წიგნი ესთერისი

1

1. იყო შემდგომად სიტყუათა ამათ დღეთა ასვირეოს დიდისა, ესე იგი არს არტაქსექს მეფე, რომელმან დაიპყრა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდი სოფელი.

2. მათ დღეთა შინა, რაჟამს დაჯდა საყდარსა შუშანს შინა, ქალაქსა, საყდარსა სამეუფოთა,

3. წელსა მესამესა მეფობისა მისისათა უყო სუმა ყოველთა ერთა სპარსთა და უჟიკთა მთავართა სოფლებისათა წინაშე პირსა მისსა.

4. რათა უჩვენოს მათ სიმდიდრე დიდებისა მისისა და პატივი სიქველისა სიხარულითა და შვებითა, რათა დასხდენ დედანიცა უცხოთესლნი,

5. რამეთუ ესე დღენი არიან ქორწინებისა მეფისანი და ამისა შემდგომად უჩუენა მათ სიმდიდრე სუფევისა მისისა. და ყო მეფემან სმა ყოველთათჳს, რომელნი იპოვნეს. შუშანს შინა ქალაქსა მცირითგან დიდადმდე ვიდრე შვიდ დღე ეზოსა სამეუფოსასა,

6. დარეცილი ზეზითა და ცისსხეულითა და მეწამულითა და იაკინთითა ჭრელებულითა ყვავილოვნად თჳთოფერითა და კარვები აღმართებულ საბლებითა ბისონისა და ძოწეულისათა და ტორანტოსები ვეცხლისა და სვეტები ბრინჯისა ოქროლესულითა, ტახტები ოქროჲსი და ვეცხლისა და ანთრაკ ფენილი ზედა ზმარაგდოსა ქვათა, და კაპოეტის ქვით დასაგებელნი თჳთოფერად ჭრელებულად ყვავილოვნად და გარემოს ვარდი მოფენილ

7. სმანი დღეთა მრავალთა ვიდრე ასოთხმეოც დღე და ოდეს აღესრულნეს დღენი მრავალნი სმისანი, ყო მეფემან ყოველთათჳს, რაოდენი იპოეს ქალაქსა შინა მცირითგან მდიდრამდე ექუს დღე სახლისა მის მეფისანი, ნერგოანისა შემკულისა, ბისონისა და ბარძიმებისა, ოქროჲთა თჳთოსახე ანთრაკი განწონილნი ტაკუკები წინა დაგებულნი ტალანტთა სამთა ბევრთა და ღვინო,ფრიად კეთილი და წყალი სასმელად მეფისა

8. ხოლო ქორწილი ესე არა განწესებულსა სჯულსა იყო, რამეთუ ეგრეთ ინება მეფემან ბრძანება მნებავთა, რათა ყონ ნებაჲ მისი.

9. და ვასტიანეცა დედოფალმან ყო პური დიდი სამეფოთა შინა აზნაურთა დედათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა არტაქსესისასა.

10. დღესა მეშჳდესა უბრძანა მეფემან მწდესა არავინ იძულებით კაცად-კაცადისა შენდობად. უბრძანა მონათა თჳსთა ამანს, და მალანს, და თარას, და გორზეს, და ტოთას, და აბატაზას, და თარბას, და გამომას, დარბოს, და აგაბ, და ზათა, და ქაიდა, და თარი, და თურაქთა - შვიდთა მათ საჭურისთა, მსახურთა მეფისა არტაქსესისათა

11. და ბრძანა შემოყვანებად ვასტიანე დედოფლისა კრებულსა მას სმისასა შარავანდითა სადედოფლოსა მისისათა. დედოფალ-ყო იგი და დაადგა მას შარავანდი, რათა უჩუენოს ყოველთა თავადთა სიკეთე მისი, რამეთუ ქმნულკეთილ იყო ფრიად.

12. და ვასტიანე დედოფალმან არა ისმინა მისი შესლვად მის წინაშე საჭურისთა მათ თანა ტაძრად, სადა-იგი იყო სუმა. ვითარცა ესმა მეფესა, რამეთუ შეურაცხ-ყო ვასტიანემ ნება მისი, შეწუხნა ფრიად.

13. ჰრქუა მეფემან ყოველთა ბრძენთა: ამას იტყოდა ვასტიანე. ამისთჳს ზრახეთ, რაჲ უყოთ ვასტიანე დედოფალსა.

14. მიუჴდეს მეფესა არკესიოს და სართეოს, და მალერ, და მუქეოზ; მთავარნი სპარსთანი და უჟიკთანი და წინაშემდგომელნი მეფისანი, რომელნი სხდეს პატივით მახლობელად მეფისა.

15. და უთხრეს მას სჯულისა მისებრ, ვითარცა-იგი ჯერ-არს, ვასტიანე დედოფალსა, რამეთუ არა ისმინა მეფისა მიერ ბრძანებული საჭურისთაგან.

16. და ჰრქუა ამუქეოზ მეფესა და მთავართა: არა თუ მხოლოდ მეფესა შესცოდა ვასტიანე დედოფალმან, არამედ ყოველთა მთავართა სპარსთასა და შერაცხილთა და უჟიკთასა. და ყოვლისა მიმართ ერისა შეცოდებაჲ განითქუა, რამეთუ შეურაცხ-ყო ბრძანებაჲ მეფისა არტაქსერისა. ესე სიტყუა-უგო ასვირეოს მეფესა

17. ეგრეთვე დღესითგან მძლავრებდეს სხუანიცა ცოლნი მთავართა სპარსთანი და უჟიკთანი, და იკადრონ მათცა.

18. უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა მეფესა სათნოდ მისა, ბრძანენ სამეფო სჯულისა მისებრ სპარსთა და უჟიკთასა. ნუვინ აქცევნ ერთი.

19. ვითარ-იგი სიტყვა-უგო წინაშე თუალთა მისთა, რამეთუ თქვეს: ვასტიანე დედოფალმან სიტყუა-უგო მეფესა არტაქსეს შესლვად სახლსა სასმურსა მის წინაშე. ნუმცა შევალს მიერითგან დედოფალი ვასტიანე მეფისა და დედოფლობა მისი მისცეს უმჯობესსა მისსა,

20. რომელთა ისმინონ სჯული სამეუფო, რომელი უბრძანო. და პატივსცემდენ ცოლნი ქმართა თჳსთა პატივითა დიდითა გლახაკითგან ვიდრე მდიდართამდე.

21. და სათნო-უჩნდა მეფესა და ყოველთა მთავართა სიტყუაჲ ესე. და ყო, ვითარცა იტყოდა ამუქეოზ.

22. და წარავლინა ყოველთა სოფელთა და სოფლითი სოფლად სიტყჳსაებრ მისისა. და იყო წერილი წიგნსა მისსა, რომელი მიუძღვანა: მეფე დიდი ასვირეოს, მთავართა და ჴელმწიფეთა, ასოცდაშჳდთა ნათესავთა ინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე: ჰმთავრობდინ ცოლსა თჳსსა ყოველი მამაკაცი!

2

1. შემდგომად სიტყუათა ამათ დასცხრა მეფე გულისწყრომისაგან და არღარა მოეჴსენა ვასტიანე. და დაეხსოვნა მას, რაოდენს-იგი იტყოდა, და ვითარ-იგი დასაჯა. და არასადა დედოფალ-ყო ფრიად.

2. და თქვეს მსახურთა მათ მეფისათა: უძიოთ უფალსა ჩუენსა მეფესა ქალები ქალწულაები ქმნილკეთილ.

3. და დაადგინა მეფემან დაბნებისა მთავარნი ყოველსა სოფელსა სუფევისა მისისათა და გამოირჩიონ შუშანს ქალაქსა საქალოსა შინა ქალი ქმნულკეთილი. და მიეცნედ საჭურისსა მეფისასა, მცველსა დედათასა, და იღუწოდენ და მიეცემოდენ მათგან საწადელი, რომელთა განიბანნენ.

4. და დედაკაცი იგი, რომელიცა სთნდეს მეფესა, დედოფალ-ყოს იგი ვასტიანესა წილ. და სთნდა მეფესა.

5. და იყო კაცი ჰურია დამკჳდრებული შუშანს ქალაქსა და სახელი მისი მარდოქეოს, ძე იაირისა, ძისა სემეისი, ძისა კესეანისი, ტომისაგან ბენიამენისა,

6. რომელ წარტყვენილ იყო იერუსალიმით წარტყუენასა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელისასა ჟამთა იექონია, ძისა იოსიასა, მეფისა იუდასა.

7. და იყო მისა ყრმაჲ ქალი განზრდილი, ასული ამინადაბისა, მამისა ძმისა მისისა. და სახელი მისი ესთერ. ოდეს აღესრულნეს მამა-დედანი მისნი, განსწავლა იგი და განზარდა თავისა თჳსისა ცოლად. და ზრდიდა მას მორწმუნედ, რამეთუ იყო ყრმაჲ იგი შუენიერ ხილვითა და კეთილ პირითა

8. ოდეს განისმა ბრძანება მეფისა, შეკრიბეს ქალები მრავალი შუშანს ქალაქსა, ჴელთა გოგესათა. და მოიყვანეს ესთერცა ბოგე საჭურისისა და მცველისა მის დედათასა.

9. და შეიყვანეს იგი ტაძრად მეფისა; იხილა რაჲ გოგე საჭურისმან და სთნდა იგი უფროს ყოველთა დედათა. და პოვა ესთერ მადლი და წყალობა წინაშე საჭურისისა მის. და ისწრაფდა ზედდგომად მისსა და მიცემად მას საცხებელსა განსაწმედელსა და როჭიკსა. და შვიდნი იგი ქალნი, რომელნი განჩინებულ იყვნეს მისა მეფისაგან, ჰმსახურებდენ მას კეთილად

10. და არა უჩვენა მათ ესთერ ნათესავი, არცა სოფელი, რამეთუ მარდოქეოს ამცნო მას, რათა არა უთხრას.

11. და დღითი დღე გარეუვლიდა მარდოქეოს სახლთა მათ ქალწულთასა, რაჲ-ძი შეემთხჳოს ესთერს.

12. და იყო ჟამი ქალისა შეყვანებად წინაშე მეფისა, რაჟამს აღესრულნენ თთვენი ათორმეტნი, რამეთუ ესრეთ აღასრულებდენ დღეთა მათ მსახურებისათა: ექუს თთვე სცხებდენ მუროვანსა ზეთსა და ექუს თთვე ნელსაცხებელსა განსაწმედელსა.

13. და მაშინღა მოიყვანებდიან მეფისა, რომლისათჳსცა მისცემდა შეყვანებად მას სადედოთა.

14. მიმწუხრი შევიდის და განთიად გამოიყვანიან და მიიყვანიან, სადა-იგი არს გოგე, საჭურისი მეფისა, მცველი იგი დედათა. და არღარა შევიდის მეფისა, უკუეთუ არა უწესს სახელითა.

15. და ოდეს მოიწია ჟამი შესლვისა ესთერისი მეფისად, არა უგულებელს-ყო საჭურისმან, მცველმან დედათამან, რომელ ამცნო ესთერს. რამეთუ პოვა მადლი ესთერ ყოველთაგან, რომელთა იხილიან იგი.

16. და შევიდა ესთერ წინაშე არტაქსეს მეფისა მეათორმეტესა თთვესა, რომელ არს ადარი, მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისასა.

17. სთნდა მეფესა ესთერ და პოვა მადლი უფროს ყოველთა მათ ქალწულთა, რამეთუ იყო იგი წარჩინებულ წინაშე მისსა.

18. და ყო მეფემან სმა ყოველთა თანა მეგობართა თჳსთა შვიდ დღე და ადამაღლა ქორწილი ესთერისი და განცხრომა ყო და ყოველთა მიანიჭა საბოძვარნი მრავალნი, ვითარცა შვენოდა დიდებულებასა მისსა.

19. და შეკრიბნა ქალწულნი და დაადგინა მარდოქე მეკარედ ეზოსა მეფისასა.

20. ხოლო ესთერ არა უთხრა მეფესა სოფელი თჳსი, ვინა არს, რამეთუ ესრეთ ამცნო მარდოქეოს, რათა ეშინოდეს ღმრთისა და ჰყოფდეს ბრძანებასა მისსა, რომელი-იგი მოსეს მიერ ამცნო ისრაჱლთა, და ესთერ არა ცვალა წესი თჳსი.

21. ხოლო შეწუხნეს ორნი საჭურისნი მეფისანი, რომელნი იყვნეს მთავარნი მჴმილავთანი ამისთჳს, რამეთუ შური დიდი ჰქონდათ მარდოქესი წარჩინებისათჳს მისისა მეფისა მიერ და ამისთჳს განიზრახეს მოკლვა მეფისა ასვირეოსისა.

22. ხოლო ცნა მარდოქე განზრახვა ესე და აუწყა ესთერს, ხოლო ესთერ მიუთხრა მეფესა განზრახვა იგი სიკუდილისა მისისა.

23. ხოლო მეფე აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა შეპყრობა მათ ორთავე და დამოჰკიდა იგინი ძელსა. და ბრძანა წიგნთა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ სარწმუნო ექმნა მეფესა მარდოქეოს.

3

1. და განადიდა მეფემან არტაქსეს ამან მაკიდონელი, ადამასი ბუგანი, და აღამაღლა იგი და დაუდგნა საყდარნი უფროს ყოველთა მეგობართა მისთა.

2. და ყოველნი თაყუანი-სცემდეს, რამეთუ მეფესა ებრძანა, რათა მოდრკებოდიან და თაყუანის-ცემდენ, რომელნი იყვნეს ქუეშე მეფობისა მისისასა ქუეყანასა ზედა, ხოლო მარდოქე არა თაყუანი-სცემდის.

3. და ეტყოდეს მარდოქეს, რასათჳს არა ისმენს მეფის ბრძანებათა და არა თაყუანი-სცემს?

4. უთხრა მარდოქემ, რამეთუ ჰურია ვარ და არა ჯერ-არს თაყუანის-ცემა ჩემდა. ხოლო მათ უთხრეს ამანს ვითარმედ მარდოქე წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა.

5. ოდეს გულისხმა-ყო ამან, რამეთუ მარდოქე ჰურია არს და არა თაყუანის-სცემს, განიზრახა ფარულად

6. და მოინება აღჴოცა ყოველთა ჰურიათა ერთსა დღესა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე. და შეაშურა რისხვით და განწითნა პირი მისი და განიმრუდა თუალნი და ჴელნი შეიტყველნა და იტყოდა: მარდოქე და ნათესავი მისი მე წარვწყმიდო.

7. და ყო წელსა მეათორმეტესა მეფობასა არტაქსესისასა და წილს-აგებდა დღითი დღე და თთჳთ თთვე, რათა წარსწყმიდოს ტომი მარდოქესი და ისრაილი. და განჰჴდა წილი მეათოთხმეტესა თთვესა მის ადარისასა, რომელ არს იგრიკისა.

8. და ეტყოდა ამან მეფესა არტაქსექს მარდოქესთჳს და ისრაილთათჳს და თქუა: არს ერთი ნათესავი განთესული ყოველთა შორის სამეფოთა შენთა - ერი მბრძოლი და ურჩი. ხოლო სჯულნი მათნი უცხო არიან სხვათა ნათესავთასა და სჯულსა შენსა, მეფე, არა ისმენენ და არცა ერჩიან, რაჲ-იგი იგი შენ უბრძანე მათ, შეურაცხ-ჰყოფენ სჯულსა და ბრძანებასა სპარსთა, უჟიკთასა საჴსენებელად დიდებისა შენისა, მეფე, გაუწყებთ შენ, ყოველთა შორის თესლთა არა შეჰგავს მეფესა დატევება მათი

9. აწ, უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა და კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, ბრძანენ მეფემან წარწყმედა მათი და მომეც მე ნათესავი იგი წარწყმედად. და მე დავსწერო ფასისსაცავსა მეფისათჳს ჩემი ვეცხლი ბევრი ტალანტი.

10. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელთაგან თჳსთა და მისცა ამანს და ჰრქუა: მიწერდი ყოველსა სოფელსა და ქალაქებსა. და დაბეჭდევდი ბეჭდითა ჩემითა წერილთა ჰურიათათჳს, რამეთუ არავინ არს გარე-მიმაქცეველ ბეჭდისა მაგის.

11. და ჰრქუა მეფემან ამანს: ვეცხლი შენი შენდა გეყავნ, ხოლო ნათესავი იგი იჴმიე, ვითარცა სათნო არს შენდა. და გამოვიდა ამან მეფისაგან და შევიდა კერპთა თჳსთა თანა, რათა უწყოდის დღე სიკუდილისა მათისა. და განაგდო წილი მეათსამეტესა თთჳსასა მოწყვედად ყოველთა ჰურიათა წულით ვიდრე ქალადმდე და მოტაცებად მწოვართა ჩჩჳლთა ყრმათა

12. ამისსა შემდგომად იწოდნეს მწიგნობარნი მეფისანი თთვესა მას პირველსა, მეათსამეტესა მის თთჳსასა, და მისწერეს, ვითარ-იგი უბრძანა ამან მეფისა მიერ ერისთავთა და მთავართა ყოველსა სოფელსა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშჳდსა მას სოფელსა მათ სიტყჳსაებრ ასვირეოსის მეფის მიერ

13. და წარუძღვანეს წიგნები იგი ჴელითა მალედმსრბოლთაგან არტაქსექსისა სამეფოსა განრყვნად ყოველი ნათესავი ჰურიათა მეათოთხმეტესა თთვესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, და იავარის-ყოფად ნაყოფთა მათთა.

14. ხოლო მიწერილი წიგნისა ესე არს: ყოველი ქალაქი და ყოველი ადგილი მზა იყვნენ დღისა მისთჳს.

15. და შეშფოთნეს ყოველნი შუშანს ქალაქსა შინა, ხოლო მეფე და ამან განეწყობოდეს, და შეიძრა იგი.

4

1. ხოლო მარდოქე ვითარ გულისხმა-ყო აღსასრული ესე, შევიდა სახლსა შინა თჳსსა და დაიპო სამოსელი თჳსი, და შეიმოსა ძაძა და გარდაისხა ნაცარი და გამოვარდა უბანთა ქალაქისათა, ღაღადებდა და იტყოდა: აღიჴოცების ნათესავი შეუცოდებელი!

2. და მოვიდა ვიდრე მეფისამდე და დადგა ბჭეთა წინაშე, რამეთუ არა ჯერ-იყო შესლვად მისი ძაძაშემოსილისა და ნაცარგარდასხმულისა.

3. და ყოველსა სოფელსა და ადგილსა, ვიდრეცა მიაქუნდა ბრძანება იგი მეფისა, იყო ღაღადება, ტყება და გლოვა დიდი ჰურიათა. იმარხვიდეს და ნაცარსსა ირეცდეს ძაძამორტყმულნი.

4. შევიდეს შიმუნვარნი და საჭურისნი დედოფლისანი და უთხრეს ესთერს. და შეძრწუნდა ესთერ, იკითხა და მიავლინა შემოსად მარდოქესა. და განსძარცვა მას ძაძა, ხოლო მან არა ინება.

5. ხოლო ესთერ მოუწოდა არქათენს, საჭურისსა თჳსსა, რომელი მის წინაშე დგა, და მიავლინა კითხვად მისა ჭეშმარიტად, რაჲ-ძი არს მიზეზი იგი მწუხარებისა.

6. და განვიდა არქათენ მარდოქეს თანა პალატით ქალაქისად, რომელი იყო პირისპირ ბჭისა მის მეფისათა.

7. ხოლო მარდოქე უთხრა მას ჭეშმარიტად საქმე იგი და აღთქუმა იგი, რომელი აღუთქუა ამან მეფესა საფასე ბევრი ქანქარისა, რათა წარწყმიდნეს ჰურიანი,

8. და პაჭენისნი წიგნისა მის შუშანს შინა განმარტნეს წარწყმედისა მათისათჳს. და მისცა მას სიტყუაჲ ესე, რათა აუწყოს ესთერს, და აწყინებდა თავსა, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს ერისა თჳსისათჳს.

9. და შევიდა არქათენ და უთხრა ესთერს ყოველივე ესე სიტყუაჲ და ძვირი იგი ნათესავისა მისისა.

10. და ჰრქუა ესთერ არქათენს: მივედ და უთხარ მარდოქეს:

11. ნათესავთა ყოველთა სამეფოთა უწყიან და შენ ყოველი იცი, რამეთუ ყოველივე მამაკაცი, გინა დედაკაცი, რომელი შევიდეს უწოდებელას მეფისა ეზოსა შინაგან, არა არს მისი ცხოვრება, გარდა თუ მიუპყრას მას მეფემან ოქროჲსა კვერთხი, ესე ხოლო ცხონდეს და მე არა ვწოდებულვარ შესლვად მეფისა, აჰა, არიან დღენი ესე ოცდაათ. და ვითარ შევიდე უწოდებელად და მოვჰკუდე

12. და უთხრა არქათენ ყოველნი ყსყ სიტყუანი ესთერისნი მარდოქეს.

13. და ჰრქუა მარდოქე არქათენს: მივედ და არქუ მას: ესთერ, ნუთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარმედ განვერე მე მარტო დედოფლობით უმეტეს, ყოველთა ჰურიათა?

14. უკუეთუ არა ისმინო ჟამსა ამას და უკუეთუ უგულებელს-ჰყო ნათესავი ესე, ვითარცა არა შეეწიო და სხვით, კერძო იყოსვე შეწევნა ჰურიათათჳს და საფარველი ცხორებისა, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისა წარსწყმდეთ, ხოლო ვინ უწყის, ნუუკუე ამისა ჟამისათჳს დედოფალ იქმენ?

15. და მიავლინა მოციქული იგი, რომელი მოსრულ იყო მისსა, ვითარმედ არქუ მარდოქეს:

16. წარვედ და შეჰკრიბენ ჰურიანი, რომელნი არიან შუშანს შინა ქალაქსა და იმარხევდით ჩუენთჳს. ნუ სჭამთ პურს, ნუცა სუამთ რასა სამ დღე და ღამე და ევედრებოდით ღმერთსა, ყოვლითა გულითა იმარხვიდეთ. და მაშინ შევიდე მეფისა თჳნიერ სჯულისა, დაღათუ იყოს წარწყმედა ერისათჳს ისრაჱლისა

17. და წარვიდა მარდოქე და ყო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას ესთერ.

5

1. და დღესა მესამესა, შემკული სამოსლითა დიდებისა თჳსისათა, ესთერ შევიდა მეფესა და დადგა ქორისა მის, სადა პირისპირ იყო ტაძარსა მეფისასა, და იგი ჯდა საყდართა ზედა დიდებულთა თანა მისთა.

2. ვითარცა იხილა მეფემან ესთერ მდგომარე, განიხარა და შეუყვარდა ფრიად, და აღიღო კვერთხი მისი ოქროჲსი, რომელი აქუნდა ჴელთა და განმარტა კვერთხი მისი. და ესთერ ამბორს-უყო კვერთხისა წვერსა ზედა.

3. და ჰრქუა მეფემან: დედოფალო ესთერ, რაჲ არს თხოვა შენი, მითხარ მე და მიგცე შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა.

4. მიუგო ესთერ მეფესა და ჰრქუა: დღე არს ჩემი პატიოსანი. უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა, მოვედინ იგი ამან, მეგობარი შენი, სმასა მას, რომელი მეგულვების მე ხვალე ყოფად.

5. და ჰრქუა მეფემან: ყავ ნებისაებრ შენისა! და მერმე თქუა: აუწყეთ ამანს, რათა ვყოთ სიტყუაჲ ესთერისა და უთხრეს ამანს ამის სიტყჳსაებრ და დაუკვირდა მას. და მივიდეს ორნივე სმასა მას, ვითარცა-იგი თქუა ესთერ.

6. ვითარცა დაეგნეს პირსა სმასა ზედა, ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს, დედოფალო ესთერ? და ვყო სიტყვა შენი ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. და გეყოს შენ, რომლისათჳსცა მევედრები.

7. და თქვა ესთერ: თხოვა ჩემი და ვედრება ჩემი ესე არს:

8. უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე მეფისა, და უკუეთუ ჯერ-უჩნს უფალსა ჩემსა, რათა სჭამო პური ჩემი შენ და ამან, მეგობარმან შენმან, ჩემ თანა ხვალე, რომელ გიყო თქუენ სმა. და თქვა მეფემან: ყავ, რაჲცა გნებავს. და უთხრეს ესე ამანს. და მეფე შევიდა და განისუენა.

9. და გამოვიდა ამან მეფისაგან განმხიარულებული სიხარულითა ფრიად. და ოთხასი კაცი მის თანა იმიერ და ამიერ, ხოლო ვითარცა იხილა ამან მარდოქე ჰურია ეზოსა მეფისასა, განრისხნა ფრიად.

10. და შევიდა სახლსა თჳსსა და შეკრიბნა მეგობარნი მისნი და ზოსარა, ცოლი თჳსი, და ათნი ძენი მისნი:

11. და უჩვენა მათ სიმდიდრე მისი და დიდებაჲ იგი, რომელი მეფემან დაადგა მას პატივი. და ვითარ ყო იგი უფროს ყოველთა და წინამძღვარ სამეფოსა ზედა მისსა.

12. იქადოდა და იტყოდა, ვითარმედ: არავის ხადა დედოფალმან დღესა შვებისა მისისასა, გარნა მეფესა და მე ხოლო. და ხვალისაცა ჩინებულ ვარ.

13. ესე ხოლო არა მთნავს მე და მწუხარე ვარ, რაჟამს ვიხილი მარდოქე ჰურია ეზოსა შინა მეფისასა და არა თაყვანი-მცის.

14. ჰრქუა მას ზოსარა, ცოლმან მისმან, და მეგობართა მისთა: უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს, მოგიტევა შენ მეფემან მოწყვეტად ყოველნი ჰურიანი. და მოგცეს შენ ღმერთთა შურის-გებად მათა. მოკვეთად-ეც ხე ერგასის წყრთა, და დაიდევინ, განთიად არქუ მეფესა და დამოჰკიდე მას მარდოქე. და მაშინ შევედ მეფეს თანა პურად და მის თანა იხარებდ. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე ამანს, და ყო ეგრე, და მზა-ყვეს ძელი იგი და დადვეს სახლსა ამანისასა.