წიგნი მესამე მეფეთა ებრაელთა შორის პირველი მალაქიმ

1

1. და დავით მეფე დაბერდა და მიიწია წესსა ჟამთა თჳსთასა და შემოსიან იგი სამოსლითა და ვერ განტფის.

2. მაშინ ჰრქუეს მას მონათა მისთა: მოვგვაროთ უფალსა ჩუენსა ქალწული ერთი მცირე და დადგეს იგი წინაშე მეფისა, და იყოს იგი მისა მოღუაწედ, და განატფობდეს მეფესა მარადის.

3. და მოიძიეს ქალი ერთი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა და პოვეს აბისაკ სომანიტელი ქმნულკეთილი ფრიად და მოიყვანეს მეფისა თანამწოლ და მსახურად.

4. და იყო ქალი იგი შუენიერ ფრიად და ატფობდის მეფესა და მსახურებდა მას, და მეფემან არა რა იცოდა მის თანა.

5. ადონია აგითასმან აღიღო თავი თჳსი მეფედ დავითის წილ და მოიგო ეტლები და მჴედრები და წინამცორვალები ერგასის ოდენ.

6. და მამამან არასადა შერისხნა, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ, ანუ რად იქმ მაგასა? და იყო იგი ქმნულკეთილ პირითა, რამეთუ აბესალომის შემდგომად შობილ იყო.

7. და ზრახვა მისი იყო იოაბის თანა ძისა შარუასსა, და აბიათარცა მღდელი შემწე იყო მისა.

8. და სადუკ მღდელი და ბანეა, ძე იოადისი, და ნათან წინაწარმეტყუელი და სემეი და რეი და ძენი ძლიერებისა დავითისანი არა იყუნეს ადონიასა თანა.

9. ხოლო იყუნეს ადონიასნი ცხოვარნი, ზროხანი და კრავნი ფრიად ლოდსა მას თანა სელათისასა, რომელი-იგი არს მახლობელად ჰრობელსა, და უწოდა ყოველთა ძმათა მისთა, ძეთა მეფისათა, ყთველსა კაცსა იუდასასა, მსახურთა მეფისათა.

10. და ნათან წინაწარმეტყუელსა და ბანასე და ძლიერთა დავითისთა და სოლომონს, ძმასა თჳსსა, არა მიჰხადა.

11. და მოვიდა ნათან ბერსაბესა, დედისა სოლომონისა, და ჰრქუა: არა გასმიესა ესე შენ, რამეთუ მეფედ დადგა ადონია, ძე აგითაისი, და უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, არა იცოდა.

12. აწ ისმინე სიტყუაჲ ესე ჩემი, რომლითა სცხონდე შენ და ძე შენი სოლომონ.

13. და შევედ შენ წინაშე მეფისა და არქუ მას, ვითარმედ: შენ, უფალი ჩემი მეფე, ეფუცე მჴევალსა შენსა ღმრთისა მიმართ და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდეს ჩემსა შემდგომად, და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთაო, და აწ, ესერა, მეფე არს ადონია.

14. და ვიდრე შენ მაგასა იტყოდი ოდენ, მე შემოვიდე შენ თანა და დავამტკიცო სიტყუაჲ შენი.

15. და შევიდა ბერსაბე წინაშე მეფისა. და მეფე მოხუცებულ იყო ფრიად და აბისაქ სომანიტელი დგა წინაშე მეფისა მსახურად.

16. დავარდა ბერსაბე და დამხედ თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მეფემან: რა გიჴმს შენ?

17. მიუგო ბერსაბე მეფესა და ჰრქუა: უფალო ჩემო მეფე, შენ ჰფუცე უფლისა მიმართ ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდესო შემდგომად ჩემსა, და იგი დაჯდესო საყდართა ჩემთა.

18. და აწ, ეგერა, ადონია მეფედ დადგა და შენ, უფალმან ჩემმან, მეფემან, არა უწყი.

19. და დაუკლავს მას ზროხა და ცხოვარი და ტარიგნი დიდძალი და მოუხადიან ყოველნი ძენი მეფისანი და აბიათარ მღდელი და იოაბ სპასპეტი, და სოლომონ, მონა შენი, არა მიხადეს.

20. და შენ მიერ თუ არს სიტყუაჲ ესე, უფალო ჩემო, მეფე, განცხადებულ იყავნ, ვინ დაჯდეს საყდართა უფლისა ჩემისა მეფისათა შემდგომად მისა.

21. და იყოს, რაჟამს შეისუენოს უფალმან ჩემმან, მეფემან, ვიპოვნეთ მე და სოლომონ შეცოდებულ.

22. და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა ნათან წინაწარმეტყუელი კართა ზედა.

23. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: ნათან წინაწარმეტყუელი კართა დგას. და ვითარცა შევიდა ნათან წინაშე დავითისა და დამხედ თაყვანი-სცა მეფესა.

24. და ჰრქუა ნათან: უფალო ჩემო, მეფე, შენ ესრეთ ბრძანეა, ვითარმედ ჩემსა შემდგომად მეფობდეს ადონია და დაჯდეს საყდარსა ჩემსა?

25. რამეთუ შთამოვიდა დღეს და დასწყჳდნა ზროხა და ცხოვარი და კრავები ფრიად, და უხდიან ყოველნი ძენი მეფისანი და იოაბ სპასპეტი შენი და აბიათარ მღდელთმოძღუარი და მთავარნი შენნი, იშუებენ და იხარებენ წინაშე მისა და იტყჳან, ვითარმედ: ცხოვნდინ მეფე ადონია.

26. და მე, მონა შენი, და სადუკ მღდელთმოძღვარი და ბანეა, ძე იოადისი, და სოლომონ, ძე შენი, არა მიუყვანებიან.

27. და შენ მიერ თუ იყო ესე, რასა არა მაუწყე ჩუენ, მონათა შენთა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩუენისათა შენსა შემდგომად?

28. მიუგო დავით და ჰრქუა: შემოუწოდეთ ბერსაბეს! და შემოვიდა ბერსაბე წინაშე მეფისა.

29. ფიცად იწყო მეფემან და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან მიჴსნა მე ყოველთაგან ჭირთა ჩემთა.

30. რამეთუ, ვითარცა-იგი პირველად ვეფუცე უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, ვითარმედ სოლომონ, ძე ჩემი, მეფობდეს ჩემსა შედეგად და იგი დაჯდეს საყდართა ჩუენთა, ეგრეცა ვყო დღეს დღე.

31. და ბერსაბე დამხედ თაყუანი-სცა მეფესა და თქუა: უკუნითი [უკუნისამდე] ცხონდი, მეფე დავით.

32. და მოუწოდა მეფემან სადუკს მღდელსა და ნათანს წინაწარმეტყუელსა და ბანეას, ძესა იოადისასა, და შემოვიდეს იგინი წინაშე მეფისა.

33. და ჰრქუა მათ: წარიყვანენით თქუენ თანა მონანი უფლისა თქუენისანი და აღსვით სოლომონ, ძე ჩემი, საყდარსა ჩემსა და შთავედით გეონად.

34. და სცხედ მას მეფედ კურთხევად სადუკ მღდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან ყოველსა ზედა ისრაჱლსა, და ნესტუსა დაბერეთ და თქუთ: უკუნისამდე ცხოვნდინ მეფე სოლომონ!

35. და აღმოვედინ აქავე და თქუენ მის თანა, და შემოვიდეს იგი და დაჯდეს იგი საყდართა ჩემთა. და იგი მეფობდეს ჩემ წილ და მას მივსცე ბრძანება, რათა მეფობდეს იგი ყოველსა ზედა იუდასა და ისრაჱლსა.

36. სიტყუად იწყო ბანეა, ძემან იოადისამან, მეფისა და ჰრქუა: იყავნ ეგრე! და დაამტკიცა უფალმან ღმერთმან უფლისა ჩუენისა, მეფისა.

37. და ვითარცა იყო უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა, მეფისა თანა, ეგრეცა სოლომონის თანა. და დაამტკიცენ საყდარი მისი, ვითარცა დაამტკიცა უფალმან საყდარი შენი უფლისა ჩემისა, მეფის დავითისი.

38. და შთავიდა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ქერეთი და ოფელეთი. და აღსვეს სოლომონ ზედა საჴედარსა მეფისა დავითისასა და შთავიდეს გეონად.

39. და მოიღო სადუკ ამპოლი ზეთისა კარვით და სცხო სოლომონს და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუა ყოველმან ერმან: უკუნისამდის ცხოვნდინ სოლომონ მეფე!

40. და მსახურნი იგი მეფისანი სცემდეს ნესტუსა და როკვიდეს და ძნობდეს წინაშე მეფისა და იხარებდეს სიხარულითა დიდითა. და ოხრიდა ქუეყანა ჴმითა მით ღაღადებისათა.

41. და ესმა ადონიას და ყოველსა ერსა, რომელ-იგი მის თანა იყო და დასცეს შვება იგი მათი და ესმა იოაბს და თქუა: რა არს ჴმაჲ ესე ოხრისა ქალაქსა ამას შინა?

42. და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა იონათან, ძე აბათაქ მღდელთმოძღურისა, და ჰრქუა მას: ადონია, შემოვედ შინა, რამეთუ კაცი კეთილი ხარ და სიტყუაჲ კეთილი მოგაქუს.

43. მიუგო იონათან და ჰრქუა ადონიას: უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, მეფედ დაადგინა სოლომონ.

44. და მიავლინა მის თანა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ბანეა, ძე იოადისი, და ქერეთი და ოფელტი. და აღსვეს იგი საჴედარსა მეფისასა.

45. და სცხეს მას მეფედ სადუკ მღრდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან გეონსა შინა, და აღმოვიდენ მუნით, სიხარულითა და ოხრიდა ქუეყანა განცხრომით. ესე იგი ჴმა არს, რომელი გესმოდა თქუენ.

46. და დაჯდა სოლომონ საყდართა მათ მეფისათა.

47. და შევიდა ერი იგი და აკურთხევდეს უფალსა ჩუენსა დავითს და ჰრქვეს მას: დიდებულ-ყავნ უფალმან სახელი ძისა შენისა სოლომონისი უფროს სახელისა შენისა და აღიმაღლენ საყდარი მისი უფროს საყდრისა მაგის შენისა. თაყუანი-სცა მეფემან ცხედართა თჳსთა ზედა.

48. და ესე თქუა მეფემან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მომცა მე დღეს ნაშობისაგან მუცლისა ჩემისა დაჯდომად საყდართა ჩუენთა და მიჩუენა თუალთა ჩემთა მხილვარეთა.

49. და ვითარცა ესმა ესე მათ ყოველთა, განკრთეს და აღდგეს ყოველნი, რომელნი პურად სხდეს ადონიასა თანა, და წარვიდეს თჳთოეულად გზასა თჳსსა.

50. და ადონიას შეეშინა სოლომონ მეფისაგან, აღდგა და შევიდა კარავსა მას უფლისასა და მოეხვია საკურთხეველსა მას უფლისასა.

51. და უთხრეს სოლომონს, ვითარმედ შეეშინდა ადონიას მეფისაგან სოლომონისა და მოხვეულ არს საკურთხეველსა უფლისასა და იტყჳს: მეფუცენ მე დღეს მეფე სოლომონ, რათა არა მომკლას მახჳლითა მონა ესე თჳსი.

52. მიუგო სოლომონ და ჰრქუა: უკუეთუ ბრძენი იყოს იგი სიტყჳთა და მართალი დგეს ჩემ თანა, არა მოკუდეს იგი, უკუეთუ ბოროტი რამე ყოს ჩემ თანა, მოკუდეს.

53. და მიავლინა მეფემან სოლომონ მოციქულნი და მოიყვანეს საკურთხეველისა მისგან და შევიდა ადონია წინაშე მეფისა და თაყუანი-სცა მას და ჰრქუა სოლომონ: გვალე, მივედ სახიდ შენდა!

2

1. და მოვიდეს დღენი სიკუდილისა დავითისნი, და ამცნო ძესა თჳსსა სოლომონს და ჰრქუა:

2. მე მივალ გზასა ყოველთა კაცთასა, ხოლო შენ განძლიერდი და იყავ მამაკაც ძლიერ.

3. და დაიცვენ გზანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისანი, რათა ხჳდოდი ყოველთა ბრძანებათა მისთა და ყოველთა მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და წამებათა მისთა, რომელ-იგი წერილ არიან სჯულსა მას მოსესასა, რათა წარგემართოს ყოველი, რასაცა იქმოდი და რასაცა მიჰხედო.

4. რათა დაამტკიცოს უფალმან ყოველივე სიტყუაჲ იგი, რომელსაცა მეტყოდა მე და თქუა: უკუეთუ დაიმარხნენ შვილთა შენთა გზანი ჩემნი და ვიდოდიან წინაშე ჩემსა ჭეშმარიტებითა, არა მოვაკლო ნაშობი შენი საყდართა შენთა და ძეთა შორის ისრაჱლისათა.

5. და აწ შენ თჳთ უწყი, რა მიყო მე იოაბ, ძემან შარუელისამან, რა-იგი უყო ორთა მათ ერისთავთა ისრაჱლისათა: აბენეზერს, ძესა მას ნერისასა, და ამესას, ძესა მას იეთერისასა, ერისთავსა მას იუდასასა, რამეთუ მოსწყჳდნა იგინი, იძია სისხლი ღუაწლისა ჟამსა მშჳდობისასა და დასთხია სისხლი უბიწო ცხორებასა შინა თჳსსა და ჴამლთა მისთა, რომელ ესხნეს ფერჴთა მისთა.

6. აწ ყავ შენ მისთჳს სიბრძნითა შენითა და ნუ შთაავლინებ სიბერესა მისსა მშჳდობით ჯოჯოხეთად.

7. და ძეთა ბერზელის გალადელისათჳს ყავ წყალობა და პურისმტე-ყვენ იგინი ტაბლასა შენსა, რამეთუ ესე ფრიად მსახურებდა წინაშე ჩემსა, რაჟამს ვივლტოდე მე პირისაგან აბესალომისა, ძმისა შენისა.

8. და სემეი, ძე გერასი იემენელისა, რომელი ბავრიმეველი იყო, იგიცა მწყევდა მე წყევასა სიმწარისასა დღესა მას, რომელსა წარმოვიდოდე მე მეოტებით ბანაკითურთ და მომეგებოდა მე კიდემდე იორდანისა და ვეფუცე მას უფალსა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.

9. ხოლო შენ ნუ განამართლებ მას, რამეთუ კაცი ბრძენი ხარ შენ და გულისხმა-ყო, რა უყო მას და შთაჴადო სიბერე მისი სისხლით ჯოჯოხეთად.

10. და დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა თჳსსა.

11. და რიცხჳ დღეთა დავითისათა, რაოდენ მეფობდა ისრაჱლსა ზედა, ორმეოც წელ, რამეთუ ქებრონს მეფობდა შჳდ წელ და იერუსალჱმს მეფობდა ყოველსა ზედა ისრაჱლსა ოცდაცამეტ წელ.

12. სოლომონ დაჯდა საყდარსა დავითის, მამისა თჳსისასა, და იყო იგი ათორმეტისა წლისა. და განემზადა მეფობა მისი ფრიად.

13. და შევიდა ადონია, ძე აგითასი, ბერსაბესა, დედისა სოლომონისა და თაყუანი სცა მას. ხოლო მან ჰრქუა მას: მშჳდობითა შემოსულა შენი? და მან თქუა: მშჳდობით.

14. და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა. ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

15. და ჰრქუა მას: შენ იცი, რამეთუ ჩემი იყო მეფობა და ჩემ ზედა იყო პირი ყოვლისა ისრაჱლისა მეფობად. და იქცა მეფობა და იქმნა ძმისა ჩემისა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო.

16. და აწ თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. და ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

17. და ჰრქუა მას: არქუ სოლომონს მეფესა, რამეთუ არა გარემიიქციოს პირი მისი შენგან და მომეცინ მე აბესკა სომანიტელი ცოლად.

18. და ჰრქუა მას ბერსაბე: კეთილ, და მე ვეტყოდი მეფესა შენთჳს.

19. და შევიდა ბერსაბე მეფისა სოლომონისა სიტყუად მისა ადონიასთჳს. და ზეაღდგა მეფე სოლომონ და მიეგებოდა დედასა თჳსსა და ამბორს-უყო მას და დაჯდა საყდარსავე თჳსსა და დაუდგეს საყდარი დედასა მეფისასა. და დაჯდა მარჯუენით მისა.

20. და ჰრქუა ბერსაბე: თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქვა მას მეფემან: ითხოვე, დედაო ჩემო, რამეთუ არა გარემივიქციო პირი ჩემი შენგან.

21. და ჰრქუა მას ბერსაბე: მიეც აბესაკ სომანიტელი ადონიას, ძმასა შენსა, ცოლად.

22. მიუგო მას მეფემან სოლომონ და ჰრქუა დედასა თჳსსა: რად ითხოვ აბისაკს სომანიტელსა ადონიასათჳს? არამედ მოუთხოე მას მეფობა ესე, რამეთუ იგი არს ძმა უხუცესი, რამეთუ მის თანა არს აბიათარ მღდელი და იოაბ, ძე შარუელისი, სპასპეტი და მეგობარი მისი.

23. და ფუცა მეფემან სოლომონ უფლისა სახელი და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ადონია სიტყუაჲ ეგე.

24. აწ ცხოველ არს უფალი, რომელმან განმამზადა მე და დამსვა მე საყდარსა ზედა დავითის, მამისა ჩემისასა, და ყო სახელი ჩემი, ვითარცა მეტყოდა მე უფალი, რამეთუ დღეს სიკუდილით მოკუდეს ადონია.

25. და წარავლინნა სოლომონ მეფემან ბანეას, ძე იოადასი, და მოკლა ადონია მას დღესა შინა.

26. და აბიათარ მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთად, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს და არა მოგაკუდინო შენ, რამეთუ იტჳრთე კიდობანი იგი სჯულისა მის უფლისა წინაშე მამისა ჩემისა და რამეთუ იჭირვე ყოველსავე ადგილსა, სადაცა შურებოდა მამა ჩემი.

27. და განაძო სოლომონ მეფემან აბიათარ, რათა არღარა იყოს მღდელი უფლისა აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას იჰელისასა სელომს შინა.

28. და მიესმა იოაბს, ძესა შარუელისასა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კვალსა ადონიასასა და არა კვალსა სოლომონისასა და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.

29. და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და, აჰა, მობმა-უყოფიან რქათა მათ საკურთხეველისათა. და წარავლინა სოლომონ იოაბისა და ჰრქუა: რა გექმნა შენ, რამეთუ შეივლტოდე საკურთხეველსა მაგას? და ჰრქუა იოაბ: რამეთუ შემეშინა პირისაგან შენისა და მოვივლტოდე უფლისა. და წარავლინა სოლომონ მეფემან ბანეა, ძე იოადისი, და ჰრქუა: მივედ და მოკალ იგი და დაფალ იგი!

30. მივიდა ბანეა, ძე იოადისი, იოაბისათჳს კარავსა მას უფლისასა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს მეფე: გამოვედ! და ჰრქუა იოაბ: არა გამოვიდე ამიერ, არამედ აქავე მოვკუდე. და მიიქცა ბანეა, ძე იოადისი, უთხრა მეფესა და ჰრქუა: ესრე თქუა იოაბ და ესრე მომიგო.

31. ჰრქუა მას მეფემან: მივედ და უყავ მას, ვითარცა-იგი თქუა, და მოკალ და დაფალ იგი, და აღვჴოცო დღეს სისხლი იგი, რომელსა დასთხევდა იოაბ მედად ჩემგან და სახლისაგან მამისა ჩემისა.

32. მიაქცია უფალმან სისხლი იგი მისი უსამართლო თავსავე ზედა მისსა, ვითარცა შეემთხჳა ორთა მათ კაცთა მართალთა და უსახნიერესთა მისთა, და მოსწყჳდნა იგინი მახჳლითა და მამამან ჩემმან არა უწყოდა სისხლი იგი. აბენერ, ძე ნერისი, ერისთავი ისრაჱლისა, და ამესა, ძე იეთერისი, ერისთავი იუდასი.

33. დააკრბედ სისხლნი მათნი თავსა მაგისსა და თავსა ნათესავისა მაგისისა უკუნისამდე, და დავითისა და ნათესავისა მისისა და სახლისა მისისა და საყდრისა მისისა იყავნ მშჳდობაჲ უკუნისამდე უფლისა მიერ.

34. და აღჴდა ბანეა, ძე იოადისი, და შეემთხჳა მას და მოკლა იგი და დაფლა იგი საფლავსა მას უდაბნოსასა.

35. და მისცა მეფემან სოლომონ ბანია, ძე იუდასი, იოაბის წილ ერსა მას ზედა და მეფობა წარემართებოდა.

36. და წარავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის, ძესა გერასისა, და ჰრქუა მას: იქმენ შენდა სახლი იერუსალჱმს, და დაეშენე მუნ და ნუ ვიდრე განხვალ მუნით.

37. და იყოს დღესა მას მოსულისა შენისასა, და ნუ წიაღჴდენ ნაღვარევსა მას კედრონისასა. უწყებით უწყოდე, რამეთუ მოჰკუდე და სისხლი შენი იყავნ თავსა შენსა ზედა. და აფუცა იგი მეფემან მას დღესა შინა.

38. და ჰრქუა სემეი: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ, უფალო ჩემო მეფე, ეგრე ყოს მონამან შენმან. და დაჯდა სემეი იერუსალჱმსა შინა სამ წელ.

39. და იყო, შემდგომად სამისა წლისა ივლტოდენ ორნი მონანი სემეისნი და მივიდეს ანქუშის, ძისა მაქიასა, მეფისა გეთელთასა, და უთხრეს სემეის და ჰრქუეს: აჰა, ორნი იგი მონანი შენნი გეთს არიან.

40. და აღდგა სემეი და დაასხნა კარაულსა თჳსსა და მივიდა გეთად ანქუშისა, მეფისა გეთელთასა, თხოვად მონათა მათ თჳსთა და მივიდა სემეი და მოიყვანა მონანი იგი თჳსნი გეთით.

41. და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: მივიდა სემეი იერუსალჱმით გეთად და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი.

42. და მიავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის და ჰრქუა: არა გაფუცე შენ უფლისა და დავდევ შენ ზედა აღთქმა და ვთქუ: დღესა, რომელსა განხჳდე იერუსალჱმით და მიხჳდე მარჯულ ანუ მარცხლ, უწყებით უწყოდე, რამეთუ სიკუდილით მოჰკუდე, და მარქუ მე: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ მესმა.

43. და აწ რად არა იმარხე ფიცი იგი უფლისა და მცნება იგი, რომელ გამცენ?

44. და ჰრქუა მეფემან სემეის: შენ თჳთ იცი ყოველი სიბოროტე შენი, რომელ უწყის გულმან შენმან, რაოდენი-რა უყავ დავითს, მამასა ჩემსა, და მიგაგო უფალმან უფალმან უკეთურება იგი შენი თავსა შენსა.

45. და მეფე სოლომონ კურთხეულ არს და საყდარი დავითისი ჰგიეს წინაშე უფლისა უკუნისამდე.

46. და უბრძანა მეფემან სოლომონ ბანეას, ძესა იოადისასა, და განვიდა და მოკლა იგი და მოკუდა სემეი.

3

1. დამტკიცებასა მეფობისა მის სოლომონისა, მზახობა-ყო სოლომონ ფარაოს მიმართ მეფისა მის მიმართ ეგჳპტელთასა. და მოითხოვა ასული იგი მისი და მოიყვანა ქალაქად დავითისა ვიდრე აღშენებადმდე სახლისა მის თჳსისა და ტაძრისა მის უფლისა და ზღუდისა მის გარემო იერუსალჱმისა.

2. უკმევდა ერი იგი საკმეველსა ზედა მაღალთა მათ, რამეთუ არღა შენებულ იყო ტაძარი იგი სახლისა უფლისა მიმუნდღედმდე.

3. და შეიყუარა სოლომონ უფალი სლვად მცნებათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, ხოლო მაღალთა მათ ზედა იგიცა შესწირვიდა მსხუერპლსა და უკმევდა საკუმეველსა.

4. და აღდგა, წარვიდა მეფე გაბაონად შეწირვად მუნ, რამეთუ იგი უმაღლეს და უდიდებულეს არს, და ათასი მსხუერპლი შესწირა ზედა საკურთხეველსა მას გაბაონსა.

5. და ეჩუენა უფალი სოლომონს ძილსა შინა ღამე. და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ითხოვე რა შენ თხოვა თავისა შენისა.

6. და ჰრქუა სოლომონ: შენ ჰყავ მონისა შენისა თანა, დავითის, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი, ვითარცა ვიდოდა შენ წინაშე ჭეშმარიტებით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისათა შენდამი, და დაუმარხე მას წყალობა ესე დიდი - დაჯდომად ძე მისი საყდარსა მისსა, ვითარცა-ესე დღეს-დღე.

7. და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა ჩემი და გამოსულა ჩემი.

8. და მონა შენი შორის ერსა შენსა არს, რომელ გამოირჩიე ერი შენი სიმართლითა ურიცხუ, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.

9. და მისცე მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა მის შენისა მძიმისა?

10. და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუაჲ ესე.

11. და ჰრქვა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუაჲ ესე ჩემგან, და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი, და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისხმის-ყოფაჲ სმენად სიმართლისა,

12. აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არა ვინ იყო უწინარეს შენსა, და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა.

13. და რომელღა არა ითხოვე, მი-ვე-გცე შენ და სიმდიდრე და დიდებაჲ შენ ვითარ კაცი არა ვინ იყო მეფეთა შორის შენებრივ.

14. და უკუეთუ ხჳდოდი გზათა ჩემთა დამარხვად მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, განვაგრძნე დღენი შენნი.

15. და განიღჳძა სოლომონ და იყო ჩუენება, და აღდგა და შევიდა იერუსალჱმად. და წადგა წინაშე პირსა კიდობნისა შჯულისა უფლისა სიონს შინა და შესწირა მსხუერპლი დასამშჳდებელი და ყო სიხარული დიდი თავისა თჳსისა და ყოველთა მონათა მისთა.

16. მას ჟამსა წარმოდგეს სოლომონ მეფისა ორნი დედანი მეძავნი და დადგეს წინაშე მისა.

17. და თქუა ერთმან დედაკაცმან: ჩემდა მოიხილე, უფალო, მე და დედაკაცი ესე ვიყოფოდეთ სახლსა ერთსა და ვშევ სახლსა მას შინა.

18. და იყო, მესამესა დღესა შობითგან ჩემით შვა დედაკაცმანცა ამან ძე, და ვიყვენით სახლსა მას შინა ორნივე ჩუენ ხოლო და სხვა არა ვინ იყო ჩუენ თანა სახლსა მას.

19. და მოკუდა ძე იგი ამის დედაკაცისა ღამე, რამეთუ დააწვა მას ზედა.

20. და აღდგა შუაღამესა ოდენ და მიმპარა ყრმა იგი ჩემი მჴართაგან ჩემთა და მჴევალსა შენსა მეძინა და დააძინა უბესა თჳსსა და ყრმა იგი მისი მომკუდარი შემოაწვინა უბესა ჩემსა.

21. და აღვდეგ, რათამცა ვაწოე ყრმასა მას ჩემსა და იგი იყო მომკუდარი, და ვიხილე განთიად და არა იყო ყრმა იგი ჩემი, რომელ მეშვა მე.

22. და სხუაჲ იგი დედაკაცი ეტყოდა: არა, ესე ჩემი არს და ცოცხალ არს, მომკუდარი იგი არს შვილი შენი. და ერთმან თქუა: არა, არამედ მომკუდარი იგი შენი არს და ცოცხალი ეგე ჩემი არს.

23. და ესე წართქუეს წინაშე მეფისა და ჰრქუა მეფემან: შენ იტყჳ, ვითარმედ: შვილი ჩემი ცოცხალი ესე არს და შვილი მაგისი მომკუდარი იგი არს? და შენ იტყჳ: არა, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი ესე არს?

24. და თქუა მეფემან: მომართუთ მე მახჳლი! და მოიღეს მახჳლი წინაშე მეფისა.

25. და თქუა მეფემან: განკუეთეთ ყრმა იგი მწოვარი ცოცხალი ორგან და მიეცით ზოგი მისი მას და ზოგი მისი მას.

26. მიუგო დედაკაცმან, რომლისა იყო ყრმა იგი ცოცხალი, და ჰრქუა მეფესა (რამეთუ შეელმა მუცელი მისი ზედა შვილსა მას თჳსსა) და თქუა: ჩემდა მოიხილე, მეფე, მიეცით მაგას ყრმა იგი ცოცხალი და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ და ერთი იგი იტყოდა: ნუცამცა ჩემდა არს, ნუცა მაგისა, განკვეთეთ ორგან!

27. და მიუგო მეფემან და თქუა: მიეცით მაგას დედაკაცსა ყრმა ეგე ცოცხალი, რომელმან თქუა, ვითარმედ: ეგე მიეცით მაგას და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ, რამეთუ ეგე არს დედა მაგისი.

28. და ესმა ყოველსა ისრაჱლსა სასჯელი ესე, რომელ საჯა მეფემან, და შეეშინა ერსა მას პირისაგან მეფისა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ სიბრძნე ღმრთისა არს მის თანა ყოფად სიმართლისა.

4

1. და იყო მეფე სოლომონ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

2. და ესე არიან მთავარნი მისნი: აზარა, ძე სადუკისი, მღდელისა,

3. ელიაბ და აქია, ძენი სისასნი, მწიგნობარნი, და იოსაფატ, ძე აქილიდისი, ზედამდგომელი მოსაჴსენებელთა.

4. და ბანეა, ძე იოადისი, სპასპეტი, და სადუკ და აბიათარ-მღდელნი.

5. და აზარია, ძე ნათანისი, ზედა საქმისა მაწვეველად და ზაბოთ, ძე ნათანისი, მღდელი-საყუარელი მეფისა.

6. და აქიელ, მოღუაწე და ელიაბ, ძე იოასი, ერსა ზედა და ადონირამ, ძე ედრამისი, - ხარკთა ზედა.

7. და დაედგინნეს სოლომონს ათორმეტნი მბრძანებელნი ისრაჱლსა ზედა მოღუაწედ და წინამძღუარად და როჭიკისა მიმცემელად სახლსა მას სამეუფოსა, რომელთა ხუდის წელიწადსა შინა როჭიკისა მიცემა თჳთო თჳთოს თვესა მას.

8. ესე არიან სახელები მათი: ბენიამენ, ძე იოვრასი, მთისაგან ეფრემისა,

9. ძე რექაბისი მაქმასს და ზალამინს და ბეთსამუს და ედომს ვიდრე ბეთნამდე.

10. იაქირ, ძე ექორებისი, ბეთნამს, ლუზას და ამექსას და ფარაქიმს, ანადაბს და მათსასას და ფატის კაცი ერთი, რომლისა ტაბაათ, ასული სოლომონისი, იყო ცოლად მისა.

12. ბაქსას, ძე აქაბისი, ეთამას და მაგედონს და ყოველთა მათ მკჳდრთა სასართანისათა ქვე აღეზრაესსა ბეთსანითგან ვიდრე აბელაულამდე და მაებერდამდე.

13. ოკამ, ძე გამერისი, გალადიტელისა, მისი იგი ნაწილი რაგაბანს ბასანს, სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შეზღუდვილი და მოქლონები რვალისა.

14. აქინადაბ, ძე აქაბისი, მაქილამს.

15. აქიმაას - ნეფთალიმს, და მან მიიყვანა ბასემად, ასული სოლომონისი, ცოლად.

16. განეა, ძე ქუსისი, ქუეყანასა გალაადისასა.

17. სამაა, ძე ჰელასი, ქუეყანასა მას ბენიამენისასა.

18. გამერ, ძე სადადესი, ქუეყანასა მას გაადისასა, ქუეყანასა მას სეონისასა, მეფესა მას ზედა ესებონისასა, და ოგს, მეფესა მას ზედა ბასანისასა. და ნასიბ ქუეყანასა მას იუდასასა.

19. და იოსაფატ, ძე ფარასუქისი, ისაქარს და მსახურებდეს სოლომონ მეფესა, რომელნი დაედგინნეს ჴელმწიფენი, ყოველთავე რა განწესებულად იყო ტაბლად სამეუფოდ, კაცად-კაცადი თთუესა თჳსსა, და არა გარდააქცევდეს სიტყუასა. და ქრთილი და ბზე საჴედართათჳს და საეტლეთათჳს მოაქუნ ადგიდ, სადაცა არიან მეფე კაცად-კაცადი საბრძანებელით თჳსით.

20. და ისრაჱლი ურიცხუ იყო, ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა სიმრავლითა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს.

21. და სოლომონ უფლებდა შარავანდედთა მათ ზედა მდინარითგან ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა. და მოართმიდეს ძღუენსა და ჰმონებდეს სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

22. და ესე როჭიკი იყო სოლომონისი, - დღესა შინა ოცდაათი სათუელი სამინდო და ორმოცი სათუელი ფქვილი გერმაკი,

23. და ათი ზვარაკი და ოცი ფური და ასი ცხოვარი და ნადირი, ირემი და ქურციკი და რჩეულ-რჩეული მფრინველთა.

24. რამეთუ ჴელმწიფე იყო ყოველსა ზედა წიაღ მდინარით თაფსაით ვიდრე გაზადმდე ყოველსა მას მეფობასა ვიდრე წიაღ მდინარედმდე, და იყო მისა მშჳდობაჲ ყოველთაგან გარემოთა.

25. დამკჳდრებულ იყო იუდა და ისრაჱლი სასოებით კაცად-კაცადი ვენაჴსა თჳსსა და ლეღოვანსა ჭამდეს და სუმიდეს დანითგან ვიდრე ბერსაბემდე ყოველთა დღეთა სოლომონისათა.

26. და იყო სოლომონისი ორმეოც ათასი ჴრდალი საეტლეთა და ათორმეტ ათასი საჴედართა.

29. და მისცა უფალმან სოლომონს სიბრძნე და მეცნიერება დიდად ფრიად და გულისხმის-ყოფა, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.

30. და განმრავლდა სიბრძნე სოლომონისი უფროს წინანდელთა კაცთასა და უმეტეს მეცნიერთა ეგჳპტისათა.

31. და განბრძნდა უფროს ყოველთა კაცთა და უბრძენე ეთამ იზრაიტელისა და ზამბრისა და ეთამისა და ქალქაკისა და დარდაესა, ძეთა მალაისათა, და იყო სახელოვან ყოველთა თესლთა გრემოთა.

32. და თქუა სოლომონ სამ ათასი იგავი და იყუნეს ქებანი მისნი ხუთ ათას.

33. და თქუა ძელთათჳს ფიჭუთაგან ლიბანისათა მი-ჯეჯილამდე, რომელ ზღუდესა ზეცა აღმოსცენდის და თქუა პირუტყუთათჳს და ფრინველთათჳს და ქვეწარმავალთათჳს და თევზთათჳს.

34. და მოვიდეს ყოველნივე ნათესავნი სმენად სიბრძნისა მის სოლომონისა, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი.

5

1. და მოუვლინა ქირიმ, მეფემან ტჳროსისამან, მონანი თჳსნი სოლომონს, რამეთუ ესმა, ვითარმედ სცხეს სოლომონს მეფედ დავითის წილ, მამისა თჳსისა, რამეთუ ჰყვარობდა ქირამ დავითს ყოველთა დღეთა.

2. და მოუვლინა სოლომონ ქირამისა და ჰრქუა:

3. შენ თჳთ უწყოდე დავითის, მამისა ჩემისა, რამეთუ ვერ აშენა ტაძარი სახელად უფლისა ღმრთისა თჳსისა პირისაგან მებრძოლთასა, რომელ იყუნენ გარემოს მისა, ვიდრემდე მისცნა იგინი უფალმან ქუეშე ფერჴთა მისთა.

4. და აწ დაამშჳდა უფალმან ღმერთმან ჩემმან გარემო ჩემსა და არავინ არს მავნებელ და არცა შემთხუევა ბოროტისა.

5. და, აჰა, მე ვიტყჳ შენებად ტაძრისა სახელად უფლისა ღმრთისა ჩემისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ღმერთი დავითს, მამასა ჩემსა, და ჰრქუა: ნიშები შენი, რომელ მისცე შენ წილ საყდარსა შენსა, მან აღაშენოს ტაძარი სახელისა ჩემისა.

6. და აწ ბრძანე, და, კაფონ ძელი მონათა შენთა ლიბანეს და, აჰა, მონანიცა ჩემნი მოვიდენ მონათა შენთა თანა და ნაშრომი მონათა შენთა მიგცე შენ ყოველივე, რაცა სთქვა შენ. თჳთ უწყი, რამეთუ არა არს აქა კაცი, რომელმანცა იცოდა კაფა ძელისა, ვითარ-ეგე სიდონელთა.

7. და იყო, ვითარცა ესმა სიტყვა ესე სოლომონისი ქირამს, განიხარა ფრიად და თქვა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა დავითს შვილი ბრძენი ერსა ამას ზედა დიდსა.

8. და მიავლინა ქირამ სოლომონისა და ჰრქუა: მესმა ყოველივე, რა გებრძანა ჩემდა; მე ვყო ნება შენი. ფიჭვი და ნაძვი

9. მონათა ჩემთა მოიღონ ლიბანით ზღჳსკიდედ, და შევდგა ხვეულად და მოვიღო ზღჳთ და მოვაწიო ადგილად, სადაცა ბრძანო შენ და შენ მიიღო და ჰყო ნიში ჩემი და სცე პური სახლსა ჩემსა.

10. და უძღუანებდა ქირამ სოლომონს ფიჭუსა და ნაძუსა და ყოველსა ნებასა მისსა.

11. და სოლომონ სცის ქირამს ოც ათას სათუელი იფქლი და ოცათი საწყაული ზეთი. ამას მისცემდა სოლომონ ქირამს წლითი წლად.

12. და უფალმან მისცა სიბრძნე სოლომონს, ვითარცა აღუთქვა მას და იყო მშჳდობა შორის ქირამისა და სოლომონისა და აღთქმა-ყვეს ურთიერთას.

13. და გამოიყვანა მეფემან სოლომონ მოქმედი ყოვლისაგან ისრაჱლისა. და იყო მოქმედი იგი ოცდაათი ათას მამაკაც.

14. და განაწესა მიმავალი ლიბანედ, ათი ათასმან თთუე ერთი დაყვეს ლიბანეს, ორი თთუე სახლსა თჳსსა. და ადონირამ იყო მოქმედსა მას ზედა.

15. და იყო სოლომონისი მოტჳრთე სამეოცდაათ ათას და ოთხმეოც ათას ქვისმჴდელნი მთასა შინა.

16. და უხუცესნი მბრძანებელნი, რომელ დაედგინნეს სოლომონს, ზედა საქმესა მას მოძღურად სამ ათას და ხუთას ზედა ერსა მას მოქმედსა.

17. და უბრძანა მეფემან და მოიხუნეს ლოდნი დიდნი ქვათა მათგან პატიოსანთა საძირკველად ტაძრისა მის ქვანი გამოკვერვილნი.

18. და გამოკვერნეს ძეთა მათ სოლომონისათა და ძეთა მათ ქირამისათა და ბიბლელთა და დაამზადეს ძელი და ქვა საშენებელად ტაძრისა მის სამ წელ.