საქმე წმიდათა მოციქულთაჲ (აღწერილი ლუკა მახარებელისაჲ)

თავი 15

1. და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. 2. და ვითარ იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ ამის ცილობისათჳს. 3. და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა. 4. და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. 5. აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი.

6. შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს. 7. და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად; 8. და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ; 9. და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი. 10. აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად? 11. არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ. 12. და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ. 13. და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი: 14. სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა; 15. და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: 16. ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, 17. რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან, 18. რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან. 19. ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, 20. არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ. 21. რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა.

22. მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის; 23. და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ. გიხაროდენ! 24. ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად სჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო. 25. აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა, 26. კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 27. წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე. 28. რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან: 29. განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!

30. იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. 31. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა. 32. იუდა და შილა, რამეთუ იგინი წინაწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს. 33. და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ. 34. ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე.

35. ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა. 36. შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან. 37. ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს. 38. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი. 39. იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა თანა წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. 40. ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა, და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან, 41. და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა.

თავი 16

1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. 4. და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს შინა. 5. ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ. 6. და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა, 7. მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან. 8. და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად. 9. და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ. 10. და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.

11. აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ, და ხვალისაგან – ახალქალაქად, 12. და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ. ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე. 13. და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს. 14. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა. 15. და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ. 16. და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა. 17. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. 18. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა. 19. ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა. 20. და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან 21. და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ. 23. და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი; 24. და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა. 25. და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი. 26. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს. 27. და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. 28. ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ. 29. ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას 30. და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე? 31. ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. 32. და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა. 33. და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა; 34. მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.

35. და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად. 36. მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით! 37. ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ. 38. მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან. 39. და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან. 40. იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა, და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.

თავი 17

1. და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ. 2. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან, 3. გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით და ვითარმედ: ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ. 4. და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ. 5. ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე. 6. და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან, 7. რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს. 8. აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე. 9. და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი. 10. ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელთა ხოლო ჰურიათასა შევიდეს. 11. რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს. 12. მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა. 13. ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას. 14. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს. 15. და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.

16. ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა. 17. ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა. 18. რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ. 19. შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ? 20. რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად. 21. ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა. 22. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ. 23. რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ, 24. ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს, 25. არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო. 26. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; 27. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო. 29. აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად. 30. რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად; 31. ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით. 32. ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა. 33. და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა. 34. ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არეოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.

თავი 18

1. ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ; 2. და პოა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილა, ცოლი მისი, – რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, – მოვიდა მათა 3. და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე. 4. და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა. 5. და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს. 6. ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე. 7. და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოჲსსა, ღმრთის მსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას. 8. ხოლო კრისპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით, და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს. 9. ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, 10. რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა. 11. და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.

12. ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე 13. და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა. 14. და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი; 15. უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათჳს არა მნებავს ყოფად. 16. და განასხნა იგინი საყდრისაგან. 17. მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს საყდარსა წინაშე; და არარას ზრუნვიდა ამათგანსა გალიონ.

18. ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა, და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა. 19. და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ. 20. და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება, 21. არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალჱმს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა. შევიდა ნავსა ეფესოჲთ 22. და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად, 23. და დაყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსსა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.

24. ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან. 25. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი. 26. ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. 27. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, 28. რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ.

თავი 19

1. იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს. 3. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა. 4. ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე. 5. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა. 6. და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს. 7. ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ. 8. შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა. 9. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე. 10. და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი, ჰურიათა და წარმართთა. 11. ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, 12. ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა. 13. იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს. 14. იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს. 15. მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ? 16. და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით. 17. და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი. 18. და მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა. 19. და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი. 20. და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა.

21. ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად. 22. და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა. 23. იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს, 24. რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა, 25. რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი; 26. და ხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი. 27. და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს. 28. მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! 29. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარსრულნი. 30. ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა. 31. და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას. 32. სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს. 33. ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის. 34. მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! 35. დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი? 36. და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით. 37. რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა. 38. უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, და აბრალებედ ურთიერთას. 39. უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, სჯულიერითა კრებითა განეგოს. 40. და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელ-მეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი.

თავი 20

1. ხოლო შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა, მოუწოდა პავლე მოწაფეთა მათ და ნუგეშინის-სცა და მოიკითხნა, და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად. 2. და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად. 3. იყო მუნ სამ თთუე. იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან. ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთა, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ. 4. და მის თანა ჰყვანდეს ვიდრე ასიადმდე სოსიპატრე პჳრესი, ბერიელი, და თესალონიკელი არისტარქოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს და ტროფიმოს. 5. ესენი წინა-წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა. 6. ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა, და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე. 7. და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე. 8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით. 9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი. 10. გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს. 11. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა. 12. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ. 13. ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესამ რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ. 14. ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტჳლინდ. 15. და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგჳლიას შინა, და მეორესა დღესა მოვედით მელიტონდ. 16. ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალჱმს.

17. ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. 18. და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველ დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, 19. და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა. 20. ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა. 21. და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა. 22. და აწ ესერა კრული სულითა მივალ იერუსალჱმს და, მუნ თუ რაჲ შემთხუევად არს ჩემდა, არაჲ ვიცი; 23. გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე. 24. არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ. 25. და აწ აჰა-ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა. 26. ვინაჲცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა. 27. რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ. 28. ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა. 29. და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა. 30. და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა. 31. ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა. 32. და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა. 33. ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა. 34. თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს. 35. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა. 36. და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანდა და ილოცა. 37. იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას. 38. და ელმოდა უფროჲს-ღა სიტყჳსა მისთჳს, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად.

თავი 21

1. და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ, და კუალად ხვალისაგან – როდედ და მიერ – პატრად. 2. და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვჴედით და შევსხედით მას. 3. ხოლო აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთა, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტჳრთი. 4. და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ. 5. და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს. 6. და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა. 7. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე. 8. ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა. 9. ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი. 10. და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს. 11. და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა. 12. ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ. 13. მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა. 14. ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ!

15. შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალჱმდ. 16. მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე. 17. მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალჱმდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა. 18. ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს. 19. და მოიკითხვიდეს მას. და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა. 20. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, ადიდებდეს ღმერთსა და ჰრქუეს მას: ჰხედავა ძმაო, რაოდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი! და ყოველნივე მოშურნე სჯულისა არიან. 21. ესმა ვიეთგანმე შენთჳს, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესგან, რომელნი-იგი წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყჳ, რაჲთა არა წინა-დასცჳთონ შვილთა მათთა და არცა ჩუეულებათა ვიდოდიან. 22. რაჲ უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ. 23. აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყჳთ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცუაჲ აქუს თავისა თჳსისაჲ. 24. ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაჲთა დაიყჳნნენ თავნი მათნი და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათჳს იგი ესმა შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ სჯულსა. 25. ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა დამშთვრისა და სიძვისა. 26. მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი.

27. ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა, შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი. 28. და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და სჯულისა და ადგილისა ამისთჳს ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ. 29. რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა პავლე. 30. აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი. 31. და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალჱმი შეკრებულ არს. 32. ხოლო მან მეყსეულად წარიყვანნა მჴედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მჴედარნი, დააცადეს ცემაჲ პავლესი. 33. მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანნა იგი, და ბრძანა შეკრვაჲ მისი მრჩობლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაჲ უქმნიეს? 34. სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა შორის. და ვითარ-იგი ვერ გულისჴმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად. 35. და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა, 36. რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე! 37. და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არს რაჲსამე ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მას ჰრქუა: ბერძლ იცია? 38. ანუ არა-მე შენ ხარა მეგჳპტელი იგი, რომელმან უწინარეს დღეთა ამათ აღსძარ და განიყვანენ უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი საკარიელნი? 39. ჰრქუა მას პავლე: მე კაცი ვარ ჰურიაჲ, ტარსელი კილიკიისაჲ, არა უცნაურისა ქალაქისა მოქალაქე; და გევედრები შენ: მიბრძანე მე ერისა მიმართ სიტყუად. 40. და მან ვითარცა უბრძანა, დადგა პავლე აღსავალსა მას და განუყარა ჴელი ერსა მას; და ვითარ მრავალი დადუმებაჲ იყო, ეტყოდა მათ ებრაელებრითა სიტყჳთა და ჰრქუა: