნენ ხალხს საღმრთო წერილის იმ ადგილებს, რომლებშიც ესოდენ მკაფიოდ იყო გაშუქებული დიდი პურობის დრო, ღმერთის მადლმოსილი მეუფების გამოცხადება ამქვეყნად. უბრალო ებრაელი ერი უცნობლობასა და გაუნათლებლობაში იყო შთაფლობილი. მაგრამ ისინიც, ვისაც თავი ბრძენკაცად მიაჩნდა რჩეულ ერში, სინამდვილეში დაბრმავებულიყვნენ სულიერად, და მათ არ სურდათ გულისხმა-ეყოთ და დაენახათ ძლიერებასა შინა გამოცხადებული ღმერთის მეუფების დრო. ხოლო ღმერთის სერობაში მონაწილეობაზე მათ სხვადასხვა მიზეზით განაცხადეს უარი.

„პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან. და სხუამან თქუა: უღლეული ხართაი ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ. და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ხელ-მეწიფების მოსლვად“ (მუხლები 18-20).

მართალია, ეს მოწოდებულნი სხვადასხვა მიზეზთ წარმოადგენენ, რათა სერობაზე არ წავიდნენ, მაგრამ მთავარი გრძნობა, რამაც ისინი ასეთი უღირსი საქციელისათვის აღძრა, ერთი და იგივე იყო, კერძოდ კი - მიდრეკილება ქვეყნიურ, დროებით და მოჩვენებით სიკეთეთადმი. აი, მიწის ნაკვეთი უყიდია მოწოდებულ სტუმარს და უსათუოდ სჭირდება მისი მონახულება, - ამიტომაც დრო არა აქვს ღმერთის მიერ განმზადებულ დიდ პურობაზეწავიდეს. ამის გამო სთხოეს გაათავისუფლონ იგი პურობაში მონაწილეობის მოვალეობისაგან. მიწის ნაკვეთი, მამული, ველ-მინდორი დიდ ფასეულობას წარმოადგენდა პალესტინის მცხოვრებისათვის, რადგან იქ მიწა ბევრი არ არის, ნიადაგი ნოყიერია და უხვმოსავლიანი. ასე, რომ მიწის მცირე ნაკვეთიც კი იქ ძალზე ძვირადღირებულია. უფლის მიერ მოწოდებული ბატონი არაფრად აგდებს ღმერთის პურობაში მონაწილეობის სიხარულს იმ სიხარულთან შედარებით, რასაც მას მიწის ნაკვეთის ფლობა ანიჭებს. ყველა მისი ფიქრი და ზრახვა ქვეყნიურისაკენ არის მიდრეკილი და მიწას არის მიჯაჭვული. ამიტომ მას არ სურს ფიქრიც კი სხვა სახის სიკეთეებზე.

მეორე მოწოდებული იგავში ამბობს: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და ახლა მათ გამოსაცდელად მივდივარო. ამიტომ, გევედრები, განმიტევე მე, განმათავისუფლე პურობაში მონაწილეობისაგანო (ხარი აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ებრაელთა ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებდა: ხარით ხნავდნენ მიწას, ხარით ფქვავდნენ მარცვლეულს, ხარის მეშვეობით გადაჰქონდათ ტვირთი, ამოჰქონდათ ჭებიდან წყალი, საკვებად იყენებდნენ მის ხორცს, სხვადასხვა დანიშნულებისათვის მის ტყავს და ა.შ.). შესაძლოა, იგავში მოხსენიებული ამ მეურნე კაცის ქვეშ მაცხოვარი იმ ფარისევლებსა და სადუკეველებს გულისხმობდა, რომელთაც თავიანთი გული ქონების მოგროვებისაკენ მიმართეს, რის გამოც არ სურდათ და თითქოსდა დროც არ ჰქონდათ უფლის ხარება მოესმინათ მრახლოებული ცათა სასუფევლის შესახებ.

