უძღები შვილის კვირა

სახარება ლუკასაგან (15, 11-32)

„11. მერმე იტყოდა (უფალი იგავსა) და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. 12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. 16. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. 17. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. 18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, 19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. 21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. 22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, 24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. 25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. 26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? 27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. 29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.“

 

I. დღევანდელი სახარების საკითხავში ეკლესიამ ჩვენს ყურადღებას შესთავაზა იგავი უძღები შვილის შესახებ. განვიხილოთ იგი.

„კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე“ (მუხლი 11).

ასე დაიწყო უფალმა იესო ქრისტემ იგავი უძღები შვილის შესახებ. მავანი კაცის სახით მაცხოვარს არაერთგზის გამოუხატავს მამა ღმერთი. ამჯერადაც ჩვენ არ შევცოდავთ, თუკი ვიგულისხმებთ, საერთოდ, ღმერთს, სამპიროვანს, წმიდა სამებას. ცოდვილი კაცთა მოდგმის ხსნა ყოვლადწმიდა სამების საქმეა. მამამ თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამქვეყნად ჩვენი ცხოვნებისათვის. ძემ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, თავისი მოძღვრებით, ვნებით, ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით კაცთა მოდგმის ხსნა - ჩვენი ცხოვნების საქმე აღასრულა. მესამე პირი ყოვლადწმიდა სამებისა, სულიწმიდა, განაცხოველებს ადამიანებს და ქრისტეს მორწმუნეებს, გამოსყიდვის ნაყოფთ მოჰმადლის, აკურთხებს და განსწმედს მათ. ორ ძეთაგან, შობის თანმიმდევრობით, უფროსი ძე გამოსახავს ღმერთის რჩეულ ერს და განსაკუთრებით ამ ერის წინამძღოლთ - მწიგნობართ, სჯულისმოძღვართ და ფარისეველთ. უმრწემესი ძის სახის ქვეშ იგულისხმებიან, საერთოდ, ცოდვილი ადამიანები, რომელთაც მიუტოვებიათ უფალი ღმერთი, დავიწყებიათ მისი წმიდა მცნებები, ხოლო უფრო საკუთრივ - მეზვერენი და წარმართნი იგულისხმებიან.

„და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ“ (მუხლი 12).

ამრიგად, უძღებ შვილად უმცროსი ძე წარმოსდგება, და არა - უფროსი. ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს საერთოდ სჩვევიათ მოუფიქრებელი საქციელნი, უგუნურება, თავქარიანობა და მზვაობრობა. მაგრამ, ცხადია, რომ ეს უმცროსი ძეც სრულწლოვანია. იგი, თითქოსდა, კანონიერ-სჯულიერ საფუძველზე ითხოვს თავისი კუთვნილი ქონების გამოყოფას მამისაგან. ამ მოთხოვნამდე იგი კმაყოფითა და სიყვარულით ცხოვრობდა მამასთან და მისი მორჩილი იყო. მაგრამ მშობლის მეურვეობა ზღუდავდა მას, რადგან ჭაბუკის სულში ცოდვიანი სურვილი იშვა: გამოყოფოდა მამას და ცალკე ეცხოვრა; იგი, ალბათ, თვლიდა, რომ უკვე ზრდასრულია და თავადვე შეუძლია საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იყოს. ამრიგად, შინაგანი გათავისუფლება მშობლიური მეურვეობისაგან უკვე მომხდარიყო მასში. მას მალევე მოჰყვა გარეგანი გამოყოფაც.

„და განუყო მათ საცხორებელი იგი“ (მუხლი 12).

მოსეს სჯულის მიხედვით უმცროსი ძმა უფროსის წილის ნახევარს იღებდა მამის მემკვიდრეობიდან (II სჯული 21,27). რა თქმა უნდა, მამას უფლება ჰქონდა არ გაეშვა შვილი თავისგან, ანდა სულაც არაფერი მიეცა მისთვის. მაგრამ რა სარგებლობა ექნებოდა მას შვილის ძალით დაკავებისაგან, რომელიც თავის სულში უკვე გამოცალკევებოდა მას, და ამ შემთხვევაში ურჩობასაც გამოუვლენდა და შესაძლოა შეურაცხყოფდა კიდეც?! დაე, უგნურმა შვილმა თავისი მწარე გამოცდილებით შეიცნოს, თუ რა არაგონივრულად იქცევა, და დაე, ისწავლოს მამის სიყვარულისა და იმ ბედნიერების დაფასება, რაც მდგომარეობს მამის გვერდით და მისი მორჩილებით ყოფნაში. ეს უმცროსი შვილი ცოდვილის ნამდვილი მაგალითია. ცოდვა არის ღმრთისადმი ურჩობა, მისი წინააღმდეგობა. ცოდვის წყარო ამპარტავნებაა. როგორადაც პირველი ადამიანი ეწია საცთურს და ცოდვით დაეცა თავისი ამპარტავნული სურვილის შედეგად - ყოფილიყო ვითარცა ღმერთი, ამგვარადვე ყოველ ცოდვილსაც სურს საკუთარი თავისი ბატონ-პატრონი იყოს და თავისი ნება აღასრულოს, და არა - ღმერთისა. და უფალი ღმერთიც დაუშვებს მისი სურვილის აღსრულებას მისსავ გამოსასწორებლად. თავისი უსაზღვრო სახიერებით მან პატივ-ჰყო ადამიანი იმით, რომ თავის ხატად და მსგავსად შეჰქმნა იგი და თავისუფალი ნებაც მოანიჭა მას. ამ თავისუფალი ნების გამოყენებით ადამიანმა თავადვე უნდა აღირჩიოს თავისი ცხოვრების გზა: ერთს მხოლოდ უფალ ღმერთს ემსახუროს, თუ სხვა ბატონთ (ბოროტ სულებს) აამოს. ადამიანი ხშირად ბოროტად იყენებს თავისუფალ ნებას, როცა მის ქვეშ იგი მხოლოდ თვითნებობას გულისხმობს ხოლმე. თავისი სულიერი სიბრმავის გამო ვერც ამჩნევს, რომ თვითნებობა - მრავალ ბატონთა, ეშმაკთა მონობაა. ცოდვით ცდუნებული ადამიანი მათს უღელს იდებს ქედზე. როგორადაც ჭაობი უმალვე არ ითრევს თავის წიაღში დიდსა და მძიმე საგანს, ასევე ცოდვასაც თავიდან თითქოსდა ზედაპირზე ჰყავს დაკავებული ადამიანი. მაგრამ ასეთი მდგომარეობა, ჩვეულებრივ, დიდხანს არ გრძელდება ხოლმე. ცოდვას მომატყუებელი სიტკბოება აქვს. როგორადაც წყალმანკით დაავადებულს სულ უფრო და უფრო სწყურდებაა წყალი, რაც მეტს სვამს, ასევე ცოდვილიც მით უფრო მეტად აღეგზნება ცოდვიანი ვნებებით, რაც უფრო მეტად სცოდავს. თავისი წილი ქონების მიღების შემდეგ უმცროსი ძე კიდევ რამდენიმე დღეს რჩება მამის სახლში.

„და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით“ (მუხლი 13).

შინაგანი გაუცხოების ცოდვა უკვე ჩადენილი იყო, და გადაიდგა ნაბიჯი გარეგანი განყოფისაკენ. მაგრამ ცოდვილი შვილი კიდევ სარგებლობს მამისეული ჭერით. თავისი ბუნებით ადამიანის სული ქრისტიანია. მას არ შეუძლია გარკვეული ბრძოლის გარეშე დაუთმოს ცოდვის ძალადობას. თითქოს შეფიქრიანდება, სანამ საბოლოოდ დაადგებოდეს ცოდვის მოლიპულ გზას. ცოდვასაც აკი თავისთავად აქვს თვისება, რომ მისი მოჩვენებითი სიმშვენიერენი მხოლოდ იხატება ხოლმე ადამიანის წარმოსახვაში. ჩადენილი ცოდვა სინდისის ქენჯნას იწვევს, მძიმედ აწვება მას. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში ხდება ცოდვიანი გზისა. ცოდვილის სინდისი მალე დადუმდება ხოლმე, თუმცა მისი სულ მთლიანად მიძინება არასოდეს არ არის შესაძლებელი - იგი ხომ ჩვენში არსებული ღვთაებრივი ხმაა. ხოლო კაცთმოყვარე უფალს ცოდვილთა დაყენებაც სურს სინანულის გზაზე...

მაგრამ ბევრი დღე როდი გადის, და უძღებ შვილს მძიმედ შეაურვებს მამისეული ჭერი. ცოდვიანი ადამიანი უკვე იწყებს ჩაძირვას ცოდვის ჭაობში. ვნებები ობობას ქსელივით ყოველის მხრიდან ხლართავენ მას. მამის სახლის გარეთ ფართო და ვრცელი გზები ესახება. აქ ცოდვა ცოდვაშია ჩაწნული. ცოდვილი მორევის ფსკერამდე იძირება - შორეულ ქვეყანაში მიდის. ეს ქვეყანა არის ეშმაკის სამეუფო, წყვდიადის ადგილი. ცოდვიანი მხარე. და როგორიც ქვეყანაა, ისეთივე არიან მისნი მკვიდრნი და ისეთივეა მისი ზნე-ჩვეულებანი, სიკეთისა და სიწმიდის აქ სახსენებელიც არ არის.

აქ მოსულმა უძღებმა შვილმა „განაბნია მუნ ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით“, ანუ გარყვნილებითა და ხორციელი შვება-სიამით ცხოვრობდა ცოდვებში. და აი, ღრმა დაცემამდე ჩაძირული ცოდვაში, უძღები შვილი მთლიანად ფლანგავს მისდა ბოძებულ მადლმოსილ და დროებით სიკეთეებს. რა დიდი ქონებაც არ უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, ვინც მხოლოდ საკუთარი სხეულის საამებლად ცხოვრობს, იგი, ჩვეულებრივ, ძალზე მალე გადადის სხვების ხელში. განა უნახავს ვისმე, რომ უბედური ლოთი კაცი მდიდარი იყოს? განა სწორედ იმ კაცის სახლში არ არის მეტი სიღარიბე, უბედურება და ვაება, ვინც ყოველივე მონაგებს თავისი ხორცის ჟინიანობაზე ფლანგავს? მაგრამ სულიერი ნიჭნი და შესაძლებლობანიც, ჩვეულებრივ, უჩლუნგდება, უყრუვდება და უმახინჯდება იმ ადამიანს, ვინც მრავალრიცხოვანი ვნებების მონა გამხდარა. აბა, რომელი ვნება და რომელი მანკიერება არ მოქმედებს დამღუპველად ადამიანის სულზე?! ნებისმიერი ცოდვიანი ჩვევა დაარღვევს სულიერ ძალთა შეთანხმებულობასა და სიცხოველეს. და საბოლოოდ ყოველივე სულიერი, წმიდა, ღვთაებრივი ისპობა და აღმოიფხვრება ცოდვილის სულში. სულიერი სიკვდილიც სრულის ძალით მკვიდრდება მასში. აი, კაცი თავისუფლებას ეძიებდა, სურდა თავადვე ყოფილიყო თავის ბატონ-პატრონი. და სად მიიყვანა იგი მისმა ამ თვითნებობამ? - ჯოჯოხეთური მდგომარეობის ღრმა უფსკრულში, რომელშიც ნებისმიერი ცოდვათა სახეობანი აღურიცხველია, ამდენად ცოდვილ ადამიანსაც ურიცხვი ძალმოსილი ბატონი უჩნდება. მათი უღელი მეტად მძიმეა, მათი ტვირთი - აუტანელი. ცოდვილს თავი მდაბლად აქვს დადრეკილი თავის ბატონთა ტვირთის ქვეშ. მისთვის უმძიმესი მდგომარეობა დგება, ანუ, თვით მაცხოვრის გამოთქმა რომ გამოვიყენოთ - „სიყმილი ძლიერი“, როგორც ეს მალე ეწია კიდეც იგავის უძღებ შვილს.

„და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად“ (მუხლი 14).

სანამ საკმარისად ჰქონდა სახსრები შვება-სიამით ცხოვრებისათვის, უძღები შვილი ვერ ხედავდა უბედურებას. მან არ იცოდა, რა იყო გაჭირვება. მხიარულებამ მას გონება დაუბნელა. მაგრამ, აი, მისი ქონებაც ამოიწურა. საუბედუროდ შიმშილობაც ეწია იმ ქვეყანას. ცხოვრება მეტად საძნელო და ძვირი გახდა. ყველა მეგობარმა და თანამეინახემ ლხინსა და დროსტარებაში ახლა ზურგი შეაქცია უძღებ შვილს - უწინდელ მდიდარს. იგი აღარავის სჭირდებოდა, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქე არ იყო. მაგრამ ცოდვილი გარკვეული ხნის მანძილზე თავს იტყუებს: სხვადასხვა სახის ცოდვები მას თავისაკენ იზიდავენ. ცოდვიან სიამეთა ყველა სახეობა როდი უგემნია მას. ჭაობში შთაფლვა გრძელდება. მაგრამ აქაც არის საზღვარი. ცოდვები ყირჭდება უძღებ შვილს. მეგობრები და ამახანაგები აღარ განამხიარულებენ მას. ლხინი და განცხრომა სწყინდება. ცხადია, რომ ცოდვიან სიამეთა აღმქმელობა მასში უკვე დაჩლუნგებულია. ჩვეულებრივ, ეს ან ავადმყოფობის შედეგად ხდება, ანდა სინდისის ქენჯნით. როგორც არ უნდა ყოფილიყო, გადამწყვეტი წუთი დგება. ცოდვილი ჯერ არ ფიქრობს გამოსწორებაზე - იგი ხომ მოჩვენებითი თავისუფლებითაა ცდუნებული. როგორადაც უწინ მხოლოდ საკუთარი თავის იმედით იყო იგი, ასევე ახლაც, სულიერი შიმშილობისას, ჯერ კიდევ ოცნებობს იმაზე, რომ საკუთარი ძალით გამოასწოროს თავისი მდგომარეობა. იგი ჯერ კიდევ ვერ ხედავს თავისი დაცემის მთელს უფსკრულს. მას კიდევ ჰგონია, რომ არის გამოსავალი უბედურებიდან. ცოდვის ქვეყანაში, სატანის სამეუფოში, იგი, ცოდვიანი კაცი, მართალია, მწირია, მსხემი, უცხოტომელი, მაგრამ აკი სწორედ ადგილობრივ მკვიდრთა დახმარებით გაფლანგა მას თავისი ყველა მადლმოსილი და სულიერი ნიშნი. და უძღები შვილი ჯერ კიდევ საკუთარი ძალებით იმედოვნებდა უბედურებიდან თავის დაღწევას.

და აი, შიმშილისაგან გატანჯული, „მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა“ (მუხლი 15).

გაღატაკებული, მშიერი უცხოტომელი ერთ-ერთ ადგილობრივ მკვიდრს მიეკედლება. ეს იმას ნიშნავს, რომ უძღები შვილი ჯერ კიდევ სცდის საკუთარი ძალებით გამოასწოროს თავისი სავალალო მდგომარეობა. მას არ შეურაცხყოფს ის, რომ იმ შორეული ქვეყნის არც ერთ მკვიდრს არ სურს მისი ნახვა, და მხოლოდ ერთი მათგანი, მოწყალებასავით გაიღებს მისთვის მოჯამაგირეობას და ღორების სამწყემსავად გაუშვებს ველად. როგორც ვიცით, ებრაელებს ეკრძალებოდათ ღორის ხორცის ჭამა. ისინი, მოკვეთილებისა და ცოდვილების გამოკლებით, არც აშენებდნენ ღორებს. ამიტომ ღორების მწყემსვა ყველაზე დამამცირებელი საქმე იყო ებრაელისათვის. მაგრამ უძღები შვილი მაინც ხელს ჰკიდებს ამ საქმეს. შიმშილი სტანჯავს მას, ხოლო პურს არავინ აძლევს.

„და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას“ (მუხლი 16).

ღორის ამ საკვების - რქის - ერთგვარი რკოსებრი ნაყოფის გამომღები ხე პალესტინაშიც იზრდებოდა. იგი ფართოდაა გარცელებული სირიაში. ამ ნაყოფებს მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების ჟამს იყენებდნენ საკვებად ღარიბი ადამიანები. ჩვეულებრივ კი მათ შინაური პირუტყვის გამოსაკვებად ხმარობდნენ. მაგრამ რაც ცხოველისათვის არის მასაზრდოებელი, ის, მართალია, შეიძლება ადამიანის სტომაქის ამოსაყორადაც გამოდგეს, მაგრამ ვერ ასაზრდოებს მას სრულფასოვნად და მხოლოდ დაამძიმებს. ასეთი საზრდო, შეიძლება ითქვას, მომატყუებელია: ადამიანი შეჭამს მას, მაგრამ ვერ დანაყრდება, ვერ დაკმაყოფილდება. და აი, უძღები შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რომ „გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავის სცის მას“. შესაძლოა, მან არც იცოდა პირუტყვთა ამ საზრდოს თვისებები, და რაკი შიმშილი მეტად შეაჭირვებდა, სიხარულით შეჭამდა ღორების საზრდოსაც, მაგრამ ამასაც არავინ იმეტებდა მისთვის. მაგრამ მივუბრუნდეთ მის ცოდვიანობას: უძღები შვილი დამღუპველი მდგომარეობის ფსკერამდე მივიდა; ცოდვის უღელი უკიდურესად შეაჭირვებას მას. იმ სამყარომ, რომლის გამოყენებაც მას თავისი შვება-სიამისთვის სურდა, თავის მონად აქცია იგი. ასეთი ბატონი არც ალერსიანია და არც მოწყალე. ცოდვილი ადამიანი დიდად შეურვებულია და გაჭირვებას განიცდის. ეს შინაგანი სევდა თრგუნავს მას - ხან სხეულის ტკივილი თრგუნავს, ხანაც სხვადასხვა უბედურება ეწევა. მაგრამ ცოდვილი ადამიანი ჯერ არ ეცემა სულით, ითმენს და თავისი ძალის იმედზეა: ეს უბედურებაც გაივლის და მეც უწინდელ ცხოვრებას მივუბრუნდებიო. მაგრამ როგორ დაჰყოს ამ მძიმე მდგომარეობისა და გაჭირვების დროს? - იგი იმ ქვეყნის ადგილობრივ მაცხოვრებელს სთხოვს მხირე შეწევნას. ვინ არის ეს მაცხოვრებელი? - ერთ-ერთი ბოროტი სული. იგი უცხო, მოსული როდია ჯოჯოხეთის წყვდიადისა და ცოდვის ქვეყანაში. თავის დროზე მისთვის უცხოტომელი ცოდვილიც - უძღები შვილიც ძვირფასი იყო - ის ხომ უხვად ფლობდა ღვთაებრივ ნიჭთ და მდიდარი იყო სულიერი ძალებით. ეშმაკიც გულმოდგინედ და მოთმინებით აცდუნებდა მას ცოდვის ჩასადენად. ამიტომ უცხოტომელი ადამიანი მტრის ბადეში გაება, გაფლანგა მთელი თავისი სიმდიდრე და უბედურებას ეწია. ბოროტ სულს სატანურად უხარია და დასცინის უბედურს. ეს სწორედ მასთან მივიდა ნებაყოფლობით უძღები შვილი, რათა შეწევნა მიეღო, და ბოროტი სულის მონა გახდა. ეს მონა სიხარულით დაიწყებს ღორების მწყემსვას, ანუ უკიდურესაც ცოდვილი საქმეების აღსრულებას, რაკი ჰგონია, რომ მათი მეშვეობით გაიტანს თავს ამ დროებითი გაჭირვების ჟამს. მაგრამ სწორედ ეს გაჭირვება გახდება გამოცდად ცოდვილისათვის. შესაძლოა, მან მოქალაქეობის უფლებაც მიიღოს იმ ბნელ დემონურ ქვეყანაში - აქამდე ცოდვილი უძღები შვილი უცხოტომელი იყო აქ. ამიერიდან კი შეგნებულად იმუშავებს ცოდვის სამეუფოში, ყოველგვარი სინანულის გარეშე, დატკბება კიდეც ამით. იგი საკუთაირი თავის დარწმუნებასაც დაიწყებს, რომ ღორების  მწყემსვა და მათი სალაფავით საზრდოობა საძრახისი არ არის ადამიანისათვის; რომ ბუნებამ, თითქოს, არც იცის განსხვავება პირუტყვსა და ადამიანს შორის და რომ, ვითომცდა, ადამიანის წინაპრები მაიმუნები იყვნენ. ხედავთ, ადამიანი უკვე უარს ამბობს თავის ჭეშმარიტ ზეციურ სამშობლოზე, ადამიანი ღირსებებზე და სხვა, დემონური სამებოს მოქალაქედ ეწერება, სადაც ტკბობით მწყემსავს ღორებს და მათი სალაფავით საზრდოობს, კვლავაც ბოროტ საქმეთ იქმს - ცოდვისმიერთ, უღმერთოთ, ბილწი ვნებებით განმსჭვალულთ. ასეთ ცოდვილში უკვე ყოველივე წმიდაც კვდება, სულიერიც და ღვთაებრივიც. მისი მდგომარეობა თითქმის უიმედო ხდება, გოდებისა და ცრემლთაღვრის ღირსი.

მაგრამ უბედურებას ყოველთვის მეორე მხარეც აქვს, კარგი, გამოსასწორებელი. რამდენადაც ყოველი უბედურება მართლაც განსაცდელებს, მძიმე შეჭირვებას შეიცავს, ამდენად ისინი გამოსწორების საშუალებებიცაა ღმერთის ხელში - გამოსაწრთობი ღუმელის მსგავსი. გამოცდილებით ჩვენ ყველამ ვიცით ეს. რამეთუ როდის ლოცულობენ გულმოდგინედ, როდისაა ღვთის ტაძრები სავსე ლოცველებით, ხოლო გასართობ-სამხიარულო ადგილები - დაცარიელებული? ანუ როდის ღვრიან უფრო მეტად ადამიანები სინანულის ცრემლებს, თუ არა უმძიმეს განსაცდელთა დროს, როგორიცაა ომები, მიწისძვრანი თუ ჟამიანობა - ეპიდემიური, ყოვლის მომსვრელი დაავადებანი?! ბედნიერებასა და კეთილდღეობაში ჩვენ ყველას გვიჩნდება მიდრეკილება ღმერთის დავიწყებისაკენ და აღარ გულვმოდგინებთ სულის ხსნისათვის; სწორედ ამისთვის გვიგზავნის უფალი თავის გაფრთხილებებს.

ასევე, უძღებ შვილსაც აფხიზლებენ უბედურებანი, და ისიც:

„მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“ (მუხლები 17-19).

უძღები შვილი „მოეგო თავსა თვისსა“. რას ნიშნავს ეს? არსებობენ ისეთი მძიმე სნეულნი, რომ ისინი გონებას, ცნობიერებას კარგავენ, - ვერაფერს ხედავენ და ისმენენ, არც რამის გაგება ძალუძთ. სნეულების კეთილხელსაყრელი მიმდინარეობისას ცნობიერება ბრუნდება. ამ შემთხვევაში ვიტყვით ხოლმე - სნეული გონს მოეგოო. ამგვარადვე, ცოდვილი ადამიანიც ჩვენს წინაშე წარამოსდგება როგორც მოკლებული თავისი ურთიერთობებისა და მოვალეობების შეგნებას ღმერთის წინაშე, როგორც დამვიწყებელი თავისი დანიშნულებისა, ცხოვრების მიზნისა და სიცოცხლის დასრულებისა ამქვეყნად. მაგრამ, აი, ცოდვილის სულში მამისეული მოწოდების მადლმოსილი ნაპერწკალი იღვიძებს. ღმერთის მარჯვენა გარედან დასჯის ცოდვილ ადამიანს, მაგრამ სიყვარულით. ცოდვილი იღვიძებს ცოდვისმიერი ძილისაგან და საკუთარ თავს ცხადად ხედავს: პირდაუბანელს, ჭუჭყიანს, ერთიანად ცოდვის ფუფხით დაფარულს. ან კი როგორ შეიძლებოდა ამგვარი არ ყოფილიყო, როცა მთელი მისი ცხოვრება და საქმიანობა ბინძური იყო. და კიდევ კარგი, რომ ცოდვილი თავისი ბატონის მოსაძიებლად არ მიემართება იმ ცოდვის ქვეყანაში, რამეთუ ხშირად ასეც ხდება ხოლმე და ასეთ შემთხვევაში ცოდვილი მხოლოდ მხირე ხნით იღვიძებს, რათა კვლავ დაიძინოს და უკვე ცნობიერების გარეშე ეწიოს სულიერ სიკვდილს. უძღები შვილი კი მთლიანად მოეგო გონს, სრულიად განიღვიძა და ცნობიერებაც ასევე მთლიანად დაუბრუნდა მას. იგი სიბინძურეს ხედავს საკუთარ თავში, ცხოვლად გრძნობს თავის უბედურებას და უნებლიედ მშობლიურ სახლში მყოფი მოჯამაგირეების ყოფას უდარებს საკუთარ სავალალო მდგომარეობას: ეს უცხო ადამიანები მამამისის სახლში სიკეთეებით დასტკბებიან, ყოველთვის დანაყრებულნი არიან, თავად ის კი, ღვიძლი შვილი, ასეთ შეჭირვებაშია. მაგრამ ვინ არის ამაში დამნაშავე? მოჯამაგირეებს (მოჯამაგირეს, დაქირავებულ მუშაკს ძველს დროში მონაზე უფრო მძიმე, უარესი მდგომარეობა ჰქონდა ოჯახში, რადგან მონა ოჯახის წევრივით იყო და მასზე ყოველმხრივი ზრუნვა ბატონის მოვალეობა იყო. მოჯამაგირის მდგომარეობა კი არაფრით იყო უზრუნველყოფილი და ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა შეცვლილიყო). ახლო ურთიერთობანი არა აქვთ მამამისთან, მაგრამ რაკი შრომობენ და ემსახურებიან მას, ამისთვის სიკეთეებითაც სარგებლობენ. მან კი, ღვიძლმა შვილმა, მიატოვა მამისეული სახლი და გარყვნილებაში დახარჯა თავისი წილი მემკვიდრეობა. მაშ, ნუთუ, ყველაფერი აწ სამუდამოდაა დაკარგული?! ხომ შეიძლება ასეც კი იფიქროს: ცოდვა იმდენად დიდი და მძაფრია, რომ შენდობა არ მიეცემა. მაგრამ ასე ფიქრი არამც და არამც არ შეიძლება, რამეთუ სწორედ ესაა - სასოწარკვეთა. სასოწარკვეთილება კი, ანუ ღმერთის შეწევნის, მისგან შენდობის მიღების იმედის გადაწურვა უმძიმესი, მომაკვდინებელი ცოდვაა, ისეთივე, როგორიც - ურწმუნოება. ღმერთმა ყოველი ცოდვილი დაიფაროს ამგვარი დამღუპველი გრძნობისაგან! უფალი ჩვენი იესო ქრისტე საგანგებოდ თვალსაჩინო სახით წარმოგვიდგება იგვაში უძღები შვილის შესახებ ღმერთის უსაზღვრო მოწყალებასა და კაცთმოყვარეობას... ავდგები, და მამაჩემთან დავბრუნდებიო, - გადაწყვიტა უძღებმა შვილმა. მაგრამ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა გრძნობით უნდა მოხდეს ეს დაბრუნება: სიმდაბლით, მორჩილებით, გულშემუსვრილობით საკუთარ ცოდვათა გამო და შენდობის მიღების რწმენითა და იმედით! ჰოდა, უძღები შვილიც, როცა იმაზე ფიქრობს, თუ რა უთხრას მამას დაბრუნებისას, არ იგონებს თავის გასამართლებელ მიზეზებს, არამედ თავმდაბლურად სურს უთხრას მშობელს: შეგცოდე, მამაო, და არა ვარ ღირსი შენს ძედ ვიწოდებოდე, არამედ მხოლოდ შენს მოწყალებას ვსასოებ. ინიშნეთ, ძმანო, თუ როგორი მორჩილი და თავმდაბალი ხდება უძღები შვილი. იგი თავადვე ადანაშაულებს საკუთარ თავს ცოდვებში, წრფელი სინანულით აღივსება მათს გამო და იმ რწმენით ბრუნდება მამასთან, რომ იგი შეუნდობს; იმ სასოებით მიეახლება მას, რომ კვლავ იქნება შეწყნარებული მშობლიურ სახლში. აწ მას უკვე ისე ძლიერ უყვარს მშობლიური სახლი, რომ უკანასკნელ მოჯამაგირედაც კი დარჩებოდა მასში. სწორედ ამ სიყვარულმა განაღვიძა უძღები შვილი ცოდვიანი ძილიდან სინანულის გზაზე დააყენა. კიდევ კარგი, რომ იგი ყოველთვის უცხოდ, გადამთიელად გრძნობდა თავს იმ შორეულ ქვეყანაში ცოდვისა. მაგრამ სანამ ცოდვიანი ძილი სულიერ თვალებს უხუჭავდა, ეს სიყვარული მშობელი მამისადმი თავს არ იჩენდა მასში. ხოლო როგორც კი გამოღვიძების ნიშნები გაუჩნდა, ამ სიყვარულმაც მაშინვე იჩინა თავი. და ფიქრებსაც მალე საქმე მოჰყვა;

„და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა“ (მუხლი 20).

იგი ცოდვის ჭაობში იწვა რულმორეული და ეძინა. სინანულის გრძნობამაც ასეთ მდგომარეობაში, ნახევრადმძინარეს მოუსწრო, მაგრამ ეს გრძნობა მომწიფდა და კეთილი ნაყოფიც გამოიღო - გადაწყვეტილება, რომ აღარ გადაედო მშობლიურ სახლში დაბრუნება. და მაშინ ცოდვილი უძღები შვილი დგება და თავისი მამისკენ მიეშურება. ბინძური, ჭუჭყიანი, დაგლეჯილი ტანსაცმელით მოსილი, ფეხშიშველი და თავჩაქინდრული ადგას იგი მშობლიური სახლისაკენ მიმავალ გზას. ესაა საკუთარი ცოდვების უმძიმესი ტვირთით შეურვებული ცოდვილი. იგი სინანულის გზაზეა. მასში საკუთარი დანაშაულის შეგნების გრძნობა მგზნებარებს, გული დათრგუნვილი და შემუსვრილია; მასში უფლის მოწყალების რწმენა და სასოება ღვივის. მაგრამ არა, მას ჯერ არ ეძლევა შენდობა. მხოლოდ სინანულის გრძნობა ვერ შექმნის ცოდვილს წმიდად ღმერთის წინაშე. მამა ჯერ არ შეგებებია თავის ძეს და არც შენდობის ნიშნები მოუცია მისთვის. მაგრამ ცოდვილი მოდის კვლავაც, გადის სინანულის გზას, თავის იქენჯნის. გულმოდგინედ ილოცავს, მარხულობს. მისი გზა იოლი როდია. ან კი არის იმის ფიქრის დრო, თუ როგორ გაიიოლოს იგი?! უფრო უხარის კიდეც, რომ ძნელად სავალია იგი. უფლის გულისათვის მან ღვაწლი იტვირთა - ეს ღმერთისადმი შეწირული მსხვერპლია მისი მხრიდან. მანამდე იგი მხოლოდ საკუთარი თავის საამებლად ცხოვრობდა, ახლა კი ეძიებს და მხურვალედ სურს ღმერთისათვის იცხოვროს. ასე, რომ ყოველივე სამძიმო ამ შემთხვევაში სასიამოვნო და მანუგეშებელია... მაგრამ, აი, მამისათვისაც ცნობილი გახდა, რომ მისი უძღები შვილი შინ, მასთან ბრუნდება.

გაგრძელება...