დიდმარხვის მეორე კვირა

სახარება მარკოზისაგან (2, 1-12)

„1. და  (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! 6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, 7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა? 8. ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 9. რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 10. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: 11. შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.“

I. აწინდელი კვირის სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნვა კაპერნაუმში. ეს მოვლენა ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებასა და განსჯას იმსახურებს. ამიტომ თანმიმდევრულად განვიხილოთ აწ გადმოცემული თხრობა.

„და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს“ (მუხლი 1).

ვის სახლში ხდება ეს? - სახარებაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. უფალი იესო ქრისტე თუმცა კი ხმობდა კაპერნაუმს თავის ქალაქად, მაგრამ არსად - არც აქ და არც სადმე ამქვეყნად არავითარი საკუთრება არ გააჩნდა. „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. - ამბობდა უფალი საკუთარი თავის შესახებ (მათე 8,20). მაშ, ვის სახლში შეიძლებოდა იგი გაჩერებულიყო კაპერნაუმში? აქ ბევრი მისი ერთგული მიმდევარი ცხოვრობდა. აქ ჰქონდა სახლი პეტრე მოციქულს, სადაც მისი სიდედრი ცხოვრობდა, ყოველთვის მზადმყოფი უფლის - თავისი კეთილისმყოფელის მისაღებად (მათე 8,14; ლუკა 4,38-39). აქვე ჰქონდა სახლი მოციქულ მათესაც, ყოფილ მეზვერეს - მდიდარ კაცს (ლუკა 5,27). აქ აღადგინა უფალმა მკვდრეთით იაიროსის ასული (მარკ. 5,22). აქვე აღასრულა მან მრავალი სხვა სასწაულიც, და მაშასადამე, მრავალი ადამიანი ცხოვრობდა აქ, უფლისაგან კეთილმოქმედებული და დავალებული. და, ალბათ, სწორედ ერთ-ერთი მათგანის სახლში იყო უფალი გაჩერებული ამჯერად.

„და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა“ (მუხლი 2).

ხმები იესო ქრისტეს ღვთაებრივი სწავლებისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ ძალზე სწრაფად ვრცელდებოდა თვით ქალაქებშიც, სადაც უფალი შედიოდა, და მათს სანახებშიც. ხალხი მას ყოველთვის მრავლად დაჰყვებოდა; ზოგჯერ მათი რიცხვი რამდენიმე ათასსაც კი აღწევდა. ის გზა, სადაც სამყაროს მაცხოვარი ვიდოდა, ან ის სახლი, სადაც იგი ჩერდებოდა, მალე ხალხით ივსებოდა, რომელსაც ცხოვრების სიტყვის მოსმენა სურდა მისგან და საკვირველ შეწევნასაც მოელოდა თავის სხვადასხვა სნეულებებში. ყოველი მათგანის გული და მზერა იესო ქრისტესაკენ იყო მიმართული. მას გარს ეხვივნენ მონანული ცოდვილნი, მის ფერხთით ცრემლებს ჰღვრიდნენ მეძავი დედაკაცნი, ცნობილი მთელი ქალაქისათვის; მას გულგახსნილად იღებდნენ; მას შეწევნისათვის წარმართნიც კი მიმართავდნენ. ერთის სიტყვით, ყველა, ვინც კი შეიტყობდა, იესო ქრისტე ამა და ამ ადგილას მივა, ანდა ამა და ამ სახლში გაჩერდაო, უმალვე ტოვებდა თავის საქმეს და მისკენ მოიჩქაროდა მისი ღვთაებრივი სწავლების მოსასმენად. და როგორადაც ყველა სხვა ადგილას ხდებოდა, ისე იყო ახლა კაპერნაუმშიც. ხალხი აქ მრავლად შეიკრიბა, სახლში სივიწროვე იყო; კარებთანაც ტევა არ იყო, რამეთუ უფალი იესო ქრისტე მათ სიტყვით მიმართავდა - თავის საღმრთო სწავლებას გადასცემდა. ხედავთ, ძმანო, ღმრთის სიტყვის მოსმენისადმი რა მგზნებარე გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ იესო ქრისტეს თანამედროვენი!

„და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან“ (მუხლი 3).

იმ დროს კაპერნაუმში ერთი საწყალობელი სნეული კაცი ცხოვრობდა, განრღვეული, - ძარღვებმოშლილი და ლოგინად ჩავარდნილი; სასტიკ დამბლას მთელი მისი სხეული მოეცვა და იგი სულ გაუნძღევლად იწვა; ასეთი სნეულება განუკურნავია, და მისით მოწყლული ადამიანის მდგომარეობა - უმძიმესი, ყოვლადგაუხარელი. მაგრამ, აი, გამოჩნდა ოთხი კაცი, მისი ნათესავები, თუ ნაცნობები, კეთილი, მორწმუნე ადამიანები, რომელთაც იგი საცხედრით - მისი საწოლითვე აიყვანეს და იმ სახლთან მიიყვანეს, სადაც იესო ქრისტე იმყოფებოდა.

„და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი“ (მუხლი 4).

რა მოულოდნელი დაბრკოლებაა! ქრისტე სახლში იმყოფება, მაგრამ ეზოში და კარებთან იმდენი ხალხია თავმოყრილი, რომ ტევა არ არის და ჯანმრთელ კაცსაც გაუჭირდება შიგნით შეღწევა. რა უნდა ქნან? ელოდონ, სანამ ქრისტე საუბარს დაასრულებს და სახლიდან გამოვა? მაგრამ ძალიან დიდხანს რომ გაგრძელდეს ეს? იქნებ გვიან ღამემდეც, როგორც ეს ხშირად მომხდარა კიდეც? ცოდვაა სნეული. და აი, რწმენამ იესო ქრიტეს - ამ დიდი მოძღვრის სასწაულთმოქმედი ძალისა, სიყვარულმა და თანალმობამ უბედური სნეულისადმი მოანახინეს ამ ღვთისნიერ ადამიანებს საშუალება უფალ იესოსთან მიეყვანათ სნეული მისივ ცხედრიანად. მათ კიბით ააღწიეს სახლის ბანზე და იქიდან ცხედრიანად, ალბათ, თოკებით ჩაუშვეს განრღვეული ქრისტესთან. ამის გაკეთება ძნელი არ იყო, თუკი გავიხსენებთ, როგორი სახლები ჰქონდათ მაშინ ებრაელებს. აი, ასეთი მარჯვე და ხერხიანია სიყვარული; ასე ძლიერია რწმენა; ძნელს იგი ადვილად აქცევს, ფრთხილსა და გაუბედავს განამხნევებს და შეუძლებელსაც კი შეაძლებინებს.

„და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (მუხლი 5).

ანუ იხილა რწმენა მათი - თვით სნეულისა და მისი მომყვანი ადამიანებისა. განრღვეული, ალბათ, არც ისე მოუძლურებული იყო სულით და გონებით, არ სცოდნოდა და არ მიმხვდარიყო, თუ რას იქმან მის თავს, ანდა არ გაეგო, თუ რა დიდი და რა სასწაულთმოქმედი ძალა ჰქონდა იესო ქრისტეს, და მას ნამდვილად სწამდა ამ საკვირველმოქმედი ძალისა. მაგრამ ოდენ მისი რწმენისათვის კი არა, არამედ, და უფრორე, სწორედ მისი მომყვანი ადამიანების რწმენისთვის მიუტევებს უდალი განრღვეულს ცოდვებს და განკურნავს კიდეც მას. აი, ასე, ღმერთის უსაზღვრო მოწყალებით, ერთთა რწფელი რწმენა სხვას შეერაცხება და შეეწევა ცხოვნების საქმეში.

ქრისტე პირდაპირ, მაშინვე კი არ განკურნავს განრღვეულს, არამედ ჯერ ცოდვებს შეუნდობს მას. რას ნიშნავს ეს? - იმას, რომ განრღვეულის სნეულება მისი ცოდვიანი ცხოვრების შედეგი იყო. სწორედ ცოდვებმა აქციეს იგი უბედურ ადამიანად.

„ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ (მუხლები 6-7).