მესამე წვეულმა იგავში განაცხადა, რომ ახლად მოყვანილი ჰყავს ცოლი და მისი გულისთვის არ შეუძლია პურობაზე მისვლა. ეს კაცი არაჩვეულებრივ სერობაზე იყო მიწვეული, მაგრამ მან თავისი კერძო სერობა ამჯობინა, მოწყობილი ცოლის შერთვის გამო. შესაძლოა თქვან - ამ კაცს არაფერი უჯერო და ბოროტი არ უქმნიაო, - ქორწინება ხომ თვით ღმერთის მიერ არის კურთხეული. აკი თვით უფალმაც ღირს-ჰყო გალილეის კანაში გამართული ქორწილი თავისი დასწრებისა. მაგრამ, ჯერ-ერთი, ადამიანი ვერ იქნება განმართლებული მხოლოდ იმიტომ, რომ ნებადართული, კეთილსახიერი საქმის გამო თქვა უარი საღმრთო სერობაში მონაწილეობაზე. კაცობრივი საქმე მან ღვთაებრივს ამჯობინა, დროებითი - სამარადჟამოს. „რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს. და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს“ (მათე 10,37 შდრ. ლუკა 14,26), - გვეუბნება უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აბა, მივუსადაგოთ უფლის ეს სიტყვები იგავში ნახსენებ კაცს: ცხადია, მას არ უყვარდა ის, რაც უფალმა ღმერთმა თავისი მოწყალებით შეთავაზა ადამიანებს მათი ცხოვნებისათვის. ქვეყნიურმა სიკეთემ მიაჯაჭვა ეს კაცი წარმავალ სიკეთეებს. იგი ხომ ბოდიშსაც არ იხდის და განტევებასაც არ ითხოვს მომწოდებელისაგან, რამეთუ მთლიანად არის შთაფლული თავის მიწიურ სიყვარულში. მაგრამ წმიდა მამები სიტყვებში - „ცოლი შევირთე“ - გულისხმობენ, საერთოდ, ხორციელ, ცოდვიან ცხოვრებას საკუთარი შვება-სიამისათვის. „სხვა რა უნდა იგულისხმებოდეს ცოლის ქვეშ, თუ არა ხორციელი გულისთქმა?!“ - ამბობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (36-ე სიტყვა). ასევე წმიდა კირილე ალექსანდრიელიც წერს: „ცოლის შემრთავი, იმას აღნიშნავს, ვინც იმგვარივე სიყვარულით არის მიდრეკილი ხორცისაკენ, როგორც ცოლისაკენ, ხოლო ამის გამო ზურგს აქცევს ჭეშმარიტ და მუდმივ სიკეთეს“. ხორცის გულისთქმაში შედის: ნაყროვანება, სიმთვრალე, მუცელღმერთობა, ავხორცობა და სხვა ხორციელი ცოდვები, რომელთა გახსენების სურვილიც კი არ უნდა ჰქონდეს მორწმუნე ადამიანს. ებრაელი ერის ბელადნი მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრების ჟამს ძალზე მანკიერნი იყვნენ. თვით უფალი იესო ქრისტე სახელ-სდებს მათ პირმოთნეობითა და უსჯულოებით, მტაცებლობითა და უსამართლობით აღსავსე ადამიანებად, და უდარებს მათ განგოზილ საფლავებს, ანუ შემკობილ-დამშვენებულ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი არიან, შინაგან კი აღსავსენი - მყრალი ძვლებითა და ყოველგვარი არაწმიდებით (მათე 23,27-38). შინაგანი არაწმიდება, უსჯულო ცხოვრება, ხორციელი მისწრაფებანი და მიდრეკილებანი იყო სწორედის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მწიგნობართ, ფარისეველთ და სადუკეველთ არ შეეძლოთ ქრისტესადმი შედგომა, მისი რწმენა.

„და მოვიდა მონაი იგი და უთხრა ესე უფალსა თვისსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თვისსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა“ (მუხლი 21).

სახლის უფალი დიდად შეურაცხ-ჰყო მოწვეულ სტუმართა უარმა მომზადებულ დიდ პურობაში მონაწილეობის მიღებაზე. და ეს გასაგებიცაა. ჩვენს ყოფით სინამდვილეში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, ის ადამიანი, ვინც დიდი ხარჯითა და ათასი საზრუნავით განამზადებდა წვეულებას, სამართლიანად დაინახავდა მოწვეული სტუმრების მოუსვლელობაში უპატივცემულობას თავისადმი, შეურაცხყოფასაც კი თავისა. მაგრამ იგავში სახლის უფალმა მონახა საშუალება იმისათვის, რომ უქმად არ დაკარგულიყო მისი სამზადისი. მან უბრძანა მონას, ღარიბ-გლახაკნი, ბრმანი და მკელობელნი მოეწვია პურობაზე. ამა ქვეყნად ამ უპოვარ ადამიანებს არც კი უფიქრიათ უარის თქმა მიწვევაზე და ყველანი სიხარულით წავიდნენ დიდ პურობაზე.

ახლა კი მოვაცალოთ მაცხოვრის ამ მშვენიერ მონათხრობს იგავური საფარველი. სერობაზე, ანუ ცათა სასუფეველში მიწვევა უბრალო ადამიანებმა მიიღეს, ისეთებმა, იუდეველთა მწიგნობართ რომ არ ჰგავდნენ. ისინი სულით გლახაკნი იყვნენ, მშვიდნი, თავმდაბალნი და მორჩილნი. მწიგნობართაგან და ფარისეველთაგან მოძულებული ეს ადამიანები თვითვე ამბობდნენ საკუთარი თავის შესახებ, - ჩვენ ნაკლებ გაცნობიერებული, უბირი ხალხი ვართ, ბრმანი და ბნელნი, და მკელობლებსავით, მათაც სხვებზე დაყრდნობის გარეშე არ ძალუძთ ცხოვრება ამქვეყნად. იუდეველი ერის ბელადთაგან უარყოფილი უფალი სწორედ ამ უბრალო და მოძაგებულ ადამიანებს ახარებს ცათა სასუფეველის სახარებას. მას არ ეთაკილება მათ გვერდით ყოფნა, შედის მათს სახლებმი, იღებს მათს გამასპინძლებას, მათთან ერთად იზიარებს ტრაპეზს. იუდეველი მწიგნობარნი კი მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობრად ხმობენ მაცხოვარს (მათე 11,19; შდრ. ლუკა 7,34). ანდა ის გავიხსენოთ, იუდეველთაგან ყველაზე მეტად თუ ვის უყვარდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; განა ეს სწორედ მწიგნობართაგან უარყოფილი და მოძაგებული უბრალო ადამიანები არ იყვნენ?! ყველაზე მეტის ყურადღებით ვინ უსმენდა უფალ იესოს ღვთაებრივ სწავლებას? „და იყვნეს ყოველნი მეზვერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა“ (ლუკა 15,1), - აღნიშნავს ლუკა. სწორედ უფლის ქადაგების მოსმენაში გულმოდგინებისა და სიყვარულისათვის აღემატნენ კიდეც უბრალო ადამიანები მწიგნობართ, გაამპარტავნებულთ სჯულის მეცნიერობით, აღემატნენ და ღმერთის სასუფეველში, დიდ პურობაზე მიწვეულნი აღმოჩნდნენ. ისინი სრული ნდობით მოეკიდნენ იმას, ვინც დიდ პურობაზე იწვევდა მათ. მათი გული მდაბალი და მორჩილი იყო. მათ ცოდვილებად ჰქონდათ თავი შეგნებული, მათ სული სტკიოდათ და ამიტომ დიდად მოხარულნი იყვნენ, რომ სულთა და სხეულთა მკურნალმა არ უარყო ისინი. ამიტომაც დაიკავეს ადგილები დიდსულოვანი ადამიანის სერობაზე, რომელმაც არ ითაკილა მათთან ერთად ყოფნა და მწიგნობრებს ამჯობინა ისინი, ცათა სასუფეველი დაუმკვიდრა მათ. წარგზავნილმა მონამ მოახსენა თავის ბატონს:

„და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაი შენი, და ადგილი არსღა“ (მუხლი 22).

უფალი იესო ქრისტე იმისათვის როდი მოვიდა ამქვეყნად, რომ მხოლოდ ებრაელებისათვის მოეწოდებინა თავის ეკლესიაში. მათ უფალმა სხვებზე უწინარეს მიმართა. მაგრამ ებრაელთაგან მოწოდებულებმა და უფალთან მოსულებმა ვერ შეავსეს კეთილი ბატონის დარბაზები. მათში ყველა სხვა ადამიანთათვისაც მოინახა ადგილები. და ზეციურ მამასაც ეს სურს. მას ნებავს, რომ ყველა ადამიანი მივიდეს ჭეშმარიტების შეცნობამდე და ცხოვნდეს. იგი არავის აიძულებს, მაგრამ აშკარად გამოუცხადებს ყველას თავის ღვთაებრივ სიყვარულს.

