წინასწარმეტყველება დანიელისა

11

1. მე წელსა პირველსა კჳროსისსა, დავდეგ სიმტკიცედ და ძალად.

2. და აწ მე გითხრობ შენ ჭეშმარიტსა: აჰა, სამნი მეფენი აღდგენ მერმე სპარსეთს შინა, და მეოთხე განძლიერდეს სიმდიდრითა დიდთა უფროს ყოველთასა, და შემდგომად დაპყრობისა მისგან სიმდიდრესა მისსა ზედააღუდგეს ყოველთა მეფობათა ელლინთასა.

3. და აღდგეს მეფე ძლიერი, და ეუფლოს უფლებათა მრავალთა და ქმნას ნებისაებრ მისისა.

4. და ვიდრე დგესღა მეფობა მისი, შეიმუსროს და განიწვალოს ოთხთა მიმართ ქართა ცისათა და არა უკუანაჲსკნელთა მისთა მიმართ, არცა უფლებისაებრ მისისა, რომელ იუფლა, რამეთუ დაიჴსნა მეფობა მისი და სხუანი გარეშე მათსა.

5. და განძლიერდეს მეფე სამხრისა, და ერთი მთავართა მისთაგანი განძლიერდეს მის თანა და ეუფლოს უფლებათა მრავალთა გარეშე ჴელმწიფებისა მისისა.

6. და შემდგომად წელთა მათთა შეიყვანნენ, და ასული მეფისა სამხრისა შევიდეს მეფისა მიმართ ბღუარისაჲსა ყოფად ზავისა მის თანა, და ვერ დაიპყრას ძალი ძლიერებისაჲ, და არა დადგის თესლი მისი, და მიეცეს იგი და მომყვანებელნი მისნი და ჭაბუკაჲ და განმაძლიერებელი მისი სამთა შინა ჟამთა.

7. და აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულებასა ზედა მისსა და მოვიდეს ძალისა თანა და შევიდეს სიმტკიცეთა მიმართ მეფისა ჩრდილოსათა, და ქმნას მათ შორის და განძლიერდეს.

8. და ღმერთნიცა მათნი გამოდნობილთა თანა მათთა, ყოველი ჭურჭელი გულისსათქმელი მათი ვეცხლისა და ოქროჲსა ნატყუენავისა თანა შეიღოს ეგჳპტედ, და იგი დადგეს ზედა მეფისა ჩრდილოსასა.

9. და შევიდეს სამეფოდ მეფისა სამხრისასა და მოიქცეს ქუეყანად თჳსსა.

10. და ძეთა მისთა შეკრიბონ ერი ძალთა მრავალთაჲ და თანშეაყონ, და შევიდეს მომავალი და წარმღუნელი, და წარმოჴდეს, და დაჯდეს და თანშეთხზნას ვიდრე ძალისამდე მისისა.

11. და განველურდეს მეფე სამხრისაჲ, და გამოვიდეს, და ბრძოლა-სცეს მეფესა თანა ჩრდილოჲსასა, და დაადგინოს ერი მრავალი და მისცეს ერი ჴელსა შინა მისსა,

12. და მიიღოს ერი, და ამაღლდეს გული მისი, და დააქუევნეს ბევრნი და ვერ უძლონ.

13. და მოაქციოს მეფემან ჩრდილოსამან და მოიყვანოს ერი მრავალი უფროს პირველისასა, და დასასრულსა თანა ჟამთასა ზედმოვიდეს შესლვითა ძალისა მიერ დიდისა და სიმდიდრითა მრავლისა.

14. და მათ ჟამთა შინა მრავალნი აღდგენ მეფესა ზედა სამხრისასა, და ძენი ბუგრიანთა ერისა შენისათანი აღზუავნენ დადგინებად ხილვისა და მოუძლურდენ.

15. და შევიდეს მეფე ბღუარისაჲ, და მოადგას პატნეზი, და მოიპყრნეს ქალაქნი ძლიერნი და მკლავნი მეფისა სამხრისანი ვერ დადგენ. და აღდგენ რჩეულნი მისნი და არა იყოს ძალი მისი დადგომად.

16. და ქმნას შემავალმან მისდა მიმართ ნებისაებრ მისისა, და არა იყოს დამდგომ პირისპირ მისსა, და დადგეს ქუეყანასა შინა საბირისსა და მოსრულდეს ჴელისა მიერ მისისა.

17. და დააწესოს პირი მისი შესლვად ძალითა ყოვლისა მეფობისა მისისათა, და სიწრფოებანი ყოველნი ყუნეს მის თანა, და ასული დედათაჲ მისცეს მას განხრწნად იგი, და არა დაადგრეს და არა იყოს მისსა.

18. და მოაქციოს პირი თჳსი ჭალაკთა მიმართ, და დაიპყრნეს მრავალნი და დაწუნეს მთავარნი ყუედრებითა მათითა. ყოველი ყუედრება მისი მიექცეს, მან მოაქციოს პირი მისი

19. ძალისა მიმართ ქუეყანისა მისისაჲსა, და მოუძლურდეს და დაეცეს და არა იპოოს.

20. და აღდგეს ძირისაგან მისისა ნერგი მეფობისაჲ განმზადებულებასა ზედა მისსა წარმდროებელი და მოქმედებასა მეფობისასა. და მათ დღეთა შინა შეიმუსროს და არა პირითა და არცა ბრძოლისა მიერ.

21. დადგეს განმზადებულებასა ზედა მისსა, შეურაცხ იქმნას, და არა მისცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისა, და მოვიდეს იეფობისა თანა და განაძლიეროს მეფობა შებრკოლებისა მიერ.

22. და მკლავნი წარმღუნელისანი წარირღუნენ პირისაგან მისისა, და შეიმუსრნენ და წინამძღუარმანცა აღთქმისამან

23. და თანაშემყოფელთაგანმან მისა მიმართ ზაკუვაჲ, და აღვიდეს და ზეშთა განაძლიეროს მცირედისა მიერ ძალისა და ნათესაობისა.

24. და მრავლითა სოფლებითა მოვიდეს და ქმნეს, რომელი არა ქმნეს მამათა მისთა და არცა მამათა მამათა მისთასა, ავარი და ნატყუენავი და სიმდიდრე მათი განაბნიოს და ეგჳპტესა ზედა ისიტყუნეს სიტყვანი მისნი და ვიდრე ჟამისა.

25. და აღდგეს ძალი მისი და გული მისი მეფესა ზედა სამხრისასა ძალისა მიერ დიდისა, და მეფემან სამხრისამან შეამტკიცოს ბრძოლაჲ ძალისა მიერ დიდისა და ძლიერისა ფრიად, და ვერ დადგეს, რამეთუ სიტყუედ მას ზედა გულისსიტყვათა,

26. და ჭამენ სათანადოთა მისთა და შემუსრვენ მას, და ძალი თჳსი წარღუნას და დაეცნენ წყლულნი მრავალნი.

27. და ორნივე მეფენი, გულნი მათნი უკეთურებისა თანა და ტაბლასა ზედა ერთსა ცრუსა ზრახვიდენ და არ წარემართოს, რამეთუ არსღა დასასრულამდე ჟამი.

28. და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა სიმდიდრისა თანა მრავლისა და გული მისი აღთქმასა ზედა წმიდასა, და ყოს და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა.

29. ჟამად მოიქცეს და მოვიდეს სამხრად მომართ, და არა იყოს, ვითარცა პირველი და ვითარცა უკუანადი.

30. და შევიდენ მის თანა გამომავალნი კიტელნი, დაიმორჩილონ და დამდაბლდეს, და მიიქცეს და საკჳრველებდეს აღთქმასა ზედა წმიდასა. და იყოს და მოიქცეს, და გულისხუმა-ყოს დამტევებელთა ზედა აღთქმისა წმიდისათა.

31. და ნათესავისა მისგან აღდგენ და შეაგინონ სიწმიდე მძლავრებისაჲ, და გარდაადგინონ სამარადისოდ და მისცენ საძაგელი უჩინოქმნილი.

32. და მეუსჯულოსა ზედშეამთხჳონ აღთქმაჲ შებრკოლებისა მათისა, და ერსა, მეცნიერსა ღმრთისა თჳსისასა, არ განაძლიერებენ და ჰყოფენ.

33. და გულისხუმიერნი ერისა ჩემისანი გულისხუმა-ჰყოფენ მრავლად, და მოუძლურდებიან მახჳლისა მიერ, და ალისა მიერ და ტყუეობისა მიერ და იავრობისა მიერ დღეთაჲსა.

34. და მოუძლურებასა შინა მათსა შეწევნულ იქმნეს შეწევნითა მცირითა და შესძინენ მათ ზედა მრავალი შებრკოლებისა მიერ.

35. და გულისხმისმყოფელთაგანნი მოუძლურდენ გამოჴურვებად მათ შინა და გამორჩევად და გამოცხადებად ვიდრე ჟამამდე გამოჴურვებისა მცირესა ჟამადმდე.

36. და ქმნას ნებისაებრ თჳსისა, და მეფე ამაღლდეს, და განდიდნეს ყოველთა ზედა ღმერთთა და ღმერთსა ღმერთთა ზედა, და თქუნეს ზეშთა ძალისანი, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ დასასრულისა თანა იქმნეს.

37. და ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-ყოს და გულისთქმასა დედათასა და ყოველთა ზედა ღმერთთა არ გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს.

38. და ღმერთი მაუზნი ადგილსა შორის თჳსსა ადიდოს და ღმერთი, რომელი არა იცნეს მამათა მისთა, ადიდოს ოქროჲსა მიერ და ვეცხლისა და ქვითა პატიოსნითა და გულისსათქმელთა მიერ.

39. და იყო სიმაგრეთა შორის მისალტოლველთა ღმრთისა თანა უცხოჲსა, და განამრავლოს დიდებაჲ, და დაიმორჩილნეს მათ მრავალნი და ქუეყანა განყოს ნიჭთა მიერ.

40. და ჟამსა დასასრულისასა მრქენალ იქმნას მეფისა თანა სამხრისათა; და შეკრბეს მის ზედა მეფე ბღუარისა ეტლებისა მიერ და ცხენებისა და ნავებისა მრავლებისა, და შევიდეს ქუეყანად დასავანებელთა შორის, და შემუსროს და თანაწარჰჴდეს.

41. და შევიდეს ქუეყანად საბაინისა და მრავალნი მოუძლურდენ. და ესენი განერნენ ჴელისაგან მისისა - ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამმონისთა.

42. და განირთხას ჴელი მისი ქუეყანასა ზედა და ქუეყანა მისი არა იყოს საცხოვნებელად.

43. და ეუფლოს დაფარულთა შორის ოქროჲსა და ვეცხლისათა და ყოველთა შორის გულისსათქუმელთა ეგჳპტის და ლიბიისა და ეთიოპელთასა და სიმაგრეთა შორის მისთა.

44. და ჰამბავნი და სისწრაფენი შეაშფოთებდენ მას და აღმოსავალისაგან და ბღუარისა, და მოვიდეს გულისწყრომითა მრავლითა განყოფად და შეჩუენებად მრავალთა.

45. და აღდგას კარავი თჳსი ფადანოს შინა, საშუალ ზღუათასა, მთასა საბირისა წმიდასა, და მოვიდეს ვიდრე კერძოდმდე მისსა, და არა არს გამომჴსნელი მისი.

12

1. და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა.

2. და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ.

3. და გულისხმის-მყოფელნი განბრწყინდენ, ვითარცა ბრწყინვალება სამყაროჲსა და მართალთაგანნი მრავალთანი, ვითარცა ვარსკულავნი, საუკუნეთადმი და მერმეცა.

4. და შენ, დანიელო, დაჰმარხენ სიტყუანი და დაჰბეჭდე წიგნსა ვიდრე ჟამამდე აღსასრულისა, ვიდრემდის განისწავლნენ მრავალნი და განმრავლდეს მეცნიერება.

5. და ვიხილე მე, დანიელმან, და აჰა, სხუანი ორი დადგეს: ერთი - ამიერ ბაგესა მდინარისასა და ერთი - იმიერ.

6. და ვარქუ მას კაცსა მოსილსა ბადენით, რომელი იყო ზემოჲთ წყლისა მდინარისასა: ვიდრე იყოს დასასრული, რომელნი სთქუენ საკჳრველებანი?

7. და მესმა კაცისა მის მოსილისა ბადენითა, რომელი იყო ზედა წყალსა მდინარისასა, და აღიმაღლა მარჯუენე თჳსი და მარცხენე ზეცად მიმართ და ფუცა ცხოველისა მიმართ საუკუნოდ, ვითარმედ ჟამისა მიმართ და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა, დასასრულისა შორის განბნეულებისა ჴელისა წერისა განწმედილისასა აცნობნენ ყოველნი ესენი.

8. და მესმა, და ვერ გულისხუმა-ვყავ და ვარქუ: უფალო, რამე იყოს უკანასკნელნი ამათნი?

9. და თქუა: წარვედ, დანიელ, რამეთუ დაჴშულნი და დაბეჭდულნი არიან სიტყუანი ვიდრე დასასრულამდე ჟამამდე.

10. გამოირჩინენ, და გამოსპეტაკნენ, და გამოჴურდენ, და განწმდენ მრავალნი; და უსჯულო იქმნენ უსჯულონი, და ვერ გულისხუმა-ყონ ყოველთა უთნოთა, და გონიერთა გულისხუმა-ყონ.

11. და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოჴრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი.

12. ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამასოცდაათხუთმეტთა.

13. და შენ მოვედ და განისუენე, რამეთუ მერმე არიანღა დღენი აღსავსებადმდე და დასასრულისა, და განისუენო და აღსდგე ნაწილსა შენსა აღსრულებასა თანა დღეთასა.

13

1. და იყო კაცი დამკჳდრებული ბაბილონს შინა, და სახელი მისი იოაკიმ.

2. და მიიყვანა ცოლი, რომლისა სახელი სუსანნა, ასული ქელკაჲსი, შუენიერი ფრიად და მოშიში უფლისაჲ,

3. და მშობელნი მისნი მართალნი. და ასწავეს ასულსა მათსა სჯულისაებრ მოსესისა.

4. და იყო იოაკიმ მდიდარ ფრიად; და იყო მისსა სამოთხე მეზობლად სახლისა მისისა, და მისსა მიმართ მივიდოდეს იუდეანნი ყოფისათჳს მისისა უდიდებულეს ყოველთასა.

5. და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ: გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს მართებასა ერისასა.

6. ესენი დადგრომილ იყუნეს სახლსა შორის იოაკიმისსა და მოვიდოდეს მათდამი ყოველნი შჯადნი.

7. და იქმნა, ოდეს წარვიდის ერი საშუალსა დღისასა, შევიდის სუსანნა და ვიდოდის სამოთხესა შორის ქმრისა მისისასა,

8. და ხედვიდიან მას მოხუცებულნი ორნი დღითი დღე შესრულად და მავალად და იქმნეს გულისთქმისა შორის მისსა.

9. და გარდააქციეს გონება თავთა მათთაჲ და მიდრიკნეს თვალნი მათნი არახედვად ცად მიმართ, არცა მოჴსენებად სასჯელთა მართალთა.

10. და იყუნეს ორნივე ლმობიერ მისთჳს და არა მიუთხრეს ურთიერთას ლმობა მათი,

11. რამეთუ ჰრცხუენოდა აღსარებად გულისთქმაჲ მათი, რამეთუ ენებაყე თანყოფაჲ მისი.

12. და უმზირდეს დღითი დღე პატივისმოყუარებით ხედვად მისსა, და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა:

13. წარვიდეთ სახიდ, რამეთუ სამხრისა ჟამი არს, და გამოსრულნი განიყუნეს ურთიერთას.

14. და კუალად ქცეულნი შეკრბეს ერთბამად და გამომწულილველთა ურთიერთას მიზეზისათა აღიარეს გულისთქმაჲ მათი და მაშინ ზოგადი დააწესეს ჟამი, ოდეს მარტოჲსა შეუძლონ პოვნა მისი.

15. და იქმნა მზერასა შინა მათსა ჟამი, შევიდა სამოთხედ ოდესმე, ვითარცა გუშინ და ძოღანდელსა დღესა, და მხოლოთა ორთა თანა ქალთა და გულმან უთქუა ბანად სამოთხესა შინა, რამეთუ სიცხე იყო.

16. და არავინ არ იყო მუნ, თჳნიერ ორნი მოხუცებულნი დამალულნი და მომზირალნი მისნი.

17. და ჰრქუა ქალთა მათ: მომართჳთ მე ზეთი და შენაზავები და კარნი სამოთხისანი დაჰჴშენით, რაჲთა ვიბანო.

18. და ყვეს, ვითარცა თქუა, და დაჰჴშნეს კარნი სამოთხისანი, და გამოვიდეს იგურდივთა კართაჲთ მირთმად ბრძანებულთა მათდა და არა უწყოდეს, ვითარმედ იყვნეს დამალულ მოხუცებულნი.

19. და იყო, ვითარცა განვიდეს ქალნი, და აღდგეს ორნი მოხუცებულნი და ზედმირბიოდეს მისსა და ჰრქუეს:

20. აჰა, კარნი სამოთხისანი ჴშვანან და არავინ მხედავს ჩუენ და გულისთქმასა შინა შენსა ვართ, რომლისათჳს თანადამყევ ჩუენ და იქმენ ჩუენ თანა;

21. ხოლო უკეთუ არა, დაგწამოთ შენ, ვითარმედ იყო შენ თანა ჭაბუკი და ამისთჳს განავლინენ ქალნი შენგან.

22. და აღმოისულთქუნა სუსანნა და თქუა: იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ, უკეთუ ეგე ვქმნა, სიკუდილი არის ჩემი, და, უკეთუ არა ვქმნა, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა.

23. უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომაჲ ჴელთა თქუენთა ვიდრე მცოდველობაჲ წინაშე უფლისა.

24. და აღიღაღადა ჴმითა დიდითა სუსანნა, ხოლო აღიღაღადეს ორთაცა მოხუცებულთა წინააღმდგომად მისსა.

25. და მსრბოლმან ერთმან განიხუნა კარნი სამოთხისანი.

26. ხოლო ვითარცა ესმა ღაღადება სამოთხესა შინა მრწემთა სახლისათა, შეისწრაფეს იგურდივისა კარისა მიერ ხილვად შემთხუეულსა მისდა.

27. ხოლო რაჟამს თქუნეს მოხუცებულთა სიტყუანი მათნი, სირცხჳლეულ იქმნნეს მონანი ფრიად, რამეთუ ოდესვე არავის ასმიოდის ესევითარი სიტყუაჲ სუსანაჲსთჳს, და იყო ხუალისა ზე,

28. ვითარცა შემოკრბა ერი ქმრისა მისისა მიმართ იოაკიმისსა, მოვიდეს ორნი მოხუცებულნი, სავსენი უსჯულოჲთა გულისზრახვითა, ძჳნად სუსანაჲსსა მოსიკუდიდ მისსა.

29. და თქუეს წინაშე ერისა: მიავლინეთ სუსანნასა, ასულისა ქელკაჲსსა, რომელ არს ცოლი იოაკიმისი! ხოლო მათ მიავლინეს.

30. და მოვიდა იგი, და მშობელნი მისნი, და შვილნი მისნი და ყოველნი ნათვსავნი მისნი.

31. ხოლო სუსანნა იყო ჩჩჳლ და შუენიერ სახითა.

32. და უსჯულოთა ბრძანეს უსაბურველო-ქმნა, რამეთუ იყო იგი მობურვილ, რაჲთა აღივსნენ შუენიერებისაგან მისისა.

33. ხოლო ტიროდეს მისთჳს ყოველნი მხილველნი მისნი.

34. ხოლო აღდგომილთა შორის საშუალსა ერისასა ორთა მათ მოხუცებულთა დაასხნეს ჴელნი თავსა ზედა მისსა.

35. ხოლო მან, მტირალმან, აღიხილნა ცად მიმართ, რამეთუ იყო გული მისი მოსავ უფლისა მიმართ.

36. და თქუეს ორთა მათ მოხუცებულთა: ვიდოდეთ რაჲ ჩუენ შორის სამოთხისა მარტონი, შემოვიდა ეგე ორთა თანა მჴევალთა, და დაჰჴშნა კარნი სამოთხისანი და განავლინნა მჴევალნი,

37. და მოვიდა მისსა მიმართ ჭაბუკი, რომელი დამალულ იყო, და დაწვა მის თანა.

38. ხოლო ჩუენ, მყოფთა შორის ყურესა სამოთხისასა, ვიხილეთ რა უსჯულოებაჲ, მივრბიოდეთ მათ ზედა, და მხილველთა მათთა თანაქმნილად

39. მისი, ვიდრემე ვერ შეუძლეთ შეპყრობილ-ყოფაჲ ძლიერებისათჳს მისისა უფროს ჩუენსა და განხუმითა კართაჲთა განლტოლვისა.

40. ხოლო ამისთა შემპყრობელთა ვჰკითხეთ: ვინ იყო ჭაბუკი? და არა ინება თხრობა ჩუენი, ამათ ვწამებთ.

41. და ემოწმა მათ შესაკრებელი ერისა, ვითარცა მოხუცებულთა და მსაჯულთა, და დასაჯეს იგი სიკუდიდ.

42. ხოლო აღიღაღადა სუსანნა ჴმითა დიდითა და თქუა: ღმერთო საუკუნეო, დაფარულთა მეცნიერო, რომელმან უწყნი ყოველნი პირველ ქმნისა მათისა,

43. შენ მეცნიერ ხარ, ვითარმედ ცრუჲ დამწამეს მე, და, აჰა, მოვკუდები არმოქმედი არარაჲსაჲ, რომელნი ამათ მოიბოროტნეს ძჳნად ჩემდა.

44. და შეისმინა უფალმან ჴმისა მისისაჲ.

45. და მიიყვანებოდა რაჲ იგი წარწყმედად, აღადგინა ღმერთმან სული წმიდაჲ ყრმისა ჭაბუკისა, სახელით დანიელისა.

46. და აღიღაღადა ჴმითა დიდითა: წმიდა ვარ მე სისხლისა ამისგან.

47. და დადგა ყოველი ერი მისდამი და ჰრქუეს: რაჲ არს სიტყუა ეგე შენი, რომელსა იტყჳ?

48. ხოლო მან თქუა შორის მათსა: ესრეთ, სულელთა, ძენო ისრაჱლისანო, არა განმსჯელთა, არცა ცხადად შემეცნებულთა დასაჯეთ ასული ისრაჱლისა?

49. მიიქეცით სამსჯავროდ მიმართ, რამეთუ ცრუჲ დასწამეს იმათ ამას.

50. და მიიქცა ერი სწრაფისა თანა, და ჰრქვეს მას მოხუცებულთა: მოვედ, დაჯედ საშუალ ჩუენსა და მომითხარ ჩუენ, რამეთუ შენ მოგცა ღმერთმან მოხუცებულობა.

51. და თქუა ერისა მიმართ დანიილმან: განყვენით იგინი ურთიერთას შორად და განვსაჯნე იგინი.

52. და ვითარცა განყვნეს ერთიერთისაგან, მიუწოდა ერთსა მათგანსა და თქუა მისდა მიმართ: დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ გეწინეს ცოდვანი შენნი, რომელთა ჰყოფდი პირველად.

53. მშჯელი შჯათა ცრუთაჲ და უბრალოთა უკუე დამსჯელი, ხოლო განმტევებელი მიზეზიანთა, იტყოდის რაჲ უფალი: უბრალოჲ და მართალი არ მოაკუდინო.

54. აწ უკუე, ესე უგულებელ-ჰყავ, თქუ, რომელსა ხესა ქუეშე იხილენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხეთქილსა ქუეშე.

55. და თქუა დანიელმან: მართლიად სიტყუე თავისა მიმართ შენისა, რამეთუ, ეგერა, ანგელოზი ღმრთისაჲ, მიმღებელი ღმრთისაგან განჩინებასა, განგხეთქს შენ შუა.

56. და გარდამადგინებელმან მისმან ბრძანა მოყვანება სხჳსა და ჰრქუა მას: თესლო ქანანისაო და არა იუდასო, შუენიერებამან შეგაცთუნა შენ და გულისთქმამან გარდააქცია გული შენი.

57. ესრეთ უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა და იგინი შიშნეულნი გზრახვიდეს თქუენ, გარნა არა ასულმან იუდაჲსამან დათმო უსჯულოებაჲ თქუენი.

58. ხოლო აწ მითხარ მე, ქვეშე რომელსა ხესა დააპყრენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხერხულსა ქუეშე.

59. ხოლო ჰრქუა მას დანიელმან: მართლად სიტყუე და შენცა თავისა მიმართ შენისა, რამეთუ დგას ანგელოზი ღმრთისაჲ მქონებელი მახჳლსა განხერხვად შენდა საშუალ, რაჲთა მოგსპნეს თქუენ.

60. და აღიღაღადა ყოველმან შესაკრებელმან ჴმითა დიდითა და აკურთხეს ღმერთი მაცხოვნებელი მოსავთაჲ მისდამი.

61. და აღდგეს მოხუცებულთა ზედა, რამეთუ შეაყენნა იგინი დანიელ თქმულთაგან მათთა ცილისდამწამებელნი და ყვეს მათდა, ვითარცა-იგი ბოროტი იზრახეს ყოფად მოყუსისა,

62. შჯულისაებრ მოსესსა, და მოკლნეს იგინი, და ცხონდა სული უმიზეზოჲ მას დღესა შინა.

63. ხოლო ქელკაჲ და ცოლი მისი მიქებლობდეს უფლისა, ასულისა მათისა სუსანაჲსთჳს, იოაკიმისის თანა, ქმრისა მისისა, და თანმონათესავეთა ყოველთა, რამეთუ არა იპოვა მის შორის უშუერი საქმე.

64. და დანიელ იქმნა დიდ წინაშე ერისა მიერ დღითგან წამართ.

14

1. და იყო დანიელი თანმემცხოვრებელ მეფისა და დიდებულ უფროს ყოველთა მოყვარეთა მისთა.

2. და იყო კერპი ბაბილოვნელთაჲ, რომლისა სახელი ბილ. და წარაგებდეს მისა მიმართ თითოეულსა დღესა სემიდალსა გრივსა ათორმეტსა, და ცხოვართა ორმეოცთა, და ღჳნოსა საწყაულსა ექუსთა.

3. და მეფე ჰმსახურებდა მას. და მივიდოდა მეფე თითოეულსა დღესა თაყუანის-ცემად მისსა, ხოლო დანიელ თაყუანის-სცემდა ღმერთსა თჳსსა. და ჰრქუა მას მეფემან: რასათჳს არ თაყვანის-სცემ ბილს?

4. ხოლო მან ჰრქუა მას: რამეთუ არა ვმსახურებ კერპთა ჴელითქმნულთა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, ამგებელსა ცისა და ქუეყანისასა და მქონებელსა უფლებისა ყოვლისა ჴორცისასა.

5. და ჰრქუა მეფემან: არ საგონებელ არს შენდა ბილ ყოფად ცხოვლად ღმერთად, ანუ არა ხედავა, რაოდენთა სუამსა და ჭამს თითოეულსა დღესა? და ჰრქვა

6. დანიელ განმცინებელმან: ნუ სცთები, მეფე, რამეთუ ესე შინაგანი უკუე თიჴა არსა, ხოლო გარეგანი რვალი. და არა უჭამიეს, არცა უსუამს ოდესმე.

7. და განმწყრალმან მეფემან მიუწოდა მღდელთა მისთა და ჰრქუა მათ: არა თუ მითხრათ მე, ვინ არს შემჭმელი წარსაგებელისაჲ ამის, მოჰკუდეთ.

8. ხოლო უკეთუ მიჩუენოთ მე, ვითარმედ ბილ შესჭამს ამათ, მოკუდეს დანიელ, რამეთუ გმო ბილის მიმართ. და ჰრქუა დანიელმან მეფეს: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!

9. და იყუნეს მღდელნი ბილისნი სამეოცდაათ გარეშე დედათა და შვილთასა, და მოვიდა მეფე დანიელის თანა სახიდ ბილისა.

10. და თქუეს მღდელთა ბილისთა, ვითარმედ: აჰა, ჩუენ განვიდეთ გარე, ხოლო შენ, მეფე, დააგე ჭამადი, და ღჳნისა განმზავებელმან დადგი, და დაჰკლიტნე კარნი, და დაბეჭდე ბეჭდითა შენითა,

11. და მოსრულმან განთიად, უკუეთუ არა ჰპოვნე ყოველნი შეჭმულად ბილის მიერ, მოვჰკუდეთ, ანუ დანიილ მტყუარი ძჳნად ჩუენდა.

12. ხოლო იგინი შეურაცხ-ჰყოფდეს, რამეთუ ექმნაყე ქუეშე ტრაპეზისა დაფარულ შესავალი და მის მიერ შევიდოდეს მარადის, და იგინი სჭამდიან მათ.

13. და იყო, ვითარცა განვიდეს იგინი, და მეფემან დაუგო შეჭამადნი ბელსა, და უბრძანა დანიელ ყრმათა თჳსთა, და მოიღეს ნაცარი და მოაცურიეს ტაძარსა წინაშე ბელისსა, და გამოსრულთ მეფემან დანიელის თანა კარი დაჰბეჭდეს ბეჭდითა მეფისათა და წარვიდეს.

14. ხოლო მღდელნი შევიდეს ღამე წესისაებრ მათისა, შეჭამნეს ყოველნი და შესუეს.

15. და იმსთო განთიად მეფემან და დანიელმან მის თანა.

16. და ჰრქუა მეფემან: ჰგიანა ბეჭედნი, დანიელო? და თქუა დანიელმან: ჰგიან, მეფე.

17. და იყო, ვითარცა განხუმასა თანა კართასა მიმხედველმან მეფემან ტაბლისა მიმართ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დიდ ხარ, ბილ, და არა არს შენ თანა ზაკუად არცა ერთი.

18. და განიცინა დანიელმან, და იპყრა მეფესა შესლვად შინა და ჰრქუა: იხილე უკუე იატაკი და ცან, ვისნი არიან კუალნი ესე.

19. და თქუა მეფემან: ვხედავ კუალთა მამათასა და დედათასა და ყრმათასა.

20. და განრისხებულმან მეფემან შეიპყრნა მღდელნი, და ცოლნი, და შვილნი მათნი, და უჩუენეს დაფარულნი სარკმელნი, რომელთა მიერ შევიდოდეს და განლევდეს ტაბლისზედათა.

21. და მოსწყჳდნა იგინი მეფემან, და მისცა ბელი საჴელმწიფოდ დანიელს, და დაამჴუა იგი და ტაძარი მისი.

22. და იყო ვეშაპი დიდი მასვე ადგილთა შინა და ჰმსახურებდეს მას ბაბილოვნელნი იგი.

23. და ჰრქუა მეფემან დანიილს: აჰა, ესე, არ ძალ-გიც შენ თქმად, ვითარმედ არა არს ესე ღმერთი ცხოველი, არამედ მოედ და თაყუანის-ეც მას.

24. და თქუა დანიელმან: უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი.

25. ხოლო შენ, მეფეო, მომეც ჴელმწიფება და მოვაკუდინო ვეშაპი თჳნიერ მახჳლთა და კუერთხთასა. და ჰრქუა მეფემან: მიგცენ შენ.

26. და მოიღო დანიელმან ფისი, და ცმელი, და ბალანი და შეაგბნა ერთბამად, და შექმნა გუნდად, და მისცა პირსა ვეშაპისასა და განიბძარა ვეშაპი იგი. თქუა: იხილეთ სამსახურებელნი თქუენნი.

27. და იყო, ვითარცა ესმა ბაბილოვნელთა, შეეწყინავე ფრიად, და შეკრბეს მეფისა ზედა და თქუეს: ჰურია იქმნა მეფე, ბილი შემუსრა, და ვეშაპი მოკლა და მღდელნი მოსრნა, მოვიდეს

28. და თქუეს მეფისა მიმართ: მოგუეც ჩუენ დანიილ, უკუეთუ არა, მოგკლავთ შენ და სახლი შენი იავარ-ვჰყოთ.

29. და იხილა მეფემან, რამეთუ ზედდაესხმიან მას ფრიად და იძულებულმან მისცა მათ დანიილ.

30. ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო მუნ დღეთა ექუსთა.

31. ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი. და მიეცემოდა მათ დღივ ორი კაცისა გუამნი და ორნი პატრუჭაკნი. ხოლო მაშინ არა მიეცა მათ, რაჲთა შეჭამონ დანიილი.

32. იყო ამბაკომ წინაწარმეტყუელი იუდეასით, და მან შეაგბო გბოლვილი, და შთაანეცუნა პურნი ვარცლსა და განვიდოდა ველად მირთუმევად მომკალთა.

33. და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ამბაკუმს: მიართუ სამხარი, რომელი გაქუს ბაბილონად დანიელს მღჳმესა მას შინა ლომთასა.

34. და თქუა ამბაკომმან: უფალო, ბაბილონი არ მიხილავს და მღჳმე იგი არ ვიცი.

35. და უპყრა ანგელოზმან უფლისამან თხემისა მისისა და მტჳრთველმან თმითა თავისა მისისათა დადვა იგი ბაბილონს მღჳმესა ზედა და განკრთომილებასა შინა სულისა მისისასა.

36. და ჴმა-ყო ამბაკუმ მეტყუელმან: დანიელ, დანიელ, მიიღე სამხარი, რომელ წარმოგცა შენ ღმერთმან.

37. და ჰრქუა დანიელმან: რამეთუ მომიჴსენე, მე, ღმერთო, და-არც-უტევენ მოყუარენი შენნი.

38. და აღდგომილმან დანიელმან ჭამა, ხოლო ანგელოზმან ღმრთისამან კუალად-აგო ამბაკუმ მეყსა შინა ადგილსა ზედა თჳსსა.

39. ხოლო მეფე მოვიდა დღესა მეშჳდესა გოდებად დანიილისსა და მივიდა მღჳმესა ზედა და შთაიჭჳრა, და, აჰა, დანიელ მჯდომარე.

40. და მღაღადებელმან მეფემან ჴმითა დიდითა თქუა: დიდ ხარ შენ, უფალო ღმერთო დანიელისო, და არა ვინ არს თჳნიერ შენსა. და აღმოიქუეს იგი მღჳმისაგან.

41. ხოლო მიზეზნი წარწყმედისა მისისანი შთათხინნა მღჳმედ და შეიჭამნეს მეყსეულად წინაშე მისსა.

42. მაშინ თქუა მეფემან: რაჲთა დაამტკიცონ ყოველთა დამკჳდრებულთა ყოვლისა ქუეყანისათა ღმერთი დანიელისი, რამეთუ იგი არს მაცხოვარი და მოქმედი ნიშებთა საკჳრველთა ქუეყანასა ზედა, რომელმან განარინა დანიელ მღჳმისაგან ლომთასა.