დიდმარხვის მეოთხე კვირა - ხატთაყვანისცემისა

სახარება მარკოზისაგან (9, 17-31)

„17. და (მას ჟამსა შინა) მი-ვინმე-უგო მას (იესუს) ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. 18. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს. 19. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! 20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა. 21. და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან. 22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. 23. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. 24. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. 25. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! 26. და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა. 27. ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა. 28. და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? 29. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. 30. და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. 31. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.“

I. აწინდელი კვირის სახარების საკითხავში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ ყრუ-მუნჯობის სულით შეპყრობილი ადამიანის განკურნვის ამბავი. ამ მონათხრობში ბევრი რამაა დიდად სამოძღვრებო ჩვენთვის. ამიტომ ჩვენი საერთო ყურადღება მივაპყროთ მოსმენილ ამბავს და დაწვრილებით განვიხილოთ იგი.

„და (მას ჟამსა შინა) მი-ვინმე-უგო მას (იესუს) ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს“ (მუხლები 17-18).

ამ თხოვნით ხსენებულმა კაცმა მაშინ მიმართა იესოს, როცა იგი თავისი დიდებული ფერიცვალების შემდეგ თაბორის მთიდან ჩამოდიოდა რჩეულ მოწაფეებთან - პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად. უფლის ყოფნის დროს თაბორის მთაზე ფერისცვალებისათვის, დარჩენილმა მოწაფეებმა სცადეს ბოროტი სულის მიერ შეპყრობილის განკურნვა, მაგრამ ვერ შეძლეს მისგან დემონის განდევნა. ამით ისარგებლეს მწიგნობრებმა და ყოველი ღონე იხმარეს იმისათვის, რომ შეერყიათ იესო ქრისტეს გავლენა ერზე. მოხდა კამათი, რომლის მოწმეც ხალხის დიდი სიმრავლე იყო. სწორედ ამ დროს ეშვებოდა თაბორის მთიდან იესო, გაბრწყინებული ფერისცვალების დიდებით, რომელიც ჯერ კიდევ მთლიანად არ განქარვებულიყო, და ხალხის საყოველთაო განკვირვებისას მისი ყოვლადუჩვეულო შესახედაობით, უფალმა ჰკითხა შეკრებილთ: რას კამათობთ, „რაისა გამოეძიებთ ურთიერთას?“ (მუხლი 16). და რაკი მწიგნობარნიც დუმდნენ და მოწაფენიც არაფერს ამბობდნენ, სწორედ მაშინ წარდგა უფლის წინაშე ბოროტეშმაკეულის მამა იმ პასუხით, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ. ამ პასუხში იგი პირველ ყოვლისა დაწვრილებით აღწერს თავისი ძის სნეულებას: მასში დაბუდებული ბოროტი სული ანაზდად ეკვეთებოდა ხოლმე მას და საშინლად ქენჯნიდა, ისე, რომ სნეულს დუჟი ერეოდა, იგი კბილებს აღრჭენდა და შეშდებოდა, თითქოს მისი სიცოცხლის ყველა წყარო დაშრაო. თავისი მონათხრობი უბედურმა მამამ თითქოსდა ერთგვარი საყვედურით დაასრულა იესოს მოწაფეთა მიმართ, რომელთაც ვერ შესძლეს ბოროტი სულის დამუნათება და განსხმა: მე შენს მოწაფეთ მოვუყვანე ჩემი ძე, მაგრამ მათ ვერ შესძლეს მისი განკურნებაო.

„მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!“ (მუხლი 19).

ზოგიერთი განმმარტებელი პიდაპირ გამორიცხავს უფლის მოწაფეების ამ საყვედურისაგან და მხოლოდ იქ შეყრილ ხალხის ბრბოს აკუთვნებს მას, რომლის აღსანიშნავადაც სახელწოდება - „ნათესავი“ - უფრო შესაფერი მოჩანს, და რომელშიც უფალი მთელი იუდეველი ერის თვისებებს ხედავს; ასევე სნეულის მამაშიც მთელი მისი თაობის სახეს ხედავს, და უფლის საყვედურის უდიდესი ნაწილიც სწორედ მათ ეკუთვნითო. წმიდა მახარებელ მარკოზთან უფლის საყვედური უშუალოდ სნეულის მამას ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მისით არ შემოიფარგლება და მრავალ სხვა იდეველზეც ვრცელდება. გაცილებით უფრო სწორი ჩანს, რომ უფლის ეს საყვედური მხოლოდ და მხოლოდ და უმთავრესად მისი მოწაფეებისადმი კი არ არის მიმართული, არამედ სწორედ იქ შეყრილი ხალხის მთელი სიმრავლისადმი და ბოროტეშმაკეულის მამისადმი. მიუხედავად ამისა, უფლის საყვედური მის მოწაფეებსაც განეკუთვნება, რამეთუ მათმა არაერთგულებამ, უმართლობამ თუ მცირედმორწმუნეობამ ხალხის საერთო დონემდე დააკნინა ისინი, და ამიტომ მოწაფეებსაც ხალხთან ერთად უნდა ეწვნია უფლის ეს, საერთო საყვედური.

ამგვარსახედ გამოთქვა რა საყვედური ურწმუნოებისადმი, უფალმა მაინც, მიუხედავად ამისა, ისწრაფვა შეწევნა აღმოეჩინა სნეულისადმი. მან ბრძანა - აქ მომგვარეთო სნეული.

„და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა“ (მუხლი 20).

როცა ბოროტეშმაკეული მაცხოვართან მოიყვანეს, არაწმიდა სულმა უმალ იგრძნო, თუ ვის წინაშე აღმოჩნდა და სნეულის ძლიერი ქენჯნა დაიწყო. როგორც კი დაინახა ბოროტეშმაკეულმა მაცხოვარი, ბოროტმა სულმა დააკვეთა იგი, ძირს დასცა, აგორებდა მიწაზე დუჟმოერულსო, - გვეუბნება სახარება. მაშინაც კი, როცა მაცხოვარმა ყრმისაგან გასვლა უბრძანა დემონს, და მომავალშიც, მეტად აღარ შეხვიდე მასშიო, დემონმა მაშინვე როდი დასტოვა თავისი მსხვერპლი: მაღალი ხმით დაიძახა სნეულის პირით, ძლიერ აგორავა მიწაზე და მხოლოდ ამის შემდეგ განვიდა ყრმისაგან, რომელიც მკვდარივით იქმნა და უძრავად იწვა, ისე, რომ ბევრმა იგი ბოროტი სულისაგან მოკვდინებულადაც კი მიიჩნია. საიდან მომდინარეობს ამგვარი უტიფარი კადნიერება ეშმაკისა? და ნუთუ მაცხოვარს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა არაწმიდა სულის განსაძევებლად? - წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ უფალმა ეს გააკეთა „იქ მდგომი ხალხის შესაგონებლად, რომელსაც საკუთარი თვალით ცხადად უნდა დაენახა, თუ რა უტიფრად კადნიერია ეშმაკი, და, მიუხედავად თავისი ამ უტიფრობისა, როგორ ძრწის იგი უფლის წინაშე“.

„და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან“ (მუხლი 21).

ეჭვი არ არის, რომ უფალმა იესო ქრისტემ ყოველივე უწყოდა სნეულის შესახებ, რამეთუ ღმერთმა წარსულიც იცის, აწმყოც და მომავალიც. ამასთანავე ყრუ-მუნჯობის ბოროტი სული თავისით ვერანაირად ვერ შევიდოდა და ვერ სტანჯავდა ღმერთის ქმნილებას, ღმერთს რომ არ დაეშვა ეს და ნება არ მიეცა მისთვის. ასე, რომ უფალმა იესო ქრისტემ, ვითარცა ღმერთმა ის დღეცა და საათიც კი უწყოდა, რომლიდანაც მოყოლებული ბოროტ სულს დაწყებული ჰქონდა ამ უბედური ადამიანის ტანჯვა. მაშ რისთვის ეკითხება უფალი მის მამას? იმისთვის, რომ თავისი თანადგომა გამოამჟღავნოს ჩვენი უძლურებისადმი და მისი ცხოველი რწმენისადმი განგვაწყოს. იქ შეყრილ ხალხს შესაძლოა ყურადღებაც არ მიექცია მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულებრივი კურნებისათვის, მას რომ უმალვე განესხა მისგან ბოროტი სული. ამიტომ, მამისათვის შეკითხვის დასმითა და მისგან პასუხის მოსმენით სნეულების დროის შესახებ იესო ქრისტეს სურს წარმოაჩინოს, რომ სნეულება ძალზე მძაფრი, სახიფათო და უკურნებელია; რომ მისი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ზეციური მკურნალის ყოვლადძლიერებით. ამასთანავე უფალს სურს შეგვაგონოს ჩვენ ყველას, მის მორწმუნეთ, რომ რა ხანგრძლივიც არ უნდა იყოს ჩვენი მსახურება ცოდვისადმი, ჩვენ მაინც ყოველთვის ძალგვიძს გავთავისუფლდეთ მისი ხელმწიფებისაგან, თუკი შეწევნისათვის ღვთაებრივ მკურნალს - ჩვენს მაცხოვარს მივართავთ, რომელიც მეთერთმეტე ჟამს მოსულსაც შეიწყნარებს, და ერთი მოქცეული, მონანული ცხოვილისათვის უფრო განიხარებს, ვიდრე 99 მართალი მორწმუნისათვის.

„და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მუხლები 22,23). „და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“ (მუხლი 24).

ეს კაცი არ ჰგავს არც ერთ იმ ადამიანს, რომლებიც უფალ იესოსთან მოდიოდნენ და შეწევნას სთხოვდნენ. ყველა სხვა სრული დაჯერებულობით მოდიოდა იესო ქრისტესთან იმაში, რომ მას შეუძლია მათი შეწევნა. ამ მთხოვნელში კი არ იყო ასეთი დაჯერებულობა. მას, ალბათ, არაერთგზის გაეგო, რომ იესო და მისი მოწაფენი ყველას განკურნავდნენ, და ასე იფიქრა: მოდი მეც მივალ მათთან და ჩემს ძეს მივიყვან: იქნებ იგიც განკურნონ! მაგრამ ყველა განკურნებული სწორედ რწმენის ძალით გახდა ამის ღირსი; ხოლო ეს „იქნებ“, წარმოჩენილი სნეულის მამის სიტყვებში, როცა მან უთხრა იესოს: „არამედ რაი ძალ-გიც, შემეწიე ჩვენ“-ო, მტკიცე რწმენას კი არ გამოხატავს, არამედ ეჭვშერეულ იმედს.

მწარე იყო იესო ქრისტესათვის ამ სიტყვების მოსმენა: „რაი ძალ-გიძსო“, იმიტომ, რომ მთელი თავისი საზოგადო მსახურების განმავლობაში ჯერ არ ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, რომელიც ხალხს აფიქრებინებდა, რომ მას რაიმე არ ძალუძს! თუმცა აქ არც სრული ურწმუნოება იყო. ამიტომ უფალი თანალმობით აღივსო უბედური სნეულისადმი და მისი მამისადმი და უთხრა მას: თუკი შეგიძლია ირწმუნო, გწამდეს, რომ ყველაფერია შესაძლებელი მორწმუნისათვის.

მამა, რომელმაც ყოველი საშუალება გამოიყენა თავისი ძის განკურნვისათვის და ამაოდ დაშვრა, ახლა გარკვეული ურწმუნოებით მიმართავს თვით მაცხოვარს და ეუბნება - თუკი რაიმე შეგიძლია გააკეთო, დაგვეხმარე ჩვენო. მაცხოვარი პასუხობს: მე ყოველივე ძალმიძს აღსრულებად. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩემს მთხოვნელს სჯერა, სწამს ესო: „უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. უფლის პასუხი შემდეგს ღაღადებს: ეს შენი „იქნებ“, ანუ შენი ეჭვშერეული იმედის გამართლება - შეიძლება თუ არა ახლა სნეული ძე განიკურნოს, მხოლოდ შენ შეგიძლია შენი რწმენით, და არა - მე; აი, პირობა, ურომლისოდაც შენი ძის განკურნება შეუძლებელია: მაგრამ არ პირობის შესრულება თვით შენშია, თვით შენზეა დამოკიდებული და არავისზე სხვაზე. შენი მცირედმორწმუნეობა უშლის ხელს შენი ძის განკურნებას. შენ თქვი: თუკი რაიმე ძალგიძს, შეგვეწიე ჩვენო; მაგრამ შენი ძის განკურნება იმაზეა დამოკიდებული, თუკი შენ შეგიძლია ამის დაჯერება, რწმენა: აი, ესაა ჭეშმარიტი საფუძველი, რომელზეც ყოველივე დგას, და რომელშიც დაფარულია წარმატებული ქმედების მიზეზი. რამეთუ „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“-თვის. ამრიგად, სნეული ძის განკურნების პირობად რწმენაა დადგინებული: სხვა შემთხვევებში აუცილებელი იყო თვით სნეულის რწმენა, აქ კი, რაკი სნეულს თავისი მძაფრი ბოროტეშმაკეულობის გამო არ ძალუძს ჰქონდეს და გამოხატოს იგი, მის ადგილს მამის რწმენა იკავებს. უფალი წარმოსჩნდება ვითარცა მაძიებელი რწმენისა, რომელიც მის აღორძინებას და განმტკიცებას უწყობს ხელს ამ ტანჯულ სულში, და ბოლოს, როცა ეს აღორძინება რწმენისა აღსრულდება კიდეც მამის სულში, ტანჯვისა და მწუხარების ძალით ძის მძიმე მდგომარეობის გამო, მამა ცრემლებით ღაღადებს: „მრწამს უფალოო“, და შემდეგ, როცა მის სულში მოკიაფე რწმენის ნაპერწკალმა მისი ურწმუნოების ღრმა უფსკრულიც ცხადად დაანახვა საკუთარ არსებაში, მამა დასძენს გულშემუსვრილი: „შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“-ო. ასეა ხოლმე ყოველთვის: მხოლოდ მორწმუნეს ძალუძს შეიმეცნოს და განიცადოს თავისი გულის ურწმუნოება.

და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა. ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა“ (მუხლები 25-27).

რა დიდებულებით მიმართავს უფალი იესო ქრისტე არაწმინდა სულს, როცა ეუბნება: მე გიბრძანებ შენო! მე იმათგანი როდი ვარ, ვისი ბრძანებაც არ შეისმინე, და არც იმათგანი, ვის წინააღმდეგ ბრძოლასაც იმედოვნებდი და ბედავდი! აწ ის გიბრძანებს, ვისაც ხელმწიფება აქვს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, აწ „მე გიბრძანებ შენ“, უფალი ღმერთი (შდრ. ლუკა 4,35). მაგრამ ესეც ყველაფერი როდია: „და ნუღარა შეხუალ მაგისა!“ - დაბრუნებას უკრძალავს; მისი ხანგრძლივი ბატონობა სნეულზე უფლებას ართმევს მას კვლავ უწინდებურად დამკვიდრდეს მასში (მათე 12,44); კურნება სრული და საბოლოო უნდა იყოს. ბოროტი სული უნდა დაემორჩილოს უფლის ბრძანებას; მაგრამ ამას იგი უდიდესი წინააღმდეგობის გაწევით აკეთებს, იძულებული: რისი შენარჩუნებაც არ ძალუძს, მზად არის საბოლოოდ მოსპოს და დაღუპოს იგი, მსგავსად დამპყრობისა, რომელიც იძულებული გამხდარა გაიქცეს დაპყრობილი ქვეყნიდან და რომელიც თავის შემდგომ საშინელ მოოხრებას ტოვებს იქ. ბოროტეშმაკეულის უკანასკნელი ქენჯნა იმდენად მძაფრი იყო, რომ „იქმნა იგი ვითარცა მკვდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკვდა!“ მაგრამ უფალმა იესომ ხელი მოჰკიდა მას და წამოაყენა, და იგიც წამოდგა, განცოცხლებული და სრულიად განკურნებული, რამეთუ უფლის ამ შეხებისაგან მის არსებაში სიცოცხლის ძალები უხვად შევიდა. ამგვარსახედვე ენიჭებოდათ სნეულებს უფლის ცხოველმყოფელი ძალა სხვა შემთხვევებშიც.

გაგრძელება...