წინაწარმეტყველება ესაიასი

21

1. ხილვაჲ უდაბნოსა ზღვისა, ვითარცა ნიავქარი უდაბნოსა განვიდეს უდაბნოდ მომავალისა ქვეყანისაგან საშინელისა, ხოლო საშინელ არს ჩუენებაჲ.

2. და ფიცხლად მომეთხრა მე: შეურაცხისმყოფელი შეურაცხ-ჰყოფს, უშჯულოქმნილი უშჯულოებს ჩემდამო. ელამიტელნი და მოციქულნი სპარსთანი - ჩემდამო მოვლენ. აწ სულთ-ვითქუნე და ნუგეშინის-ვიცე ჩემ ზედა.

3. ამისთჳს აღივსნეს წელნი ჩემნი დაჴსნისა მიერ და სალმობათა შემიპყრეს მე, ვითარცა მშობიერი. ვჰმძლავრე არასმენად, ვისწრაფე არახედვად.

4. გული ჩემი შეცთომილ არს, უშჯულოება ჩემი დაანთქამს. სული ჩემი განჰკრთა შიშად.

5. განამზადეთ ტაბლაჲ, განამსტურეთ სამსტუროჲ. სუთ, ჭამეთ. აღდგომილთა მთავართა განმზადეთ ფარები.

6. რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, თავი შენი დაადგინე მსტოარად და, რომელიცა იხილო, მიუთხარ.

7. და ვიხილენ მჴედარნი საჴედართა ორთა: მჴედარი ვირისა და მჴედარი აქლემისა. ისმინე სასმენელი მრავალი და მიხადე ურიას სამსტუროდ უფლისა, და თქვა:

8. დავდეგ სრულსა შინა დღესა საჴუმილავსა ზედა ჩემსა და ბანაკისა ზედა ჩემისა დავდეგ მე სრულსა ღამესა.

9. და აჰა, იგი მოვალს მჴედარი ორბისა. და მიმგებელმან თქვა: დაეცა ბაბილონი და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი და ჴელითქმნულნი მისნი შეიმუსრნეს ქვეყანად მიმართ.

10. ისმინეთ დაშთომილთა და სალმობიერთა ისმინეთ, რომელნი მესმნეს უფლისა საბაოთისაგან, რომელნი ღმერთმან ისრაელისამან მომითხრნა ჩვენ.

11. სიტყუა იდუმეასა: ჩემდამო ჴმობდ სიერით გამო: სცევდ არდაბაგთა, რასა ჰვალალაებ მცველი ღამითგან? ვთქუ:

12. მცველი მოვიდა განთიად და ღამეცა. უკეთუ ეძიებთ, მოიქეცით, მოვედით და ჩემ თანა დაემკვიდრენით მაღნარსა შინა.

13. სიტყვა არაბიასათჳს მაღნარსა: მაღნარსა შინა მწუხრი დაიძინონ გზასა ზედა დედანისსა, შემთხუევასა შინა.

14. წყურიელსა წყალი მოართვით, დამკჳდრებულთა სოფლისა შორის თემანისსა, პური მიაგებეთ მლტოლვარეთა,

15. სიმრავლისათჳს მლტოლვარეთასა და სიმრავლისათჳს ცთომილთასა და სიმრავლისათჳს მახჳლისა და სიმრავლისათჳს მორთხმულთა მშვილდვათაჲსა და სიმრავლისათჳს დაცემულთასა ბრძოლასა შინა,

16. რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: მერმეცა წელიწადი, ვითარცა წელიწადი მოსასყიდლისა, მოაკლდეს დიდება ძეთა კედარისა,

17. და ნეშტი მშჳლდვათა რისხვისა ძლიერთა ძეთა კედარისათა იყოს მცირე, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან ესრეთ ზრახა.

22

1. სიტყუა ჴევისა სიონისა: რაჲ იქმნა შენდა აწ, რამეთუ აღხუედით ყოველნი ერდოებთა ამაოთა?

2. აღივსო ქალაქი მღაღადებელთაგან, ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი მახჳლისანი, არცა მკუდარნი შენნი მკუდარნი ბრძოლისანი.

3. ყოველნი მთავარნი შენნი წარივლტნეს ერთბამად მშჳლდისა მიერ, და წარსხმულნი ფიცხლად შეკრულნი არიან, და შემძლებელნი შენ შორის შორად წარივლტოდეს.

4. ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა,

5. რამეთუ დღე შფოთებისა და წარწყმედისა და დათრგუნვილებისა და შეცთომილებისა უფლისა მიერ საბაოთისსა; შორის ჴევსა სიონისასა სცთებიან მცირითგან ვიდრე დიდადმდე, სცთებიან მთათა ზედა.

6. ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები ამჴედრებულთა ცხენთა ზედა და შესაკრებელთა განწყობილისა.

7. და იყვნენ, რჩეულნი ჴევნებნი შენნი აღივსნენ ეტლებითა, ხოლო ცხენთა აღმოყორნენ ბჭენი შენნი.

8. და გამოაჩინენ ბჭენი იუდასნი და მიჰხედვიდენ მას დღესა რჩეულთა მიმართ სახლთა ქალაქისათა.

9. და გამოაცხადებდენ დაფარულთა სახლებისა მწუერვალისა დავითისთა და ვიხილე, რამეთუ უმრავლესნი არიან და გარემიაქციეს წყალი ძუელისა საბანელისა ქალაქისა შორის.

10. და სახლნი იერუსალიმისისი აღრიცხუენით. და დავარღჳვნე სიმაგრედ ზღუდედ ქალაქისათა.

11. და ჰქმენით თავისა თჳსისა წყალი საშუალ ორთა ზღუდეთასა უშინაგანეს ძუელისა საბანელისა. და არა მიხედენით პირველითგანვე მოქმედისა მიმართ მისისა, და მომგებელი მისი შორით არა იხილეთ.

12. და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა და აღპარსვასა და მორტყმასა ძაძისასა,

13. ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით.

14. და აღსაბურველებულ არიან ესენი ყურთა შორის უფლისა ღმრთისა საბაოთისთა და არ მიგეტეოს თქუენ ცოდვა ესე, ვიდრემდისცა მოჰკუდეთ, - თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან.

15. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ვიდოდე, შევედ პასტოფორიონად სომანისის მიმართ მეუნჯისა და არქუ მას:

16. რაჲ შენდა აქა? და რაჲ არს შენი აქა? რამეთუ გამოჰკუეთე აქა თავისა შენისა საფლავი და ჰყავ თავისა შენისა მაღალი სამარე და დასწერე თავისა შენისა კარავი კლდესა შორის.

17. აჰა, აწ უფალი საბაოთ გამოავლენს კაცსა აღსპოლვად შენდა და მიგიღოს შესამოსელი შენი და კიდარი შენი.

18. და გჳრგჳნი შენი დიდებული და განგაგდოს შენ სოფლად დიდად და განუზომელად, და მუნ მოჰკუდე, და დასვა საჭურველი შენი რჩეული შეურაცხქმნილად და სახლი მთავრისა შენისა დასათრგუნველად.

19. და მოგსპოს შენ განმგეობისაგან შენისა და დგომისაგან შენისა დაგამჴუას შენ.

20. და იყოს მას დღესა შინა, უწოდო ყრმასა ჩემსა ელიაკიმსა ქელკისსა,

21. და შევჰმოსო მას შესამოსელი შენი და გჳრგჳნი შენი მივსცე მას, და მპყრობლობა და გასაგებელი შენი მივსცე ჴელთა მისთა; და იყოს, ვითარცა მამა იერუსალიმს შინა დამკჳდრებულთა შორის და კაცთა იუდასთა.

22. და მივსცე მას კლიტე სახლისა დავითისა, მჴართა ზედა მისთა მიიღოს, და არა იყოს მჴდომ მისა, და დაკლიტოს და არა იყოს გამღებელ მისა; და განაღოს და არა ვინ იყოს დამკლეტელ მისა. და მივსცე მას დიდებაჲ დავითისი, და მთავრობდეს და არა იყოს მაცილობელ.

23. და დავადგინო იგი მთავრად ადგილსა შორის სარწმუნოსა და იყოს საყდრად დიდებისა სახლისა მამისა მისისა.

24. და იყოს მოსავ მისადმი ყოველი დიდებული სახლსა შინა მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდამდე, ყოველი ჭურჭელი მცირე ჭურჭლისაგან აგანოთთაჲსა, და იყვნენ დამოკიდებულ მისსა.

25. მას დღესა შინა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ, - აღიძრას კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა და დაეცეს და მოისპოს, და მოესრულოს დიდებაჲ მყოფი მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა.

23
ხილვა ტჳროსისა.

1. ვალალაებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდეს, და არღა მერმე მოვლენ ქუეყანისაგან კიტიელთასა, მოიყვანნეს ტყუენი.

2. ვისსა მსგავს იქმნნეს დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა? ვაჭარნი ფინიკიათა, წიაღმვლელნი ზღჳსანი წყალსა ზედა მრავალსა,

3. თესლი ვაჭართა მათ, ვითარცა სალეწავისა შემოღებულისა, მფრდელნი ნათესავთა.

4. რცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან ზღჳსამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა აღვამაღლენ ქალწულნი.

5. ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგჳპტისა, მიიხუნეს იგინი სალმობამან ტჳროსისა ძლით.

6. წარვედით კარქიდონად, ვალალაებდით დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა.

7. არა იგი იყო გინებაჲ თქუენი პირველითგან პირველ მიცემად მისდამდე. წარიყვანებდენ მას ფერჴნი მისნი შორიელად გარდასახლებად.

8. ვინ განიზრახა ესენი ტჳროსსა ზედა? ანუ კნინებ არსა, ანუ ვერ ძალუც? ვითარცა ვაჭარნი მისნი მთავარნი ქანანისანი და მფრდელნი მისნი დიდებულ ქუეყანისანი.

9. უფალმან საბაოთ განიზრახა განქარვებად გინება დიდებულთა და უპატივო-ყოფად ყოველი დიდებული ქუეყანასა ზედა.

10. იქმოდე ქუეყანასა შენსა, და რამეთუ ნავნი არა მერმეცა მოვლენ კარქიდონით.

11. ხოლო ჴელი შენი არღა მერმე შემძლებელ არს ზღჳსა მიმართ განმაძჳნებელი მეფეთა, უფალმან საბაოთ ამცნო ქანანისათჳს წარწყმედად ძალი მისი.

12. და თქუან: არღა მერმე არა შევსძინოთ გინებად და მძლავრებად ქალწული, ასული სიდონისაჲ, არამედ აღჴდე ფერჴითა ზღუასა და უკეთუ მიხვიდე კიტიელთამი, არცა მუნ იყოს განსუენება შენი.

13. და ქუეყანად ქალდეველთად ერი არღარა დაშთა; ასური დაემკჳდრა და წარტყუენეს იგინი, რამეთუ ზღუდე მისი დაეცა.

14. ვალალებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდა სიმაგრე თქუენი.

15. და იყოს მას დღესა შინა, დატევებულ იქმნეს ტჳროსი წელთა სამეოცდაათთა, ვითარცა ჟამსა მეფისა ერთისასა, ვითარცა ჟამსა კაცისასა. და იყოს შემდგომად სამეოცდაათთა წელთასა, იყოს ტჳროსი, ვითარცა ჴმანელობა მეძვისა.

16. მიიღე ქნარი, იშუებდ ქალაქი მეძავი დატევებული, კეთილად მექნარეობდ, მრავლად ჴმანელობდ, რაჲთა საჴსენებელი შენი იქმნეს.

17. და იყოს შემდგომად სამეოცდათთა წელთასა, მოხედვა-ყოს უფალმან ტჳროსისა და კუალად მოეგოს პირველებრვე. და იყოს სავაჭრო ყოველთა მეფობათა მკჳდროვნისათა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

18. და იყოს ვაჭრობა მისი და სასყიდელი წმიდაჲ უფლისაჲ; არა სამისოდ შეკრებულ იქმნეს, არამედ დამკჳდრებულთად წინაშე უფლისა. იერუსალიმს შინა იყოს ყოველი ვაჭრობა მისი ჭამად და სუმად და გაძღომად დასანიშნავად საჴსენებელისა წინაშე უფლისა.

24

1. აჰა, უფალი განჰხრწნის მკჳდროანსა და მოაოჴროს იგი და გამოაცხადოს პირი მისი და განთესავს დამკჳდრებულთა მის შორის.

2. და იყოს ერი, ვითარცა მღდელი, და ყრმა, ვითარცა უფალი, და მჴევალი, ვითარცა უფალა. და იყოს მსყიდელი, ვითარცა გამსყიდელი, და მოვასხე, ვითარცა მავასხებელი, და თანამდები, ვითარცა რომლისა თანა-ედვას.

3. ხრწნილებით განიხრწნას ქუეყანა და ტყუეობით წარიტყუენოს ქუეყანა, რამეთუ პირმან უფლისამან თქუნა ესენი.

4. იგლოვა ქვეყანამან და განიხრწნა მკჳდროანი, იგლოვეს მაღალთა ქუეყანისათა.

5. და ქუეყანამან იუშჯულოა დამკჳდრებულთა ზედა მისთა მით, რამეთუ თანაწარჰჴდეს შჯულსა და შეცვალნეს ბრძანებანი, განიქარვეს აღთქუმა საუკუნო.

6. ამისთჳს წყევამან შეჭამოს ქუეყანა, რამეთუ ცოდეს დამკჳდრებულთა მისთა. ამისთჳს გლახაკნი იყვნენ მკჳდრნი შორის ქუეყანისა და დაშთენ კაცნი მცირენი.

7. იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან, სულთ-ითქუნენ ყოველთა მოხარულთა სულითა.

8. დაცხრომილ არს სიხარული ბობღანთა, დაცხრომილ არს თავჴედობა და სიმდიდრე უთნოთა, დაცხრომილ არს ჴმა ქნარისა.

9. სირცხჳლეულ იქმნეს, არ სუმიდეს ღჳნოსა, მწარე იქმნა მსუმელთათჳს თაფლუჭი.

10. მოოჴრდა ყოველი ქალაქი, დაიკლიტნენ სახლებნი არშესლვად.

11. ვალალაებდით ღჳნისათჳს ყოვლით კერძო, დაცხრომილ არს ყოველი სიხარული ქუეყანისა, წარვიდა ყოველი შუება.

12. და დაშთომილ იქმნენ ქალაქნი ოჴერნი და სახლნი დატევებულნი წარწყმდენ.

13. ესე ყოველნი იყვნენ ქუეყანისა შორის საშუალ წარმართთასა, ვითარსახედ უკეთუ ვინ მოიკუფხლნენ იგინი და უკეთუ დასცხრეს მსთულებელი.

14. ესენიცა ჴმითა ყიოდიან, რამეთუ დაშთომილნი ქუეყანასა ზედა იშუებდენ ერთბამად დიდებითა უფლისათა, რამეთუ აღიმღრუეს წყალი ზღჳსა მის შორის.

15. ამისთჳს დიდება უფლისა ჭალაკთა შორის იყოს ზღჳსათა, მათ შორის სახელი უფლისაჲ დიდებულ იყოს. უფალო, ღმერთო ისრაილისაო!

16. ფრთეთაგან ქუეყანისათა ნიშნი გუესმნეს სასოებად კეთილმთნობისა. და თქვა: საიდუმლო ჩემი მე და ჩემთა. და იტყჳან: ვაჲ შეურაცხმყოფელთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ შჯულსა.

17. შიში და მთხრებლი და მახე იყოს თქუენ ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანასა ზედა.

18. და იყოს, რომელი ევლტოდის შიშსა, შთავარდეს მთხრებლსა, ხოლო თანაწარსრული მთხრებლისაგან შეპყრობილ იქმნეს მახისა მიერ, რამეთუ სარკუმელნი ცისანი განეხუნენ და შეიძრნენ საფარველნი ქუეყანისანი.

19. შფოთებით შეშფოთდეს ქუეყანა და წარწირვით წარიწიროს ქუეყანა (მიდრკა).

20. და შერყევით შეირყიოს ქუეყანა, ვითარცა მთრვალი და მებრუე. და შეიძრას, ვითარცა ხილისსაცავი, ქუეყანა. და დაეცეს და ვერ ეძლოს აღდგომად, რამეთუ განძლიერდა მის ზედა უსჯულოება.

21. და იყოს მას დღესა შინა, მოაწიოს უფალმან სამკაულსა ზედა ცისასა ჴელი მისი და მეფეთა ზედა ქუეყანისათა.

22. და შეკრიბნენ და შეაწყუდინენ სიმაგრესა შინა შესაკრებელი მისი და საპყრობილესა შინა, მრავალთა ნათესავთა ძლით მოსახილავი იყოს მისი.

23. და დადნეს ალიზი და დაეცეს ზღუდე. და სირცხჳლეულ იქმნეს მთოვარე და კდემულ იქმნეს მზე, რამეთუ განმეფნეს უფალი სიონს შინა და იერუსალიმს შინა და წინაშე მოხუცებულთასა იდიდოს.

25

1. უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი,

2. იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი ძლიერნი დაცემად საფარველნი მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს.

3. ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ,

4. რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და შეურვებულთა ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ,

5. საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა, ვითარცა კაცნი სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან უთნოთა, რომელთაცა მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი ძლიერი დაამდაბლოს.

6. და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა ნათესავთა სასუმელი ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით, სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ მირონთა,

7. და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა

8. შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ.

9. და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი, რომლისა მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა, რამეთუ ესე არს უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა.

10. და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა ამის ზედა; და დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ დასთრგუნვენ კალოსა ურემთა ზედა.

11. და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი.

12. და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს და შთავიდეს ვიდრე იატაკადმდე, ვიდრე მტუერამდე.