„და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაითა აღივსოს სახელი ჩემი“ (მუხლი 23).

წადიო, ეუბნება ბატონი თავის მონას, ქალაქის გარეთ, გზებზე, გზისგასაყარებსა თუ გზაჯვარედინებზე. იქ, რა თქმა უნდა, შეხვდები ადამიანებს. დაჟინებით სთხოვე მათ ჩემს სახლში შემოვიდნენ. რას ნიშნაეს ეს გზები, ფოლორცნი და გზაჯვარედინნი? ეს ქვეყნიერების ყველა მხარეა, ყველა კუთხეა, სადაც წარმართნი ცხოვრობენ. სწორედ მათს მოწოდებას უბრძანებს ბატონი - უფალი თავის მონას. ხედავ, რა უხვია თავის სიყვარულში ზეციური მამა, წარმოდგენილი სახარების იგავში როგორც კაცი ვინმე. - იგი თავისთან ერთობაში, ენით უთქმელი ტკბობისათვის მოუწოდებს თავის სერობაზე ღმერთისაგან განდგომილ, კერპთთაყვანისმცემლობის ბნელში და თავიანთი გულისთქმების კვალობაზე მავალ ადამიანებს, წარმართებს. სწორედ ასე თქვა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: „მოვიდა ძე კაცისაი ცხორებად წარწყმედულთა“ (მათე 18,11), იმიტომ, რომ „ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმვდ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაისაუკუნოი“ (იოანე 3,16).

„ხოლო გეტყვი თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოი იხილოს სერობისა ამის ჩემისაი, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“ (მუხლი 24).

ეს კაცნი - მწიგნობარნი, ფარისეველნი, სადუკეველნი, ებრაელი ხალხის ბელადნი არიან. თავიანთი სიჯიუტით მათ უარი თქვეს ღმერთის სერობში მონაწილეობაზე. და ასეც დარჩებიან ისინი მარადის ღმერთის დარბაზთა გარეთ, ცათა სასუფეველის გარეთ. ხოლო მათს შემდეგ მოწოდებულებმა უფლის სერობაზე, აღურაცხელმა ადამიანებმა თანხმობა განაცხადეს ღმერთის პურობაში მონაწილეობაზე. ამიტომაც იყო, რომ უფალმა სხვა დროს პირდაპირ უთხრა ფარისევლებს: „ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ მრავალნი მზისა აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინახ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფვვლისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი“ (მათე 8,11-12).

 

II. ახლა კი ზნეობრივ-სულიერი გაკვეთილები გამოვიტანოთ განხილული სახარებისეული იგავიდან ჩვენს დასამოძღვრავად.

ა) უფლის მიერ ნათქვამ იგავში დიდ პურობაზე მოწვეულთა შესახებ, რომელიც ჩვენ ახლა განვმარტეთ, იგულისხმებიან იუდეველები, მაგრამ იგი ჩვენც შეიძლება გვეკუთვნოდეს, ქრისტიანებსაც, რომლებმაც აწ შევცვალეთ ებრაელი ერი ღმერთის მეუფებაში. ახლაც, მას შემდეგ, რაც უკვე განგვათავისუფლა ეშმაკის ხელმწიფებისაგან, ღმერთი არ სწყვეტს ჩვენს მოწოდებას თავისი დიდების მეუფებში - საუკუნო ნეტარების სავანეებმი, და იქმს ამას თავისი საღმრთო სიბრძნის, ყოვლადძლიერების და მოწყალების ყველა საშუალებით: თავისთან მოგვიწოდებს სახარებისმიერი აღთქმებით და მოციქულთამიერი ქადაგებებით, სწავლა-მოძღვრებებითა და წინასწარმეტყველებებით, შეგონებებითა და მუქარით; მოგვიწოდებს საეკლესიო საიდუმლოებითა და სამღვდელო მოქმედებებით, რომლებშიც ჩვენ მომავალი საუკუნო სიკეთეების წინდი გვეძლევა; მოგვიწოდებს დაუდუმებელი ხმით თავისი ეკლესიისა, რომელსაც მოჰმადლა ძალა და ხელმწიფება არა მხოლოდ ჩვენი განათლებისა თავისი სარწმუნოების ნათელით, არამედ ჩვენი კურთხევისაც ყოვლადწმიდა ღმერთის სულის მადლით; მოგვიწოდებს ჩვენ სასწაულთმოქმედი განდიდებით თავისი რჩეულებისა, რომელნიც სათნო-ეყვნენ მას რწმენითა და სიყვარულით, მისი მცნებების აღსრულებით, და მოთმინედ ტვირთვით თავიანთი ჯვარისა; მოგვიწოდებს ჩვენივ სინდისის შინაგანი ხმიანობით და ჩვენი ცხოვრების გარეგანი გარემოებებით; მოგვიწოდებს თავისი სახიერების ნიჭთა მეშვეობით და თავისი რისხვისა და სამსჯავროსმიერი მუქარით; უფალი გვირეკს ჩვენს გულთა კარებზე ხან მშვიდი ხმით თავისი სიყვარულისა, მოწყალებისა და მრავალმოთმინებისა, ხანაც მტკიცე ხმით მწუხარებებისა და უბედურებებისა. და რა? მივდივართ კი ჩვენ უფლის ამ მომწოდებელ ხმაზე? თუ იქნებ ზურგს ვაქცევთ ამ მოწოდებას, ერთიანად დაკავებულნი ქვეყნიური საზრუნავით, სიყვარულით, მიდრეკილებებითა და შვება-სიამეებით? ჰოი, ძმანო! გვეშინოდეს ღმერთის სამართლიანი რისხვისა, - გვეშინოდეს, რათა იგივე ხვედრი არ გვეწიოს, რაც მოწოდებულ იუდეველებს ეწიათ, რომელთაც წაერთვათ ცათა სასუფეველი! ფრთხილად იყავით, ცოდვილებმა არ შეგასწროთ ღმერთის სასუფეველში! გვეშინოდეს, რომ ჩვენ, ძენი სასუფევლისანი, რომელნიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად ვხმობთ, მაგრამ თავი მოგვაქვს ოდენ ამპარტავნებით და გარეგანი კეთილმოშიშებით, - ამისათვის გაძევებულნი არ ვიქმნეთ გარესკნელში, უკუნ წყვდიადში, სადაც იქნება ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.

ბ) გარდა ამისა, უფლის ეს იგავი კიდევ ბევრს რასმე გვასწავლის. პირველ ყოვლისა იგავიდან ცხადი ხდება, რომ ყოველივე ამაქვეყნიურის სიყვარული ცათა სასუფევლისაკენ მიმავალი გზიდან გვაშორებს და წარსაწყმედელისაკენ მიმავალ გზაზე გვაყენებს (მუხლები 18-20).

რით იზღუდავდნენ თავს ღმერთის რჩეული ადამიანები ამგვარი გატაცებისაგან ხორციელი გულისთქმებით, ყოველივე ამაქვეყნიურით, ამ მომხიბლაობისაგან გრძნობისმიერი სიკეთეებისა და სიამოვნებებისა? - რითი და, გამუდმებული ფიქრით, რომ თავად მხოლოდ მოსულნი და მწირნი არიან ამქვეყნად, უცხონი მისთვის, როგორც ეს მოციქულმა შენიშნა ძველ წმიდა მამათა შესახებ, თქვა რა, რომ მათ არა ჰქონიათ აქ, ამქვეყნად სამყოფელი ქალაქი, და ამიტომ მომავალ ქალაქს ეძიებდნენ, რწმენით მოელოდნენ რა მომავალი ქალაქის დაფუძნებას, რომლის ხუროთმოძღვარიც უფალი ღმერთია. ცხოვრების ამავე წესს ქრისტეს მოციქული განსაკუთრებით სასარგებლოდ მიიჩნევს ქრისტიანთათვისაც, რომლებიც ამა ქვეყნად ცხოვრობენ, მაგრამ არ ეკუთვნიან ამა ქვეყანას თავიანთი საუკუნო დანიშნულებით: იგი ჩვენ ყველას შეგვაგონებს, ვითარცა მწირთა და უცხოთ, განვეშოროთ ქვეყნიურ გულისთქმათ. მაგრამ ძალზე ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მხოლოდ დროებითი სამყოფელია, სადაც ყოველივე დროებით გვეძლევა და გვემსახურება, რომ ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება აჩრდილივით მალე წარმავალია და მასში არაფერია მდგრადი. ყველაფერი განუწყვეტლივ ქრება და იცვლება. ამიტომაც არ უნდა მივეჩვიოთ ჩვენს ამ დროებითს სამყოფელს და არ უნდა შეგვიყვარდეს იგი, არაფერს არ უნდა მივესწრაფდეთ მასში განსაკუთრებულად, რაც არ უნდა იყოს ეს, რათა გარდუვალი განშორება ყოველივე დროებითთან მტკივნეული არ იყოს ჩვენთვის, და რათა გულიცა ჩვენი იქ არ რჩებოდეს, სადაცა არს საუნჯე ჩვენი. მოგზაური კაცი არ იტვირთავს თავს ზედმეტი ბარგით, დიდხანს არ აკვირდება გზაში სასიამოვნო სანახაობებს თავისთვის უცხო მხარეში, არც ერთ ადგილას იმაზე მეტ ხანს არ ჩერდება, რაც დასვენებისთვისაა აუცილებელი. ამგვარადვე იქცევა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანიც, რომელიც თავის ჭეშმარიტ, ზეციურ სამშობლოს ეძიებს. არანაირი, ყველაზე უწყინარიდა ღმერთისმიერაც კი კურთხეული ქვეყნიური საკრველები არ შეიძლება მისთვის იმდენად ძვირფასნი იყოს, რომ მათი გაწყვეტა მეტად სამწუხარო და მტკივნეული გამოდგეს მისთვის. რამეთუ მას ყოველივე მხოლოდ ღმერთის მიერ და ღმერთისათვი სუყვარს, ყოველივეში მხოლოდ და უპირველესად სულის ცხოვნებასა და საუკუნო ცხოვრებას ეძიებს, ყველაფერს მხოლოდ ღმერთის განსადიდებლად აკეთებს, ყველაფერს მხოლოდ ღმერთისაგან მოელის და სასოებს და ყოველივეში საკუთარ თავს ღმერთის წმიდათა წმიდა ნებას მიუძღვნის, ანუ რაც კი შეემთხვევა და მოეწევა, ყველაფერს მადლობის მიძღვნით მიიღებს და მარადის მორჩილებას უცხადებს თავის ზეციურ მამას.

გ) ეს იგავი იმასაც განგვიცხადებს ჩვენ, რომ ადამიანებს თავიანთი ცოდვიანი ქმედებების გამართლება სხვადასხვა მიზეზებით უყვართ, და რომ ღმერთის თვალში ამ, გარეგნულად ვითომცდა კეთილსახიერ მიზეზებს ძალზე კნინი მნიშვნელობა აქვთ (მუხლები 18-24). ერთი კაციც არ არსებობს ამქვეყნად, რომ თავის გამართლება არ სურდეს თავის ცოდვათა გამო, ერთი - ერთს რასმე მიზეზს იგონებს ამისთვის, მეორე - სხვას, და ამგვარად თითოეული ცდილობს თავის გამართლება მოძებნოს ცოდვილი ცხოვრებისათვის, უგრძნობელად განაგრძობს რა ყოფნას თავისი უსჯულოების უფსკრულში და არ გულმოდგინებს რა თავისი სულიერი ცხოვნებისათვის. უფალი იესო ქრისტე მარადის უხილავად დგას ჩვენ შორის და თითოეულ ჩვენგანს მოუწოდებს აწ თავისი საღმრთო ხმით ისევე, როგორც მაშინ მოუწოდებდა იერუსალიმში მყოფ იუდეველებს: „აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი“ (ლუკა 14,17). უკვე განმზადებულია ჩვენთვის ზეციური საუკუნო ნეტარება, მარადიული ცათა სასუფეველი, ის სიკეთვნი, რომელნიც თვალმა არასადა იხილა და ყურსა არასადა ესმა და გულსა კაცისასა არასადა მოუხდა (I კორინთ. 11,9). და ჩვენ რას ვპასუხობთ უფალს ამ საერთო და ყველასათვის ადვილად გულისხმის-საყოფ მოწოდებაზე? - ჰე, უფალო! ჩვენ გვსურს და დიდადაც გვწადია შენთან მოვიდეთ, კაცთმოყვარე და მოწყალე მამა ღმერთთან, რათა ღირს-ვიქმნათ შენი ზეციური საბოძვარებისა, მაგრამ ხორციელი უძლურება, ქვეყნიური ამაო საზრუნავნი, ეშმაკისმიერი საცთურნი ხელს გვიშლიან ამ წმიდა სურვილის აღსრულებაში, აი, ასე ვპასუხობთ ჩვენ უფალს. მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ ეს ამაო თავის მართლებაა.

აბა, რომელიმე ქვეყნიურ მეფეს რომ მიეწვიე შენ თავის სამეფო დარბაზებში, დაგპირებოდა სიმდიდრეთ, პატივს, სამეფო ღირსებას, თანაზიარობასთავის მეფობაში, განა უგულებელჰყოფდი შენ ამგვარ მოწოდებას და გაიმართლებდი განა თავს უძლურებით, სხვადასხვა დაბრკოლებებითა თუ საცთურებით, ანდა რაიმე სხვა მიზეზით?! არამც და არამც არ იზამდი ამას! არ დაიწყებდი მაშინ ჩივილს, შეუძლოდ ვარო, და ყველა წინააღმდეგობასაც გადალახავდი. ყოველგვარ საცთურზე აღმაღლდებოდი და ბაგეთაც არ გახსნიდი მეფის მიწვევაზე უარის სათქმელად. მაშასადამე, ჩვენ სწორედ იმით ვიმართლებთ თავს ღმერთის მოწოდებაზე უარის თქმისას. რასაც სიხარულით აღვასრულებთ ქვეყნიური დროებითი სიამტკბილობის მისაღებად, და ერთადერთი ჭეშმარიტი სამეუფოსა და მარადიული დიდების დამკვიდრებაზე კი უარს ვამბობთ! ხედავთ, რა უჯერო, უმართებულო და უშვერია ჩვენი თავის მართლებანი, რომელთაც ღმერთს ვთავაზობთ ჩვენი მცონარების გამო.

როგორ? ნუთუ შენს ამ მამულს, სახლ-კარს, სიმდიდრესა თუ ღირსება-პატივს, რომელთაც ხვალე უნდა განეშორო სიკვდილის გამო, დაე თუნდაც ძალიანაც არ გსურდეს ეს, - ნუთუ ყოველივე ამ წარმავალს ამჯობინებ ღმერთის საუკუნო სიკეთეთ?! ნუთუ უფრო ეშმაკისმიერ სურვილთ ემორჩილები, ვიდრე ღმერთის ბრძანებებს?! ნუთუ გირჩევნია ეშმაკს, ბოროტ სულს ემუშაკო შენდა წარსაწყმედად, ვიდრე შემოქმედ ღმერთს შენდა საცხოვნებლად და სანეტაროდ?! და ნუ იფიქრებთ, ჰოი, ქრისტიანნო, რომ ღმერთი, თითქოსდა, არ შეიწყნარებს უსაფუძვლო, უგნურ თავის მართლებათ, ხოლო საფუძვლიანთა და სამართლიანთ - შეიწყნარებს! არა, ჩვენის შეხედულებით სამართლიან თავის მართლებათაც არა აქვთ ადგილი ღმრთის წინაშე. აბა, რომელი თავის გასამართლებელი მიზეზი უნდა იყოს იმაზე სამართლიანი, საფუძვლიანი და შესაწყნარებელი, რასაც მშობლებზე შვილთა ზრუნვა, მათი მოვლის მოვალეობაა? რამეთუ აკი თვითონ უფალმა ღმერთმა გვითხრა: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაითა კეთილი გეყოს შენდა დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“ (გამოსვლათა 20,12). მაგრამ ასევე უფალმა არ გითხრა განა ესეც: „რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს!“ (მათე 10,37). მაშ, რატომაა ასე, რომ ყველაზე სჯულიერ და მართებულ თავის გასამართლებელ მიზეზსაც არა აქვს ადგილი ღმერთის ყოვლადსამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე? იმიტომ, რომ ჩვენ სწორედ ჩვენი შემოქმედი ღმერთისაგან ვართ დავალებულნი ყოველივეში, ყველაფრით, და არა ვინმე სხვისაგან. იგია ჩვენი დამბადებელი და ყოველთა საბოძვართა და ნიჭთა მომმადლებელი ჩვენთვის. ჩვენი გულისთვის, ადამიანთა ხსნისათვის მან თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნად, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო, განკაცდა, ჯვარი და სიკვდილი იტვირთა და ამ გზით შეგვქნა ჩვენ საუკუნო სიკეთეთა მემკვიდრეებად, ამგვარად ჩვენ დავალებული ვართ ღმერთისაგან ჩვენი წარმოშობითაც, ჩვენი არსებობის გაგრძელებითაც და ჩვენი ხსნა-ცხოვნებითაც, რომელიც აწ მისაწვდომი გახდა ჩვენთვის. ყოველივე ამის შემდეგ ნებისმიერი თავის მართლება იმაში, რომ ჩვენ არ ვასრულებთ საღმრთო მცნებებს, არათუ უსამართლოა, არამედ უკეთურიც. ამიტომაც იყო, რომ წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ასე ევედრებოდა უფალ ღმერთს: „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (ფსალმ. 140,4). ამგვარსახედვე უნდა ვილოცოთ ჩვენც უფლის წინშე და, ამასთან, ვერიდოთ ყოველგვარ თავის გამართლებას. სხვაგვარად უფალი ჩვენზეც იმასვე იტყვის, რაც სახლის უფალმა თქვა თავის დიდ პურობაზე მიწვეულთა და არმისულთა მიმართ: „ხოლო გეტყვი თქვენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოი იხილოს სერობისა ამის ჩემისაი“ (ლუკა 14,24).

დ) კვალად, იმ მზრუნველობაში, რომლითაც დიდი პურობის მომწყობი სახლის უფალი ცდილობს მოიძიოს თავისი სერობის მონაწილენი, ცხადად ჩანს, თუ რა დიდია ჩვენი ცხოვნების საქმე და როგორ ზრუნავს ღმერთი ჩვენი ცხოვნებისათვის“ (მუხლები 16-17). და მართლაც, უფლის ზრუნვა მასზედ, რომ ჩვენ ყველანი საუკუნო სიკეთეთა მონაწილეებად შეგვქნას, მეტად დიდია. ამისთვის მან არა ჰრიდა თავის მხოლოდშობილ ძესაც და ჩვენთვის ტანჯვად და ჯვარზე სიკვდილადაც მისცა იგი, რათა მას გამოვესყიდეთ ჩვენ, მთელი კაცთა მოდგმა, სიკვდილის, ეშმაკისა და ცოდვის ტყვეობისაგან, რაც სამოთხის კარს გვიკეტავდა. რა შეიძლება იყოს ამ მსხვერპლზე უფრო დიდი და აღმატებული? მაგრამ ღმერთი არ შემოიფარგლა ამით. მან არ დაიწყო ცდა, სანამ ადამიანები თავად ისურვებდნენ ესარგებლათ ამ დიადი მსხვერპლის ნაყოფებით, არამედ ცხოვნების მქადაგებლები წარმოგზავნა ქვეყნად, დააფუძნა წინამძღოლთა და მცველთა სხვადასხვა მსახურებანი ცხოვნების საქმისათვის, რათა მათ ეუწყებინათ ადამიანთათვის გზა ნეტარებისაკენ, ამ გზაზე ეწინამძღვრათ მათთვის და მისგან ყოველგვარი გადაცთომისაგან დაეცვათ ადამიანები. და მათ დაავალა ღმერთმა ის, რომ განსაკუთრებული დაჟინებით ეიძულებინათ ადამიანები, ცხოვნების მისაღწევად ეცხოვრათ. „აიძულეთ შემოსვლად, - უთხრა უფალმა ღმერთმა მათ, - რაითა აღივსოს სახლი ჩემი!“ ოღონდ ცეცხლითა და მახვილით კი არ უნდა აიძულონ მათ ადამიანები ცხოვნების გზას დაადგნენ, არამედ თვითონვე ცეცხლოვანი გულმოდგინებით უნდა დაშვრებოდნენ სულთა მოსაქცევად ქრისტეს ყანაში, ცხადად თუ ფარულად აუწყებდნენ მათ ცხოვნების გზებს. ამას მოითხოვს მათგან უფალი ღმერთი, რომელიც მკაცრად დასჯის თავის ამ მსახურთ, თუკი ისინი უგულებელყოფენ თავიანთ მოვალეობას და გულმოდგინედ არ ემსახურებიან ადამიანთა ცხოვნების საქმეს. მაშ, რა მოგვეთხოვება ჩვენ ამ დიად საქმეში ჩვენი ხსნისა? განა ძალგვიძს უგულებელვყოთ და დავივიწყოთ იგი, როცა თავად ღმერთი ასე ზრუნავს ჩვენთვის და მარადის მოგვიწოდებს თავის დიდ სერობაზე?!

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე