წიგნი მეოთხე მეფეთა, ებრაელებრ მალაქიმ, რომელ არს მეორე

16

1. წელსა მას მეათჩჳდმეტესა სუფევასა ფაკეს, ძისა რრომელისასა, მეფობდა აქაზ, ძე იოათამისი.

2. ძე ოცდახუთის წლისა იყო აქაზ დადგომასა მისსა მეფედ. ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და არა ქმნა სამართალი წინაშე უფლისა ღმრთისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

3. და ვიდოდა გზათა იორობოამისთა, ძისა ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისასა, ამან შვილნიცა თჳსნი შესთხივნა ცეცხლსა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

4. და უზორვიდა და უკმევდა მაღალთა მათ ზედა ბორცუთა და ქუეშე ყოველთა ხეთა მაგრილობელთა.

5. მას ჟამსა გამოვიდა რაასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი, მეფე იგი ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და მოიცვეს იგი აქაზის ზე და ვერ შეიძლეს დაპყრობად მისა.

6. მას ჟამსა დაიპყრა რაასონ, მეფემან ასურასტანისამან, აილათი და გამოიყვანნა ურიანი აილათით. და მოვიდეს ედომელნი და დაემკჳდრნეს აილათს მოდღენდელად დღედმდე.

7. და წარავლინნა აქაზ მოციქულნი თეგლათფალსარ მეფისა მის ასურასტანისა და ჰრქუა: მონა შენი, შვილი შენი ვარ მე. გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთასა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა.

8. და მოიღო ოქრო და ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და სახლსა მას სამეფოსა და მიუძღვანა მეფესა მას ასურთასა ძღუნად.

9. და ისმინა მისი მეფემან ასურასტანისამან და გამოვიდა მეფე იგი ასურთა ზედა დამასკესა და დაიპყრა იგი და წარტყუენა იგი, და კვირენ და რაასონ მოსრნა.

10. და წარვიდა მეფე აქაზ და მიეგებოდა თეგლათფალსარს, მეფესა მას ასურთასა, დამასკედ. და იხილა აქაზ საკურთხეველი იგი, რომელი იყო დამასკეს. და წარავლინა მეფემან აქაზ ურია მღდელისა და მიუძღუანა ზომი და მოასწავა მსგავსება ქმნულებისა მისისა.

11. და ქმნა ურია მღდელმან საკურთხეველი იგი მსგავსად ქმნულებისა მის, ვითარცა უბრძანა მეფემან აქაზ დამასკეთ, ეგრევე სახედ ქმნა ურია მღდელმან ვიდრე მოსლვადმდე აქაზ მეფისა დამასკედ.

12. იხილა საკურთხეველი იგი და აღჴდა მეფე საკურთხეველსა მას ზედა და შეწირნა შესაწირავნი იგი თჳსნი და მსხუერპლნი, და სათნონი.

13. და დასთხია სისხლი დასამშჳდებელთა თჳსთა.

14. და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, ცვალა პირისაგან სახლისა უფლისა ადგილით თჳსით და დადგა იგი ბღუარით კერძო საკურთხეველსა მას.

15. და ამცნო მეფემან აქაზ ურიას მღდელსა და ჰრქუა: ზედა საკურთხეველსა მაგას დიდსა შესწირნე შესაწირავნი იგი ცისკრისანი და შესაწირავნი მწუხრისანი და შესაწირავნი მეფისანი და მსხუერპლნი მისნი და შესაწირავი ერისა მაგის ქუეყანისა და ზორვილნი მათნი და მსხუერპლნი მათნი და ყოველი სისხლი მსხუერპლთა მათთა და ყოველი ზორვილთა მათ დაასხა მას ზედა. და საკურთხეველი იგი სპილენძისა იყოს ჩემდა აღსამსთობელად.

16. და ყო ურია მღდელმან მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, ვითარცა ამცნო მას მეფემან აქაზ.

17. დაჭრა მეფემან აქაზ კარშიკები მექონოთთა მათ და ცვალნა მათგან ავაზანნი იგი, და ზღუაჲ იგი გარდამოიღო კუროთა მათგან ათორმეტთა სპილენძისათა, რომელ იყუნეს ქუეშე მისსა, და დადვა იგი ზედა ქვებსა ხარისხსა.

18. და საძირკველი საყდრისა მის აღაშენა სახლსა მას უფლისასა, დამშჳდებით იყო შესლვა და გასლვა მეფისა სახლსა მას უფლისასა პირისაგან მეფისა მის ასურასტანელისათა.

19. და ნეშტნი სიტყუათა აქაზისთანი, რომელ ქმნნა, აჰა, არა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა?

20. და დაიძინა აქაზ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ.

17

1. წელსა მეათორმეტესა აქაზიას, მეფისა იუდასა, მეფობდა იოსე, ძე ელიასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ცხრა წელ.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მეფეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს წინა მისსა.

3. მას ზედა მოუჴდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა, და ემონა მას ოსეე და უძუღნობდენ მას მანანასა.

4. და პოვა მეფემან ასურასტანისამან ოსეეს თანა ზაკვა და წარავლინნა მოციქულნი სოვა მეფისა მიმართ მეგჳპტელთასა. და არა მისცა მან მანანა მეფესა მას ასურთასა მას წელსა. და მოიცვა იგი მეფემან ასურასტანისამან და შეაყენა სახლსა მას საპყრობელისასა.

5. და გამოვიდა მეფე იგი ასურასტანისა ყოველსა მას ქუეყანასა და მი- ვიდა სამარიადცა და გარემოადგა მას სამ წელ.

6. წელსა მეცხრესა ოსესსა გამოიპყრა მეფემან ასურასტანისამან სამარია და წარტყუენა ისრაჱლი ასურასტანად. და დააშენნა იგინი იალათას და იაბორს, მდინარეთა მათ გოვიზანისათა და მთათა მათ მედონელთა.

7. და იყო რისხვა უფლისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ შესცოდეს ძეთა მათ ისრაჱლისათა უფალსა ღმერთსა თჳსსა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა ჴელთაგან ფარაოს მეფისა ეგჳპტელთასა და ეშინოდა მათ ღმერთთა მათთაგან უცხოთა.

8. და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის მათ ნათესავთასა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და მეფეთა ისრაჱლისათა, რაოდენ-რა ქმნეს.

9. და რაოდენ-რა შეამკუნეს ძეთა ისრაჱლისათა სიტყუანი არა უფლისა ღმრთისა თჳსისათჳს და იშენნეს თავისა თჳსისა მაღალნი ყოველთა მათ ქალაქთა თჳსთა გოდლითგან საეგბუროთ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.

10. და აღმართნეს ძეგლნი და სერტყნი ყოველთა ბორცუთა მაღალთა და ყოველსა ხესა ქუეშე ბორობანსა.

11. და უკმევდეს საკუმეველსა ყოველთა მათ მაღალთა, ვითარცა ყოველნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან მათისა. და ეზიარნეს და შეითქუნეს განსარისხებელად უფლისა.

12. და მსახურეს კერპთა, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან, ვითარმედ: ნუ უყოფთ სიტყუასა მაგას უფლისათჳს.

13. და დადვა უფალმან წამება ძეთა თანა ისრაჱლისათა და ზედა იუდასა ჴელითა ყოველთა წინაწარმეტყუელთათა და ყოველთა მხილველთათა და ჰრქუა: მოიქეცით გზათაგან თქუენთა უკეთურთა და დაიმარხეთ მცნებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყოველი იგი შჯული, რომელ ვამცენ მამათა მათ თქუენთა, რომელნი მივავლინენ თქუენდა ჴელითა მონათა ჩუენთა წინაწარმეტყუელთა.

14. და არა ისმინეს მათ მათი და განიფიცხეს ზურგი მათი უფროს მამათა მათთა და არა ჰრწმენა უფლისა ღმრთისა თჳსისა.

15. და განიშორეს აღთქმა თჳსი და სამართალი, რომელ დადვა მამათა მათთა თანა და წამება მისი, რომელ ამცნო მათ, არა დაიცვეს, ვიდოდეს კვალსა უნდოთასა და უჴმარ იქმნნეს კვალსა ნათესავთასა, რომელნი იყუნეს გარემო მათსა, რომელთა ამცნო მათ უფალმან არა ყოფად მსგავსად სახისა მის მათისა.

16. და დაუტევნეს ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და იქმნეს თავისა თჳსისა დასხმითნი ორნი დიაკეულნი და თაყუანი-სცეს ძალთა ცისათა და ამსახურებდეს ბაალსა.

17. და გარეშეჰჴადნეს ძენი და ასულნი მათნი ცეცხლსა და მისნობდეს მისნობასა და იზმნიდეს ზმნასა, და შესძინეს ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.

18. და განრისხნა უფალი ისრაჱლსა ზედა დიდად და განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა, და არა დაშთეს, გარნა ნათესავი იგი ხოლო იუდასი.

19. და იუდაცა არავე დაიცუნა მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის ისრაჱლთასა, რომელ ქმნეს.

20. და განიშორეს უფალი ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, და აღძრნა იგინი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა თჳსთასა, ვიდრე განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა.

21. და განეშორა ისრაჱლი სახლსა მას დავითისასა და დაიდგინეს მეფედ იორობოამ, ძე ნაბატისი, და განდრიკა იორობოამ ისრაჱლი უფლისაგან და აცოდვა იგი ცოდვითა დიდითა.

22. და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის ცოდვისა იორობოამისა, რომელ ქმნა, და არა განეშორნეს მათგან.

23. და ცვალა უფალმან ისრაჱლი პირისაგან თჳსისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ჴელითა ყოველთა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთა, და წარიტყუენა ისრაჱლი ქუეყანისაგან თჳსისა ასურასტანად ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.

24. და მოიყვანნა მეფემან ასურასტანისამან ბაბილონით და ქუთით და იათ და სერფარუმით და ემათით, და დაიმკჳდრნა იგინი ქალაქსა სამარიას ძეთა მათ წილ ისრაჱლისათა და დასხდეს სამარიას და დაიმკჳდრნეს ქალაქნი მისნი.

25. და იყო, დასაბამსა მას მკჳდრობისა მათისასა მუნ არა შეეშინდეს უფლისაგან და მიავლინა უფალმან ორნი ლომნი და მოსრვიდეს მათ.

26. და ეტყოდეს მეფესა მას ასურასტანისასა და ჰრქუეს: ნათესავნი იგი, რომელ მისცვალენ და სცენ ქალაქთა მათ სამარიასათა, არა იციან წესი ღმრთისა მის ქუეყანისა. მიუვლინებიან მათ უფალსა ლომნი და, აჰა, მოსრვენ მათ, რამეთუ არა იციან წესი მის ქუეყანისა ღმრთისა.

27. და უბრძანა მეფემან ასურასტანისამან და ჰრქუა: მიიყვანეთ ერთი მღდელთაგანი წარტყუენილთა მაგათ, რათა მოვიდეს და დაემკჳდროს მუნ და უჩუენოს მათ წესი უფლისა და განანათლნეს იგინი სამართლითა ღმრთისა მის ქუეყანისათა.

28. და წარიყვანეს ერთი მღდელთა მათგანი, რომელნი წარტყუენილ იყუნეს სამარიად, და დაჯდა ბეთელს და განანათლებდა მათ, რათა ეშინოდის უფლისაგან.

29. და ქმნეს ნათესავით ნათესავად ღმერთნი თავთა თჳსთათჳს და დასხნეს სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიტელთა მათ თჳთოეულად ნათესავთა მათ ქალაქთა თჳსა, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს.

30. და კაცთა ბაბილოვნისათა ქმნეს სოკქოთი და ბანოთი და არქოთი, და კაცთა ქუთისთა ქმნეს ნერგელი, და კაცთა ემათისათა ქმნეს ასენათი.

31. და იაელთა ქმნეს აბელაზერი და ნებასი და თართაკი და სიფარუიმი, სადა-იგი დასწვიდეს ძეთა თჳსთა ცეცხლითა, ადრამელექსა და ამელექსა, ღმერთთა სეფრუიმისათა.

32. და ეშინოდა უფლისაგან და დაიმკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თჳთოეულად ნათესავთა და ნათესავთა მათ, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს (და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგნეს ქურუმნი თჳსად მაღალთა მათ).

33. და ეშინოდა უფლისაგან და მსახურებდეს ღმერთთა მათ თჳსთა მსგავსად წესისა მის ნათესავთა მათ, რომელნი ღმერთმან მოსპნა მიერ.

34. და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მათისა და სამართლისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისათა, რომელსა დასდვა სახელი ისრაჱლი.

35. და აღუთქვა უფალმან აღთქმა და ამცნო მათ და ჰრქუა: ნუ შეიშინებით ღმერთთაგან უცხოთა და ნუ თაყუანის-სცემთ და ნუცა მსახურებთ მათ და ნუცა შესწირავთ მათ.

36. არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქვენ ქუეყანით ეგჳპტით დიდითა ძალითა და მკლავითა მაღლითა, მისგან გეშინოდენ და მას თაყუანის-ეცით და მისა შესწირვიდეთ.

37. და სამართალთა და მსჯავრთა და სჯულთა და მცნებათა მათ, რომელნი მოგცნა თქუენ, ეკრძალენით ყოფად და ნუ შეშინდებით ღმერთთაგან უცხოთა.

38. და აღთქმა იგი, რომელ დადვა თქვენ თანა, ნუ განაქარვებთ და ნუ გეშინინ ღმერთთაგან უცხოთა.

39. არამედ უფლისა ღმრთისა თქუენისა გეშინოდენ და მან გიჴსნენ თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა.

40. და ნუ მორჩილ ექმნებით სახესა მათსა, რომელსა ჰყოფენ. და ეშინოდა ნათესავთა მათ უფლისაგან.

41. და განხატულთა თჳსთა მსახურებდეს და შვილნი მათნი და შვილნი შვილთანი, ვითარცა ყვეს მამათა მათთა, უყოფდენ ვიდრე დღევანდელად დღედმდე.

18

1. და იყო, წელსა მას მესამესა ოსესა, ძისა ელაის, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ეზეკია, ძე აქაზისი, მეფისა იუდასი.

2. ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მეფედ და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა - აბუთ, ასული ზაქარიასი.

3. და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, ვითარ ქმნა დავით, მამამან მისმან.

4. მან მოსპნა მაღალნი იგი და დამუსრნა იგინი და ყოველნი ძეგლნი და მოჰკაფნა მაღნარნი იგი და გველი იგი სპილენძისა, რომელ ქმნა მოსე, და მუნ დღედ ოდენ უზორვიდეს მას ძენი იგი ისრაჱლისანი. და უწოდეს მას სახელი ეესთან.

5. უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა ესვიდა, და შემდგომად მისა არავინ იყო მსგავს მისდა ყოველთა მათგან მეფეთა იუდასთა, რომელ იყუნეს წინა მისა.

6. შეუდგა უფალსა და არა განეშორა გზათა მისთა და დაიმარხნა მცნებანი მისნი, რომელ ამცნო მოსეს.

7. და იყო უფალი მის თანა ყოველსა შინა, რასაცა იქმოდა, წარემართებოდა და შეურაცხ-ყო მეფე იგი ასურასტანისა და არა ჰმონა მას.

8. და მან დასცნა უცხოთესლნი იგი ვიდრე გაზადმდე და ვიდრე საზღურადმდე მათა გოდლითგან საებგუროდ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.

9. და იყო წელსა მას მეოთხესა ეზეკია მეფისასა, იგი არს წელი მეშჳდე ოსესი, ძისა ელასი, მეფისა ისრაჱლისა, და მოვიდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა ზედა სამარიასა და მოიცვა იგი.

10. და დაიპყრა იგი მესამესა წელსა, წელსა მეექუსესა ეზეკიასასა. იგი წელი მეცხრე იყო იოსე მეფისა ისრაჱლისა, და გამოიღეს სამარია.

11. და წარტყუენა მეფემან ასურასტანისამან სამარიათ ასურასტანად და დააშენნა იგინი იალათს და აბოთს და მდინარეთა მათ გოვზანისათა და მთათა მართასა.

12. რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისა და გარდაჴდეს აღთქმასა მისსა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ ამცნო მათ მოსე, მონამან უფლისამან, არა ისმინეს და არცა ყვეს.

13. და წელსა მას მეათოთხმეტესა სუფევასა ეზეკია მეფისასა გამოვიდა სენექერიმ, მეფე ასურასტანისა, ძნელ-ძნელთა ზედა მათ ქალაქთა იუდასათა და გამოიღო იგინი.

14. და წარავლინა ეზეკია, მეფემან იუდასმან, მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთასა ლაქისდ და ჰრქუა: ვსცოდე, მიიქეც ჩემგან და, რაჲ დამდვა ჩემ ზედა, აღვიკიდო. და დაადვა მეფემან ასურასტანისამან ზედა ეზეკიას, მეფესა იუდასასა, სამასი სასწორი ვეცხლისა და ოცდაათი სასწორი ოქროსა.

15. და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასესა სახლსა მას სამეუფოსასა.

16. მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია მეფემან ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღრუბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროთა ეზეკია, მეფემან იუდასამან, და მისცა იგი მეფესა მას ასურასტანისასა.

17. და წარავლინნა მეფემან ასურასტანისამან თარათა და რაფსისა და რაფსაკ ლაქისით და ეზეკია მეფისა ერითა ძლიერითა ზედა იერუსალჱმსა. და გამოვიდეს და მივიდეს იერუსალჱმდ და დადგეს ზედა ჯურღმულსა მას ზეშთა ავაზანისასა, რომელ არს გზასა აგარაკისა მის მმურკნელთასა.

18. და ჴმა-ყვეს ეზეკიას მიმართ და მივიდეს მისა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღვარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, სახსენებელთმწიგნობარი.

19. და ჰრქუა მათ რაფსაკ: არქუთ ეზეკიას: ესრეთ იტყჳს მეფე დიდი იგი, მეფე ასურასტანისა! რაჲმე არს სასოებაჲ ეგე შენი, რომელსა შენ ესავ?

20. გინა თუ თქუა: სიტყუანი ბაგეთანი და ზრახვა და ძალი საჴმარ არს ღვაწლსა. აწ ვის ესავ და შეურაცხ-მყავ მე?

21. აჰა, შენ ესავ არგანსა მას ლერწმისასა და დაჩხერილსა ეგჳპტესა, რომელსა მი-თუ-ეყრდნას კაცი, აღესვას ჴელსა და წყლას იგი, ეგრეცა ფარაო, მეფე იგი ეგჳპტელთა, ყოველთა მოსავთა მისთა.

22. და რამეთუ მარქუ მე, ვითარმედ: უფლისა ღმრთისა ჩუენისა მოსავ ვართ ჩუენ. არა ეგრე იგი არსა ეზეკია, რომელმან მოსპნა მაღალნი იგი მისნი და საკურთხეველნი მისნი და ჰრქუა იუდასა და იერუსალჱმსა: წინაშე საკურთხევლისა ამის თაყუანის-ეცით იერუსალჱმს?

23. და აწ მო-ღა-შემოერთენ უფლისა ჩემისა მეფისა, ასურასტანისასა და მიგცე თქუენ ორათასი საჴედარი, უპოოთ თუმე კაცი ამჴედრებად მათ ზედა?

24. და ვითარმე შეუძლოთ წინა დადგომად ერთისა ერთისათჳს უკანთაგანისა მონათა მათ უფლისა ჩემისათა? და რასა ესავ ეგჳპტესა და ეტლთა მათ და საჴედართა?

25. და აწ თჳნიერ უფლისა მოსრულ ვართ ადგილსა ამას განრყუნად ამისა? უფალმან მრქვა მე: აღვედ ქუეყანასა მას და განრყუენით იგი.

26. და ჰრქუა ელიაკიმ, ძემან ქელიკიასმან, და სომნა და იოაქა, რაფსაკს: მეტყოდე მონათა შენთა ასურებრ და ნუ ეტყჳ ურიაებრ ყურთა ერისა მაგის, რომელნი დგანან ზღუდესა მაგას ზედა.

27. და ჰრქუა მათ რაფსაკ: უფლისა მაგის თქუენისა, ანუ თქუენდა ნუუკუე მომავლინა მე სიტყუად სიტყუათა ამათ? არამედ კაცთა მაგათ, რომელნი სხენან ზედა ზღუდესა, შეჭმად მათდა სკორე თჳსი და შესუმად ფსელი თჳსი თქუენითურთ.

28. დადგა რაფსაკ და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ურიაებრ, ეტყოდა და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ მეფისა მის დიდისა, მეფისა მის ასურასტანისა.

29. ესრეს იტყჳს მეფე: ნუ განლაღნებით თქუენ ეზეკიას მიერ, რამეთუ ვერ შეუძლოს განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა.

30. ნუგეშინის-გცემნ თქუენ ეზეკია უფლისა მიერ და გეტყჳნ, ვითარმედ გჳჴსნეს ჩუენ უფალმან და არა მისცეს ქალაქი ჴელთა მეფისა მის ასურასტანელთასა.

31. ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ესრე იტყჳს მეფე იგი ასურასტანისა: ყავთ ჩემდა მომართ სათნოება და გამოვედით ჩუენდა და ჭამეთ კაცთა თჳთოეულად ვენაჴი თჳსი და ლეღოვანი თჳსი და სუას წყალი თჳთოეულად ჯურღმუ- ლისაგან თვისისა,

32. ვიდრე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ქვეყანასა მას, რომელ არს ვითარცა ესე თქუენი, ქუეყანა იფქლისა და ღჳნისა და ვენაჴისა და პურისა, ქუეყანა ზეთისა და ერბოსა, თაფლისა, და სცხონდეთ და არა მოკუდეთ და ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ცბის და გეტყჳნ თქუენ, ვითარმედ: უფალმან გჳჴსნნეს ჩუენ.

33. იჴსნნეს ღმერთთა მათ ნათესავთა თჳთოეულად სოფლები თჳსი ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა?

34. სადა არიან ღმერთნი იგი ემათასანი და არფათასნი? და სადა არიან ღმერთნი იგი ეპფარუმა ქალაქისანი, ანნა და ევა? იჴსნნეს ნუ სამარია ჴელთა ჩემთაგან?

35. ვინ არს ღმერთთა მათგანი ამის სოფლისათა, რომელთა იჴსნეს ქუეყანა თჳსი ჴელთაგან ჩემთა? ნუა უფალმან იჴსნას იჱრუსალემი ჴელთაგან ჩემთა?

36. და დადუმნეს და არა რა მიუგეს მას სიტყუაჲ, რამეთუ ემცნო მეფესა, ვითარმედ: ნუ მიუგებთ მას სიტყუასა.

37. და შევიდა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღუარი, სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, საჴსენებელთმწიგნობარი ეზეკიასა სამოსელდაპებულნი და უთხრეს მას სიტყუაჲ იგი რაფსაკისი.

19

1. და იყო, ვითარცა ესმა ეზეკიას მეფესა, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძაჲ და შევიდა სახლსა მას უფლისასა.

2. და წარავლინნა ელიაკიმ ეზოსმოძღუარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და მოხუცებულნი მღდელთანი ძაძაჩაცმულნი ესაია წინაწარმეტყუელისა მიმართ ძისა ამოსისა.

3. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ურვისა არს დღე ესე, რამეთუ მოწევნილ არიან სალმობანი მუცელქმნილთანი და ვერ შობენ.

4. ისმინოს ხოლო თუ ღმერთმან შენმან სიტყუაჲ იგი რაფსაკისი, რომელ მოავლინა იგი მეფემან ასურასტანისამან, უფალმან მისმან, შეურაცხებად ღმრთისა ცხოველისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელ ესმა უფალსა ღმერთსა შენსა, და ლოცვა-ყავ ნეშტთა ამათთჳს, რომელ დაშთომილ არიან.

5. და მივიდეს მონანი იგი ეზეკია მეფისანი ესაიასა.

6. და ჰრქვა მათ ესაია: ესრე არქუთ უფალსა მას თქუენსა: ესრე იტყჳს უფალი: ნუ გეშინინ პირისაგან სიტყუათა მათ, რომელ გესმეს, რომლითა მყუედრებდეს მე მონანი მეფისა მის ასურასტანისანი.

7. აჰა, მივავლინო მისა სული უკეთური და ესმეს ბავთი და მიიქცეს ქვეყანად თჳსა, და დავსცე იგი მახჳლითა ქუეყანასა თჳსსა.

8. და მიიქცა რაფსაკ და პოვა მეფე იგი ასურასტანისა, რამეთუ ჰბრძოდა ლობნასა და ესმა, ვითარმედ იტრა ლაქისით.

9. და მას ესმა თართაკ მეფისა მის ეთიოპელთასა და თქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, გამოსრულ არს ბრძოლად შენდა. და წარვიდა სოფლად თჳსა და მიავლინნა მოციქულნი ეზეკიასა და თქუა:

10. ესრეთ ეტყოდით ეზეკიას, მეფესა იუდასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი იგი შენი, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ არა მისცეს იერუსალჱმი ჴელთა მეფისა ასურასტანელთასა.

11. აჰა, შენ თჳთ გასმიეს ყოველი, რა ჰყვეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველსა მას სოფლებსა, ვითარ წარტყუენნეს იგინი და აწ შენ განრინებასა ჰგონებ?

12. იჴსნნეს ნუ იგინი ღმერთთა მათ ნათესავთა, რომელნი-იგი განრყუნეს მამათა ჩუენთა გოიზანი და ქარანი და რაფათი და ძენი იგი ედომისნი კიდედმდე ზღჳსა.

13. სადა არს მეფე იგი ემათისი და მეფე არფათისი? და მეფე ქალაქისა მის სეფერუმისი ანადავა?

14. და მიიღო ეზეკია როარტაკი იგი ჴელთაგან მათ მოციქულთასა და წარიკითხა და შევიდა სახლსა მას უფლისასა და განმარტა იგი ეზეკია წინაშე უფლისა.

15. და ილოცვიდა ეზეკია წინაშე უფლისა და თქუა: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, რომელი ზი ქერობინთა, შენ მხოლო ხარ ღმერთი ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, შენ შექმენ ცა და ქუეყანა.

16. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე; აღიხუენ, უფალო, თუალნი შენნი და იხილენ და ისმინენ სიტყუანი იგი სენაქერიმისნი, რომელ მოავლინა ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა.

17. რამეთუ ნანდვილვე, უფალო, წარწყმიდნეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ნათესავნი იგი და ქუეყანა მათი.

18. და მისცნეს ღმერთნი მათნი ცეცხლსა, რამეთუ იყუნესვე არა ღმერთ, არამედ ქმნილნი ჴელთა კაცთანი, ძელისანი და ქვისანი, და წარწყმიდნეს იგინი.

19. და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მისთა, რათა ცნან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო.

20. და მიავლინა ესაია, ძე ამოსისი, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: რომელ-ეგე ილოცე ჩემდა მომართ სენაქირიმის თანა, მეფისა ასურასტანელისა, ვისმინე.

21. ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა მისთჳს უფალი: შეურაცხ-გყო და განგბასრა შენ, ქალწულო, ასულო სიონისაო. თავი შეხარა შენ ზედა ასულმან იერუსალჱმისამან.

22. ვინ აგინე და შეურაცხ-ყავ, ანუ ვის ზედა აღიმაღლე ჴმაჲ შენი ყუედრებად და აღიხილენ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა.

23. მოციქულთა შენთა მიერ აყუედრე უფალსა და სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა აღვჴედ სიმაღლესა მთათა მათ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძუთა, რჩეულ-რჩეული იგი ფიჭუთა, და მივიწიე დასასრულსა მაღნარისა მის კარმელისასა.

24. მე დავიცევ და ვსუ წყალი უცხოსი და განვაჴმნე და დავტკებნე ბრჭალითა ჩემითა ყოველნი შესაკრებელნი წყალთანი.

25. არამედ გასმიეს შორით ეგე, რომელ ვყავ დღეთა პირველთა, დავბადე ეგე და განვასრულე ეგე და იქმნეს წარსტყუენველად მბრძოლთა ქალაქთა ძნელოვანთა.

26. და რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას შინა, მოუძლურდეს ჴელითა და შეძრწუნდეს და ჰრცხუენა. და იქმნეს ვითარცა თივა ველისა და ვითარცა მწუანე თივისა ერდოსა და დასატკეპნელად წინაშე მიწევნულთა მაგის ზედა.

27. აწ ჯდომა შენი და გამოსლვა და შესულა შენი უწყი და გულისწყრომა შენი,

28. რომელ განრისხენ ჩემ ზედა და აღმღერება ეგე შენი მოიწია ყურთა ჩემთა და აწ განვაცვა ხრატუკი ცხჳრთა შენთა და დანდალი ყბასა შენსა და უკუნგაქციო შენ გზასა მას, რომელსაცა მოხუედ.

29. და შენდა ესე სასწაული იყავნ: ამას წელსა შეჭამო დაკრებილი შენი, და მეორესა წელსა შეჭამო გერი მისი, და მესამესა წელსა სთესოთ და მოიმკოთ და დანერგოთ ვენაჴები, და სჭამოთ ნაყოფისა მათისა.

30. და იყოს სახლსა მაგას იუდასსა და რომელ-იგი დაშთომილ იყოს, დაიბნეს ძირნი დამართ და გამოსცეს ნაყოფი.

31. რამეთუ ერუსალჱმით გამოჴდეს დაშთომილი და სიონით მთით განრინებული, შურმან უფლისა ძალთასამან ყოს ესე.

32. ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი მეფისა მისთჳს ასურასტანელთასა: არა შევიდეს იგი ქალაქსა მაგას, არა შესტყორცნეს მაგას ისარნი და არა გარემოადგეს მაგას ფარებითა და არა მიაქციოს მაგასა ზედა მიწა.

33. გზასა, რომელსა მოვიდა, მასვე მიიქცეს და ქალაქსა მაგას არა შევიდეს, - თქუა უფალმან, -

34. და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

35. და იყო, მოწევნასა მას ღამისასა გამოვიდა ანგელოზი უფლისა მიერ და მოსრა ბანაკისა მისგან ასურთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი და აღიმსთვეს განთიადსა მას და, აჰა, იხილეს ეგეოდენი იგი გუამი მომკუდარი.

36. და აღიტრა და წარვიდა სენაქერემ, მეფე იგი ასურასტანისა, და დაემკჳდრა ნინევის.

37. და იყო, ვიდრე თაყუანის-სცემდა სახლსა მას ნერსაქისსა ღმერთთა თჳსთა, და ადრიმელექ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლითა. და იგინი მეოტად წარვიდეს ქუეყანად არარატისა და მეფობდა ასურდან, ძე მისი, მის წილ.

20

1. მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია სიკუდილისა სენითა და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი, ძე ამოსისი, და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: ბრძანე სახლისა შენისა, რამეთუ მოჰკუდე შენ და არა განერე.

2. და მიიქცია პირი თჳსი კედლად და ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

3. ჵ, უფალო, მოიჴსენე, რამეთუ ვიდოდი წინაშე შენსა ჭეშმარიტებით და გულითა სრულითა, სათნოებათა ვყოფდი წინაშე შენსა. და ტიროდა ეზეკია ტირილითა დიდითა.

4. და იყო ესაია ეზოსა მას დიდსა და იყო სიტყუაჲ უფლისა მისა და ჰრქუა:

5. მიიქეც მუნვე და არქუ ეზეკიას, წინამძღუარსა მას ერისა ჩემისასა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი დავითისთჳს, მამისა შენისა: ვისმინე ლოცვისა შენისა და ვიხილენ ცრემლნი შენნი. აჰა, მე განგკურნო შენ და დღესა მას მესამესა აღხჳდე სახლსა მას უფლისასა.

6. და შევძინო დღეთა შენთა ათხუთმეტ წელ და ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა გიჴსნე შენ და ქალაქი ეგე. და ზედამდგომელ ვეყო ქალაქსა მაგას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

7. და ჰრქუა ესაია: მოიღეთ ზეთი და ლეღვი და შესაქმედ ეც კვერად და დაიდევ წყლულებასა მაგას და განიკურნო.

8. და ჰრქუა ეზეკია ესაიას: რამე სასწაული იყოს, ვითარმედ განმკურნოს მე უფალმან, და თუ აღვიდე მე სახლსა უფლისასა დღესა მესამესა?

9. და ჰრქუა ესაია: ესე სასწაული იყოს უფლისა მიერ, რამეთუ ყოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელცა თქუა: შთავლოს აჩრდილმან ათსა მენაკსა.

10. და ჰრქუა ეზეკია: ადვილ არს აჩრდილისა მის ათსა მენაკსა შთასლვა. არა ეგრე, არამედ უკუნიქეცინ მუნვე ათსა მენაკსა.

11. და ღაღად-ყო ესაია წინაწარმეტყუელმან უფლისა მიმართ და უკუნიქცა აჩრდილი იგი ათს მასვე მენაკსა ვინცა და მოსრულ იყო ათითა მენაკითა.

12. მას ჟამსა მოავლინა მოროდაქბალადან, ძემან ბალადანისამან, მეფემან ბაბილონისამან, როატაკები და ძღუენნი ეზეკიასა, რამეთუ ესმა, ვითარმედ დასნეულდა ეზეკია.

13. და განიხარა ეზეკია მოსლვა იგი მათი და უჩუენა მათ ყოველი იგი სახლი ნაქოთისა, ვეცხლი და ოქრო და საკმეველნი და ნელსაცხებელნი და სახლნი საჭურჭლენი, და რაცა იპოვა საფასესა მისსა, და არა იყო სახლსა მისსა, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკია ყოვლისა მის ჴელმწიფებისა თჳსისა.

14. და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი მეფისა მიმართ და ჰრქუა მას: რასა გეტყოდეს შენ კაცნი ეგე, ანუ ვინ მოვიდეს შენდა? და ჰრქუა ეზეკია: ქუეყანით შორით მოვიდეს ჩემდა ბაბილონით.

15. და ჰრქუა: რა იხილეს სახლსა შენსა? და თქუა ეზეკია: ყოველი, რაცა იყო სახლსა ჩემსა, იხილეს და არა იყო, რომელი არა უჩუენე მათ, და საფასენიცა ჩემნი.

16. და ჰრქუა ესაია ეზეკიას: ისმინე სიტყუაჲ უფლისა.

17. აჰა, დღენი მოვლენან და წარიღონ ყოველი, რაცა იყოს სახლსა შენსა, და რომელი დაკრიბეს მამათა შენთა მოდღენდელად დღედმდე, წარიღონ ბაბილოვნად და არა დაუტეონ, რამეთუ ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი.

18. და ნაშობთა შენთაგანნიცა წარიყვანენ და ჰყუნენ საჭურის სახლსა მას მეფისა მის ბაბილონელთასა.

19. და ჰრქუა ეზეკია ესაიას: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ, თქუა უფალმან. იყავნ მშჳდობა და ჭეშმარიტება დღეთა ჩუენთა.

20. და ნეშტნი სიტყუათა ეზეკიასთანი და ყოველნი ძლიერებანი მისნი და წყლისგარდამოსადინელნი იგი და ჯურღმულები იგი, რომელ ქმნა, და წყალნი იგი, რომელ შეადინნა ქალაქსა მას, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

21. და დაიძინა ეზეკია მამათა თჳსთა თანა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.