ყოველნი უზაკველი განზრახვით როდი მოდიოდნენ უფალ იესოსთან მისი სწავლების მოსასმენად. მის საუბრებს მწიგნობარნიც ხშირად ესწრებოდნენ, ის ადამიანები, რომელთაც დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ განსწავლულობასა და სჯულისმეცნიერობაზე; ისინი აქ, უფლის გვერდით იმისთვის ისხდნენ, რომ მის საუბარში სჯულისაგან რაიმე გადახვევა აღმოეჩინათ, რაიმე სიტყვაზე დაეჭირათ და შემდეგ სამარცხვინოდ გაესამართლებინათ. ასეთი მწიგნობარნი ყოველთვის მრავლად იყვნენ და არიან. ესევითართ არა სჭირდებათ საზოგადოებისათვის სარგებლობის მოტანა; მათ მხოლოდ შური არ აძლევთ მოსვენებას იმის გამო, რომ იესო ქრისტეს სახელი ესოდენ განთქმულია ხალხში და იგი ასეთი სიყვარულით სარგებლობს; თავიანთი ამპარტავნების გამო მწიგნობარნი ცდილობენ დაამცირონ იესო ხალხის თვალში; ამიტომ მის სიტყვებს და საქმეებს დამახინჯებულად იგებენ, და ასევე გარდაქცეულად გადასცემენ სხვებსაც ამბავს მათს შესახებ. აი, ამგვარნი იყვნენ ებრაელი მწიგნობარნი. „ესე გმობასა იტყვის“, - ამბობენ ისინი, ანუ: უბრალო ადამიანია და საკუთარ თავს იმას აკუთვნებს, რაც მხოლოდ ღმერთის კუთვნილებაა, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანისათვის ცოდვების მოტევება. ამიტომ იგი ღვთისმგმობიაო. „ვის ხელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?!“ - მწიგნობართა ეს აზრი სავსებით მართებულია. მართალია, ადამიანებიც მიუტევებენ შეცოდებებს იმათ, ვისაც მათ მიმართ ჩაუდენია დანაშაული, მაგრამ კაცობრივი მიტევება ცოდვისა ჯერ არ არის საკმარისი: იგი ვერ დაამშვიდებს ცოდვილს, ვერ შეარიგებს მას საკუთარ სინდისთან, სანამ თვით ღმერთი არ შეუნდობს მას ცოდვას. ნებისმიერი ცოდვა, როგორც მისი მცნების დარღვევა, განარისხებს უფალს. ცხადია, რომ ღმერთის რისხვის აცილება ცოდვილისაგან მხოლოდ და მხოლოდ თავად ღმერთს ძალუძს, და საკუთრივ მხოლოდ მას ეკუთვნის ცოდვათა მოტევების ხელმწიფება. ამიტომ, თუკი ადამიანები შეუნდობენ ერთმანეთს ცოდვებს, საბოლოოდ და უპირობოდ კი არა, არამედ ამ სურვილის ქონით: ღმერთიმც მოგიტევებს შენ ცოდვებსო. ამრიგად, მწიგნობართა აზრი მასზედ, რომ მხოლოდ ერთ ღმერთს აქვს ხელმწიდება ჩვენთვის ცოდვების მოტევებისა, - ეს აზრი სავსებით მართებულია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მათ არ იცოდნენ, ანდა, უფრო სწორად, არ სურდათ სცოდნოდათ და ერწმუნათ, რომ მათ წინაშე თავად ხორციელქმნილი ღმერთია.

„ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ (მუხლი 8).

გულთამხილავი უფალი ხედავდა მწიგნობართა მზაკვრულ ზრახვებს, მან იმთავითვე იცოდა ის ბოროტი განზრახვა, რომლითაც ისინი მასთან მოსულიყვნენ ამ სახლში, და ახლა, ყველას წინაშე გამოაშკარავა რა მათი ფიქრები, ამით უფალმა თავისი ღვთაებრივი ყოვლისმცნობელობაც წარმოაჩინა, თითქოს ასე ეუბნება მწიგნობრებსო: მაშ, იცოდეთ, რომ ჩემთვის ყოველივეა ცნობილი, ისიც კი, რაც გულში გაქვთ, მაშასადამე, მე მაქვს ყოვლისმცნობელობა, რაც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს; ხოლო თუკი მე ყოვლისმცნობელობა მაქვს და ღმერთი ვარ, ამდენად ცოდვათა მოტევების ხელმწიფებაც მქონია. ასე განაგებს უფალი - ამხილებს კიდეც და გამოასწორებს კიდეც.

„რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?“ (მუხლი 9).

ყოვლადძლიერი ღმერთისათვის ერთნაირად ადვილია ორივე ამის თქმა: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“-საც, და: „აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“-სიც. იმიტომ, რომ ღმერთის ყოველი სიტყვა - უკვე საქმეცაა, უმალვე სინამდვილედ იქცევა, „რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ამცნო, და დაებადნეს“ (ფსალმ. 32,9). მაგრამ რადგანაც ადამიანური განსჯით თქმა უფრო ადვილია, ვიდრე სიტყვათა საქმით განმართლება და დამტკიცება, და მეტადრე განრღვეულისათვის თქმა - ადექი, შენი საკაცე აიღე და წადიო, ამიტომ ქრისტე, მწიგნობართა შესაგონებლად იმ სასწაულს აღასრულებს, რომელიც თვალსაჩინოდ დაადასტურებს მასში საღმრთო ძალის არსებობას, ანუ იმას, რომ მათს წინაშე უბრალო ადამიანი კი არ არის, არამედ - ღმერთი, ანუ ვისაც ძალუძს ცოდვების მიტევებაც და სასწაულთა აღსრულებაც.

ამის, ანუ თავისი ღვთაებრივი ხელმწიფების დასტურად, მაცხოვარი ამბობს:

„ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!“  (მუხლები 10-11).

და რა თქმა უნდა, განრღვეულსაც და მის აქ მომყვან მეგობრებსაც სწორედ ეს სურდათ. მაგრამ მაცხოვარი მცირე ხნით აყოვნებდა სასწაულებრივი კურნების აღსრულებას, რათა მწიგნობარნი ემხილებინა და თვით განრღვეულისთვისაც და ყველა იმ მყოფისთვისაც ცხადად ეჩვენებინა, რომ მისი სნეულების განკურნვა შეუძლებელი იქნებოდა მანამდე ცოდვათა მიტევების გარეშე, რომელთა გამოც იგი ევნებოდა კიდეც ამ უძიმესი სენით - განრღვეულობით, უაღრესი დამბლადაცემულობით.

„და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა“ (მუხლი 12).

აი, ახალი დადასტურება მაცხოვრის ზებუნებრივი ძალისა: ბუნებრივი კურნებანი ნელ-ნელა აღესრულება, თანდათანობით განმტკიცებით ადამიანის ძალისა; ეს სნეული კაცი კი, განრღვეული მეყვსეულად წამოდგა, და არათუ წამოდგა, ის საკაცეც აიღო, რომელზედაც იწვა უძრავად, და ხალხის მთელი იმ კრებულის თვალწინ თავისი სახლისაკენ წავიდა. რა შეიძლებოდა ამ სასწაულზე საკვირველი ყოფილიყო? რას შეიძლებოდა უფრო ძლიერად დაედასტურებინა უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ძლიერება?!

„ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ“ (მუხლი 12).

ხალხმა აშკარა სასწაული იხილა და განკვირდა; ღმერთის ძალა დაინახა და განადიდა იგი. მაგრამ ამავე ხალხში ჯერ კიდევ კვლავაც რჩებოდა ურწმუნოება იესო ქრისტეს ღვთაებრიობაში, რადგან სწორედ მას კი არ განადიდებდა საკუთრივ, არამედ - ზოგადად ღმერთს, რომელსაც იესოსთვის ვითარცა ადამიანისათვის, - როგორც მათ ეგონათ, - მოემადლებინა ამგვარი ხელმწიფება სასწაულის აღსრულებისა. ამ, ჯერეთ მეორედ არ შობილი ადამიანებისთვის, ძნელია წარმოდგენა ღმერთისა ადამიანად და ადამიანისა ღმერთად! მაგრამ კეთილმსახურების ეს საიდუმლო ყველაზე დიდი საიდუმლოა, როგორც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს (I ტიმოთე 3,16), და მას ვერ დაიტევდა ადამიანის გონება მანამდე, სანამ ღმერთის მადლით არ იქნებოდა განმზადებული ადგილი ამ საიდუმლოს დასატევნად მასში.

II. აწ იმ ზნეობრივ ჭეშმარიტებებზე შევჩერდეთ, რომლებსაც დღეს წაკითხული სახარება გვაწვდის.

ა) მისგან ჩვენ ვიგებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ სნეულებათა მთავარი და საერთო წყარო - ცოდვაა, და რომ რწმენა მაცხოვრისა, შეერთებული გულწრფელ სინანულთან ყველაზე უტყუარი, ნამდვილი საშუალებაა ყველა სნეულების წინააღმდეგ (მუხლი 5). მართლაც, სხეულში, უმეტესწილად, მხოლოდ ანარეკლია ხოლმე სულის არასწორი და სჯულისსაწინააღმდეგო ქმედებებისა თუ მისწრაფებებისა. ამიტომაც დახელოვნებული და გამოცდილი მკურნალი, აკვირდება რა სნეულებისმიერ სახეცვლილებას სხეულში, ცდილობს ავამდყოფის სულში არსებული მისი აღმომაცენებელი მიზეზიც შეიტყოს, და რჩევებსაც და დარიგებებსაც ხშირად ისეთს იძლევა, რომლებიც პირდაპირ სულისათვისაა განკუთვნილი, - მაგალითად, ურჩევს სნეულს მშვიდად ყოფნას, გონებრივი საქმიანობისაგან დასვენებას. მაგრამ რაკი სნეულის სხეულთან აქვს საქმე, მკურნალი მხოლოდ ნაწილობრივ ეხება მის სულიერ სნეულებას, მით უმეტეს, რომ ნივთიერი წამლები მხოლოდ სხეულზე მოქმედებენ. და ჩვენ ხშირად იძულებულნი ვართ სწორედ ღმერთის მართლმსაჯულების ზემოქმედებად ვაღიაროთ ზოგიერთი უმძიმესი და ხანგრძლივი სნეულება, ძნელად მისაწვდომი და ასახსნელი ბუნებრივი თუ შემთხვევითი მიზეზებით, - მართლმსაჯულებისა, რომელიც დასჯის და შეაგონებს კაცთა ცოდვილ მოდგმას. ამიტომ კეთილგონიერება და სამართლიანობა მოითხოვს, რომ სხეულებრივ სნეულებათა დროს ჩვენ არამხოლოდ სხეულის განკურნვაზე ვზრუნავდეთ, არამედ ჩვენი სულისაზეც. ასე რომ, შეისმინე, ქრისტიანო, ის სწავლა, რომელსაც თვით მაცხოვარი გაძლევს განრღვეულის განკურნვის მაგალითით, და ისწრაფე, პირველ ყოვლისა, შენს სულს უმკურნალო სინანულით, ღმერთთან შერიგებით, შენი ცხოვრების გამოსწორებით, შენი უმართლობების გადაშლით, რათა შენი სხეულიც ჯანსაღი იყოს.

ბ) განრღვეული სნეული - მთელი ცოდვილი კაცთა მოდგმის მსგავსება და სიმბოლოა. უმწეო მდგომარეობაში რომ აღმოჩენილა თავისი დაცემის შემდეგ (მუხლი 3). დაცემულმა ადამიანმა სულ უფრო მეტად იწყო თავისი ბუნების დამახინჯება, სულ უფრო მეტად ჰკარგავდა იგი თავის სულიერ და სხეულებრივ ძალებს, სულ უფრო ფართოდ განავრცობდა თავის მანკიერ სურვილებსა და ვნებებს, სულ უფრო უახლოვდებოდა პირუტყვთა ბუნებასა, და ანგელოთა მსგავსი მდგომარეობის დაკარგვის შემდეგ, „ჰბაძავდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფსალმ. 48,21). ვერავინ და ვერაფერი ვერ შეეწეოდა მას; არაფერი არ განაშორებდა ცოდვიან ცხოვრებას და არ მიაქცევდა მას ხელახალი აღმავლობისათვის სათნო და წმიდა ცხოვრებისაკენ, - არაფერი, არც გონების შეგონება, არც სინდისის მხილებანი, არც სინას მთის საღმრთო მცნებები და არც წინასწარმეტყველთა ქადაგება. აი, ახლაო - უნებლიედ გაიფიქრებდი. - უსათუოდ უნდა ეწიოს ასეთ ადამიანს საბოლოო დაღუპვა, წარწყმედა. მაგრამ კაცთმოყვარე უფალმა ის მოიმოქმედა, რომლის უმეტესსაც იგი, მთელი თავისი სიბრძნისა და სახიერების ძალით, ვერ იქმს: მან თავისი მხოლოდშობილი საყვარელი ძის სიკვდილით გამოისყიდა კაცობრიობა და ადამიანს ცოდვათა მოტევება და საუკუნო ცხოვრება მიჰმადლა. საღმრთო მადლის ძალითა და ღმერთის ამგვარი მოწყალებით, ადამიანი ცხოვნებას მოიპოვებს ღმერთის ძის - იესო ქრისტეს რწმენით, და განმტკიცებულ-გაძლიერებული სულიწმიდის ძალით, ცოდვის წყვდიადიდან საღმრთო ნათელში ბრუნდება, შეიქნება ახალ კაცად, კვლავ სამოთხეში ბრუნდება, ოღონდ უკვე არა ქვეყნიურში, არამედ - ზეციურში.

გ) განრღვეულის განკურნების ისტორია შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს მოყვასისადმი შეწევნისა იმ ადამიანთა სახით, რომელთაც უფალთან ცხედრით მიიყვანეს უმწეო სნეული (მუხლები 3-4). როგორი გულმოდგინება გამოიჩინეს მათ მოყვასისადმი დახმარებაში! - რაკი კარიდან შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ ხალხის დიდი სიმრავლის გამო, ისინი სახლის ბანზე ავიდნენ, განრღვეულიც იქ აიყვანეს ცხედრით და ზემოდან ჩაუშვეს იგი მაცხოვართან. მოყვასისადმი ასეთი გულწრფელი შეწევნის მაგალითი ტყუილად როდია მოყვანილი სახარებაში. ჩვენს დროში თითქმის ყოველი ჩვენგანი მხოლოდ საკუთარი თავითაა დაკავებული, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. „ფული და ქონება მქონდესს, და მეტი რაღა მინდაო“, - ასე ფიქრობს თანამედროვე ადამიანი. და ამავე დროს რა უხეში, უგრძნობელი და ოდენ საკუთარი თავის სიყვარულის გამომხატველია მსგავსი სიტყვები! როგორ არ შეეფერებიან ისინი ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს, მეგობრობისა და სიყვარულისათვის შექმნილს. ჩვენი დროის ადამიანებს კარგად აქვთ შეგნებული და ნაგრძნობი, რომ ისინი ერთი ზეციური მამის შვილები არიან, რომ ყველანი ერთ დიდ ოჯახს შეადგენენ; და უმაღლესი კმაყოფილებაც და სიხარულიც ადამიანისათვის მკვდარი ლითონის, ფულისა და ქონების ფლობაში კი არ მდგომარეობს, არამედ გულწრფელ თანამეგობრობაში მოყვასებთან, ჩვენს სულთა და გულთა ერთიანობაში მათს სულებთან და გულებთან, - ზიარ მეგობრობასა და სიყვარულში; ხოლო ნივთიერ სიკეთეთა ფლობაზე დამყარებული ბედნიერება არც სრულია და არც მტკიცე.

დ) კიდევ ორი რამ ვინიშნოთ დღევანდელი საკითხავიდან ჩვენს დასამოძღვრად: უფალი ცოდვებს მიუტევებს განრღვეულს; თითქოსდა, ყველას გულით უნდა უხაროდეს ეს, მაგრამ, აი, მწიგნობართა მზაკვრული გონება ასკვნის: „ეგე გმობასა იტყვის“. წმიდა თეოფანე დაყუდებული წერს: „მაშინაც კი, როცა განრღვეულის კურნების სასწაული აღსრულდა იმ, ჩვენთვის მანუგეშებელი ჭეშმარიტების დასტურად, რომ „ხელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა“, - ხალხმა ღმერთი განადიდა, ხოლო ფარისეველთა შესახებ არაფერია ნათქვამი, და ალბათ იმიტომ, რომ მათ აქაც რაღაც მზაკვრული კითხვები შეთხზეს (მათე 9,1-8). გონება სარწმუნოების ცუდად გამომეძიებელია: გამუდმებით მზაკვრულ ეჭვებს ჭედავს და გმობებს თხზავს სარწმუნოების ყველა მხარეზე; სასწაულებისა ან არა სწამს, ანდა ხელშესახებ სასწაულს მოითხოვს, მაგრამ როცა მოეცემა ასეთი სასწაული და დაავალდებულებს მორჩილი იყოს რწმენაში, მას კვლავაც არ რცხვენია თავის ჯიუტ ურწმუნოებას ადგეს და დამახინჯებულად განმარტოს და დააკნინოს სასწაულებრივი საღმრთო ქმედებანი. ამგვარივე დამოკიდებულება აქვს მას საღმრთო ჭეშმარიტების მტკიცებულებისადმი. აი, მას საკმარისი რაოდენობითა და ძალმოსილებით წინა-დაუდებენ გამოცდილებითს და გონებისმიერ დასაბუთებებს, ის კი ყველას მათ ეჭვქვეშ აყენებს. გულდაგულ რომ განიხილო მისი შეხედულებანი, ნახავ, რომ ყოველივე მათში - ოდენ მზაკვრობაა, მიუხედავად იმისა, რომ მის ენაზე ეს გონივრულად ითვლება; ასე, რომ მის - ურწმუნო ადამიანის შემთხვევაში ჭკუიანობა და მზაკვრობა - ერთი და იგივე რამაა. რწმენის შესახებ მოციქული ამბობს - ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვსო. ხოლო რწმენის გარე ვისი გონებაა? - მზაკვრისა. ამიტომაც მის განმასხვავებელ თვისებად მზაკვრობა ქცეულა.

ე) დღევანდელი სახარების საკითხავის ბოლოს ნათქვამია, რომ ყველანი, ვინც კი განრღვეულის სასწაულებრივი კურნება იხილა, განკვირვებული იყო და ღმერთს განადიდებდა (მუხლი 12). ჩვენ, ქრისტიანებს, რომელთაც კარგად ვუწყით უფლის ღვთაებრივი ძალა მრავალრიცხოვანი გამოცდილებიდან, მისი სასწაულებიდან, სულაც არ გვიკვირს იგი, რამეთუ ღმერთისათვის იგი სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ მარადის განვადიდებთ უფალ ღმერთს, რომელიც თავისი მოწყალების სასწაულებს მოგვივლენს ჩვენ და სნეულებებშიც გვანიჭებს საშუალებებს ჩვენი ცხოვნებისათვის. ჩვენ მთელი საკუთარი ცხოვრებით განვადიდებთ ღმერთს, და ეს ცხოვრება იმის დამადასტურებელი უნდა იყოს, რომ არამხოლოდ სახლწოდებითა ვართ ქრისტიანები, არამედ - საქმითაც, სინამდვილეშიც. მაშინ ღმერთის ვერმცნობელნიც, იხილავენ რა ჩვენს თავშეკავებას, კეთილკრძალულებას, მოწყალებას, მტერთა შენდობას, მიცემული სიტყვისადმი ერთგულებას, უბოროტობას, ურისხველობას, სიმშვიდესა და თავმდაბლობას, - იხილავენ რა ყოველივე ამას და სხვა მრავალ ქრისტიანულ სათნოებებს, ისინიც განადიდებენ შემოქმედ ღმერთს - თავიანთ ზეციურ მამას.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე